მხიბლავს, რომ ჩემით აღარ სნეულობთ,
მხიბლავს, რომ არც მე ვსნეულობ თქვენით,
რომ დედამიწის მძიმე სამყარო
არ მოგვერთმევა არავის ხელით.
მხიბლავს, რომ თითქოს ისევ ვიცინი,
აღარ ვთამაშობ გრძნობებზე სიტყვით,
და სიყვარულის ტკბილი ალმური
არ მოედება გულს თქვენზე ფიქრით.
მხიბლავს, ძვირფასო, მშვიდად ჩემს თვალწინ
როგორ ეხვევით სხვა ქალის სხეულს,
ნუღარ გამკიცხავთ დღეს სხვასთან წასვლით
თუ ვუღალატე სიყვარულს ჩვეულს.
მხიბლავს, რომ აღარ მიხსენებთ ღამით,
არ გესახებით ცხოვრების ლანდად,
და ეკლესიის საკურთხეველთან
ჯვარს არ დაგვწერენ არასდროს ალბათ.
მადლობელი ვარ მთელი არსებით,
ასე გულწრფელად რომ შემიყვარეთ,
შებინდებისას რომ არ ხართ ჩემთან,
ღამით სიმშვიდეს რომ მაზიარეთ,
რომ სავსე მთვარის ვერცხლისფერ შუქზე
აღარ ვსეირნობთ ტრფობით რხეულნი,
გმადლობ, რომ აღარ სნეულობთ ჩემით
და მეც განმკურნეთ თქვენით სნეული.
* * *
ბოლოს და ბოლოს, რას გთხოვენ ასეთს?
განცხადებას და ბიოგრაფიას.
სიცოცხლის ხანგრძლივობის მიუხედავად,
თავს რაც გადაგხდა, უმოკლესად უნდა აღწერო.
აქ საჭიროა მხოლოდ ფაქტები,
ხედების ნაცვლად _ მისამართები,
მოგონებათა სანაცვლოდ კი _ მხოლოდ ზუსტი წელი და რიცხვი.
მთელი სიყვარულიდან მხოლოდ კანონიერი ქორწინება უნდა დატოვო,
ბავშვებისგან კი, მარტო ისინი _ ვინც დაბადება მოახერხა.
უმთავრესი მარტო ის არის, ვინც შენ გიცნობს და არა ის, შენ იცნობ ვისაც.
მოგზაურობა _ მხოლოდ საზღვარგარეთ.
თუ იყავი რაღაცის წევრი, აინტერესებთ, სახელდობრ _ რისი
და არა ის _ რატომ იყავი.
ჯილდოც ასეა _ მთავარია, რომ დაგაჯილდოეს და არა _ რისთვის.
ისე დაწერე, თითქოს სიტყვაც კი არ გეთქვას შენი თავისთვის,
არამედ მხოლოდ მის გარშემო გევლოს და გევლოს.
სიტყვა არ დაძრა კატებსა და ჭკვიან ძაღლებზე, ჭრელ ფრინველებზე,
ტკბილ სიზმრებსა და მეგობრებზე.
უნდა აღნიშნო რაღაცის ფასი და არასდროს _ ფასეულობა,
მიუთითო უნდა სახელი და არასოდეს _ შინაარსი.
შენგან ითხოვენ ფეხსაცმლის ნომერს, და არა იმას, საით წავიდა,
ის, რამაც შენგან გამოაღწია.
უნდა დაურთო ფოტოსურათი, ზედ რომ ნათლად ჩანდეს ყურები _
ყურების ფორმას უფრო დიდი აზრი ეძლევა,
ვიდრე იმას, რაც მათ მოესმით.
და მაინც, რა მოესმით ასეთი ყურებს?
ფურცლისმცოხნელი მანქანის გრგვინვა.
მომწონს ეს ლექსი
* * *
მე თქვენ მიყვარდით!.. შეიძლება, ეს სიყვარული
ჯერ არ ჩამქრალა ამ ჩემს გულში, ისევ ხმიანობს,
მაგრამ დაე, ნუ შეგაშფოთებთ გრძნობა ფარული,
არ მსურს რაიმემ დაგაღონოთ, გასევდიანოთ.
მე თქვენ მიყვარდით უიმედოდ, რიდით, მალულად,
ხან ეჭვი მკლავდა, მაგრამ ტრფობა მქონდა მხურვალე.
მე თქვენ მიყვარდით ისე წრფელად, ისე სათუთად,
ღმერთმა ქნას, ასე მომავალში სხვასაც უყვარდეთ!
* * *
მე თქვენ მიყვარდით. სიყვარული თითქოსდა ბედად
ჩემი სულისთვის ისევ მგონი ვერ იქცა უცხოდ.
ნუ შეშფოთდებით, ქალბატონო, რადგანაც მეტად
მე აღარ მინდა თქვენ რამეთი რომ დაგამწუხროთ.
მე თქვენ მიყვარდით უიმედოდ, არ იყო შველა;
ხან შიში მკლავდა, ხან მიღრნიდნენ გულს ეს ეჭვები,
მე თქვენ მიყვარიდთ, ისე ნაზად და ისე წრფელად,
ასე უყვარდეთ კიდევ ვინმეს, ღმერთს ვევედრები.
* * *
მორჩა: ერთმანეთს არაფერი არ გაგვახსენებს.
უკანასკნელად ვეამბორე მე მუხლებს შენსას,
სამგლოვიაროს და მწუხარეს ვიმღერებ მესას.
მორჩა ყოველი - ეს სიტყვები ისევ ახსენე.
აღარასოდეს მოვიტყუებ თავს ოცნებებით,
ნაღვლიან მზერით არ დაგიწყებ კვალდაკვალ დევნას.
ჩემთვის არ ქმნილა სიყვარულის ლამაზი სევდა -
გადავივიწყო იქნებ, ძველი მოგონებები.
შენ ჯერ ნორჩი ხარ: სული შენი მშვენიერია,
კიდევ მრავალი შეგიყვარებს, ტურფა ფერიავ.