ზამთრის სუსხი ტრიალებს ჰაერში. ირგვლივ სიბნელეა. მივდივარ მიტოვებულ ქუჩებში
და შენზე ვფიქრობ. ისე მენატრები ვერც კი წარმოიდგენ... თვალებიდან მომდინარე ცრემლი
ლოყებზე მეყინება... აღარ ძალმიძს ტირილი, მცივა... წინ არაფერი ჩანს შენი თვალების, შენი
სახის და შენი ანარეკლის გარდა, ვცდილობ როგორმე მოგიახლოვდე, მაგრამ არაფერი გამომდის...
შენ სულ სხვა სამყაროში ცხოვრობ, შენზე არაფერი ვიცი... ვიცი მხოლოდ სახელი... შენი მშვენიერი
სახელი გაყინული ბაგეებიდან თრთოლვით მწყდება და სუსხიან ჰარში იყინება. ისე მინდა დაგინახო,
ისე მინდა თუნდაც ერთი წუთით შემოგხედო, მაგრამ ცივი ქარის მეტი არაფერი მხვდება გზაზე...
მივდივარ მიტოვებული, გაყინული.. იცი, შეიძლება გაგეცინოს, მაგრამ ძალიან შემიყვარდი...
* * *
ბურუსიანი ღამე მოჰყვა იმ დღეს, ცივი და ბნელი. სახლები მთლიანად დაფარა, მხოლოდ
ოქროსფერი სინათლეები მოსჩანდა აქა-იქ... ფანჯრებიდან ვუყურებდი ჩაბნელებულ მიდამოს
და ვიგონებდი შენი სახლიდან გამომავალ, ახლა უკვე შეწყვეტილ მუსიკას... ვგრძნობდი, რომ
მასთან ერთად ჩაიფერფლა სიცოცხლის ხალისი, გაუსაძლისი გახდა ცხოვრება. ჩვენი აივნების
წინ აღმართულ ალვის ხეს რომ ჩამოვარდა უკანასკნელი ყვითელი ფოთოლი, ბოლოს მაშინ
გნახე... მიდიოდი ამაყი, თავაწეული, ნელი ნაბიჯით და მიტოვებდი მოლოდინისაგან გამოწვეულ
სევდას, რომელსაც სუსხიანი ზამთარი მიმზადებდა. ო, როგორი მომხიბლავი იყავი იმ დღეს.
მინდოდა მეყვირა თუ როგორ მიყვარდი...
ვერ მოვახერხე... ვერ გავბედე... დავიბენი როგორც ყოველთვის... ამასობაში კი ეზოდან გახვედი
და სახლების ჩრდილში ჩაიკარგე...
* * *
მინდოდა შენთვის მომეძღვნა ლექსი,
მაგრამ სიტყვების არ მეყო ნუსხა
და ამიტომაც გიგზავნი წერილს,
რომ ჩემი გულის შეიგრძნო სუნთქვა.
შენი ლამაზი სახის დახატვა
ვერ შევძელ, რადგან ვერ ვნეხე ფერი,
რომელიც ტუჩებს მოგიხატავდა
და იქნებოდა თვალთ შესაფერი.
შენი ლამაზი ხმის ჰარმონია
ყურში ჩამესმის მე გამუდმებით.
შენი სახელის ყრუ მელოდია
გულის სიღრმიდან ნაზად მომესმის...
და აღარ შემწევს იმისი ძალა,
რომ კვლავ წარმოვთქვა შენი სახელი.
მე ვეღარ შევძლებ ამის დამალვას
და ამიტომაც გიძღვნი ამ წერილს...
მინდოდა შენთვის მომეძღვნა ლექსი,
ლექსი, რითმებით გამდიდრებული.
მაგრამ გიგზავნი ამ მცირე წერილს,
წერილს, დაწერილს ღრმა სიყვარულით...
* * *
მოგონებები, თეთრი ფერის უცხო მორევი
და ჭრელი ბინდით დაბურული წუთი გონების.
მოგონებები, წამიერი ელვა ცხოვრების
და გზის ნაპირზე გაბნეული ლამპიონები.
ჩვენი შეხვედრა, მოგონება, კვალი წაშლილი,
პატარა გრძნობა, სიყვარულის მხოლოდ ნაწილი.
ცხელ უდაბნოში გზად ნაპოვნი ვარდი გაშლილი,
სხვის მოლოდინში დაკარგული და გადაღლილი.
შენი ოთახის გამოღებულ ფართო ფანჯრებში
ჩანს სილუეტი გარს მოცული იდუმალებით,
გამოღებული დაგრჩენია გულის კარები,
შენი ღიმილის ანარეკლი ჩანს სხვის თვალებში.
მოგონებები, თეთრი ფერის უცხო მორევი
და ჭრელი ბინდით დაბურული წუთი გონების.
ჩვენი შეხვედრა, წამიერი ელვა ცხოვრების
და გზის ნაპირზე გაბნეული ლამპიონები...