მე დავიღალე და აღარ ძალმიძს
აღარც თხოვნა და არც მოთხოვნა,
მე უშენობა ძალიან მიჭირს
და მენატრები როგორც ბავშვობა
(მე აღარასდროს ვიქნები ბავშვი)
მე მაინც მჯერა,შენ მოხვალ ჩემთან,
მაგრამ მე აღარ დაგხვდები სახლში!
(დღემდე ამის თქმას ვერ ვახერხებდი,
დღეს კი ფრჩხილებში მოგწერო უნდა:
ვისაც ეძებდი ის არ აღმოვჩნდი,
არც შენ ყოფილხარ მე ვინცა მსურდა).
შენ რა ღირსი ხარ ამ წერილისა,
მაგრამ მე მაინც მოგწერე იგი,მე არაფერი არ მეგულება
შენი მეტყველი თვალების იქით..
მგონი ვიღაცამ ჩართო რადიო,
ჩემსკენ მოიწევს ბებერი გრიგი,
იქნებ წერილი არც ღირს ამქვეყნად,
მაგრამ შენ მაინც იხილე იგი.
ეს არის ალბათ უკანასკნელი,
მე აღარასდროს მოგწერ ბარათებს,
დღესაც არაფერს გეტყოდი,მაგრამ
ეს მონატრება მალაპარაკებს!
მე ველი წერილს,მე ველი წერილს,
რადგანაც რამეს ელოდო უნდა,
ეს იყოს თუნდაც სალამი,
ეს იყოს სუფთა ფურცელი თუნდაც!
P.S.შენ არ გეგონოს,ჩემი წერილი
ან კურთხევაა ან ანათემა,
არც თავს ვიმართლებ,მხოლოდ მტყუანი
მოჰყვება ხოლმე თავის მართლებას.
მე შენ გიგზავნი ახლა ამ წერილს,
ჩემი ფიქრით და ტკივილით სავსეს,
ასე მთავრდება ყველა წერილი
და ეს წერილიც დამთავრდეს ასე.
მე ველი პასუხს,მე ველი პასუხს,
რადგან სხვას უკვე არაფერს ველი,
თვითონ არ ვიცი ჩემი წერილი,
რად გამოვიდა ასეთი გრძელი...

არ მომნატრებია დღემდე..................