ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე,
მე მაგიდასთან ვზივარ ძვირფასო და ჩემს წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ.
აწმყო, წარსული და მომავალი დამდგარან ჩემი ფიქრების ზღურბლზე
ძალიან მშვიდ და იდუმალ ღამეს ჩასძინებია დროის მკლავებზე
თავში ტრიალებს ათასი კითხვა და ყველა თავის პასუხს დაეძებს.
არ შემხვედრიხარ, არ მინახიხარ, ალბათ იქნება ათასი წელი,
ათასი წელი იქნებ ცოტაა, ან იქნებ არის ძალიან ბევრი.
მე ახლა მხოლოდ სიზმარში მახსოვს შენი ლამაზი თვალების ფერი.
ეს ყველაფერი ადრე დაიწყო, ადრე, ძალიან, ძალიან ადრე,
როცა თებერვლის მსუსხავი ქარი ეხეთქბოდა გათოშილ ჭადრებს,
როს ცხოვრებიდან შენ ჭრიდი დღეებს ვით რეჟისორი ფირიდან ჭრიდეს
ფილმისთვის ყოვლად უვარგის კადრებს.
იმდენად ახლოს მოვედი შენთან,რომ უსასრულოდ აღმოვჩნდი შორი,
მერე ვიღაცამ შეთხზა რაღაცა, შენც კარგად იცი, მე რომ არ გითხრა
როგორ ვრცელდება ქალაქში ჭორი!
მე სიყვარული ვიცი რა არის, მაგრამ არ ვიცი შენ როგორ გითხრა!
და თუ ქამანდი გამოვდე სიტყვას, მოვალ, მოვალ და ყველაფერს გეტყვი?!
-არა! არ არის ის სიყვარული რასაც საერთოდ მას უწოდებენ,
ის არის ბევრად იმაზე მეტი!...
მე ვარ მდინარე!
ყველა მდინარე მუდამ მეორე მდინარეს ეძებს.მეორეს ეძებს
რომ შეუერთდეს და მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე.
არ შეიძლება მთელი ცხოვრება გეძინოს მარტოს
ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ და ეს ძიება გტანჯავს და გართობს...
ძალიან დიდი მაქვს სიყვარული და მოთმინება მაქვს უფრო დიდი,
დღეს ჩემი აწმყო არის წარსული,
რომელიც ლამაზად ინიღბავს თავს და რომელიც სადღაც უჩემოდ მიდის,
მე გადმოვედი ამ ბილიკიდან და ახლა სულ სხვა ბილიკზე ვდგები,
დღეს ჩვენი გზები ისე გაიყო, ვით ნატახტართან იყოფა გზები.
სჯობია კაცმა ნანატრი ბაღი მუდამ იხილო მხოლოდ გარედან
და საკუთარი ცივი გონება ერთგულ ძაღლივით გებას კარებთან,
მაგრამ პირველად როცა შევედი, მე ვერ ვხვდებოდი ამ სიბრძნეს მაშინ,
მე არც დღესა მაქვს ცივი გონება და კვლავ თამამად შევდივარ ბაღში,
გვირილებს ვკრეფდი იმ დღეს ფერდობზე, უცებ გაწვიმდა და დაიქუხა,
სადღაცას მუხას დაეცა მეხი. შეშინებული გამოვიქეცი...
და მე რომ უნდა მომეძღვნა შენთვის, იმ ყვავილს ალბათ დავადგი ფეხი!..
შენ შეიცვალე, მეც შევიცვალე. სხვა ყველაფერი ამ ქვეყანაზე
როგორიც იყო ჩვენს გამოცვლამდე ისევ ისეა,
ბოლო დროს ბევრი საქმე გაგიჩნდა და საიდუმლოც გაგიჩნდა ბევრი.
მე შენთვის ისე ზედმეტი გავხდი, როგორც ასანთის დამწვარი ღერი.
შენ ეხლა ცივი მარმარილო ხარ, მე კი მინდა რომ ეგ მარმარილო
მაძებნინებდეს დაკარგულ სითბოს
და თუ ვიპოვი ოდესმე მაინც, ისე გამათბოს და მომეფეროს,
არც დამიკარგავს არსდროს თითქოს.
შენ შეყვარება თავისა იცი, შენ სიყვარული არ იცი მხოლოდ...
და თუმცა ახლა იმ სიყვარულით, იმ მოგონებით ვცოცხლობ და ვცხოვრობ,
მე ვხვდები უკვე ძალიან კარგად, რომ შენ არასდროს არ გყვარებივარ,
მე გჭირდებოდი მხოლოდ და მხოლოდ.
შენ გაფრინდები და გადალახავ უსაზღვროების სუყველა საზღვარს,
ხელში აიღებ მზერის ისრებს და დაემსგავსები მერე მოისარს,
უნდა მოისხა შენ ანგელოზის მსუბუქი ფრთები და მერე ყველას მადლი მოისხა.
ვეღარ გაგდევნე ჩემი ფიქრიდან, არ ვიცი ახლა რა უნდა გთხოვო...
შენ მაშინ იყავ უფრო ძვირფასი, როცა ძალიან შორს იყავი
და ოცნებებში მხვდებოდი მხოლოდ.
მარტო ვარ შუა ოკეანეში,
სადღაც ძალიან შორს დარჩა ახლა ჩემი კეთილი იმედის კონცხი.
მე შენ მაშინაც მემახსოვრები შენს ხსოვნაში რომ აღარ ვიქნები
და დაგივიწყებ,როს გაყუჩდება ყველა ტკივილი სულის და ხორცის.
მე სხვათაშორის გავიარე შენს ცხოვრებაში
შენ გამაყოლე ისეთი მზერა,რომ მე მთელი ხმით მსურდა მეყვირა:
-რა დაგემართა! -ვერ მცნობ? -ეს მე ვარ!
მე დავიღალე,მე აღარ ძალმიძს აღარაფერი,ვეღარ ვერევი საკუთარ ფიქრებს.
ხვალ შეიცვლება სულ ყველაფერი, ხვალ სულ ახალი რამ დაიწყება,
თუმცა არ ვიცი ხვალ რა იქნება, ხვალ არაფერი არ მოხდეს იქნებ?!
მე დავიღალე, დრო არის ძილის. ალბათ მდინარეც იძინებს წამით,
რომ დაივიწყოს მთელი დღის დაღლა, იქნებ სიზმარში მაინც შემომხვდე,
თუმცა მე ვიცი რომ არაფერი დამესიზმრება, ვერ დავიძინებ უბრალოდ ალბათ.
ვნახოთ
This post has been edited by s_h_a_d_y on 16 May 2008, 19:41