strongmanssss
Super Member

   
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 648
წევრი No.: 185642
რეგისტრ.: 3-May 14
|
#43247927 · 23 Dec 2014, 19:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"აფრიკელი გოგოს ყურებით ყბა ჩამომვარდა"
ტელეჟურნალისტი ნოდარ მელაძე ბეწვზეა გადარჩენილი, რომ ნიანგებმა არ შეჭამეს, თუმცა თვითონ გველის ხორცის გასინჯვა მაინც მოუწია. ჟურნალისტი საქართველოდან იმდენად ხშირად გადის სხვა ქვეყნებში, რომ თვითმფრინავი მშობლიური სახლივით აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ამას არ ჰქვია მოგზაურობა, რადგან უცხოეთში ძირითადად მივლინებებით დადის და თითქმის ვერაფრის დათვალიერებას ასწრებს, მაინც ბევრი აქვს მოსაყოლი და ამ საინტერესო ისტორიებს "სარკის" მკითხველებსაც უზიარებს.
– ნოდარ, ძალიან ხშირად გაქვთ რეპორტაჟები და პირდაპირი ჩართვები საზღვარგარეთიდან. ამ ხშირ გასვლებს უკვე მიეჩვიეთ?
– ბოლო ხუთი წელია, საქმიანი ვიზიტებით მივდივარ საზღვარგარეთ. ჩემზე ხუმრობენ, თვითმფრინავიდან აღარ ჩამოდისო. თვეში რამდენჯერმე გავდივარ საზღვარგარეთ.
– ეს გიხარიათ ხოლმე თუ დამღლელი და მოსაბეზრებელია?
– თავიდან ეს იყო აზარტი, როგორც ყველაფერი ახალი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც ძალიან დამღლელი იყო. ახლა ვხვდები, რომ ჩემი ენერგიის ოთხმოცდაათი პროცენტი მიაქვს ამ ყველაფერს. ძალიან ხშირია, როცა დილის 5 საათზე მივფრინავ, დანიშნულების ადგილას ჩავდივარ დაახლოებით შუადღის 3 საათზე და პირდაპირ მიწევს გადაღებაზე წასვლა. ამიტომ აეროპორტში ვიცვლი ტანსაცმელს, რომ პირდაპირ ეთერში ჩავერთო.
– რა დადებითი მხარე აქვს ასეთ მგზავრობებს?
– პირველ რიგში, ჩვეულ გარემოს წყდები. თან საინტერესოც არის მუშაობა, რადგან იქ უფრო მეტია მასალა, მეტი ახალი ამბავია. დამღლელი სამუშაო დღის მერე კოლეგები, ვინც ვართ წასული, დავდივართ ქალაქის დასათვალიერებლად. ვერთობით ან შოპინგთერაპიას ვიწყობთ.
– რასთან ასოცირდება თქვენთვის სიტყვა "მოგზაურობა"?
– დაღლასთან, შრომასთან და დიდხანს თვითმფრინავში ჯდომასთან.
– კარგთან არაფერთან?
– კი, კარგი ასოციაციებიც არის. როცა ტელეკომპანია "მზეში" ვმუშაობდი, მუდმივად ვმოგზაურობდი. იყო შემთხვევები, როცა ჩამოვდიოდი, ტანსაცმელს ვცვლიდი ჩემოდანში და მეორე დილით ისევ სხვაგან მივფრინავდი. ერთხელ რამდენიმე თანამშრომელს ხელმძღვანელობამ გვაჩუქა ბილეთები და წავედით პარიზში. ეს იყო ძალიან კარგი, როცა არაფერი იყო გადასაღები და არ გვქონდა სამუშაო. მხოლოდ ვერთობოდით, ვისვენებდით და დავდიოდით დასათვალიერებლად.
– როცა საშუალება გაქვთ, როგორ ერთობით საზღვარგარეთ?
– ხანდახან, როცა დროშია დიდი სხვაობა, განსაკუთრებით ეს ზამთარში ხდება, როცა თბილისში არის საღამოს 8 საათი და იქ დღის 4 საათი, გრჩება დრო, რომ გაერთო. ტრადიციული გართობაა დისკოთეკა, კაფე, ღირსშესანიშნავი ადგილები, მაღაზიები.
– მუზეუმები რამდენად გაინტერესებთ?
– მიყვარს, მაგრამ იშვიათად მაქვს იმის დრო, რომ რამე საფუძვლიანად დავათვალიერო. თერთმეტჯერ ვარ პარიზში ნამყოფი, თერთმეტი ვიზიტიდან ხუთჯერ ვცადეთ ლუვრის დათვალიერება, მაგრამ ახლაც არ მაქვს ნანახი. ოთახიდან ოთახში გადავრბივართ, რომ რამე ვნახოთ. მიხვალ "ჯოკონდასთან", წამოხვალ უკან. ნაწილ–ნაწილ გვაქვს დაყოფილი, ერთი დარბაზი – ერთ ვიზიტზე, მეორე დარბაზი – მეორე ვიზიტზე და ა.შ. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ საფუძვლიანად მაქვს დათვალიერებული, ეს არის ბარსელონა, გაუდის არქიტექტურა, იმიტომ, რომ დრო გვქონდა. ხშირად ყოფილა, რომ ქალაქის დასათვალიერებლად ღამის 10 საათზე წავსულვართ. ან სანამ აეროპორტში წავალთ, დილით ადრე მივდივართ ქალაქის დასათვალიერებლად და მერე ვშოპინგობთ.
– შოპინგი, როგორც ჩანს, თქვენთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობაა.
– შოპინგი არის ერთგვარი თერაპია. დატვირთული გრაფიკის შემდეგ რელაქსაციისთვის კარგია.
– არადა მამაკაცებს, როგორც წესი, სძულთ ეს პროცესი.
– ჩემს შემთხვევაში ასე არ არის. მე სრულფასოვანი მონაწილე ვარ ხოლმე შოპინგის, არ ყოფილა შემთხვევა, რომ სხვაზე ადრე დამესრულებინოს ეს პროცესი.
– რატომ გიყვართ საზღვარგარეთ შოპინგი, იქ უკეთეს ტანსაცმელს ყიდულობთ?
– იმიტომ, რომ უბრალოდ დიდი არჩევანია, კომფორტულია და მრავალფეროვანი. ერთ ქუჩაზე არის რამდენიმე მაღაზია, სადაც იყიდი ყველაფერს, რაც გჭირდება. თუ დაიღლები, დაისვენებ და გააგრძელებ.
– შეგიძლიათ ჩამოგვითვალოთ, სად გიმოგზაურიათ?
– ამერიკა, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, ნორვეგია, დანია, ავსტრია, სლოვაკეთი, ლიტვა, პოლონეთი, ჩეხეთი, პორტუგალია, აფრიკა, ჩინეთი, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ყველგან, თურქეთი... ბევრია, ვერ ჩამოვთვლი.
– აფრიკა და ჩინეთი მაინც სულ სხვა სამყაროებია. როგორ მოგეწონათ?
– აფრიკაში ძალიან დიდი შიშით მივდიოდი, რადგან გაგვაფრთხილეს, რომ იქ არის მალარიის გადამტანი კოღო. აცრის გაკეთებას ვერ ვასწრებდი, რადგან მოქმედებას ერთი კვირის მერე იწყებდა. მე და ჩემი ოპერატორი მივდიოდით. შევედი აფთიაქში და რაც კი კოღოს საწინააღმდეგო საშუალება არსებობდა, ყველა ვიყიდე. თვითმფრინავში ყველაფერი წავისვი. აფრიკაში იყო 38 გრადუსი სიცხე და იმდენად შემეშინდა იმ კოღოსი, რომ სქელი ჯინსები მეცვა, ყელიანი და გრძელმკლავიანი როლინგი. ერთი დღის განმავლობაში არაფერი მიჭამია, მწყუროდა და წყალიც არ დამილევია, რადგან ძალიან დამაპანიკეს. მსოფლიოში ყველაზე დიდი ტბის, ვიქტორიას გადასაღებად წავედით. ამ ტბის მიდამოებში არის უამრავი კოღო და ყანჩები, რომლებიც ადამიანს ჭამენ. შიშის კანკალით ვიღებდით. ერთი სული მქონდა, საქართველოში ჩამოვფრენილიყავი და ჭიქა თბილისური წყალი დამელია. ოპერატორს ვეხუმრებოდი, ნიანგები შეგჭამენ–მეთქი. გვითხრეს, იქ არ არის საჰაერო ნავიგაცია და თვითმფრინავები ისე დაფრინავენ, არ არის გამორიცხული, ერთმანეთს შეეჯახონო. რომ დავბრუნდით ტბიდან და გადაცემა მიმყავს, დირექტორი მირეკავს და მეუბნება, ერთი ამბავი ჩაგემატა და წაიკითხეო. ამოვიღე ეს ამბავი და ვხედავ, რომ იქ, სადაც ჩვენ ვიყავით, ჩამოვარდნილა თვითმფრინავი და ყველა მგზავრი ნიანგებს შეუჭამიათ! ძალიან დიდი განცდა იყო, რომ ამ ყველაფერს გადავრჩით.
– ალბათ საშინლად ცუდად გახსოვთ ეს მოგზაურობა.
– ცუდად არ მახსოვს, რადგან ეს არის კონტინენტი, რომელმაც შეინარჩუნა თავისი ყველა ტრადიცია. იქ ადამიანები ისევ ქუჩაში ცხოვრობენ, საჭმელს ქუჩაში აკეთებენ. ცივილიზაცია არ არის შესული და გარემო და ბუნება ხელუხლებელია.
– ჩინეთი როგორ მოგეწონათ?
– ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩინეთმა. ვიყავით ერთი კვირის განმავლობაში და საერთოდ არაფერი გვიჭამია. ოღონდ მართლა! პირველ დღეს რომ შევედით საჭმელად, მოგვიტანეს ისეთი საშინელი სუნის საჭმელი, რომ პირი ვერ დავაკარეთ. შემთხვევით აღმოვაჩინეთ ბასკინ რობინსის ნაყინი და დამშეულებივით შევვარდით. ხალხი ქუჩაში ლითონის ნატეხებზე აკეთებს ბრინჯისგან საჭმელს და ქუჩებშიც დგას საშინელი სუნი, ასევე მაღაზიებშიც. ცხვირზე ხელაფარებული დავდიოდით. ეგზოტიკური კერძი ერთადერთხელ ვჭამე ამერიკაში. ქეთა თოფურიამ მომატყუა. შევედით რესტორანში და მითხრა, მე შევუკვეთ შენთვის კერძსო. დავთანხმდი. მომიტანეს რაღაც საჭმელი, რომელსაც მოტკბო–მომჟავო გემო ჰქონდა. რისი ხორცია–მეთქი, ვკითხე და გველისო... ერთი კვირა ხორცს ვერ ვეკარებოდი.
– ყველაზე ლამაზ ქალებს რომელ ქვეყანაში შეხვდით?
– ნორვეგიაში და დანიაში. ეს იყო ნამდვილი შოკი, რადგან ქუჩაში რომ დავდიოდი, ყველა ადამიანი ლამაზი იყო. ვერც ერთზე იტყოდი შეუხედავს. ყველა იყო ლამაზი, გამხდარი, ქერა, ცისფერთვალება, ხორბლისფერი კანით და მაინც ყველა განსხვავებული იყო ერთმანეთისგან. ერთხელ აფრიკაში შევედით მაღაზიაში და ერთი მუქკანიანი გოგო იყო ისეთი ლამაზი, რომ გაოცებული ვუყურებდი. ბოლოს ოპერატორმა ყბა ამიწია.
– საპროტესტო აქციების შემსწრეც გახდებოდით ამდენი მოგზაურობის შედეგად.
– კი. პირველად ჟენევაში ვნახე, თუ როგორ შეიძლება გაიმართოს საპროტესტო აქცია კულტურულად. ერაყელები აპროტესტებდნენ რაღაცას, იდგნენ სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ბარიერში და იქიდან ყვიროდნენ. მინახავს ძალიან დიდი არეულობები, მაგალითად, პარიზში. წვავდნენ, ამტვრევდნენ ყველაფერს და ეს იყო ჩემთვის გასაოცარი, რადგან ასე აღშფოთებული ევროპელების ნახვა თუ შეიძლებოდა, არ მეგონა. ყველაზე საშინლად საპროტესტო აქციების მონაწილეებს მოსკოვში უსწორდებიან. ახლა ვიყავი ბარაკ ობამას და მედვედევის ვიზიტის გასაშუქებლად წასული. რუსული კანონმდებლობის თანახმად, ადამიანს შეუძლია დადგეს შენობასთან, თავისი პროტესტი გამოთქვას და პლაკატი დაიჭიროს ხელში. თითო ადამიანი მოდიოდა და აპროტესტებდა რაღაცას. იქვე იდგა ავტობუსი, ხუთი ადამიანი გადმოვარდებოდა ამ ავტობუსიდან, დაესხმებოდნენ თავს და ცემა–ტყეპით მიჰყავდათ ისე, რომ არ ერიდებოდათ არავისი, არც კამერების და არც ჟურნალისტების. ამის მიუხედავად მაინც მიდიოდა სხვა ადამიანი და დგებოდა. ერთად მისვლით კანონს დაარღვევდნენ, ამიტომ ცალ–ცალკე აპროტესტებდნენ. ასეთი იყო აქცია.
|