"თოთხმეტი წლისა აღმკვეცეს მონაზვნად,
სამოცდათოთხმეტი აქ შემისრულდა...
რა ლამაზი იყავ, ბიჭო!"
წარწერა ვარძიაში, ტაძრის კედელზე
როგორ უყვარდა... ვინ იცის, როგორ...
არც მოელოდა ტანჯვას უადრესს...
მიჰგვარეს უფალს პაწია გოგო
და პანაშვიდი გადაუხადეს!
"ნურვინ გიყვარან!"... ქალმა პატარამ
მონაზვნის კაბით დაფარა ნიჭი
და მერე ჩუმად, გულით ატარა
ხატება ერთი ლამაზი ბიჭის...
ან ვინ იცოდა, დედას შაოსანს
ვისი ღიმილი აჩნდა ტკივილად...
ის არ დაწერდა "ვეფხისტყაოსანს",
მან მხოლოდ ერთხელ დაიკივილა...
თოთხმეტი წლისას ჩააცვეს შავი,
წარსულს ჩაბარდა ლამაზი ფარჩა...
მან პოეტურად დახარა თავი
და კედელს ერთი სტრიქონი დარჩა.
იქნება, გამვლელს შეავლო თვალი...
იქნება, ბერი უყვარდა ძლიერ...
სამოცდათოთხმეტს მიადგა ქალი,
ასაკის დაღი დააჩნდა იერს...
ტაძრის კედელზე ცრემლით ნაწერი
(მთელი ცხოვრება ალბათ იტირა)
მან ამჯობინა ლექსებს გაწელილს
და დრომ ცრემლები გააქვითკირა.
ეს სევდიანი, მცირე იგავი
შენ მოგიძღვენი, ჩემო ფერია!
იქნება, ჩემი სატრფო იყავი
და ის სიტყვებიც ჩემზე სწერია?
არ ვიცი, ჩემო, რა გითხრა ახლა,
უფლის სახელით ჩაკლულო ნიჭო...
მუზას არ უყვარს ლოცვებით დაღლა...
"ეჰ, რა ლამაზი იყავი,ბიჭო!"


* * *
ჯანდაბას ჭაობის ლაფი და სიმყრალე,
ავყევი ცხოვრების გრიგალს და ქარაშოტს
უკვე ყველაფერი მკიდია ფეხებზე,
ყველა როლს ვირგებ და ყველა როლს ვთამაშობ...
არ მჯერა მადლის და ქვის და მისთანების
სიყალბის სასახლეს მივადგი ხარაჩო,
ვთამაშობ ბედნიერს, ვთამაშობ უბედურს,
ხან ჯანმრთელს და ხანაც ავადმყოფს ვთამაშობ.
ვთამაშობ ზესულელს უკვე მერამდენედ,
ყველა შეგონებას ვაცხადებ ბათილად,
მოთხოვნა არ არის ბაზარზე - ჭკვიანის,
თორემ ვითამაშებ ჭკვიანსაც ადვილად...
ვთამაშობ კეთილს და ვთამაშობ ბოროტს და
(ოცნებას არ ვაძლევ უფლებას - დამახრჩოს)
ვთამაშობ რაინდს და ვთამაშობ მშიშარას,
ვთამაშობ ღარიბს და მდიდარსაც ვთამაშობ!
ვიცი რაც მომელის ბოლო გასტროლებზე,
ამიტომ სცენაზე არ ვიწვევ პარტნიორს,
ხანდახან რომ მინდა სუფრასთან მიმიშვან,
გულზე მჯიღისცემით ვთამაშობ პატრიოტს...
მობრძანდით! ბილეთებს უფასოდ ვარიგებ,
კართან გადამხევი ქალებიც არ დგანან...
ჩემია პიესაც, დადგმაც და როლებიც
სუფლიორებად მყავს ღმერთი და სატანა!
- - - - - - - - - - - -- -- - - - - - - - - - -- -
შეგხვდი და სპეკტაკლი დამთავრდა მაშინვე,
დავხურავ ფარდებს და რამპებსაც ჩავაქრობ,
შენი სიყვარული ვეღარ ვითამაშე
და ახლა უშენოდ სიცოცხლეს ვთამაშობ...
Happy... Happy... Happy... :P