სად არიან ნორმალური ქართველი ბიჭები,
სად არიან ნორმალური ქართველი ბიჭები, ნორმალური ქართველი ბიჭები სად არიან,
გავალ, გავიხედები, არ არიან, ქარია.
სად არიან შვილები, მე რომ მოგაბარეა,
გავალ, ავეძრახები, არ არიან, ქარია.
საქართველო აქროლდა, ვით ფოთლებში ქარია,
სად არიან ნორმალური ქართველი ბიჭები, ქარია, არ არიან.
სად არიან იობრები, ლერწმიანში არიან,
ლერწმიანში ქარია, იობრები არ არიან.
ჩემი მკვდარი კი არა, შენი პატიმარია,
მიველ, ციხე გავტეხე, არ არიან, ქარია,
გოგო, ბიჭი გიყვარდა, თქმა ვერ მოასწარია,
გზაზე გამოეკიდე, არ არიან, ქარია.
ეშმაკს ერქვას სახელად, ვინც მე ხელი დამრია,
სად არიან შვილები, შვილები სად არიან.
იმათ სახელობაზე ხე მაინც ახარეა,
იმ ხესაც ხომ შენ დასწვავ, შენი მოსახმარია,
საქართველო, მითხარი, ნუთუ მხოლოდ ქარია,
სად არიან ნორმალური ქართველი ბიჭები, ნორმალური ქართველი ბიჭები სად არიან,
გავალ გავიხედები, არ არიან, ქარია,
საყელოზე მოგწვდები, ნორმალური ქართველი ბიჭები სად არიან.
არ არიან ნორმალური ქართველი ბიჭები, საქართველო ქარია.
ქარია საქართველო, ნორმალური ქართველი ბიჭები არ არიან.
დღე არი, არ არიან, ღამეა, არ არიან,
ქარია, არ არიან, არ არიან, ქარია.