რა სჭირთ ქართველ ქალებს საშველი?
-------------------------------------------------
http://liberali.ge/node/2118"გცემს - ესე იგი უყვარხარ"
ნათია გულიაშვილი
საქართველოში ყოველი მესამე ქალი ფიქრობს, რომ თუკი მამაკაცი საკუთარ ცოლს სცემს, ეს ნორმალურია.
სოფო კირთაძე
„გააჩნია ცემის მიზეზს, შეიძლება, მან დაიმსახურა გალახვა. თუმცა, მარტო ვირს უნდა ცემა. თუ ქალზე ხელს აწევ, სახლიდანაც უნდა გაუშვა"... _ ასე ფიქრობს ერთი საშუალო სტატისტიკური ქართველი მამაკაცი, რომლის პასუხიც, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის ბოლო კვლევის მიხედვით, ქართველ მამაკაცთა შორის ტენდენციაა.
დღეს რომ ასეთ შედეგს მივიღებდით, ამის ნიშნები ჯერ კიდევ 5 წლის წინათ გამოჩნდა, UNICEF-ის კვლევაში სათაურით _ "ქალები, რომლებიც ქმრის მიერ ცოლის ცემას გარკვეულ შემთხვევებში ამართლებენ". მაშინ აღმოჩნდა, რომ ქმრისგან ცემას საქართველოში 15-დან 49 წლამდე ქალების თითქმის 7 პროცენტი ამართლებს. იმ ფონზე, რომ ეს მაჩვენებელი ეთიოპიაში, ზამბიასა და იორდანიაში გაცილებით უფრო მაღალი იყო _ 81, 85.4 და 90%, საქართველოს მონაცემები მაშინ არც ისე კატასტროფული ჩანდა. თუმცა შეშფოთებისთვის დამატებით საფუძველს ქმნიდა თუნდაც ეს მონაცემი _ იმავე წელს, მაგალითად უკრაინაში, ქმრისგან ცემას ქალების სულ 3,6 პროცენტი მიიჩნევდა ნორმად.
წელს, UNICEF-ის ანგარიშიდან 5 წლის შემდეგ ჩატარებულ კვლევაში ქალთა უკვე 34.1% ამართლებს ქმრის მიერ ცოლის ცემას, რაც მაშინდელ მონაცემზე 28 პროცენტით მეტია. ქალების ნაწილი დღეს მიიჩნევს, რომ ქმარი თუ ცოლს ღალატის გამო სცემს, ეს ნორმალურია, ზოგისთვის კი ქმრის ეჭვიანობაც საკმარისი მიზეზია.
პატრიარქალურ საზოგადოებებში ქალებს იმდენად საფუძვლიანად აქვთ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები საკუთარი როლის შესახებ, რომ კაცების მხრიდან დამამცირებელ მოპყრობას ჯერ კიდევ ბუნებრივად მიიჩნევენ. ეს კი მიუთითებს არა მხოლოდ იმაზე, რომ საქართველოში გენდერული ძალადობის პრობლემა მწვავედ დგას, არამედ იმაზეც, რომ ქალები პირველ რიგში საკუთარივე სტერეოტიპებისა და ცრურწმენების მსხვერპლნი არიან.
ალბათ, სწორედ ამიტომ ფიქრობენ ქართველი ქალები, რომ:
"მარტოხელა ქალი იმდენად ცოდოა, რომ თუ ქმარი ძალიან არ გცემს, ჯობია, მასთან და მის ოჯახთან დარჩე. გარდა ამისა, განქორწინებულ ქალს ყოველთვის გარკვეული სტიგმა დასდევს საზოგადოებაში" (ციტატა კვლევიდან).
რაც შეეხება „ძალიან ცემის" შემთხვევებს, ეს თემა ნებისმიერი კვლევის დროს ყველაზე რთულად გამოსავლენია, რადგან რესპონდენტთა მცირე ნაწილი თუ ბედავს, მკვლევრებთან ბოლომდე გულწრფელი იყოს და აუტანელი შეურაცხყოფის შესახებ ღიად ისაუბროს.
6.9% _ ეს გამოკითხული ქალების ის ნაწილი იყო, რომელმაც გაერო-ს კვლევაში ქმრისგან მიყენებული ფიზიკური ძალადობა აღიარა. კიდევ უფრო მტკივნეულ თემაზე, სექსუალურ ძალადობაზე კი ქალების მხოლოდ 3,9% საუბრობდა.
„გაცილებით ადვილია თქვა, რომ ქმარი გიკრძალავს ოჯახთან, მეგობრებთან კონტაქტს, ვიდრე აღიარო, რომ ის გცემს, ან სქესობრივ კავშირს გაიძულებს, _ ამბობს კვლევის ხელმძღვანელი მარინა ჩიტაშვილი, _ ქალების 7 პროცენტი, რომელთაც ფიზიკური ძალადობა აღიარეს, მხოლოდ მცირე ნაწილია და წარმოდგენა არ გვაქვს, ამ მაჩვენებლის მიღმა კიდევ რამდენი ქალია დარჩენილი".
ჩიტაშვილის თქმით, ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც გამოკითხული ქალების მესამედი, ანუ 35% აღიარებს, იმდენად მაღალი მაჩვენებელია, რომ ამის ფონზე ფიზიკური ძალადობის მაჩვენებელი დაახლოებით 11-12% მაინც უნდა ყოფილიყო, რადგან, როგორც წესი, ფსიქოლოგიური ზეწოლა მხოლოდ წინაპირობაა "ძალიან ცემისთვის". როგორც ჩანს, კვლევაში მონაწილე ქალები თავიანთ მთავარ სათქმელს და ტკივილს ინტერვიუების დროს გულმოდგინედ მალავდნენ.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ იმასაც, რომ გამოკითხული ქალების გულახდილი პასუხი დიდწილად იყო დამოკიდებული მათ საცხოვრებელ ადგილსა და ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზეც.
„გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ თუკი ქალი დაკავებულია და მუშაობს, ძალადობის პრობლემა მისთვის ავტომატურად იხსნება, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ საქმიანი ქალი ბევრად უფრო მარტივად იწყებს საუბარს საკუთარ პრობლემაზე და აგვარებს მას, ვიდრე _ დიასახლისი", _ აცხადებს ჩიტაშვილი.
ისევე როგორც მსხვერპლი ქალები, ასევე მოძალადე მამაკაცები, როგორც წესი, ვერ აცნობიერებენ, რომ ბავშვობაში თავად გახდნენ მშობლებისა და საზოგადოების მსხვერპლი. კანადელი ექსპერტი მაიკლ კაუფმანი, რომელმაც ჯერ კიდევ 20 წლის წინ შექმნა მოძრაობა "თეთრი ლენტი", იბრძვის იმისთვის, რომ მამაკაცებიც აქტიურად ჩაერთონ ქალთა უფლებების დაცვისთვის ბრძოლაში. "ის, ვინც არ ამართლებს დისკრიმინაციას, მაგრამ ხმას არ იღებს, დანაშაულს ჩადის", _ განაცხადა მან საქართველოში ყოფნისას "ლიბერალთან" საუბარში. მაიკლ კაუფმანის აზრით, "ოჯახის უფროსის" როლი, რომელსაც უფლება აქვს, "ცოლი მოარჯულოს", ბავშვებში პატარაობიდანვეა წახალისებული.
ოჯახური ძალადობა ჩაკეტილ წრედ მეორე კულტურული სტერეოტიპის გამოც რჩება _ შინაურული პრობლემების გამომზეურება უღირს საქციელად ითვლება. სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო, გამოკითხული ქალების თითქმის 80%-ს მიაჩნია, რომ ოჯახური პრობლემები, რომლებიც ცემითა და შეურაცხყოფით მთავრდება, მხოლოდ წყვილს შორის უნდა რჩებოდეს. შესაბამისად, ქალების 38%-ს არც ერთი ოჯახური კონფლიქტის დროს არავისთვის უთხოვია დახმარება. მშობლები, მეგობრები, პოლიცია, ექიმი და სულიერი მოძღვარი _ მათ მხოლოდ უკიდურესი საფრთხის დროს მიმართავენ.
რეგიონებში კი სტერეოტიპების მსხვერპლნი არიან არა მხოლოდ რიგითი ქალები, არამედ ისინიც, ვისაც, წესით, პრობლემის გადაჭრა ევალება. კვლევის რაოდენობრივი ნაწილის ხელმძღვანელი, ნინო ჯავახიშვილი იხსენებს შემთხვევას, როცა ქმრისგან ნაცემმა ქალმა, ექიმისგან სათანადო დახმარების ნაცვლად, მორალისტური ქადაგება მიიღო. არადა, კვალიფიციური ექიმი ასეთი ინციდენტის დროს სათანადო კითხვებს უნდა უსვამდეს ქალს და ცდილობდეს, გაიგოს, რა არის მისი სხეულის დაზიანების ნამდვილი მიზეზი.
რაც შეეხება ეკლესიის როლს, პრობლემის მოგვარებაში მისი ეფექტურად ჩართულობა დღემდე მხოლოდ ზოგიერთ პროტესტანტულ კულტურაში ხერხდება. მართალია, სასულიერო პირმა შეიძლება დაგმოს ძალადობის ფაქტი, მაგრამ საქართველოში, მართლმადიდებლური ეკლესიის მკვეთრად პატრიარქალური ბუნების გამო, გენდერული როლების არათანაბარი გადანაწილებით გამოწვეულ ძალადობის მიზეზებზე ეკლესიას მკვეთრი რეაქცია ვერ ექნება.
პირველი, ვინც ამ ახალი კვლევის შედეგებს უნდა მიაქციოს ყურადღება, სამთავრობო და საკანონმდებლო ორგანოებია. სტატისტიკა, ერთი მხრივ, ეფექტური ხერხია პრობლემის მიმართ მათი ყურადღების მოსაპოვებლად, მაგრამ მეორე მხრივ, საშიშროებასაც სწორედ რიცხვები ქმნის: საკითხით ზედაპირულად დაინტერესებული დეპუტატი ხშირად რიცხვებს იქით ვერაფერს ხედავს და ასეთ შემთხვევაში შეიძლება ისიც თქვას, რომ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი _ 7 % _ უმნიშვნელო მაჩვენებელია.
„როცა პრეტენზიაა ციფრების მასშტაბურობაზე, შეგვიძლია განვიხილოთ ორსულების თემა. კვლევის მიხედვით, 100 ორსულზე 2 ან 3 ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. თუ ავიღებთ 2008 წლის მონაცემებს, როცა 57000 ქალი იყო ფეხმძიმე, ეს ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ 570 და მაქსიმუმ 1140 ქალი იყო ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ამ რიცხვებში იგულისხმება არა მხოლოდ დედა, არამედ ნაყოფიც, რომელიც ძალადობის პრობლემით იბადება", _ ჩიტაშვილი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია, ქვეყანა თვალს ხუჭავდეს და ამბობდეს, რომ წელიწადში საშუალოდ 1000 ასეთი ბავშვის დაბადება პრობლემა არაა.
კვლევამ დაადასტურა სახელმწიფოსგან კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობაც. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების ჩართვის წახალისება საჭიროა იმისთვის, რომ ერთი მხრივ ოჯახში ძალადობის შემთხვევები შემცირდეს, მეორე მხრივ კი, ყბადაღებული გენდერული ბალანსი დავიცვათ. ვიდრე ეს არ მოხდება, მუდამ ფიქციად დარჩება ქალთა და მამაკაცთა კონსტიტუციით აღიარებული თანასწორობა, რომელსაც ცრურწმენებით სავსე რეალობა იოლად ჩაანაცვლებს.
გაერო-ს მოსახლეობის ფონდის თვისობრივი კვლევის რესპონდენტი კახეთიდან:
"რატომაც არა, თუ ქალებსა და მამაკაცებს თანაბარი უფლებები აქვთ, მაშინ ქალებმა უნდა თოხნონ, მოუარონ ნახირს და, თუ საჭირო იქნება, ომშიც იბრძოლონ".
მოდერატორი: "უნდა აკეთოს თუ არა კაცმაც ქალის სამუშაო?"
მამაკაცი კახეთიდან: "როგორ, წარმოუდგენელია! კაცი ვერ გაზრდის შვილებს. ოჯახს მოვლა სჭირდება, სარეცხია დასარეცხი, სადილები მოსამზადებელი და ამ ყველაფერს კაცი ვერ გააკეთებს. იგი ვერ დარეცხავს სარეცხს, ეს მის გენეტიკაში არ დევს".
შედარებისთვის, სქესთა ბალანსით, სრულფასოვნად რეალიზებული მოქალაქეებით და ცხოვრების მაღალი სტანდარტებით ცნობილ შვედეთში, წლევანდელი მონაცემებით, შვილის დაბადებისას დეკრეტულ შვებულებას მამაკაცების 85% პროცენტი იღებს. საქართველოში კი, სადაც ქალთა დისკრიმინაცია ყოველდღიურ სალაპარაკო ლექსიკაშიც კი ისეა გამჯდარი, რომ ქალის სოციალური სტატუსის შეფასებისას დამკვიდრებულ ანაქრონისტულ და სტერეოტიპულ გამოთქმებს, როგორიცაა გაუთხოვარი, გასათხოვარი, განათხოვარი, ყურადღებას არც კი ვაქცევთ, თანასწორობის შვედური ხარისხის მიღწევა კიდევ ათწლეულების განმავლობაში შეუძლებელია.
"ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში" ჩაატარა გაერო-ს მოსახლეობის ფონდმა 2009 წელს
გამოკითხულ ქალთა 35.9% აცხადებს, რომ მას აკონტროლებს მეუღლე/პარტნიორი
მათგან:
29.0% - პარტნიორი უკრძალავს საკუთარ ოჯახთან კავშირს;
11.6% - პარტნიორი აიძულებს მისგან აიღოს ნებართვა, ვიდრე ექიმს მიმართავს;
11.1% - პარტნიორი ბრაზდება, თუ მისი ცოლი სხვა მამაკაცს დაელაპარაკება;
5.5% - პარტნიორი ხშირად ეჭვიანობს და ღალატში დებს ბრალს;
4.0% - პარტნიორი არ აძლევს მეგობრებთან შეხვედრის საშუალებას;
3.9% - პარტნიორი იგნორირებას უკეთებს და გულგრილად ეპყრობა;
3.8% - სამსახური მიატოვა, რადგან მის ქმარს/პარტნიორს არ უნდოდა ემუშავა;
2.4% - პარტნიორი დაჟინებით მოითხოვს, მუდმივად იცოდეს, თუ სად არის იგი;
1.4% - ქმარი/პარტნიორი უკრძალავს შეხვედრებზე დასწრებას, ან რომელიმე ორგანიზაციაში მონაწილეობას.
მორჩილება
50.7% - კარგი ცოლი ქმარს უნდა უჯერებდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ეთანხმება;
44.9% - აუცილებელია, მამაკაცმა ცოლს/პარტნიორს კარგად დაანახოს, ვინ არის ოჯახის უფროსი;
16.0% - ცოლის მოვალეობაა ქმართან სქესობრივი კავშირი ჰქონდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იმ მომენტში თავად ეს არ სურს.
გამოკითხულ ქალთა 34.1% - ქმრის მიერ ცოლის ცემას გარკვეულ შემთხვევებში ამართლებს
თუ:
28.5% - მამაკაცმა გაიგო, რომ ქალი ღალატობს;
4.0% - მამაკაცი ეჭვობს, რომ ქალი ღალატობს;
3.1% - ქალი მამაკაცს არ ემორჩილება;
1.5% - ქალმა სახლის საქმე მამაკაცის მოსაწონად არ გააკეთა;
1.4% - ქალი უარს ამბობს სქესობრივ კავშირზე;
0.6% - ქალი ეჭვიანობს და ეკითხება მამაკაცს სხვა ქალი ხომ არ ჰყავს.
If (if ducks waddle then 5 is a prime) then (if (either Churchill drinks brandy or ducks waddle) then (either Churchill drinks brandy or 5 is a prime))