Dedi Coკაი, ქონებრივ ურთიერთობებზე ვისაუბროთ
აქ დავწერ და რომელი მუხლიც არ მოგეწონება დაწერე

მუხლი 1158. მეუღლეთა თანასაკუთრება
1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
მუხლი 1159. თანასაკუთრებაში არსებული ქონების მართვა
ურთიერთშეთანხმებით
თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები.ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.
მუხლი 1160. თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა
ურთიერთშეთანხმებით (29.06.2007 N5127)
1. იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას.
2. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ:
ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ;
ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას.
3. მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.
მუხლი 1161. მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრება
თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს:
ა. ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე;
ბ. ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
მუხლი 1162. ქორწინების განმავლობაში შეძენილი ინდივიდუალური
სარგებლობის ნივთები
ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, ძვირფასეულობის გარდა, თუნდაც ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო თანხებით, ჩაითვლება იმ მეუღლის საკუთრებად, რომელიც სარგებლობს ამ ნივთებით.
მუხლი 1163. მეუღლის ქონების გადაქცევა მეუღლეთა თანასაკუთრებად თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული.
მუხლი 1164. მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა
მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.
მუხლი 1165. პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთების ბედი თანასაკუთრების გაყოფისას
მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა ხდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით,ხოლო,თუ ასეთი შეთანხმება არ არის მიღწეული, მაშინ-სასამართლოს მიერ. სასამართლო განსაზღვრავს, თუ რომელი ნივთი რომელ მეუღლეს უნდა მიეკუთვნოს. პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთები (მუსიკალური ინსტრუმენტები, საექიმო მოწყობილობა, ბიბლიოთეკა და ა.შ.), თუნდაც ქორწინების პერიოდში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო სახსრებით, გადაეცემა იმ მეუღლეს, რომელსაც ეს ნივთები თავისი საქმიანობისათვის სჭირდება.
მუხლი 1166. წილის კომპენსაცია საკუთრების გაყოფისას
თუ საერთო ქონების გაყოფისას ერთ-ერთ მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთები, რომელთა ღირებულებაც მის კუთვნილ წილს აღემატება, მაშინ მეორე მეუღლეს მიეცემა შესაბამისი ფულადი ან სხვაგვარი კომპენსაცია.
მუხლი 1167. საერთო ქონების გაყოფა ქორწინების განმავლობაში
თუ საერთო ქონების გაყოფა ხდება ქორწინების განმავლობაში, მაშინ ქონების ის ნაწილი, რომელიც არ გაყოფილა, და აგრეთვე ქონება,რომელსაც ისინი შეიძენენ მომავალში, ჩაითვლება მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუკი საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 1168. არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინება თანასაკუთრების გაყოფისას
1. იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ.
3. აღნიშნული საფუძვლით სასამართლოს შეუძლია თითოეული მეუღლის საკუთრებად ცნოს ის ქონება, რომელიც შეძენილია თითოეული მათგანის მიერ ქორწინების ფაქტობრივი შეწყვეტის ან მათი ცალ-ცალკე ცხოვრების დროს.
მუხლი 1169. მეუღლეთა საერთო ვალების გაყოფის წესი
მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად.
მუხლი 1170. ერთ-ერთი მეუღლის ვალის დაფარვის წესი
1. ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში.
2. აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული,გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.
3. ერთ-ერთი მეუღლის დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას მეუღლეთა თანასაკუთრებიდან გადახდევინება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუკი განაჩენით დადგინდება, რომ ეს ქონება შეძენილია დანაშაულის ჩადენის შედეგად მიღებული სახსრებით.
მუხლი 1171. თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა
განქორწინებულ მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნებისათვის დადგენილია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.