Blond girl
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 798
წევრი No.: 120774
რეგისტრ.: 9-September 10
|
#23925713 · 10 Feb 2011, 01:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მამა ელჩი, დედა ელჩის ცოლი... რამდენი მეხვეწა ორივე, წამოდი ჩვენთან ერთად, ევროპას ნახავ, ხალხი ამაზე ოცნებობს, სკოლას იქ დაამთავრებ, მერე უმაღლესშიც იქ ჩააბარებო... სხვაგან სად ეყოლებოდა მეზობელი რომელიც ყოველ დილით ერთსა და იმავე დროს მოწერდა მესიჯს, `ნიიია, ჩეეემთან ერთააად წამოხვალ თუ ნიიიიავს წააამოყვები~... უარი თქვა წასვლაზე. დეიდა გადმოვიდა მათთან სახლში, მარტო რომ არ ყოფილიყო... ხო, მე ირაკლი მიყვარს, მაგრამ ამას ასი წელი არ ვეტყვი... ირაკლი ჩემი კლასელია. არა, უფრო სწორად მე ვარ მისი კლასელი, იმიტომ რომ ჩვენს კლასს ყველა ირაკლის კლასს ეძახის... სხვა კლასებს ხო ასე ეძახიან: მეათე `ა~, მეთერთმეტე `ა~ ან მეთორმეტე `ბე~. ჩვენ კლასს კი, მეთორთმეტე `ა~-ს არავინ ეძახის. ყველა ირაკლის კლასს ეძახის.... თვითონ ეს საერთოდ არ აინტერესებს. ერთხელ ვკითხე, იცი რომ ჩვენ კლასს შენს კლასს ეძახიან-მეთქი და გაიღიმა და `ააარ ვიიიიცოდიო~, თქვა... შეცდომა არ მომსვლია, ზუსტად ასე თქვა, `ააარ ვიიიიცოდიო~. ის კი არადა რამდენიმე `ა~ და `ი~ მოვაკელი კიდეც. ირაკლის ცოტა ენა ებმის... ცოტა კი არა საკმაოდ, მაგრამ ისე ლამაზად აკეთებს ამას და ისეთ საყვარელია, მგონი უხდება... მგონი ირაკლი მიყვარს... იმიტომ არა რომ ჩემი მეზობელია და ყოველი დილით ერთად მივდივართ სკოლაში... არც იმიტომ რომ ენა ებორკება... არ ვიცი რატომ მიყვარს, მე არასდროს არ ვეტყვი ირაკლის, რომ მიყვარს... ირაკლის არ ვიცი ვინ უყვარს, ერთხელ ვკითხე, ვინ გიყვარს მეთქი, და `დაააამკას~ როოოოომ ვთააააამაშობ ჩეეეეემი მოოოოწინააღმდეგე მიიიიიყვარს, როოოომელსაც თეეეეეთრი ქვეეეეები შაააავ უჯრეეეებზე უუუუულაგია, და მეეეეე კიიი თეთრ უჯრეეეეებზე როოო მიიიიწყვია შაააავი ქვეეეები, იიიიმიტომ როოოომ ვეეეერ ვუუუუკლავ ქვეებსო...~ ვერაფერი ვერ გავიგე. იმ დილით სკოლაში დავაგვიანეთ, ამიტომ ამის შემდეგ გადავწყვიტე მისთვის ასეთი რთული კითხვები არ მიმეცა... მართლა არ ვიცი რატომ მიყვარს... ხო, ასი წელი არ ვეტყვი ირაკლის რომ მიყვარს... იმიტომ, რომ თუ კაია თვითონ მითხრას... მერე რა რომ ენა ებორკება... ისე მართლა რატო მიყვარს?! იქნებ შევეჩვიე... ასე მგონია სულ ერთად ვართ... ბაღშიც ერთად დავდიოდით... სკოლაშიც ერთად ვზივართ... უკვე ჩვიდმეტის წლის ვხდები და ყოველი დილა ირაკლით იწყება და მისი მესიჯით: `იიია, სკოლაში ჩეეემთან ერთააად წამოხვალ თუ ნიიიიავს წააამოყვები~... ხანდახან მესიჯსაც ისე წერს ირაკლი, თითქოს ენა ებორკება, საკონტროლოც ქართულში ასე დაწერა ერთხელ... ქართულის მასწავლებელს სამასწავლებლოში უტირია... ყველა სიტყვაში იყო შეცდომა... ორიანი მაინც არ დაუწერა... იქნებ მაშინ მივხვდი, რომ ირაკლი მიყვარს... ან იქნებ, როცა ჩვენს შორის განსხვავება აღმოვაჩინე... ეს ხუმრობით... ახლაც მრცხვენია... მაშინ ბაღში დავდიოდით. აბა მანახე ფეხებს შორის რა გაქვს-მეთქი... კიდე კარგი ჯგუფში რატომღაც მარტონი ვიყავით, აღმზრდელიც გასული იყო. სულ არ მორიდებია, უცებ ჩაიხადა შარვალი და დავინახე: სოფელში ბებიასთან გოგრებს რომ აქვს ყუნწები, ისე ჰქონდა ჩამოკონწიალებული... ნეტა სიარულში არ უშლის? ალბათ ენაც იმიტომ ებორკება-მეთქი, ესღა გავიფიქრე... `აააახლა შეეენ მანააახეო~, ჩემს რეიტუზს წაეტანა... არაფერსაც არ განახებ-მეთქი... ძლივს მოვიშორე... (ნეტა მენახებინა, შეიძლება დღეს სკოლიდან არ გაპარულიყო...) მერე აღმზრდელი შემოვიდა, კიდე კარგი შარვალი აწეული ჰქონდა... რა გაჩხუბებთ, როდის იყო თქვენ ჩხუბობდითო... ირაკლის რაღაცის თქმა უნდოდა და მე პირზე ხელი ავაფარე... ახლა ვნანობ, სულ ვფიქრობ ნეტა რას ეტყოდა.... ნეტა რა უნდა ეთქვა მაშინ... არ ვიცი... ერთხელ, მესამე კლასში რომ ვიყავით დირექტორს შეუვარდა სამასწავლებლოში: `აააქედან არ გააავალ, ცოცხალი თავით, თუ ოცდააათ ლაააარს ააარ მოოოომცემ, მუუუუშაობას როოომ დაააავიწყებ, დაააგიბრუნებო~, - დირექტორს ეუბნება თურმე... `ოოოცდაათი ლააარი რად გიიინდააააოოო~, - მოულოდნელობისაგან ენა დაბმია დირექტორსაც, ქალბატონ ნინოს... `საააქმე ეეეხება სიკვდილ-სიცოცხლის საააკითხსსსოო~, - უპასუხია... მარტო მე ვიცოდი, რატომ უნდოდა ეს ოცდაათი ლარი... იმ დილით სკოლაში რომ მივდიოდით, უზარმაზარი (მაშინდელი ზომებით) ჩანთიანი კენგურუ მოეტანათ სათამაშოების მაღაზიაში... იდგა და გულუბრყვილო თვალებით იცქირებოდა... რომ გავიარეთ, რა საყვარელია-მეთქი, ვთქვი... ზუსტად ოცდაათი ლარი ღირდა, ფასიც ეწერა ვიტრინაში... დირექტორს მართლა მიუცია ოცდაათი ლარი... იქედან პირდაპირ მაღაზიაში გაქცეულა და გაკვეთილზე კენგურუთი შემოვიდა... უფრო სწორად ჯერ კენგურუ შემოვიდა და მერე ირაკლი... შემოვიდა და სიმღერა დაიწყო კენგურუსთან ერთად... არადა საერთოდ არ მქონდა იმ Dდღეს დაბადების დღე... საიდან მოიგონა... `რააა ლამააზი დღეააა რა ლააამაზი მზეააა, იმიიიტომ რომ ნიაას დაბადების დღეაააო...~ ხო, რო მღერის, ნაკლებად ეშლება ენა... ის გაკვეთილი ჩაიშალა... უი, როგორი ბედნიერი იყო... ისეთი ბედნიერი იყო ისეთი ბედნიერი, რომ ავტირდი... მერე ირაკლი მოვიდა და ხვეწნა დამიწყო `ნიიიიია, აააარ იიიიტირო და კეეენგურუს უუუუუკან წააავიყვანოოო...~ მეც შემეშინდა, მართლა უკან არ წაეყვანა და მეტი არ მიტირია... ყველა თვლიდა რომ შეყვარებულები ვიყავით... სანამ ამას გაარკვევდნენ სამი ბიჭი, რომლებმაც სიყვარულიო და რამე საუბარი დამიწყეს (მე რა თქმა უნდა ეს ირაკლის ვუთხარი), სულ დამეკარგნენ, თურმე სამივეს აუკრძალა ჩემზე 100 მეტრზე ახლოს მოახლოება... რამდენჯერ გამიგონია, ბიჭები ერმანეთს რომ ეუბნებოდნენ ჩემზე, `ეს ირაკლის შეყვარებულიაო...~ ძალიან მიხაროდა ამას რომ ვისმენდი... თუმცა ირაკლის არასდროს არ უთქვამს ჩემთვის, რომ ვუყვარვარ.... მე კი ასი წელი არ ვეტყვი ამას... ხო, დღეს კი ჯერ ქართულის მასწავლებელს აუშალა ნერვები... გაკვეთილი არ იცოდა... `რატო უნდა ვისწავლო ვიიიიიღაცის ლექსი, ეეეეეეგებ ეეეეს ლეეეეექსი ააააარ მოოოომწონსო... მეეე რაააც მოოომწონს იიმას ვიიიტყვიო...~ აბა თქვიო, ქართულმა: იმანაც დაიწყო: `მიიივდივარ და მოოოომდევენ, გვეეერდით აკაციები, ვხეედავ აააქაც იიიები, ვხედააავ იქაც იიიები, აააიიიი ნიიააა ნიიიეებიო~...-ო, ჩემზე მიანიშნა... ქართულმა, დატოვე კლასიო... `ააარ დავტოვებ, უნდა წავიღოოო...~ მაინც გაეცინა ქართულს... არაფერი უთქვამს... ისტორიას აუხირდა, `რაააში მააააინტერესებს ნააააპოლეონის ააამბებიო... თქვეენ იის მიიითხარი, ჩვეეეენმა ჯაააარმა რატო წააააგო ომიო...~ `რას იზამ რუსეთთან ნაპოლეონმაც წააგოო ომიო~, - თავი იმართლა ისტორიამ... `ხოოდა მით უმეტეს რას გვასწავლი ნაპოლეონის ამბებს, შენ ის გვასწავლე, რუსებს როგორ მოვუგოთ, თუ მაგარი ხარო...~ იმანაც დატოვე კლასიო... `ვეეერ გააავიგე ეს სკოოოლა ქააააართულს დააავუტოვო თუ იიიისტორიასო, წააავედი აააბაო~ და სიცილი დაიწყო... და მართლა წავიდა... ვიფიქრე კლასიდან გასვლის წინ გამოიხედავს-მეთქი (სულ ასე იცოდა)... არ გამოუხედავს... ისე წავიდა... მერე შესვენებაზე ვეძებე. არსად იყო, არც სკოლის მოედანზე, არც ბუფეტში, არც იქ სადაც ბიჭები საერთოდ ეწევიან, ვითომ მასწავლებლებმა არ დაგვინახონო... ბიჭებს ვკითხე, სად წავიდა ირაკლი-მეთქი... არ ვიცითო. თან ეშმაკურად იღიმოდნენ და ერთმანეთს რაღაც გადაუჩურჩულეს... მივხვდი მატყუებდნენ.. არც გაკვეთილების გამოსვლამდე მოსულა... ჩანთა წამოვუღე... ირაკლის ჩანთას ირაკლის სუნი ასდის... გზაზე საეჭვო ჩურჩული გამახსენდა... და მაშინ დავინახე... მე ხო მისი ჩანთა მომქონდა, მას გოგო მოჰქონდა... არა, ხელში არ ჰყავდა აყვანილი, გზაზე მოდიოდა და რაღაცას უხსნიდა. ხმა არ მესმოდა, იმიტომ რომ საკმაოდ შორს იყო... თან აკოცა... ის გოგო კი ვიცოდი, რომ ბოზი იყო, ჩემი კლასელი ბიჭების დამვაჟკაცებელი... გოგოებმა ყველაფერი ვიცით... მე შემეშინდა არ დამინახოს რომ ვხედავ მეთქი და გზის მეორე მხარეს გადასვლა დავაპირე და კინაღამ მანქანამ დამარტყა... მის ჩანთა ავტობუსების მოსაცდელში დავტოვე იქვე... და წამოვედი... ერთი სული მქონდა მიმეხედა რას აკეთებდა, მაგრამ არ მიმიხედავს... ჩანთის ჯავრის სულ არ მჭირდა... არც იმ ერთი რვეულის ჩანთაში რომ იდო... მისი დანახვა მინდოდა და არ მივიხედე... ხვალვე სოფელში წავალ, ბებიას ჩავეხუტები, მის ნაოჭებს მოვეფერები, დაკოჟრილ ხელებს დავუკოცნი, თბილი კალთაში თავს ჩავუდებს თავს და არაფერზე არ იფიქრებს, არც ირაკლიზე, ასე ჩავიძინებ... არასდროს არ დავბრუნდები ამ ქალაქში... არც ამ სახლს არ დავუბრუნდები არასდროს... ნეტა წასულიყო მაშინ, მამა ელჩთან და დედა ელჩის ცოლთან ერთად... ასე არასოდეს მონატრებია დედა და მამა... სულ მისი ბრალია... არა, გახსენებაც არ მინდა მისი, სახელსაც არ ვიტყვი არასოდეს... დეიდას ვეტყვი, რომ ბებია მომენატრა და ხვალ დილითვე ავტობუსს გავყვები სოფელში... დეიდა ვერაფერს იეჭვებს, ხვალ მაინც შაბათია და სწავლა არ არის...
* * *
- ნია, მოხდა რამე, რა სახე გაქვს, დეიდა გენაცვალოს?! - არაფერი დეიდა, დავიღალე ეტყობა... - მოდი, საჭმელს გაგიცხელებ... - არ მინდა... ჩემს ოთახში შევალ... - რაღაც არ მომწონხარ ნია, სიცხე უნდა გაგისინჯო, აბა მაჩვენე შუბლი... თითქოს სიცხე არ უნდა გქონდეს... კარგი დაისვენე... - .... - შვილო, მოხდა რამე?! მითხარი შენ გენაცვალე, ხო იცი შეენი თავი მე ჩამაბარეს, შენ რომ რამე დაგემართოს, რა თვალით შევხედო დეააშენს, მითხარი დეიდა რამე... თვალები ცრემლებით გაქვს სავსე... - არაფერი არ მომხდარა, ეტყობა Yთვალში ჩამივარდა რაღაც... - ხომ არ მიმალავ რამეს ნია... - არაფერი დეიდა, ბებია მომენატრა... ხვალ სოფელში წავალ, კარგი? - კარგი დეიდა... წამოგყვე მეც? გადავრეკავ სამსახურში გოგოებს ვთხოვ შემცვალონ... - რად მინდა დეიიდა წაყოლა... - ხვიჩაიე იქნება ალბათ შოფერი და გაგაყოლებ დილით... - კარგი დეიდა... დეიდა, ხვიჩაიას მოწონხარ ხო იცი, ამას წინათ რომ მოვყავდი სოფლიდან, სულ შენზე მეკითხებოდა რაღაცებს... - დეიღუპა მაი შტერი... - რატოა დეიდა შტერი, ისეთი თბილი და კეთილია... - თბილი და კეთილი რომ არის, იმიზაა შტერი... ჯერ ტელეფონმა დარეკა. ის იყო არ ვუპასუხე. 15-ჯერ დარეკა, მერე მესიჯი: ` - როგორ ხარ ნია? - კარგად. - კაია. - შენ როგორ ხარ? - ცუდად... - კაია, აღარ მომწერო მესიჯი და არც დამირეკო...~ საერთოდ გავთიშე ტელეფონი. მერე ფანჯარას მოადგა: - ნიიიააა... - დეიდა, ირაკლი გეძახის... - არ არის სახლში თქო... - იჩხუბეთ? რა მოხდა?! - არაფერი... - ნიიიიააააა.. - გააგიჟებს მეზობლებს... გახედე... - არ გავხედავ, შენ გახედე... უთხარი არ არის სახლში-თქო... - რო მკითხოს სად არის აბაო, რა ვუთხრა... - ბებიაჩემთან-თქო...
* * *
- ხვიჩა, გაბარებ ამ ბაღანას და ჩამიყვანე სოფელში! - კაი, შენც წაგიყვან... თუ გინდა... - ვმუშაობ ხვიჩა... - კაი, მეორე გზაზე რომ ჩამოვალ ცოლად წაგიყვან მაშინ! - გაქრი შენ, მიმიხედე ბაღანას... - ბაღანე კი არა სამას ლარს მატანს აგერ კაცი! - ხვიჩა, ხვიჩა, როის უნდა ისწავლო ჭკუა შენ... - წამომყევი ცოლად და დავჭკვიანდები... - ვითომ?! მეეჭვება რაღაც... - ჩავატაროთ ექსპერიმენტი.... - ჩაგატარებ მე შენ... უყვარს ნიას ეს ხალხი. სოფლის ავტობუსი სხვაა, აქ ყველა ერთმანეთს იცნობს, აქ ყველა ერთმანეთის ახლობელია... - ვისი ხარ ნენა შენ... - მურმან ჩიგოგიძის... - ელჩი როა?! - ლენჩი რავა იქნება, რას ჩივი ცა... - ლენჩი კი არა ელჩი, რა კაი გაზრდილხარ... კესარიას ბადიში ხარ შენ? გაახარებ აბა კესარიას... - გმადლობთ... - ცირა, გეიწიე რომ ზიხარ დიოფალივით... - გადაგიშობ ბეჩა და დაჯექი, გავათბე აი ადგილი უკვე... - ფეჩი გაქ ცირა ჩართული, თუ რავა... - მეისპე შენ... - გოგო, რა ქნეს აი, სოფლის გზაზე რომ მიწა დაყარეს ხრეშის მაგიერ, გეიგე... - კაი ცა, მიწას რავა დაყრიდნენ... - არა, ურევია პაწა ქვაი მარა რაც იყო, ორჯერ უარესია ახლა... წვიმა რო წამოვა იმფერი ლაფოა, ურემი გეივლის მარტო, ისიც ცარელა.. - მერე რაიო გამგებელმა... - რაიო, მაგას რო კითხო რამე, პასუხი მზად აქვს, `რრეეეის მაიაა, პპროოობლემებია ქვეყანა სოფელში, პროოობლემებიო...~ გეტყვის... ენაც ეშლება და ჭკუაც... ისევ ის... არა, არ იფიქრებს იმაზე... მორჩა... - გოგო უყურე გუშინ როსაურას? - ვუყურე, თავიდან, სილვანო ეუბნება ჟაკლინას, დამაყურე შენო! - დამაყურე რას ნიშნავს... – ეს აშკარად თბილისელია... - მომისმინეო, ხოდა მე-თქი ეტყვის რაცხას, ხო ყავდა მაგას ჟაკლინას დაი ცოლად?! - ხოდა რაიო.. - რაიო და აკოცა, რაის ცოლისდაი იციენ მაგენმა, აკოცა გოგო დეეფსკვნა ზედ, დავახუჭიე ბაღნებს თვალები, მარა ბებიაო აი რაია, უარესიც გვინახავს ჩვენო... - მერე... - რაი მერე, შემრცხვა და ისტევლე მე დავხუჭე თვალები... - არა კინოში რაი მოხდა მერე... - მერე არ ვიცი, დემეძინა... - მე ვიცი, - ალაპარაკდა უკან მჯდომი, - ხო ქნეს საქნელი, ხოდა აი სილვანო ეუბნება, კაი ქალი ხარ, მარა ჩვენ ახლა ბაღნები ხო არ ვართ, კაი ვირები ვართ უკვე... შენ კი გაკოცე, მარა როსაურა მიყვარსო... გაგიჟდა ამაზე ჟაკლინა, შე დურაქო, რეიზა სიგარეტს არ ვწევ, სახლში ერთი პეპელნიცა მქონდეს, რო თაშვი გთხლიშო ამ მინუტშიო... ხოდა თლა ტინტალე გამოაგდო კარში... * * *
ავტობუსიდან სანამ ჩამოვიდოდი ყვავილების თაიგული დავინახე, ვარდები იყო უამრავი, ვიღაცს ეჭირა. ყიდიან ალბათ-მეთქი, ვიფიქრე... სოფელშიც დაუწყიათ ყვავილებით ვაჭრობა.. წელს დაბადების დღეზე ერთი ვარდი მომიტანა... სიტყვა დავარღვიე, კიდე იმაზე ვფიქრობ... არადა ყვავილები იმას ეჭირა ხელში და მიღიმოდა... მოდი და ნუ იფიქრებ... - მე შენ მიყვარხარ.. – დედას გეფიცებით ასე თქვა, სულ არ დაბორკვია ენა... - აბა კიდე თქვი... - მე შენ მიყვარხარ... ისევ ისე შეუცდომლად... აბა კიდე-მეთქი... - მე შენ მიყვარხარ... უიმე, რა კარგი იყო, სიხარულის ჟრუანტელმა დამიარა და წამიღო შორს, შორს, შორს და რომ დავბრუნდი კიდე ერთხელ ვათქმევინე... - მე შენ მიყვარხარ... – ყვიროდა უკვე... მთელი სოფელი გვიყურებდა... ამას ისე ვწერ, მოთხრობებში იციან ასე წერა, მთელი სოფელიო. რა მთელი სოფელია, 10-12 კაცი თუ იქნებოდა სოფლის ცენტრში, ძირითადად ავტობუსს ჩამოყოლილები და დამხვდურები, ხო ცოტა იქეთ კიდე `ბირჟავიკები~.... მერე ირაკლი ბებიასთან წავიყვანე... - ბებო, ეს ირაკლია... - ვიცი ბებია, ამ დილით ჩამოვიდა, ღამით მატარებელს წამოყოლია... შენ გეძებდა... ეს ვარდები აგერ ეზოში დამიკრიფა ყველა... მე ვეუბნები ნიასთვის მინდა-მეთქი. აი მეუბნება, აბა მე კოოონდოლიზა რაააისასთვის კი არ მინდაო, ჩვენი გამგებელის არ იყოს, აიც ურევს პაწა ენას... - არ ურევს ბებია უკვე... ირაკლი, აბა თქვი, კონდოლიზა რაისი... - კოოოონდოლოლიზა რააააიიისსსი... - რა გჭირს ირაკლი... აბა თქვი: მე შენ მიყვარხარ.... - მე შენ მიყვარხარ...
|