Olivershemodgomas vuyvarvarთქვენც მიყვარხართ
და ჩემი ლექსებიც.......ვერ შეგელევით.....ისევ აქა ვარ
თუ ვინმეს არ მოწონს.......გვერდზე გაიაროს.....
როგორ მაშინებს ჩვენს სოფელშიმე დაბინდება,
სიჩუმე მოდის, როგორც დედა მკვდრის საფლავიდან;
მკვდარ ძმებთან წასვლა და ტირილი მეც მომინდება,
არ ვიცი სოფლის მყუდროებას ვით გადავიტან.
ცამეტ ეზოში ატირდება ცამეტი ძაღლი,
თითქოს სოფელი სასიკვდილოთ მიესვენება,
მკვდრების ლანდებით აივსება ეს ჩვენი სახლი,
მომაკვდავ რაშზე ჩემი თავი მომეჩვენება.
შიშის ნაპრალთან მომესმება ჩემი სახელი.
“გიყვარდეს მკვდარი, ვით ცოცხალის კოცნა გიყვარდა.
წავიდეთ, სანამ მოვა დილა თვალგასახელი,
სანამ მზის სხივმა არ აანთოს ქვისფერი ფარად.”
სახეშეშლილი მივეკვრები ცახცახა კარებს,
გაიტაცებენ შიშის ასულს კოჭლი ქაჯები.
სოფლის შიშისგან დასახსნელად შვაღამის ზარებს
ცივ სამრეკლოზ ჩამორეკენ ღვთის დარაჯები.
პაოლო იაშვილი
..............................................--------------------------------------------
„ტანს გეტმასნება სველი ალერდი.
ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს.
და აზიდული მაღალი მკერდით
მიეფინები მწვანე ეზოებს.
დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი
და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.
გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის -
და ატევრილი სხეულმზიანი
როგორც ავაზა
შენ ტანმხურვალი
დაეძებ კუროს -
რომ დაგიურვოს...
გხედავ და ვიცი: შენი კუნთები
დათესლილია ჩემი სურვილით.
წამოვიწევი.. შენ გაბრუნდები
გადალეწილი მხეცის წყურვილით -
და გავარდები...
დაგედევნები...
თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:
შენი ვარ შენი მოდი გევნები,
მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს
აგიყვან ხელში
და გადაგისვრი დიდ საწნახელში -
რომ შენი ტანით დავსრისო მაგრად
მწიფე მტევნები...
მაგრამ თვალები -
თვალები - თვალები: -
უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში.
ათასი ქალი ყველა მრუში.
აშარა თუ ხარ კახპა და ურცხვი.
გწყურია ვაჟი უცხო და უცხო.
არა ხარ ჩემი. არ ხარ არვისა.
თუმც არაოდეს არა ხარ უარზე.
იცოდე: მოვგრეხ ნებას ყუაზე.
ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისა.
და შენი თმების წითური მორგვით
მიგაკრავ მაგრად
ცხენის ძუაზე...
მაგრამ თვალები -
თვალები - თვალები:
ეხლა მადონნა - წმინდა - ხასხასა.
რა გიყო მე შენ უძღებო ხასავ?!
ნელი და ტკბილი
ქვემეფინები -
რომ გადავიქცეთ ჩვენ კიდევ წყვილი.
ელამურ ღიმილს მომახვევ რიდეთ.
მეც დავრბილდები რისხვარის მოშლით.
აგამზეურებ როგორც შუბის ტარს
ირუბაქიძის
და ერთხელ კიდევ
გასუდრულ მტევანს
გაგშოლტავ ლოშნით"...
---------------------------------------------
თუკი ეულად იგრძენი თავი,
თუ გულში ისევ გაივლე სევდა,
გახსოვდეს, ქვეყნად რომ არის ქალი,
შენ რომ უყვარხარ ყველაზე მეტად.
თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა,
თუ იალქნები დაგიცვდა ზღვაში,
არ დაივიწყო, რომ ერთმა ქალმა
შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში.
თუ ბედისწერას მიაყრი ფარ-ხმალს,
იღბალს ტყუილით აუხვევ თვალებს,
ქალი არასდროს გატეხავს მარხვას,
ქალი ყოველთვის დაგინთებს სანთელს.
თუ მიგატოვა ერთგულმა მუზამ,
თუ საბოლოოდ დაკარგავ იმედს,
ის გაიხსენე... ის, ვისი სუნთქვაც
ისევ ჰაერით აგივსებს ფილტვებს.
მაშინ დაგტოვებს ყოველი სევდა,
მაშინ ჩაცხრება სამხრეთის ქარი,
და შენც მიხვდები, მაღალმა ღმერთმა,
შენთვის რომ შექმნა ის ერთი ქალი
-------------------------------------------------------------------
წვიმაში
დღეს მიკვირს, ისე როგორ გადავრჩი,
რომ ოდნავადაც კი არ დავსველდი
ისეთ ქუხილში, ისეთ ავდარში
მე — ამ დროების მეათასედი.
ქარ-წვიმა იყო, თუ სროლა ისრის,
სამაგალითოდ შენაქუჩების.
მე მოვიარე საავდრო ნისლში
დედაქალაქის ყველა ქუჩები.
და მერე, როცა ჩვეული რიგით
გავხსენ რუსთველის ქუჩის ურდული,
დაიგრუხუნა თბილისის ირგვლივ
და წამოვიდა წვიმა შურდულით.
გავხედე: თრთოდნენ ქარ-წვიმის ხმაში
ქუჩები, ბევრჯერ გადანათელი,
მარტო გამზირზე არ წვიმდა მაშინ
და მარტო გამზირს ადგა ნათელი.
მაგრამ უეცრად იქუხა ისევ
მეტ გახელებით და გამძაფრებით.
და გამზირიდან ღრუბლიან ცისკენ
გაჩნდნენ ქარის და წვიმის ძაფები.
ბევრი ვეომე ძლიერ ზენაქარს,
ჩემს მშობელ ქუჩას თავს ვევლებოდი.
ბოლოს საფარი რომ არ მენახა,
შესაბრალისად დავსველდებოდი.
ავდართან გმირულ ბრძოლებით დაღლილს
არსად რომ თავი არ დამეხარა:
გადამეფარა ქაშვეთის თაღი,
გადამეფარა და დამეხმარა.
წვიმა კი რბოდა როგორც აფთარი,
ცას გაუშავა ნაზი ღაწვები,
და მე ვხედავდი, წელში გამტყდარი,
როგორ წვებოდნენ ქარში ნაძვები.
ორბელიანის საფლავთან მდგარმა
ქალაქს გავძახე ლექსი ქართული,
და რაწამს ყალყზე ამდგარმა ქარმა
მოინახულა ჩემი სართული, —
იმ წამს წარსული დიდების ძალით
შეუჩერებლივ ავფრინდი ცამდე,
მერე ავენთე, ვით ნაკვერჩხალი,
და ნარიყალას კედელთან დავდექ.
აქ ვაჟკაცურად ვმღეროდი მართალს
მარადისობით გადანისლული,
აქ, ნარიყალას ხავსიან კართან,
დაეცა ჩემი ამაყი სული,
ვხედავდი: თრთოდენ ქარწვიმის ხმაში
ქუჩები ბევრჯერ გადანათელი…
მარტო ჩემს ირგვლივ არ წვიმდა მაშინ,
მარტო ჩემს ირგვლივ იდგა ნათელი
ლადო ასათიანი
------------------------------------------------------------------------------
გადაიპენტა თეთრად ტკივილი,
სულში ნაცნობი ,ცივი ქარია...
არ მინდა ახლა ბედთან ჩივილი
უბრალოდ შენთან მინდა ძალიან...
აღმართ და აღმართ ასვლის სიმწარე
დაღმართმა ვეღარ გადაიავდრა...
მასთან შეხვედრა ალბათ ვიჩქარე
აი შენთან კი...დამაგვიანდა!
წლები მათოვს და ქრება ღიმილი,
უხეშად მაცლი ფერებს ყოველ დღე...
ჩალად არ გიღირს სხვისი ტკივილი
მიკვირს წლების წინ როგორ მოგენდე?
აათასფერდა თავში ფიქრები
ერთიდან იქცა ტკივილი ასად...
წლები გავა და მერე მიხვდები,
რომ არა ღირხარ შენ ცრემლის ფასად
გადაიპენტა თეთრად ტკივილი,
სულში ნაცნობი ,ცივი ქარია...
არ მინდა ახლა ბედთან ჩივილი
უბრალოდ შენთან მინდა ძალიან...
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
* * *
ლექსი მეწყერი
მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.
მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.
აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება,
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.
იტყვიან ასე: იყო საწყალი,
ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი.
ლექსები იყო მისი საგზალი,
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.
და აწვალებდა მას სიკვდილამდე
ქართული მზე და ქართული მიწა,
ბედნიერებას მას უმალავდენ,
ბედნიერება მან ლექსებს მისცა.
მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.
ტიციანი
* * *
ხვალე
რა დიდებული სიტყვა არსებობს
ეს დალოცვილი „ხვალე“.
- დღეს გვიანაა, ხვალე, ბავშვებო,
ხვალეც მალეა, მალე!
ხვალიდან ვდგები დილა ადრიან,
ვარჯიშს დავიწყებ ხვალიდან.
ხვალიდან აღარ მოვწევ, ნაღდია,
წვეთსაც არ დავლევ ხვალიდან.
ხვალ გადავიხდი გადასახადებს,
ხვალ გავისტუმრებ ვალებს,
წერილს ხვალ დავწერ, აღარ გადავდებ,
ხვალვე გავგზავნი ბარემ.
- ხვალ ბილეთები გეშოვა იქნებ,
ხვალ ანონსია „ღალატის“!
- ხვალ ფეხბურთია!.. ხვალ ნაღდად ვიგებთ,
ბიჭო, რა გაძლებს ხვალამდის!
იმ წიგნს უთუოდ ხვალ წავიკითხავ,
ხვალ დილიდანვე ვთარგმნი!
ხვალე ვისესხებ...
ხვალე გიყიდი...
კარგი... დაწყნარდი, კარგი!
ახლა თუ არა ხვალ გამიგებენ,
ეს დღეც დადგება მალე,
სახელოვანი ხვალ შევიქმნები,
ხვალე,
ხვალე და
ხვალე!
შენც, ჩემო თავო, რა გეფიქრება,
რა გამოგილევს ხვალეს,
ეს ხვალე მუდამ შენთან იქნება,
მიდი,
თვალე და
თვალე!
შოთა ნიშნიანიძე
* * *
შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა
შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა,
შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა
და დაიწყებდა უდაბნოში შრიალს წალკოტი.
ერთი შეხედვით ვაკაცების გულებს დაჰკოდდი
და მზის თინათინს დაჩრდილავდი თვალთა ციალით.
დალოცდი ლაშქარს და იმ ღვთიურ ლოცვის გამგონეს
არ ექნებოდათ სპათა შენთა მტერთან ზიანი.
სენ ხატაური აბრეშული დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა… ეჰ, რარგიად დაგშვენდებოდა.
შენს ნატიფ სახეს ნიავიც რომ არ შეჰხებოდა,
სპილოს ძვლისაგან ულამაზეს კოშკს აგიგებდნენ.
ცისკარზე, როცა ქაშუეთის ზარებს დარეკდნენ,
აღიგზნებოდა შენის ლოცვით წმინდა ტაძარი
და შენს გვიგვინთან მოკრძალებით ქედს მოიდრეკდნენ
ორბელიანი და ამაყი ამილახვარი.
შენ რუსთაველის სიყვარული დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა.
ბევრი თაობა გაივლიდა ჟამთა შარაგზას,
შენ კი ლექსებში იცოცხლებდი, კარგო, მარადჟამს…
დიდი პოეტი მიგიყვანდა ხალხის გულებთან,
ვარსკვლავებივით დაგვხედავდნენ შენი თვალები
და ვით დიდებას აწ გარდასულ საუკუნეთა,
სულ ერთი არის, მე შენ მაინც შეგიყვარებდი.
…შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა.
იოსებ ნონეშვილი