* * *
სალაღობო
ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოდ გაშლილი და მოხატული
თამარ დედოფლის დარბაზივითა.
“კაცის გული ისეთია,
ვით მორევი შავი ზღვისა:
რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს,
მაინც ენატრება სხვისა!”
დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,
გაისარჯოს და ბრძოლაში დაიხარჯოს!
გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას,
საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!
დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში,
ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია,
ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში
საქართველოს ცხელი გული ასვენია!
დაუკარით! და იმღერეთ ისე მაგრად,
რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს!
დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად,
რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს!
დაუკარით! და იმღერეთ შადიანი,
ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი.
დაუკარით ძველებური დარდიანი,
დაუკარით არწივების ასაფრენი!
ცხრა ლახვარი რომ დამარტყათ ცხრაჯერ გულში,
მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ,
დავიღლები საქართველოს სიყვარულში,
სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ!
დაუკარით! მოასწარით, თორემ ჰერი...
და სიბერეც ძუ მგელივით მოგვიხტება,
დაუკარით ძველებური მოსალხენი:
- შავგვრემანებს შავი ჩოხა მოგვიხდება!
დაუკარით ძველებური ლოთიანი,
საათნოვა რომ მღეროდა შაითანთან,
დაუკარით! განა ყველა ლოთი არი?!
განა ყველა სიყვარულით დაიშანთა?!
დაუკარით ძველებური ლოთიანი,
თორემ დარდი ღრუბელივით გასივდება,
გაფრინდება სიყმაწვილე შფოთიანი,
წრფელი გული, ცხელი გული გაცივდება!
”ვაჟკაცსა გული რკინისა,
აბჯარი თუნდა ხისანი,
თვალნი ქორებულ მხედავნი,
ზედ მუხლნი შავარდნისანი”.
ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.
ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოდ გაშლილი და მოხატული
თამარ დედოფლის დარბაზივითა!
ლადო ასათიანი
---------------------------------------------------------
ო, რა ცოტა ხარ...
ო, რა ცოტა ხარ, შენ, ყველაფერო,
რამაც მე უნდა მომინელო, უნდა გამთელო,
დილავ, დღევ, ღამევ, სიყვარულო, სხვა რა
ვაქეთ რო...
ო, რა ცოტა ხარ, რა ბევრი ხარ, შენ, ყველაფერო.
ბესიკ ხარანაული
----------------------------------------------------------------------------
ჩემო დედი,
დაბერდი და,
ლექსებს ირჩევ სევდიანს.
შენი ძვლები წამდაუწუმ
სატირალზე სხდებიან.
შენი ფიქრნი სად არ წავლენ
სად არ გადასწვდებიან.
აღმართსა და აღმართს შორის
ბილიკს გაიტკეპნიან.
დედი, იის ძირში ცხოვრობ,
სახლი გიდგას ფერებით.
სახლს კარიც აქვს,
მაგრამ, ვაი,
მე ვერ შემოვეტევი.
რაა, დედი,
ამ ბოლო დროს,
სულ საფლავზე გხედავენ!
ბებოჩემი, პაპაჩემი,
შენს თავს შემომედავნენ.
და თუ მაინც წაგიყვანეს,
თუ გაუწყრათ გამჩენი,
კიბეს ხომ მეც ამომაწვდი,
როგორც ხეზე დარჩენილს.
ჩამოვყვები კიბეს, დედი,
სისხლიანი ფეხებით.
დედი, როგორ გავიხარებთ,
როგორ გადავეხვევით
.
ხარანაული
------------------------------------------------------------------
* * *
ზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს,
ვერ დაიოკებ ცრემლებს ჟინიანს,
ნუ შეგაშინებს უძილო ღამე
ვიდრე დედა გყავს ნუ გეშინია.
ნუ შეგაშინებს მეხი ძლიერი.
მეხი უფესვო ხეებს ერევა,
ვიდრე დედა გყავს შენ ხარ ძლიერი
ვიდრე დედა გყავს ვინ მოგერევა.
ბედის ქამანდას თუ ვერ გაექცე,
წილ ხვედრიელი თუ ვერ გახედნე
დღეში რომ კიდევ ცხრაჯერ დაეცე,
დედის ხელები წამოგაყენებს.
ჭირთა თმენა და დიდი იმედი
დედა სიცოცხლის თვალის ჩინია ,
ვიდრე დედა გყავს შენ ხარ ძლიერი,
ვიდრე დედა გყავს ნუ გეშინია.
This post has been edited by samaia on 1 Mar 2011, 04:02