gvancutaპიემს მოგწერთ თქვენის ნებართვით
ღრიალებს წელში გაზნექილი აგვისტოს ხვატით
და ტალღებს ქშენით მიაგორებს წინ გზატკეცილი,
უკანასკნელად გაიბრძოლებს - ჰგავს ფაფარაყრილს,
რომ მერე მდორედ ჩაედინოს ქალაქის ზღვაში!
იქ კი, ქალაქში, უდრტვინველად მძინარ ქალაქში,
მიიზმორება ქუჩა გრძელი და ისე ჭრელი,
ვით ბოშა ქალის ხელისგულზე გაშლილი კარტი,
სადღაც მანქანის ბორბლებიდან იელვებს გველის
თუ შავი კატის მოელმო ცბიერი ლანდი
და გაქვავებულ სახეებზეც, რომელთაც უკვე
კარგა ხანია დაავიწყდათ ნამდვილი შიში,
ნამდვილი გვემა, გაოცება და აღტაცება,
გადმობეჭდილა ცბიერება ელამი კატის!
და მე გავრბივარ, გავურბივარ მომნუსხველ მზერას,
თუმც გაქცეულიც ვგრძნობ ზურგსუკან გაჩაჩხულ ბრჭყალებს,
ვიცი, თქვენ ახლა გამიმტყუნებთ ამგვარ გაქცევას,
მაგრამ დღეს თუ არ, ხვალ ეს მზერა მეც გამაქვავებს,
გავრბივარ ასე გამალებით თითქმის ყოველდღე,
მაგრამ არ ვიცი ისევ მაინც რა მაჯადოებს,
რისთვის შემოვრჩი დღემდე ასე ნაცრისფერ ქალაქს,
სადაც ყოველი მძინარეა,
და ტკბილ ბურანში გახვეულებს
უჭირთ თვალებთან თითის მიტანა.
ისევ გავრბივარ, გავურბივარ მომნუსხველ მზერას
და იჭვნეულად ვაყურადებ გულს,
ჩიტივით მუჭში გამომწყვდეულს და მოფართქალეს,
ხომ არ გაცივდა, ხომ არ...
ვიცი, თქვენ ახლაც გამიმტყუნებთ ამგვარ გაქცევას,
მაგრამ იცოდეთ, სიკვდილზე უფრო მაზრიალებს
შიში სხვად ქცევის!
დღესაც საშინლად შემაჟრჟოლა
მოზეიმე თვალების ელვამ,
როცა მე წამით დამავიწყდა ჩვეული შიში,
და მაგიდასთან ჩამომთვლიმა ჩემს უნებურად!...
ისევ გავრბივარ...
მივაჟღარუნებ დაწყვეტამდე დაჭიმულ ნერვებს,
და თუმცა მიჭირს,
მაინც უნდა გავიქცე, რადგან
საბავშვო ბაღის ნაცრისფერ და მძიმე კარებთან,
შესაბრალისად ატუზულ ბავშვებს
როგორმე დროზე მივგვარო დედა!
გავრბივარ ისევ...
თქვენც მართლები ხართ,
ფინჯან ყავასთან იაფფასიან ნათელხილვებით
შემობურულნი უკვე მეასედ რომ ჩაჰკირკიტებთ
საზღვარგარეთულ მოდების ჟურნალს,
მე კი გავრბივარ...
შენც მართალი ხარ. ძვირფასო დედა,
ასე დაღლილი ჩემი სიურჩით
და უცნაური აკვიატებით,
არც იმას მალავ, რომ ჩემს ყველა ლექსს,
ერთი ლამაზად ამოქარგული ბალიშისპირი გირჩევნია!
და ტკივილამდე გეცოდება ჩემი ბიჭებიც,
მზენატრული ოთახის ყვავილები,
დაბადებამდეც ამ დაბანგული ქალაქისათვის განწირულები,
ვიცი გიყვარვარ და შენს თვალებში,
მოუშუშებელ ტკივილად ვრჩები,
მაგრამ ოთახში, ჩემს ოთახში,
სადაც მთელი სივრცე წიგნებსა და
წარსულიდან გამოხმობილ ლანდებს შეუსრუტავს
სული გეხუთება!
მეც მეხუთება შენსავით სული,
რა ვქნა, ვერაფრით ვერ შევეგუე,
ამ ქალაქური ეტიკეტებით,
სხივებდასხეპილ ყალბ ღიმილს დედა!
შენც პოეტი ხარ, თუმცა არასდროს არაფერი დაგიწერია,
რამდენჯერ გითქვამს -
მინდვრის ყვავილს ოთახის სივრცე არ ეყოფაო დედა!
ბინდდება...
სადღაც იძირება ციცქნა ქალაქი,
როგორც ტალღებში მოციმციმე წყალქვეშა გემი,
ისევ ცხადდება ჭაობების ძველი არაკი,
და ბაყაყების შეწყობილი გრძელი სიმღერა,
ბურანში ახვევს ამ ისედაც დაბანგულ ქალაქს!
ჩაიწვა ეს დღეც - ჭაობივით მაცდუნებელი,
და ჩემს კარებთან,
ორ სხვადასხვა სამყაროს ზღვართან,
ღამისეული ლანდები დაძრწის!
მე ვხურავ კარებს,
ჩემს სამყაროში ხომ ღამეებს თეთრი ფერი აქვთ,
სამალავიდან ვუშვებ თბილ გულს, როგორც პეპელას,
და თეთრი ღამის სივრცეებში მიმოვატარებ,
რომ ხვალე ისევ მუჭში ფრთხილად გამოვიმწყვდიო,
და დღეთა ცვლაში ხშირად,
ხშირად მივაყურადო,
ან არ გაცივდეს ან უეცრად არ ჩავითვლიმო,
და ფილაქანზე არ დავაგდო გული ფართქალა!
დაბინდდა...
ვხედავ ჩამუქებულ ფარდების მიღმა,
ვიღაც მაღალმა და ლანდივით წოწოლა ბიჭმა,
როგორ ესროლა შავი კენჭი და როგორ მოკლა
წვიმის გუბეში მოკეკლუცე ახალი მთვარე!
რადგან იმისთვის, იმ ლანდვით შავი ბიჭისთვის,
გაუგებარი გახლავთ სრულიად -
"პაემანი მთვარიან ღამით".
იქ, კუთხეში კი, ღამეულ ბინდს თანშეზრდილ გოგოს,
რომელსაც ღამისაგან ქერა თმები და
თეთრი სახე ანსხვავებს მხოლოდ
ერთი სული აქვს როდის მიუტანს
ის ლანდივით წოწოლა ბიჭი
დაბინდულ თვალებს და მოკლულ მთვარეს!
ცახცახებს ღამე,
მეზობლის სახლში კვლავ თამაშდება
ნაცნობი სცენა გუშინდელი, გუშინწინდელი:
შემოაგელვებს შლეგ რაშივით ყორნისფერ ვოლგას,
და შავ ბოქლომით გამოკეტავს რკინის სადგომში,
შეიჯახუნებს რკინის კარებს დაღლილი კაცი,
ქანცგაცლილი დღიურ ჯახირით,
ათავისუფლებს ხორაგისგან ჩაწყვეტილ მკლავებს
და კვლავ შეავლებს ალმაცერ მზერას
თავისავე შვილების დედას,
რომელსაც უკვე აღარც კი ახსოვს
უკანასკნელად როდის შეხვდა
საკუთარ თავს კედლის სარკეში!
წარმოდგენა გრძელდება,
ინსცენირება საოჯახო ლექსიკონიდან...
ჰალსტუხთან და საგარეო კოსტუმთან ერთად
ზეზეურად თვლემენ სიტყვები: "გმადლობთ გეთაყვა!"
ცახცახებს ღამე,
ფარდებს მიღმა ცახცახებს ღამე!
მე ძალას ვიკრებ!...