ukrainka
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2110
წევრი No.: 119106
რეგისტრ.: 2-August 10
|
#30365637 · 24 Mar 2012, 00:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს ჩემი არყოფნა იწყება აქედან, დავგლიჯე სულ ყველა ნიღაბი მასხარის, წუხელ შუაღამით ცამ მიწას დახედა და მიხვდა - სიცოცხლეს ჰქონია საზღვარი.
მე უნდა დაგტოვოთ, ძნელია ატანა ჩემი და გშორდებით, თუ შეძლებთ გამიგეთ, ვხედავ, რომ მიწაზე დამჯდარა სატანა და ადამიანებს ჭკუასაც არიგებს.
ატანა-სატანა, სული და გული და კიდევ რამდენია, რაც ყელში ამოდის, მომბეზრდა ყოველდღის დაწყება ნულიდან, ჰოდა, გაიხილე, სიკვდილო, გამოდი.
მორჩა და გათავდა, ეს არი, რაც არი, იქითაც, აქეთაც, ცხოვრება მისია, უჩემო სიცოცხლეს აყარეთ ნაცარი, მე მაინც ამქვეყნად ვიყავი ნისიად.
რაღაც ხასიათზე დღეს ვარ ირონიულ, ისევ მენატრება შენი სიახლოვე, მინდა ეს ფოთლები მოვურ-მივურიო, ბოლოს მაინც ვინმე ერთად შეაგროვებს.
უფრო ცივი არის ამწელს ნოემბერი, კიდევ გაცივდება წლები მიყოლებით, მინდა ახლა ისე თბილად მოგეფერო, თითქოს მომავალ წელს აღარ გეყოლები.
თითქოს ბავშვი ვიყო, ისე მეტირება, იცი, წუხელ ერთი ლექსი დაგიწერე, არის უსარგებლო ყველა შეპირება, მაგრამ ეს სიტყვები ჩემს თავს გაგიწევენ.
ახლა მგონი უკვე მივედ-მოვედები, გახდა სისულელე - ასი მილიარდი, წამო, შევიშალოთ, როგორც პოეტები, ვინც ამ ცხოვრებისგან ზურგით მიტრიალდნენ.
წამო, თორემ ეს ცა ისე გაიბურა, სხვა ცა აღარა ჩანს ჩვენი ფანჯრებიდან, წამო, გეხვეწები, მინდა ძველებურად სისხლი გადაგისხა ჩემი მაჯებიდან.
დღეს ვარ ხასიათზე უფრო ალერგიულ, თურმე კომაა და თქვეს რომ აბსანსია, ჩემკენ - თითო ჭიქა, მათკენ - ბარბეკიუ, მთელი ეს ცხოვრება ერთი ნაფაზია მხოლოდ, როგორც უნდათ ისე დაითვალონ, ცაზე ღრუბელია სუსტი, ბარეჟივით, უკვე ვეღარ შველის ტკივილს ბარბიტალი, ისე მაგრადაა სული დაჟეჟილი. თითქოს უსაზღვროა, თითქოს დიდი არის, მაგრამ დედამიწა მაინც ბარაკია, კარგი, თუ ძმები ხართ, რაის იდეალი, ზოგჯერ მგონია, რომ ტბორის ბაყაყი ვარ. წუხელ მეათასედ ღამე გადავტეხე, ჩანდა მინებიდან მთვარე - კაბოშონი, ღმერთო, ჩამომხედე სულში კიდევ ერთხელ ან ამ დღეებიდან სისხლად გამოჟონე, თორემ ავაშენე ისევ ბაბილონი, ცენტრში გოდოლია, ირგვლივ - ბალაგანი, და თუ ახლა რამე სუნთქვას აიოლებს, და თუ ახლა სადმე დარჩა გასაქანი - მეტი - მე არ ვიცი, მეტი - მე არ მინდა, მხოლოდ შენ ერთი ხარ, ღმერთო, გამამთელე ორად გახლეჩილი, ისევ მიამიტად მინდა - უმნიშვნელო ვიყო, ბაგატელი, მეტი არაფერი.
შენი სახელია - მარა, შენ ნამდვილი ხარ და მაშინ, როცა ცას ღრუბელი ფარავს, ანუ, როცა ცივა ცაში, ჩვენი სახლის კედლებს ათბობ.
შენი სახელია - მარა, ჩემი ცოლი ხარ და როცა, სულში მივარდება ქარი და ჭუჭყით მევსება ხორცი, არასოდეს მტოვებ მარტო.
შენი სახელია - მარა, ქალი ხარ, უფრო კი, ბავშვი, ნეკნი, არ ვიცი და მალა ხერხემლის, როცა ხარ სახლში - ქუჩას ეფინება შუქი.
შენი სახელია - მარა, ვართ სულ უბრალოდ და ჩვენთვის, არც ვინმეს სიყვარულს ვპარავთ, გვყავს ჩვენი შვილი და ღმერთი ერთმანეთს ყოველდღე გვჩუქნის.
დღესაც ცხოვრება ბალამუტი ნერვებს მიშლიდა, გაბურულია ცა და წვიმამ მიწა დალაქა, მე ისევ მაგრად მენატრება შენი სიმშვიდე და ისევ მინდა გავერიდო დღეთა ბალაგანს.
მინდა ერთხელაც მივატოვო ეს დედამიწა, ეს ერთი დიდი სისულელე, სრული აბსურდი, დოგმადქეული მოძღვრებები აღარ დავიცვა და ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა გავქურდო.
ახლაც შენს გარდა ყველაფერი არის მირაჟი, ცაშიც, მიწაზეც და ნერვებშიც მხოლოდ შენა ხარ, გთხოვ, მიმიღე და დამაჩოქე უფლის წინაშე და ეგ თითები ამ არეულ სულზე შემახე.
სადღაც ღამდება, მოვდევ ქუჩებს, დრო არ ისვენებს, იქნებ ამ ღამემ გათენება აღარც გარისკოს, სანამ თვალებში ამოძრავებს გუგებს სისველე, გთხოვ, კიდევ ერთხელ დაუკარი ჩემთვის სტრავინსკი.
გიყურებ, მოგყვები და სული დამემშა, და ჭამენ როიალს კვლავ შენი თითები, და დევნი თვალებში დამწყვდეულ კაეშანს, და უფრო მოგყვები, და უფრო მჭირდები.
მაგრამ შენ სხვა ხარ და სხვა ხმებთან საუბრობ, ვერ გწვდები, შორი ხარ, ამემღვრა გუმანი, და უფრო, და უფრო, და უფრო, და უფრო, მეხება, მედება, მერევა შუმანი.
და არ შემიძლია არ მოგყვე – დაგეხსნა, და არ შემიძლია არ ვიყო ყაჩაღი, ორივე მაჯაზე ვენები დამეხსნა და სისხლმა ოთახში მინები გაჯანღა.
* * * ვის ეფერება ეს ცხოვრება, კარგი რა, მართლა, გაემეტები, მოგადგება, გირტყამს და გაგდებს, სხვა შეიძლება ვერაფერი, ამას კი ნაღდად ვხედავ და მახსოვს ბოლო ფსონი ტკივილზე დავდე. რიცხვი? სამჯერ რვა - ოცდაოთხი, ფერი - წითელი, დააწყობ "ფიშკებს", ვიღაც ისევ უკან ალაგებს, ფორტუნამ ყალბი განაჩენი გამოიტანა - როცა ეგონათ მოიგოო, მაშინ წავაგე. მაგრამ... ამ აზარტს, სიჯიუტეს, ჟინს არ მოვეშვი, ვგრძნობდი ყოველთვის განსხვავებას, იღბალს იშვიათს, რა ვქნა, არ მხიბლავს, ვერ ვიგუე ცურვა მდორეში, ყოველთვის იმას ვეტანები, რასაც მიშლიან. ახლა რიცხვია ოცდაექვსი, ფერი - წითელი, ჰო, დრო იცვლება, ძველებურად მე ვარ უცვლელი, ნახშირორჟანგი ფილტვებიდან ამოვიტანე და ჩემზე ფიქრით ისევ სტკივა სიკვდილს მუცელი. ჰოდა, სტკიოდეს, დღეს ცხოვრება არის ჰაერი, ძირს დაგდებული დედამიწა ფეხზე მოვირგე, რადგან განგება მაინც არის რაღაცნაირი, ყველას ჰგონია წააგოო, მე კი... მოვიგე.
ძმა, მე ღიმილიანი კაცი ვარ, დღეები სიხარულით სავსე მაქვს, ზამთრის სიცივეა და არ მცივა, ცა გაიბურება და – ასეა.
ძმა, მე ერთი პატარა გოგო მყავს, დედამიწა გამითბო თითებით, ქარიშხლებს ჩამოვშორდი ბობოქარს, მე ახლა მის სიმშვიდეს ვჭირდები.
ძმა, დღეს მშვენიერია ამინდი, მზე ყოველთვის გამოდის ღრუბლიდან, მეც მეტი არაფერი არ მინდა - ბეღურებს პურის მარცვლებს ვუყრიდე...
შენ თქვი, რომ მგავხარ, რომ ქუჩაზე, ჰო - სუიციდის, ჰო - სუიციდის ქუჩაზე ხარ ახლა და ორ ხიდს შუაა შენი ქუჩა, შენ ჩემი ძმა ხარ, ცრიდეს, მინდა, რომ ცრიდეს წვიმა, ჩვენ გუშინ მოვკვდით, და ორ ხიდს შუა არის ქუჩა, შენი, და რელსებს, რელსებს არა აქვთ ხმა - დაგან და დაგან და დაგან, ჩვენ სხვანაირად დაგვაწყვეტენ ნერვებს და მყესებს და გულებს გვწყვეტენ სხვანაირად, და მტკივა მაგრად, რომ ორ ხიდს შუა, რომ ქუჩაა, შენია, მარტო, რომ სუიციდის ქუჩა ჰქვია, რომ დრო სისხლს გადენს, რომ თებერვალი დამთავრდება, დადგება მარტი, და დოდეს-კადენ, დაგან-დაგან, და დოდეს-კადენ, აქ ხმა არა აქვთ, როგორც ყველგან, ისეთი ბორბლებს რკინის და დგახარ, დღეებს გიჭამს ათასი მახრა, დიდი ხანია წვიმის ნაცვლად ცას გასდის დორბლი, და აქ და ახლა, აქ და ახლა, და აქ და ახლა, მე მოვალ შენთან, მოგიყვები ორი ძმის იგავს, და ორ ხიდს შუა, შენს ქუჩაზე, ჰო, სუიციდის, ჰო, სუიციდის ქუჩაზეა რელსების რიგი და ვდგავართ ორნი, და გვინდა რომ ცრიდეს და ცრიდეს -
მე ვთქვი, რომ გგავარ და მოდის კადრი: მოდის წვიმა. და მისდევს ძაღლი უსასრულობის პარალელებს, ჰგვანან რელსები. მე ახლა ვდგავარ ჩემ ქუჩაზე, ჰო, სუიციდის და დოდეს-კადენ, დოდეს-კადენ და დოდეს-კადენ, შენ მოხვალ ჩემთან შუა ციდან და აქ და ახლა, აქ და ახლა ვიქნებით ორნი, შენ მოხვალ ჩემთან გამიღიმებ – შენ ჩემი ძმა ხარ, და ყველა უჯრედს ააკივლებს შეშლილი სიღრმე. ჰო, ჩვენი ძვლები გაიტანენ სხვანაირ ექოს, და სხვანაირად ჩამორეკავს რელსებზე ზარი. და აქ და ახლა, აქ და ახლა და აქ და ახლა, ჩვენ სხვანაირი გაგიჟებით თებერვალს დავხრით და დავიბზარავთ ნეკნებს – შევქმნით ეპოქას ახალს. და ჩვენი მხრები გაიშლება ლანდების რიგად, და დაიხვრება მაჯები და წვივები ჩვენი, ჩვენ წავალთ ორნი, წვიმებიდან და დოდეს-კადენ, დაიწყებს ქოშინს გენეტიკა სივრცის და მკვდრებმა, მკვდრება ისროლონ ერთმანეთი დროში, ჩვენ ვცოცხლობთ, ვცოცხლობთ და თავებს მერე ვიკლავთ და აქ და ახლა, მე სუიციდის, სუიციდის ქუჩაზე ვდგავარ, და მოდის კადრი: მოდის წვიმა, და მისდევს რელსებს დოდეს-კადენ, აქ და ახლა და დოდეს-კადენ...
გული გაჩერდა და ფიქრი სუნთქავს...
ძმა, ეს ცხოვრება ბლეფია, ბუშტი, ძმა, დედამიწას ღმერთი მოპარეს, და ახლა ცაზე მთვარეა კუტი, და ვარსკვლავები ჰქვიათ პროფანებს.
ძმა, მე სულ ერთხელ მყავხარ ნანახი, ძმა, რაც მე მხიბლავს - ბედისწერაა, და წუხელ ჩემი თავი გავლახე, და მიეხმარა საწყალს ვერავინ.
ძმა, ბოლოს ასე როდის ციოდა, ძმა, ყელში მიწევს ღამის გათევა, და სითბო მინდა ცოტა, იოტი, და შეხსენება - ახლა რა თვეა.
ძმა, არ მისმინო, არეული ვარ, ძმა, სისხლი მდის და უფრო ვირევი, და ამ სისხლს ახლა ირგვლივ უვლიან, და მაინც ვამბობ - არ დაილევა.
ძმა, ამ ცხოვრებას არ ვეკიდები, ძმა, მე ვდგავარ და წლები მიდიან, და სიკვდილი არ გადაიდება, და მკვდარი კაცი უფრო მშვიდია.
ძმა, დანარჩენი - როგორც ყოველთვის, ძმა, დღესაც სული გადავიტყავე, და არ არსებობს იყო პოეტი, და არ გტკიოდეს თუ არ გირტყამენ.
ძმა, რა გაიგე, ნაღდად არ ვიცი, ძმა, რას ვწერ - მერე ვიგებ თვითონაც, და კიდევ ერთი ღამე წაიქცა, და ჩაიყლაპა, დროა - პითონი.
წვიმა როგორ მოვა - ცაა ცარიელი, დაბლა გამომშრალი გდია დედამიწა, მინდა მოვიშორო ხორცი - ბარიერი, მკერდზე სიგარეტით გული ამოვიწვა.
გარეთ ქუჩებია ისევ სისხლიანი, თუ არ გავუფრთხილდი ნერვებს - დამაწყდება, სულში ისევ ძველი დარდი მიღრიალებს, მჯერა, მხოლოდ შენი სუნთქვით დამარცხდება.
მოდი, გეხვეწები, ასე ბანალურად გთხოვ და - ამ სიტყვებზე ცოტა მეღიმება, თორემ ამ ცხოვრებამ ისე გამანულა, ჩემი სიკვდილიც კი გროში ეღირება.
მოდი, თორემ სისხლი დადის ვარაუდით, ჰაერს ვეღარ ვხედავ, ისე ჩაიხუთა, თუნდაც მერე კედლის მხარეს გადაბრუნდი, თუნდაც გამებუტე, მოდი, ჩამეხუტე.
პოეზია - ახლა უფრო როკია, მე თუ მკითხავთ, იხდენს კიდეც გაროკვას, ყველა სიტყვა სახრჩობელის თოკია, დაეკიდეთ და სიკვდილი გალოკეთ.
პოეზია - ახლა უფრო სექსია, მხიბლავს, რაც უფრო შორია სათავე, თუ ვარდება, აბა, ის რა ლექსია, ან, რომ იწყებ და ორ წამში ათავებ.
პოეზია - ახლა უფრო ქალია, მაღლა, მზისკენ გაქცეული კერტებით, მუღამი აქვს, თან მაგარი ძალიან, შიშველს რომ შეეხები და გედება.
პოეზია - ახლა უფრო ბრენდია, თან ძველი და თან მუდმივად ახალი, პოეტობა ალბათ სადღაც ბედია, სისხლში არ გაქვს? თუნდ თავი ქვას ახალე.
პოეზია - ახლა უფრო დრამაა, როლი, ერთი მსახიობის თეატრი, მინორული მიხრილობის გამაა, მიყვები და ათას ტკივილს მიათრევ.
პოეზია - ახლა უფრო... არ გესმით. აფექტია, მარტოობა, კოშმარი, სულ ერთია - მიწამლებთ თუ დამგესლავთ, ოღონდ ეს ყრუ ბარიერი მოშალეთ.
პოეზია - ახლა უფრო ჰარია ჰალერი ან ჟიულიენი სორელი, მიწილადეთ ვინმემ ცოტა ჰაერი, თორემ ვკვდები ისე, როგორც მოველი.
პოეზია - ახლა უფრო... წაიღო... ღამდება და ღამით უფრო მოიტანს, გთხოვთ, რომ ისე არაფერი გაიგოთ, ასე ვარ და გიჟი ვარ და პოეტი.
ყავა უშაქრო ან ჩაი "ლიმნიანი", "KENT"-ი ღერებით და ბედსაც არ ვემდური, დამყვა ხასიათი, ისე ჯინიანი, შენც კი არ მინდიხარ არაპოეტური.
წუხელ მთელი ღამე ქარი ხმაურობდა, სისხლი გასდიოდათ ფანჯრებს მინებიდან, ალბათ ორი ფეთქვა დარჩა ამ გულს, ჰოდა, თუნდაც ერთი იყოს, მხოლოდ შენთვის მინდა.
მიჭირს ვუყურებდე დილას გათენებულს, სანამ ვინატრებდე ისევ დაღამებას, მოდი, დაენახე წამებს გაჩერებულს, მოდი, გეხვეწები, კოცნით დამღალე და...
გამოვიჯახუნოთ კარი გამეტებით, ოთახს შევატოვოთ ყოფნა ყოფითი და ისე ჩამასუნთქე შეშლილს პლანეტები, რომ ეს დედამიწა მოწყდეს ორბიტიდან.
რომ შედუღაბდე, შენს კედლებში ჩემს თავს გაყოლებ, მებადებიან სურვილები შენი შეხებით... და თუ გავწვიმდი, საწვიმარი ქარს გააყოლე, რომ გაილუმპო ჩემი ტანის შემოშხეფებით.
გავუფერულდი, მოდი, დამფერე, ახლა ჩვენს შორის ერთი სუნთქვაც არის სიშორე, ქვიშიანია ჩემი ნაპირი და შენი ტანის მღელვარება ვერ მოვიშორე.
ჰო, მეც სურვილებს სხვაზე მეტად ქარი მიკიდებს, ქარს შეუძლია შენი თმები ჩემში გაშალოს, ცხრა მთის იქიდან მოიტანოს შენი სურნელი და... წამშალოს.
მგონი იწვიმებს, დასველდება ქუჩაში ღამე, გაუჩერდება შენს სხეულზე საათს ისარი... და როცა... წამი ნეტარებით დახუჭავს თვალებს, მაჩუქე შენი თეძოების ყველა სიზმარი.
ხლართავს ინტრიგებს ხორო, ფაფხურობს ბარე ორი, მე სხვა ქუჩაზე ვცხოვრობ, ჩემიდან გზაა შორი ღმერთამდე, ჰოდა, ძმებო, გვერდი უქციეთ ამ გზას, რომ არ დაგემტვრეთ ფრთები, რომ ყველაფერი რიგზე იყოს და განა ბევრი, ერთი თხოვნა მაქვს მხოლოდ: სხვაგან ეძებეთ მტერი, მე სხვა ქუჩაზე ვცხოვრობ.
მერე რა, რომ ახლა ცაა ღრუბლიანი, ჩვენ ხომ ვარსკვლავები ასეც დაგვითვლია... სულაც არ მანაღვლებს რაა უპრიანი, ან ცუდ საქციელად თუ რას ჩაგვითვლიან.
მოდი, ავირბინოთ ერთად კიბეები, ღიმილს დავუძახოთ ჩვენი ბავშვობიდან, მერე კოცნით სავსე დიდი ჯიბეებით ჩუმად გავეპაროთ მიწას და შორიდან
ხელით დავიქნიოთ ეს ცა ღრუბლიანი, სხვა ცა დავაარსე შენი თვალებიდან... შეხე, ვარსკვლავები ისე უბრიალებს, ღამე, ღამე, ღამე, ღამე, ღამე მინდა...
ჯერ - მივესალმები გიჟებს და პოეტებს, მითხრეს, რომ აქ მათი ნახვა შეიძლება, მერე მოგიყვებით, რას ვფიქრობ ყოველდღე, როცა მჭირს ცინიზმი და ტვინში მიძვრება ათასი ჭია და ძვლებამდე მბურღავენ, რომ ვიყო კეთილი, კარგი, სანიმუშო, მე კიდევ - აღარ მაქვს სიწმინდის მუღამი, ჰოდა, მაპატიეთ, დღეს უნდა ვიმრუშო, დღეს უნდა დავლიო, დღეს უნდა გამოვთვრე და მერე ქუჩებში მოვაწყო დებოში, რომ თქვათ - ეს უწესო საიდან გამოტყვრა, მომვარდეთ და ხელი ჩამკიდოთ ქეჩოში, მირტყათ და მაგინოთ, გამიგდოთ წიხლისქვეშ, თან ნიშნი მომიგოთ, (სხვას მიგებთ ვერაფერს), აქ რითმაც მღალატობს, ე.ი. კვლავ წიხლისქვეშ, ვიცი, არ დამაკლებთ, პატივს მცემთ შესაფერს, ჰოდა, არ დამინდოთ, რტყმით სული გამაძრეთ, და ძლივს მიფოფხებულს, ძლივს მისულს მესერთან, აბა, უამისოდ, სად უნდა გადავძვრე - სახეში ლაწანი - სულ ბოლოს - დესერტად. ჰო, არ დაიშუროთ მუშტები, წიხლები კაცებმა, ქალებმა - მწყევლეთ და დამკაწრეთ, როგორ გავბედე რომ, თქვენკენ არ ვიხრები, ნაღდად ვიმსახურებ და სკალპიც ამაძრეთ. მაგრამ... ამ ლექსებზე ბოღმა არ გასვენებთ, სადაც სულ ვამაყობ, სადაც სულ ვთავნებობ, ჰოდა, ერთს მეც ვიტყვი - გთხოვთ, ღმერთი ახსენეთ, რომ გიჟმა პოეტმა თავი დაგანებოთ!
სადაც ყველა სახე მხოლოდ ნიღაბია, სადაც ამაზრზენი არის ფორიაქი, სადაც გულწრფელობა უფრო იაფია, ვიდრე ერთი ჭიქა ყალბი კონიაკი.
სადაც გროვდებიან ჭკუისკოლოფები, ყველას სხვისი ცუდი სადაც უხარია, სადაც არწივებად სხედან ოფოფები, სადაც სხვისი კარგით ყველა მწუხარეა.
სადაც დღე და ღამე ქუჩის ხმაურია, სადაც მანქანები ქრიან დაფეთებით, ქარმა ფოთლებივით აურ–დაურია ცოდვით დაცვენილი სულის ნაფლეთები...
წუხელ მარტმა თებერვალი გახვეტა, გისოსია დედამიწა, ვეგლები, სანამ დადგა განაჩენი - დახვრეტა, ერთი ღერი სიგარეტი გექნებათ.
დღეს მომკლავენ, ხვალ იქნება მიქარვა, გთხოვთ, ჩემი ხასიათი ნუ გახელებთ, რა ვქნა, სადაც უნდა ვიყო, იქა ვარ, დახსნილ მაჯებს ვერ ვაკადრებ სახვევებს.
აქ, საკანში უჟმურია ამინდი, გარეთ მზემ გამოანათა ეგება, თქვენგან მეტი არაფრი არ მინდა - ერთი ღერი სიგარეტი გექნებათ.
გათავდება კიდევ ერთი მწეველი, ერთი-ორი პატიმრისთვის პოეტი, გაწბილდება ასცხრამეტი მევალე, გავყავარ და უკან კარი მოკეტეს...
ქარმა ქუჩებს თებერვალი გახადა, გისოსია დედამიწა, ვეგლები, სანამ კრუნჩხვამ სისხლძარღვებში გამხლართა, ერთი ღერი სიგარეტი გექნებათ.
რაღაც ეს ცხოვრება ძაან გაიაფდა, "ძაან" - ამ სიტყვასაც ამახსნევინებენ, ახლა იჩუქებდა ქრისტეს კაიაფა, ჩემი გადარჩენა, ღმერთო, შენ ინებე.
აქ კვლავ ძველებურად გზები იხლართება, ერთხელ დაეცი და ასჯერ ჩაგქოლავენ, მაგრამ - დასახატი მაინც იხატება, ჰოდა, ეს ნისლებიც მთებზე კვლავ ბოლავენ.
მიყვარს ნისლები და ცუდად არ გამიგოთ, აგერ დამეჯახა ვიღაც გაქონილი, წვიმამაც რომ არა და არ გადაიღო, მეც მერამდენედ ვთქვი ასჯერ გაგონილი.
ჰოდა, ეს "ჰოდებიც" უშნოდ ავიხირე, ვიცი, ახლა ჩრდილი უნდა გადავიცვა, როგორც ერთი კაცი, ისე გავიხიდე, შუაში ვარ მე და - ირგვლივ ცა და მიწა.
რა გჭირდება და... ორი წუთით გახდე უხორცო, გადმოტრიალდე და სიცივე შეუშვა ტვინში, რომ ვანя, რუსი, ასე აღარ გაატუტუცო, რვა ნომერ "KENT"–ის ერთი ღერი ჩაიდო პირში,
ყავა აღარ გაქვს და მაგარი რომ მოსვა ჩაი ან ბოლო-ბოლო მხოლოდ "KENT"-ით აჯობო ნერვებს, პოლიტიკაა ეს ცხოვრება ახლა და კაი – დედინაცვალი რომ აგინო ამ ფსევდო ერებს,
გამოგონილებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, მთელი ნდომით რომ თვითონ ....... საკუთარ დედებს, დიმიტრია თუ ვლადიმერი ჰგონიათ მოსე და იტენიან ორი ხელით ხახაში ღვედებს,
ამოუჭირე, დაამტვრიე კბილები დარდებს, სისხლი მოწმინდე შენი ძმების დამტვრეულ თითებს, რა გინდა, რომ ქნა, რა, კლდიდანაც რომ გადავარდე, მაინც არ ძალუძთ ცამდე ასვლა ბეღურა ჩიტებს,
ჰოდა, აგინე, მოწოლილი დაახრჩე ბოღმა, ყველას, ვინც დგას შენს სამშობლოზე და იწმენდს ფეხებს, ჰო, ძმებო, ისევ განმიახლა ტკივილი ომმა და ამ ტკივილში თქვენთან ერთად გადავიჩეხე..
საფეხური. თითები. იხლართება. თარიღი. სიმარტოვე. სურათი. თმენა. მაჯა. ნაფაზი. მე ბეღურა ჩიტებმა ნისკარტებით წამიღეს და დამტოვეს (სულ მარტო) შენი ფანჯრის რაფაზე.
ვიღაცისთვის ეს ლექსი მხოლოდ პათეტიკაა, ჩემთვის - სისხლის ჩაქცევა ტვინში, კვდომა - ნერვებში, სადაც წვიმა იწვიმებს ჩემი სისხლიც იქაა დაღვრილი და არ ახლო ხელი! არა! შეეშვი!
მინდა - ასე დაქცეულს არიდებდე ნაბიჯებს, ლოცვა რაღა ლოცვაა - თუ-კი ცამდე ავიდა, ბინდი. ნავსი. არევა. გარინდება. მახინჯი. ხორცი. დამღა. მოწამვლა. უკან. დარდი. თავიდან.
ძველებურად. ინთება. იხატება - და მიღრენს - სიმარტოვის სურათი - მოგლეჯილი ანფასი, მე ბეღურა ჩიტებმა ნისკარტებით წამიღეს და დამტოვეს (სულ მარტო) შენი ფანჯრის რაფაზე.
არაფერია პოეტობა თუ არა შენი და ჩემი ძმობა, რა უდგია მარტო სიარულს. მოგვინდა სახლი პოეზიის? თუ ავაშენებთ ერთად, თუ არა დრო ისედაც მოგვასრიალებს ქუჩაზე, სადაც თოკებია, ყულფები-ანუ ანუ ბაწრები, იბმებიან რითაც მოზვრები. მოდი, ჩეროში გადავაბათ წყეული ხანა, ვუყუროთ მთვარეს ჭუჭყიანი ხელით მოზელილს. მეც ჩამატარე სუიციდის ქუჩაზე თოკით, ჩაატარებდნენ ადრე ასე გასაყიდ ბიჭებს. მუსიკა-დორსი-სხვანაირად მაგარი როკი და სიგარეტზე დაჭერილი ყვითელი კიჭი და რელსებს ხმა აქვთ, ო ნუ იტყვი, ისეთი რელსებს, ფანჯრის მინებზე დაყუდებულ ნიაღვრებს მოჰგავს, თუ გეზარება, ამ კედელთან მე ვიტყვი ლექსებს, არ დაიზარო, წამიკითხე, ძმა "ლურჯი ქოლგა": "თითებშუა სითბო, სიგარეტის კვამლი. წვიმა თითო-თითო, წვიმა ცალი-ცალზე." კიდევ ერთი ლუდი, დაგველია იქნებ, გვეოცნება თუგინდ პოეტების ცაზე, ოღონდ არა აქ და არც: სიკვდილი ბარემ. წანწალს ვარჩევ ნაღდად ისევ გარე-გარე. "თითებსშუა სითბო, სიგარეტის კვამლი." ათას რამეს ვითმენ, მოთმენები მკლავენ, ძმა, მაშინებს სისხლი, გადავიჭრა მკლავი, ლექსებს გადმოგისხამ და ძმები ვართ...ამინ! რელსებს ხმა აქვთ: დაგან, რახან, დაგან, რახან, მე ვარ შენი ძმა და შენ ხარ... ჩემი ძმა ხარ!
ბევრი არაფერი... ოთხი კედელი და ერთი ტახტი... საშუალოზე დაბალი ჭერი... ბოლო დროს რაღაც უჩვეულოდ მოტყდი და გახდი... უსურვილობის დაგედო ფერი...
ზიხარ კუთხეში მიყრდნობილი საკუთარ წარსულს... გტკივა ბეჭები... ოღონდ ეგ არა, თანაგრძნობა ნამდვილად არ გსურს, ტკივილს ეჩვევი...
ეს დღეც გუშინდელს ბაყაყივით თავზე მოება, ეძებს სოროებს მეათასედ მიკურთხებული, გიგდია სულში გაძარცვული ერთფეროვნება მიფურთხებული...
ოხრად დადიან ქუჩა-ქუჩა დიდი გუდებით კაცის სხეულში გადაცმული აბლაბუდები...
მაგრამ მოეშვი... ყელამდე ხარ შენ შენს მორევში...
იქნებ ოდესმე გაფერმკრთალდეს ღამე თენებით, აყვავდნენ ისევ დღეს დამჭკნარი ქრიზანთემები.
ბოლო ხანს ხშირად კითხულობ ბროდსკის, გადარდებს მეტი, ოცნებობ ნაკლებს, ამ თავის თავის უბედურ დროს კი, არა აქვს ბედი - მთავარი ნაკლი. დღესაც ის დღეა, რაც იყო გუშინ, უბრალოდ, მოყვა, თებერვალს მარტი, ჩანს ბორდიურის მომწყობი მუშა ფანჯრიდან, (გხედავს) აფარებ ფარდას. მახრადქცეული გარემო - შიგნით - ათასი დარდი, ოთხი კედელი, სული - ტკივილით დაღლილი მუშა, სხეული - მკაცრი ზედამხედველი. მარტო ხარ, წვები, სცემს ფიქრი ბოლთას, ყელში გაქვს ყოფა, აქაურობა, დევს მაგიდაზე დაცლილი ბოთლი, როგორც - ცხოვრების ბანალურობა.
ისევ არეული დამაქვს ნაბიჯები, შარვალს ცარიელი ჯიბე გამოჩრია, ისე მომყვებიან ზურგში ნაბიჭვრები, ვხვდები, თუ დავეცი - ყელსაც გამომჭრიან. მაგრამ არაფერი, სხვა რამ მედარდება, მაინც რანაირად ყოფნა დავიჩემე - დღეში თითო დარდი მაინც მემატება, ყელში ამოვიდა, ჰოდა, დავიჯერე, რომ ამ ცხოვრებაში თუა გადარჩენა, ჩემთვის მხოლოდ მისი თბილი თითებია, მხოლოდ მისმა თბილმა სუნთქვამ დამაჯერა, ჩემი თვალები რომ ისევ ინთებიან. ჰოდა, მოდით, ძმებო, თავი დამანებეთ, თქვენი წიაღსვლები თქვენთვის დამითმია, მე კი... მას მოვძებნი მთელი გამალებით, სულში ახლა ისე ფეთქავს არითმია, რომ დროს მგონი ყველა რამსი აერია, ვეღარ დამეწევა უკან ბარე ორი, ახლა ეს ცხოვრება ჩემი ჰაერია, მხოლოდ ნაბიჯი მაქვს ისევ არეული.
--------------------
ნიღბად არასდროს არ ვხმარობ ღიმილს, სიმართლეს პირში მივახლი ყველას, ამაყი გული ზოგჯერ თუ ტირის, მაინც არვისგან ვთხოულობ შველას!!! --------------------------------------------------------------- იყავი უბრალო და გულით ღირებული და არა უგულო და ძვირად ღირებული. ...
|