ისე დარწმუნებულები ხართ რო გიყვარდათ? ბევრს ერევა ვნება და სიყვარული ერთმანეთში. გუშინ წავიკითხე ეს სტატია მაგის შესახებ და ვეთანხმები
ერთისთვის სიყვარულსა და ვნებას შორის განსხვავება არ არსებობს; სხვას ერთი მეორეში გამუდმებით ერევა და ვერ ხვდება, ჰგონია ვნებამ აიტანა, თავს არ პატიობს აუხსნელ და მოულოდნელ მიზიდულობას, მთელი “ძალით” დევნის საკუთარი თავისგან შორს და ნამდვილ ბედნიერებას კარს არ უღებს; ვნება კლავს, ჭკუას აკარგვინებს “მესამეს”, მას კი ამაღლებული სიყვარული ჰგონია და ვერც კი გრძნობს, თანდათან როგორ ღუპავს აკვიატებული სურვილი...
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით:
სიყვარული: ღრმა კეთილგანწყობის, ერთგულების, თავდადების, თავგანწირული და გულწრფელი მიჯაჭვულობის გრძნობა.
ვნება: მძაფრი სურვილი, უზომო გატაცება, ძლიერი თავშეუკავებელი ხორციელი მისწრაფება.
როცა ადამიანებს შორის სიყვარულია:
ა) თითოეულისთვის ძვირფასია სხვისი ბედნიერება;
ბ) იცვლება ადამიანის ქცევა და სიტყვები;
გ) სიყვარულის შემთხვევაში წყვილი მოქმედებს სხვის მიმართ გააზრებულად. რადგან პარტნიორის გრძნობები ყოველთვის ახსოვს, ზერელედ მოქცევის და უპასუხისმგებლობის უფლებას თავს ნაკლებად აძლევს;
დ) თითოეული (და არა ერთი მხოლოდ) მეორეს უფრო მაღლა აყენებს და მისი სატკივარის თუ სიხარულის შესაგრძნობად და გასაზიარებლად გაფაციცებულია;
ე) თავისუფალი დროც ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით იგეგმება;
ვ) განსხვავებული აზრის შემთხვევაში, პარტნიორები მოლაპარაკებას, კომპრომისის პოვნას და საერთო გადაწყვეტილების მიღებას ამჯობინებენ, ყოველთვის ეს არ გამოდის, მაგრამ პრიორიტეტი ასეთია.
ზ) და ბოლოს, სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობა, როგორც წესი, ყოველთვის ხანგრძლივია. პარტნიორები მზად არიან ნებისმიერ სიძნელეს და პრობლემას გაუმკლავდნენ, ოღონდ ყველაზე ძვირფასი არ დაკარგონ. ერთმანეთზე ფიქრი და მზრუნველობა წყვილს და მათ ურთიერთობას ზრდაში ეხმარება და დროის ყველა გამოცდას უძლებს.
როგორ ვლინდება ვნებიანი ურთიერთობა?
ნუ იფიქრებთ, რომ ვნებიანი სურვილი ყოველთვის ნეგატიურ ეფექტს გამოიწვევს და ამ ნეგატივით ადვილად ამოიცნობ. სიყვარულის მსგავსად, ვნებაც ცვლის ურთიერთობას, ადამიანის ქცევებსა და სიტყვებს. მაგრამ ეს ურთიერთობა ისეთი მყარი და პოზიტიური, როგორიც სიყვარულია, ვერ იქნება. რატომ? იმიტომ, რომ ვნებიანი სურვილისას პარტნიორები საკუთარი მიზნის მიღწევას, საკუთარი თავის დაკმაყოფილებას მიელტვიან და საკუთარ თავს პირველ და მთავარ ადგილს უტოვებენ. ვნებაში ნელ-ნელა ფუნდამენტური ეგოიზმი წვეთავს და თანდათან აბსოლუტურად ყველა საქციელს და საერთოდ მთელ ურთიერთობას მსჭვალავს.
თუ გულწრფელი სიყვარულის შემთხვევაში პრიორიტეტი კომპრომისის და ორივესთვის ბედნიერების მომტანი გამოსავლის მოძებნაა, ვნებიან სურვილში პარტნიორი საკუთარი სურვილს ასრულებს. ამ დროს: 1) ან უპირობოდ დარწმუნებულია, რომ მეორესაც აბედნიერებს; 2) ან კიდევ - საერთოდ არ აინტერესებს, იქნება ის ბედნიერი, თუ - არა. მთავარია, მისი იყოს და მასთან იყოს.
ვნების ბოლო მახასიათებელი თავად ამ ურთიერთობის ხანმოკლე არსებობაა. როცა მიზანი მიღწეულია, ვნება ქრება, და პარტნიორი სასურველი აღარ არის. ვნების გარეშე კი მიჯაჭვულობა ნელდება და გრძნობები იფანტებიან. თავს ეგოიზმი და პატივისცემის ნაკლებობა იჩენს და ხანდახან ასეთი კავშირი ხმაურიანადაც მთავრდება.
სიყვარული სიახლოვეზე ფუძნდება, ვნების საფუძველი სურვილია.
თითქოს მარტივია, შეადარებ შენს გრძნობას და მიხვდები, სიყვარულია თუ ვნება, მაგრამ...
სიყვარული ვნების ჩარჩოში ვერ ეტევა. ვნება სიყვარულს თავის თავში იმიტომ ვერ იტევს, რომ სიყვარული ბევრად მეტია და ბევრად დიდია. გარდა ამისა, სიყვარულს არსებობის საშუალებას ვნებაში გაბატონებული ეგოიზმი არ აძლევს. როგორც კი ერთი პარტნიორი საკუთარ ინტერესს მეორის ინტერესზე მაღლა დააყენებს, სიყვარულის ფორმირება წყდება.
სიყვარული კი ვნებას, რა თქმა უნდა, იტევს, მასში ვნება თავს ძალიან ბედნიერადაც გრძნობს და აუცილებლადაც. ბატონი თვითონ არაა, ეგოიზმსა და შფოთს ვერ ააბობოქრებს. სიყვარულში ვნების არსებობა სიახლოვის სურვილში გამოიხატება. სანამ ისე არ გაიზრდება, რომ სიყვარულს გადააჭარბოს, ის უწყინარია და ტკბილი – ურთიერთობის ჯანსაღი მხარეა და პარტნიორების კიდევ უფრო მეტი სიახლოვის და უფრო ძლიერი კავშირის საწინდარია.
ვნებისა და სიყვარულის დაპირისპირება არა, მაგრამ მათი გარჩევა კი აუცილებლად დაეხმარება ადამიანს რეალობის შეფასებასა და საკუთარი ცხოვრების სწორად წარმართვაში. თუ აღმოაჩენს, რომ უძლიერესი ინტერესი, ამა თუ იმ ადამიანის გვერდით ყოფნის ლამის მანიაკალური სურვილი, ვნებაა და არა ღრმა სიახლოვით, გულწრფელი მიჯაჭვულობით ნასაზრდოები და ეგოიზმისგან თავისუფალი სიყვარული - რომელსაც ბოროტების და ტანჯვის მოტანა არ შეუძლია - მისი ქცევაც და გადაწყვეტილებებიც ნაკლებად მტკივნეულ შედეგს მოიტანს. და ვნების ობიექტსაც აგრესიისა და შეცდომისგან დაიცავს. ესეც რომ არა, ხომ სჯობს, ყველაფერს თავისი სახელი ერქვას?!.
ესეც წყარო
http://www.eva.ge/urtiertobebi/357-tavsate...aa-tu-siyvaruli