აჰათ თქვენ
ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცები და სიყვარული

ვერძი მამაკაცი
თუ თქვენ გსურთ ის მოხიბლოთ, ბევრი წვალება არ მოგიწევთ. იყავით ცეცხლოვანი ნატურა და ის ყნოსვით მოგაგნებთ.
მასთან არაფერზე ღირს კამათი, რადგან ის "მუდამ მართალია".
ერთადერთი გზა, რომ ის გააჩუმოთ არის - კოცნა!
მას ყველაფერზე თავისი, პიროვნული შეხედულებები აქვს და ვერაფრით გადავა სხვის აზრზე, თუნდაც ის სხვა მისი საყვარელი ქალი იყოს.
მასზე ძლიერ მოქმედებს პირველი შთაბეჭდილება. ამიტომაც გაიკეკლუცეთ თამამად, თუკი პირველ პაემანზე მას მოეწონეთ, ჩათვალეთ რომ ის თქვენს კუდში დევნას არ შეწყვეტს.
ის იზამს ამას იქამდე, სანამ არ მიიღებს თავისას ან მთლიანად არ გაგაძრობთ ძალას.
იგი ცეცხლის სტიქიის პირველი წარმომადგენელია და იშვიათი ეგოცენტრიკია!
მისი პრინციპები უმთავრესია.
თუკი გადაწყვეტთ მის შებმას, უნდა იცოდეთ, რომ ვერასოდეს დაიკავებთ ლიდერის პოზიციას.
მხოლოდ მორჩილი მეუღლე თუ გაუძლებს მის უთავბოლო საყვედურებს, გაურეცხავ წინდაზე და მაგიდაზე დაწვეთებულ წვენზე.
მისი ერთგულება? ილოცეთ რომ მალე გიღალატოთ, რათა როგორმე მის ტირანიას დააღწიოთ თავი!
კურო მამაკაცი
ის დინჯია, იმდენად გაწონასწორებული, რომ შეუძლებელია ხმაურიან ადგილას იგი შენიშნოთ. თუმცა კი დიდად არც უყვარს მსგავსი თავყრილობები.
მამაკაცურია, თუმცა გული კი სათუთი აქვს. მისი მმართველი პლანეტა - ვენერა, მას გრძნობების სიმსუბუქესა და სილამაზის კარგ აღქმას ანიჭებს.
ის კარგი კაპიტალისტია. მან იცის ფულის ყადრი და ოჯახში მამაკაცის ფუნქცია, რატომღაც შემომტანის როლი ჰგონია.
მას შესაძლოა დაავიწყდეს თქვენი დაბადების დღე, ქორწინების წლისთავი, მაგრამ არასოდეს გაატარებს მეთვალყურეობის მიღმა თქვენს დახეულ კოლჰოთებს.
არც იფიქროთ, რომ მას გამოაპარებთ ცუდად დავარცხნილ თმას.
ის ესთეტია ბუნებით, ხანდახან ქალზე მეტად უვლის საკუთარ გარეგნობას.
ამიტომაც თუ მისი მეუღლის სტატუსი გსურთ, უნდა იყოთ მუდამ მოწესრიგებული.
მას არ უყვარს ხმაური და ვერ აიტანს თქვენს გამოხტომებს.
მისი ღალატი კი.. იცით, მას საშინლად დაეზარება ეს.
ტყუპები
სწრაფი ნაბიჯით გიახლოვდებათ. დახვეწილად იწევს თვალებზე ჩამოყრილ თმას და ყველაზე ორიგინალურ კომპლიმენტს გეუბნებათ.
თქვენ გეჩვენებათ რომ მან ყველაფერი იცის. ზიმბაბვეს პოლიტიკიდან დაწყებული, ლუდვიგის სამკუთხედით დამთავრებული.
საოცრად მიმზიდველი, გადასარევი ფლირტის ნიჭით დაჯილდოებული.
თუმცა საკმარისია მისდამი სერიოზული გრძნობები გაგიჩნდეთ, რომ ის თვალსა და ხელს შუა გაგიქრებათ.
გგონიათ გამოგიყენათ ან თევზებივით, როგორც კი იყნოსა რომ შეგიყვარდათ, გაქრა?
აჰ, არა. მას არც კი შეუნიშნავს რომ თქვენ იგი ძალიან მოგწონთ, მას უბრალოდ მობეზრდით უკვე.
ის წყვეტს ყველაფერს, ის თამაშობს, გახვევთ თავ–ბრუს, დაპირებებს გაყრით. არაფერი დაიჯეროთ მისი!
უბრალოდ თქვენ გაჩვენებთ, რომ ასეთი განსაკუთრებული ხართ.
მას ძალიან უყვარს თავისი თავი.
“ისეთი კარგი ვარ, ნეტა ორი ვიყო” – ეს ტყუპების იუმორული გამონათქვამია.
ისინი მუდამ თამაშობენ, მაშინაც კი როცა კბილის პასტით დათხუპნულები პირის ღრუს ისუფთავებენ.
როგორ გაიგოთ რომ ტყუპებს შეუყვარდით?
ძალიან ადვილად, მათ არასოდეს შეუყვარდებით.
მათთვის დამახასიათებელია უეცარი გაქრობა.
როგორც კი იგრძნობს, რომ მისი ნამდვილი სახე გაშიფრეთ, იგი შარშანდელი თოვლივით გაქრება.
როგორ დაკარგოთ? ის თქვენი არც არასოდეს ყოფილა.
კირჩხიბი
ყველაზე რომანტიკული, მთვარეული და “ხმამაღლა ერთგული” კაცები არიან.
მათ გვერდზე შეგუებული უნდა იყოთ, რომ მუდამ მეორე ქალი იქნებით მის ცხოვრებაში.
ღალატი არაფერ შუაშია, უბრალოდ პირველი ქალი მათთვის მუდამ დედა არის.
დიდი ბავშვი – ესაა კირჩხიბი მამაკაცი.
ის მზად არის წაგიყვანოთ ზღვაზე და მზის ჩასვლისას თქვენს მაგივრად ატირდეს. მზად არის დაგილაგოთ ყველაფერი (თუკი განწყობა აქვს შესაბამისი), მზად არის მოგიძღვნათ თავი (ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ ხოლმე), მაგრამ მათთან თავს დაცულად მხოლოდ სიტყვიერად შეძლებთ იგრძნოთ.
ყველაზე პანიკიორი ნიშანია. თუკი რამე შეგემთხვათ სჯობს მას არაფერი უთხრათ, თორემ აქეთ მოგიწევთ მისი დამშვიდება.
ის თვალზე ცრემლმომდგარი გეტყვით რომ არასოდეს უღალატია თქვენთვის და კუბოს კარამდე თქვენი ერთგული იქნება.
ასეცაა, ის არ თვლის პატარა ინტრიგებს ღალატად.
უწყინარი მატყუარები.
შეუძლია მოგატყუოთ რომ გასვლისას რუხი წინდა ჩაიცვა, დღის ბოლოს კი თეთრი გაიხადოს ან სულაც არ ეცვას არაფერი.
დაბნეულები, არასოდეს ახსოვთ სად რას დებენ.
ხოლო თუ თქვენ გსურთ კირჩხიბ მამაკაცს რამე მნიშვნელოვანზე ესაუბროთ, ტყუილად შეიწუხებთ თავს. საუბრის ბოლოს იმდენად უაზრო კითხვებს დაგისვამთ, რომ მაშინვე მიხვდებით, – არაფერი მოუსმენია!
და მაინც თუ გადაწყვიტეთ კირჩხიბ მამაკაცს გაყვეთ, რაც შეიძლება მყუდრო გარემო შეუქმენით ოჯახში.
კირჩხიბი ოჯახის სახლს განაგებს და შესაბამისად მყუფრო გარემო მისთვის ყველაფერია.
გსურთ გაეყაროთ?
უბრალოდ ეჩხუბეთ სასტიკად.. დედამისს.
ლომი
გულადი რომეო. ის ანათებს პირდაპირ, თვალებში ცეცხლები უნთია. პირველივე დანახვისას გიჟდება თქვენზე, გიძღნით ყველაფერს, თავს გევლებათ და.. უცებვე ქრება.
მას არ უყვარს ტყუილები, მხოლოდ საჭიროებისამებრ მიმართავს მათ.
მისი გასაღები არის მოფერება. მძვინვარე ლომი მოფერების დროს შინაურ ფისოდ გადაიქცევა ხოლმე.
მეტიც, თვალებში მოგაჩერდებათ და მხოლოდ თქვენი ხელით მორთმეულს შეჭამს.
ოღონდ იცოდეთ, ყველაფერს აქვს უარყოფითი მხარეებიც.
როცა ის ცუდ ხასიათზეა, მოგიწევთ ყველა თქვენი პრობლემა გვერდზე გადაწიოთ და მას მიუძღვნათ თავი.
აბა გაბედეთ და სითბო მოაკელით, ის მაშინვე დაგლეჯს თავის “პატრონს”.
ლომის გვერდით ვერასოდეს იქნებით სრულფასოვანი ქალი, ის მუდამ შეეცდება თავის ჩრდილად გაქციოთ და ამასთანავე პრეტენზიები გაუჩნდება, როცა საზოგადოებაში რომელიმე ქალი თქვენს გადაჩრდილვას შესძლებს.
მას ყველაფერი სურს, ის ვერ აიტანს თქვენს უმნიშვნელო ხარვეზებსაც კი.
და თუ მაინც გარისკავთ ლომს მიუძღვნათ თავი, ფრთხილად იყავით, გამოჩნდება თქვენზე მზრუნველი, ახალგაზრდა გოგონა და ლომი უმალ მიგატოვებთ.
თან აქეთ დაგავალდებულებთ, რომ სათანადოდ ვერ შეიშნოვეთ იგი.
ეგოისტის ეს ფორმა მეტად საშიშია, თავიდან ბედნიერი ხართ, როცა მოფერებისას ის თქვენს ფერხთით კრუტუნებს, მაგრამ საკმარისია ცოტა ხნით თქვენს თავზე დაიწყოთ ზრუნვა, რომ იგი უმალ ისევ მძვინვარე ლომად გადაიქცევა.
როგორ მიხვდეთ რომ ლომი გღალატობთ?
მარტივია, არ მოეფეროთ და თუ ის მაინც კარგ გუნებაზე დარჩება, ჩათვალეთ რომ თქვენი ოჯახი დღე–დღეზე დაინგრევა.
ქალწული
პედანტი გარეწარი – ასეთია ქალწული მამაკაცი.
ის მუდამ უკმაყოფილოა თქვენი ჩაცმულობით, ქცევებით, მანერებით.
როგორ იცნოთ?
თუკი შენიშნავთ თეთრ პერანგიან მამაკაცს, რომელსაც ერთი ღარიც კი არ ეტყობა პერანგზე, ესე იგი თქვენს წინ ქალწულია.
მოზომილი სიტყვა–პასუხით, სუფთა გადავარცხნილი თმით. რადიოს ტალღებზე დალაგებული ტონით, მონოტონურად მოსაუბრე, ფლეგმა გამომეტყველებით.
მასთან ურთიერთობის დროს უნდა შეგუებული იყოთ, რომ მან თავიდანვე ზუსტად იცის მთელი ურთიერთობის მანძილზე როდის, რომელ საათზე შეხვდებით ერთმანეთს.
მას მთელი ცხოვრება გაწერილი აქვს, (მომიტევეთ და) ტუალეტშიც კი გრაფიკით დადის.
მან თავიდანვე იცის თქვენი ერთობა ქორწილით დაგვირგვინდება თუ მიგატოვებთ გარკვეულ (!) ხანში.
აჰ, სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ ის ვერასოდეს წარმოიდგენს თუ როგორ შეიძლება თქვენ დაშორდეთ მას პირველი.
შინაგანად საშინლად დაკომპლექსებული მამაკაცია ქალწული.
მისი დახვეწილობა და პედანტურობა ერთგვარი ფარია, მას სიკვდილივით ეშინია შეცდომების, ამიტომაც ყველაფერს აკეთებს რომ თავიდან აიცილოს თითოეული მათგანი.
იმას კი ვერაფრით ხვდება რომ სხვებისთვის უინტერესო, საშინელი კრიტიკოსი და ფლეგმატური ჩანს.
ვერ მოხვდით მასთან ერთად საკურთხეველთან?
შეგიძლიათ სანთელი დაანთოთ, გადარჩენისთვის.
სასწორი
კოპწია, ჰარმონიული და რბილი – ასეთია სასწორი მამაკაცი.
თქვენ ვერაფრით გამოიყვანთ წყობიდან.
შინაგანად მერყევი, თუმცა ზედმეტად ჰარმონიულიც კი.
ძალიან ძნელია ამოიცნოთ მისი ფიქრები, რადგან ის მუდამ იღიმის.
შეიძლება ჭკუიდანაც კი გადახვიდეთ, ის ისეთივე ღიმილით ისმენს გარდაცვალების ცნობას, როგორც ქორწილისას.
და მაინც, შინაგანად პატიოსან სასწორებს, არაფრით შეუძლიათ რამე გავნონ, თუნდაც თავად მათზე გადავლა მოინდომოთ.
ის გაგიღიმებთ და თავადვე გაამართლებს თქვენს საქციელს.
ყველაზე დიდი, სასწორმა გიწოდოთ “დამპალი და საძაგელი”, ჩათვალეთ რომ ეს მისი გაბრაზების პიკია.
ისინი გარეგნულად არჩევენ ქალბატონებს, თუმცა გამეტებით ამტკიცებენ, რომ სულიერი სილამაზეა მთავარი.
არ დაიჯეროთ, სასწორი ლამის ერთადერთი ნიშანია, რომელიც ანგელოზს დაიწუნებს მახინჯი გარეგნობის გამო.
ის არ გიღალატებთ, რამდენიმე წელი მაინც და თუ მოხდა და გიღალატათ, ის ყველაფერს იზამს რომ თქვენამდე არ მოვიდეს ეს ამბავი.
რადგან ის სიკვდილის ბოლომდე პატივისცემით იქნება თქვენდამი გამსჭვალული.
მოგეწონათ სასწორი?
არ იჩქაროთ, მათმა მუდმივმა ღიმილმა შესაძლოა უფრო მეტად გამოგიყვანოთ წყობიდან, ვიდრე ლომის მძვინვარე აფეთქებებმა.
სასწორი როგორ დაკარგოთ?
ამას ვერაფრის დიდებით ვერ იზამთ, მაქსიმუმ თავად ჩაულაგოთ ბარგი და თავადვე გასვათ გარეთ.
მორიელი
თავჩაქინდრული, მუდამ ქვევიდან იყურება და თითქოს მორიგ მსხვერპლს დაეძებს, ღიმილიც კი ზოგჯერ საოცრად დაძაბული აქვს.
ასეთი მამაკაცები, როგორც წესი, უცნაური ქალბატონებით ინტერესდებიან.
მორიელი მამაკაცის ხელში შესაძლოა მტანჯველი ნეტარება იგემოთ.
საკმარისია რამე არ მოეწონოს თქვენში, ის კარგა ხნით შეინახავს წყენას და ყველაზე შეუფერებელ მომენტში გაგიხსენებთ.
მას ხიბლავს უთანასწორო ურთიერთობები, სადაც ერთი მონაა და მეორე ბატონი.
გასაგებია უკვე ის ფაქტი, რომ ბატონობა მუდამ თავად სურს.
მორიელი მამაკაცი ღალატის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.
ზოგჯერ არც მალავს, რომ გღალატობთ, რადგან თავის არაორდინალურ შთაბეჭდილებებში, ეს კაცის პლუსად ეჩვენება.
და მაინც თუკი არ გაგიმართლათ და თქვენი საყვარელი მამაკაცი მორიელია, გირჩევთ შორს დაიჭიროთ თავი მასთან სულიერი კავშირისგან, რადგან თუკი მას დასჭირდა, ყველაფერს თქვენს წინააღმდეგ გამოიყენებს.
ურთიერთობებში წინააღმდეგობები ჰაერივით სჭირდება, ოღონდ არ უნდა გადაამლაშოთ. მას საკმარისად შხამი გააჩნია და სულ ფეხებზე ჰკიდია ვის დაგესლავს.
“მე და დანარჩენი ჭირსაც წაუღია” – ამ ლოზუნგით ცხოვრობს მორიელი მამაკაცი.
თუმცა დიდი სიყვარულის დროს შეუძლია ღრმა და ვნებიანი პარტნიორი იყოს, მაგრამ როგორც კი ეს გრძნობა გაქრება, მზად იყავით, ის ყველა ცოდვას გაგიხსენებთ, მორიელების შურისძიება კი ძალიან მწარეა.
მშვილდოსანი
თქვენ წინ დგას გაჯგიმული, ყურებამდე მომღიმარი მამაკაცი, ბავშვური სახით. დიახ, ეს მშვილდოსანია.
ის ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელია და ამიტომაც შესაძლოა გაცნობიდან 5 წუთში გაჯახოთ, რომ თქვენნაირი ქალი მას აქამდე არ უნახავს და სადმე "წაბოდიალებას" შემოგთავაზებთ.
ეს წაბოდიალება სულ მცირე 2 საათიანი იქნება და ბოლოს დაღლილ-დაქანცულს, როგორც კი სადმე თვალს მიეფარებით, გეტაკებათ. სანამ თქვენ აზრზე მოსვლას მოასწრებთ ის უკვე ბიკინისთან იქნება მისული.
ნუ გეშინიათ, მას კეთილი გული აქვს და არაფრით იფიქრებს, რომ თქვენი ერთჯერადი თოჯინა ხართ, უბრალოდ შესაძლოა მან აღარ დაგირეკოთ.
ისინი ისევე ადვილად ქვრებიან, როგორც ინთებიან.
თუ გსურთ იყოთ მშვილდოსნის ყურადღების ცენტრში, თქვენ უბრალოდ უნდა ანათებდეთ.
მას არ ექნება პრობლემა, თუკი თქვენ სახეში შეულაწუნებთ და ეტყვით რომ იდიოტია.
ის ორმაგად ჩაგიხუტებთ გულში.
მართლაც, ის მხიარული როჯერია, მან არ იცის წყენის და ბოროტების გულში ჩახვევა, თუმცა.. არც სიყვარულის ჩახვევა იცის.
მშვილდოსნის ერთგულება გრძელდება მანამ, სანამ ის მომდევნო ეფექტურ არსებას შენიშნავს.
თხის რქა
მას არასოდეს უყვარდება მარტივი მიზეზის გამო. რადგან ჰგონია რომ შეყვარებული ადამიანი მუდამ წაგებულ მდგომარეობაშია. ის ჯიუტია და ვერაფრით დათმობს რამეს, თუნდაც საყვარელი ქალის გამო. თუკი მაინც მოხდა სასწაული და მან რამე დათმო, ჩათვალეთ რომ უბრალოდ საქმეს სჭირდებოდა ასე. ბოლო-ბოლო ერთხელ "გაიჭირვებს" და შეგაბამთ, რომ მერე მთელი ცხოვრება ცოლად მოგისვათ.
მას უყვარს აქტიური ქალები, გარყვნილები, რადგან გარეგნულად ოფიციალურ თხის რქას, უბრალოდ უყვარს რელაქსაცია ისეთ ქალთან, რომელმაც იცის როგორ მოიქცეს ლოგინში.
თხის რქები ძალიან იშვიათად ეყრებიან მეუღლეს.. იცით რატომ?
მათ უბრალოდ კიდევ ერთი ქალის გამოჭერა ეზარებათ სასტიკად.
მერწყული
ყველაზე არაორდინალური პარტნიორი. თქვენ გიკვირთ, ის გემეგობრებათ, გესაუბრებათ ყველა საკითხზე, რაზეც კი შესაძლოა ადამიანის ტვინი გაწვდეს, მაგრამ არ ეხება მთავარს.
როგორ გაიგოთ რომ მოეწონეთ? თუკი ის თქვენთან დამეგობრებას გადაწყვეტს ჩათვალეთ რომ ნახევარი საქმე გაკეთებულია.
მრავალფეროვნება - ეს არის გზა, რომლითაც მერწყულ მამაკაცს შეინარჩუნებთ. თუმცა მისი კონტაქტური ბუნებიდან გამომდინარე უნდა შეეგუოთ, რომ თქვენს დაბადების დღეზე და ახალ წელს შესაძლოა ტელეფონითაც კი ვერ დაეკონტაქტოთ მას, რას იზამთ, თქვენი რჩეული ხომ საზოგადოებას ეკუთვნის და არა თქვენ.
მერწყულს უყვარს გონებით და არა გულით. შეაღწიეთ მის გონებაში, გაუჩინეთ ათასი ამოცანა, იყავით ამოუცნობი და ის დიდი სიამოვნებით დახარჯავს დროს თქვენს გაშიფვრაზე.
როგორ გაიგოთ რომ მერწყული დაკარგეთ?
შეხვედრებზე ის ისევ თბილად გაგიღიმებთ, ოღონდ აღარ ეცდება მაისურის ქვეშ შეგიძვრეთ.
თევზები
თევზი მამაკაცის ორი კატეგორიაა - მაჩოები და ლუზერები.
ერთიც და მეორეც ეძებს პარტნიორში საკუთარი თავისადმი აღფრთოვანებას.
ის იქნება მანამდე თქვენთან, სანამ თქვენ მას შეიყვარებთ და როცა ეს მოხდება და რაც ყველაზე მთავარია ის ამაში დარწმუნდება, ის ადგება და .. გაცურავს.
ხშირად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ თევზ კაცს მართლა ჰგონია რომ გულწრფელად არის შეყვარებული, მაგრამ დროთა განმავლობაში ის ვარდება აპათიაში, სჭირდება სიახლე და ამ დროს ღალატი საუკეთესო ვარიანტია.
თუკი თევზი გაგირბით, ამ დროს ნუ გაუათმაგებთ ყურადღებას, რადგან ეს მისთვის წასვლის მიზეზის მიცემაა.
თევზების უმეტესობა თავად სიყვარულზეა შეყვარებული.
© woman_