
ამ ქალაქში წვიმას ლაყე კვერცხის სუნი აქვს. იქნებ ჩემს ქალაქში ცხელი ასფალტის დასველებას ვეძახი წვიმის სუნს. იქნებ ჩემს ჭუჭყიან ქალაქს წვიმა რომ გარეცხავს იმ სისუფთავეს ვეძახი წვიმის სუნს. . . მაგრამ ჩემს ჭუჭყიან ქალაქში წვიმას ლაყე კვერცხის სუნი არ აქვს.
დილით ისევ ის მეზობელი მხვდება ძმები გრიმების ზღაპრის პერსონაჟს რომ გავს. ეს კაცი ყველაზე ულოგიკო ლოგიკითაც კი მაშინ მაინც უნდა გარდაცვლილიყო ძმება გრიმებმა ბოლო ზღაპარი რომ დაწერეს, მაგრამ ისე გაუმართლა, რომ არათუ ცოცხალია, არამედ ველოსიპედითაც დადის. ამ კაცის შემხედვარე ვგრძნობ, რომ შურიანი ვარ. მშურს, რომ ჩემს ქალაქში მოხუცები უფერო თვალებით დადიან და ამ ქალაქში, სადაც წვიმას ლაყე კვერცხის სუნი აქვს ძმები გრიმების პერსონაჟები ჯერ კიდევ ველოსიპედებზე სხედან.
- გამარჯობა პენელოპა – უკვე მესამე დღეა ასე მესალმება მეზობელი, ჭაღარა თავს მიქნევს და ისედაც წითელი სახე ღიმილის დროს უფრო უწითლდება. მე სამი დღეა თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ძმები გრიმების პერსონაჟს, რომელსაც ბაბუაჩემმა ომი მოუგო, მიუხედავად იმისა, რომ ველოსიპედზე წონასწორობის შენარჩუნება შეუძლია, მე ვიღაც პენელოპა ვგონივარ. ამ კაცის შემხედვარე იმასაც ვგრძნობ, რომ ბოროტი ვარ. მიხარია, რომ ვიღაც მოხუცს სკლეროზი აქვს.
იმ დღეს კი, ამ ლაყე წვიმიან ამინდში ბოლომდე რომ დავმტკბარიყავი ჩემი ბოროტებითა და შურიანობით ძმები გრიმების პერსონაჟს გავუღიმე და ვუთხარი
- თქვენ გეშლებათ. მე პენელოპა არ ვარ.
- ვიცი - გამიღიმა, კიდევ ერთხელ დამიქნია ჭაღარა თავი და მითხრა - მაგრამ შენ პენელოპა კრუსს გავხარ.
იმ ქალქში სადაც ძაღლები არ ყეფენ და მანქანები არ ასიგნალებენ, რატომაც არა. . . შეიძლება ძმები გრიმების პერსონაჟმა იცოდეს ვინ არის პენელოპა კრუსი. ამიტომ ვცდილობ არ გამიკვირდეს, მაგრამ მაინც ვეღარაფრის თქმას ვახერხებ და ჩუმად მივდივარ. ძმები გრიმების პერსონაჟი კი თითქოს ყველა ჩემს ბოღმას ხვდება და თავის ასაკს მახარბებს;
- იცი, სულ ასეთი მოწყენილი თუ იქნები მალე მოკვდები.
ჩამოსვლის დღიდან რომ მტკივა ზურგზე, გულის უკანა მხარე, ზუსტად იქ მირტყავს ეს სიტყვები. მთელი ის ნოსტალგიური ბოღმა მაწვება ჩემი ქალაქის მოხუცების უფერო თვალებს რომ გავს და ვპასუხობ
- კარგი იქნება ახალგაზრდა და ლამაზი თუ მოვკვდები. ცუდია იქამდე სიცოცხლე, შენს სიკვდილს რომ გაიგებენ და იკითხავენ :ეგ კიდევ ცოცხალი იყოო?
ძმები გრიმების პერსონაჟს სახე კიდევ უფრო უწითლდება, თვალები უმრგვალდება და ამბობს
- არასოდეს გამიგია მსგავსი სისულელე.
ველოსიპედის ბორბლებს ჩქარა ატრიალებს და მიდის. Mმე თვალს ვაყოლებ. მეჩვენება რომ არც ისე კარგად ინარჩუნებს წონასწორობას და ერთი წამით მეშინია კიდეც არ გადმოვარდეს.
* * *
იმ დღეს ქართულ ეკლესიის ეზოში შემთხვევით ამოსულ მზეს ვეფიცხებოდი. პატარა ბიჭი მოვიდა, ლაპარაკი ახალი დაწყებული ექნებოდა, ციცქნა გვირილა მომიტანა, ყუნწიანად ალბათ ვერ მოეწყვიტა, მარტო ყვავილის თავი იყო. კაბაზე დამიდო და მითხრა – ეს შენ!
- რა ლამაზია! დიდი მადლობა! ძალიან, ძალიან მომეწონა.
- კიდევ მოგიტან.
გაიქცა და ისევ მომოტანა პატარა ხელებით ყვავილი, ისევ დამიდო კაბაზე და ისეთი კმაყოფილია, თითქოს გმირობა ჩაედინოს.
- რა კარგი ბიჭი ხარ. რა გქვია?
- გუჯა
სამი წლის რომ ვიყო, თან გერმანიის მოქალაქე და გუჯა მერქვას ალბათ ძალიან დაჩაგრულად ვიგრძნობდი თავს. თუმცა გუჯა ამაზე არ ფიქრობს, ეკლესიის ეზოში დარბის, გვირილებს თავებს აცლის და კაბაზე მიყრის.
- ეს ყვავილები სულ შენ დაკრიფე? - ეცინება დედამისს - მოგეწონა დედი? რა ლამაზი გოგოა, არა დედი?
გუჯა ისევ ეზოში დარბის. დედამისი კი მე მეუბნება
- ეკლესიაში შევალ ცოტა ხნით. თქვენ გაგახარებთ ღმერთი. რა კარგად გაჩერდა ამდენი ხანი.
გუჯა დედამისის წასვლას ვერც ამჩნევს, ისევ მოაქვს და მოაქვს ყვავილები. მერე ცხვირსახოცს იღებს ჯიბიდან და ზუსტად გერმანელივით იხოცავს ცხვირს.
-გუჯა, მოდი ჩემთან- ვეძახი და ისეთი სახით მოდის აშკარად მეპრანჭება. კალთაში ვისვამ და ვეუბნები
- აღარ მოიხოცო ეგრე ცხვირი. ულამაზოა. აი ასე ხომ შეგიძლია?- ჩანთიდან ვიღებ ცხვირსახოცს და ცხვირს ვიხოცავ.- აბა ასე სცადე.
გუჯაც იღებს თავის პატარა ცხვირსახოცს და ჩუმად იხოცავს ცხვირს
- ასე არ ჯობია?- ვეკითხები.
- კი ჯობია, თან ეგრე ცხვირი აღარ მტკივა- ისე საყვარლად ამბობს, რომ მეცინება, გულში ვიხუტებ და ვკოცნი.
სახლში ცოტა კარგ ხასიათზე ვბრუნდები. მუჭში მიყრია გვირილების მოწყვეტილი თავები. ძმები გრიმების პერსონაჟი თავის ჭიშკართან მხვდება, მიღიმის, დღეს ისეთ ხასიათზე ვარ მეც გავუღიმე.
- რა მოგეწონა ჩვენს ქალაქში ყველაზე მეტად?
- გუჯა!
მოხუცს ისევ უმრგვალდება თვალები და უხერხულად იშმუშნება. მაგრამ მე ხომ კარგ ხასიათზე ვარ და ამიტომ ვეუბნები – პატარა ქართველი ბიჭია, აი ეს ყვავილები დამიკრიფა.
ძმები გრიმების პერსონაჟი მუჭში გვირილების თავებს უცქერის და სხაპა სხუპით ამბობს
- ბავარია გერმანიის ულამაზესი მხარეა და მიუნხენი ევროპაში მეხუთე ქალაქია.
როგორც ჩანს მოხუცი გაბრაზდა მისი ქალაქით რომ ვერ მოვიხიბლე, მე კი გავბრაზდი გუჯას მოკრეფილი გვირილები რომ არ შეიმჩნია და ვეუბნები
- თქვენს ქალაქში წვიმას ლაყე კვერცხის სუნი აქვს.
ხოდა ვგრძნობ, რომ ახლა ბოროტთან და შურიანთან ერთად უზრდელიც ვარ და მრცხვენია. დილით სახლიდან გასვლისას ფეხს ვითრევ. მხოლოდ მას შემდეგ გავდივარ, რაც ვხედავ ჭაღარა თავი როგორ ჩაასრიალა ველოსიპედმა ჩემს ფანჯრებთან.
საღამოს მაინც ვერ ავცდი მასთან შეხვედრას. დავინახე ჭიშკარს აღებდა და ცალი ხელით ველოსიპედს იჭერდა. შევეცადე მტკიცე გამომეტყველებით და მტკიცე ნაბიჯებით ჩამევლო მის გვერდით.
- პენელოპა! - დამიძახა და ისე გაწითლდა ღიმილისა და გაბრაზების დროს რომ წითლდება ხოლმე. მერე ეზოში შევიდა და გვირილების უზარმაზარი თაიგული გამოიტანა
- ეს შენ!
უცებ ისე გამითბა გული თითქმის დამავიწყდა ბოროტი, შურიანი და უზრდელი რომ ვარ.
ხმა ვერ ამოვიღე. სიჩუმე ისევ მოხუცმა დაარღვია
-როგორ ხარ?
მე ხელი ბეჭზე, გულის უკანა მხარეს დავიდე და ვუთხარი
- აი აქ მტკივა უკვე თითქმის ორი თვეა.
-მერე რა? შენ ხომ გინდა ახალგაზრდა მოკვდე?
ეს მოხუცი სულელია. აბა სულელის მეტი ვინ იტყოდა ახლა ამას. ხოდა, სულ რომ ვჩხუბობთ მარტო ჩემი შურიანობის კი არა მისი სისულელის ბრალიც არის. Mმაგრამ დღეს ხომ გვირილები მაჩუქა, ამიტომ არ მინდა ვეჩხუბო, ვუღიმი და ვეუბნები
- ხო, მინდა ახალგაზრდა მოვკვდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მინდა ბეჭი მტკიოდეს.
- ესეიგი ვიღაცამ უნდა მოგკლას.
სურვილი მიჩნდება გვირილები სახეში მივაყარო. ისეთი გამომეტყველება მაქვს ხვდება საუბრის თემა რომ უნდა შეცვალოს და ამბობს
- ნუ გეშინია ალბათ გაციების ბრალია, ძალიან თხლად გაცვია.
- მე კიდევ მგონია რომ კიბო მაქვს და იმიტომ მტკივა
- რა სისულელეებს ლაპარაკობ ხოლმე! - მოხუცი ცხვირთნ მიჯახუნებს ჭიშკარს და ეზოდან მეუბნება- სახლში წადი და თბილად ჩაიცვი.
* * *
მარიენპლატცზე მათხოვარი ზის, წინ ქუდი უდევს. აი ისე, ჩვეულებრივი მათხოვარივით. . . ჩემს ქალაქში რომ ბევრია. . . როცა არ უნდა ჩაუარო სულ ცარიელია ის ქუდი. მის გვერდით მუსიკოსი დგას, პატარა ვიოლინოთი ხელში და არც ისე კარგად უკრავს, სულ ერთსა და იგივეს. მასაც ქუდი უდევს წინ და მისი ქუდი სულ სავსეა. ქუჩის მევიოლინეს წინ ხალხი ჩერდება და უსმენს, ძირითადად ტურისტები, ძირითადად ფოტოაპარატიანი, მუწუკიანი ჩინელები. მერე ტაშს უკრავენ და ცენტებს, ზოგჯერ ევროებსაც ყრიან ქუდში. მათხოვრის ქუდი კი სულ ცარიელია. მე სულ ვფიქრობ იქნებ მათხოვარი სხვაგან რომ დაჯდეს მასაც მისცენ ფული, მაგრამ ხომ არ მივალ და ხომ არ ვეტყვი. . .
მე სულ ვაძლევ ფულს, იმიტომ არა რომ კეთილი ვარ. უბრალოდ, ის ერთი წამი, როდესაც ფულს ქუდში ვუგდებ თავი ჩემს ჭუჭყიან, მათხოვრებით სავსე და წვიმისსუნიან ქალაქში მგონია.
მათხოვარი ყოველთვის თვალებში მიყურებს და მეუბნება
-დანქე!
და მე სულ ვფიქრობ ჩემს ქალაქში რატომ არ მიყურებენ მათხოვრები თვალებში და თავდახრილები რატომ ამბობენ -ღმერთმა დაგლოცოს!
* * *
ამას წინათ ქუჩის მოსახვევთან ისევ ჩამიარა ძმები გრიმების ველოსიპედიანმა პერსონაჟმა, გამიღიმა და მომაძახა
- შენ ისევ ცოცხალი ხარ?
გაოცებისაგან ამჯერად მე დამიმრგვალდა თვალები, მაგრამ თავს ძალა დავატანე გავუღიმე და ვუთხარი
- ხო, ჯერ არავინ მომკლა. თქვენ ხომ ვერ იზავდით მაგ საქმეს?
- მე? არა! უკვე ორჯერ ვქენი და არ არის სასიამოვნო.
ნერწყვი გამიშრა. ჩემს ეზოს კარსაც საკეტი გაუფუჭდა და ორი დღეა ღია ეზოში მძინავს, იმ ღამეს საერთოდ არ მეძინა. დილითვე ვთხოვე “ჰაუსმაისტერს“ საკეტის გამოცვლა.
„ჰაუსმაისტერი“ ერთი საწყალი კაცია. მას წინათ მითხრა -ხუთი შვილი მყავს და ხელფასი იმდენივე შენ რომ სტიპენდიაო. გავიფიქრე : მე რომ ჩემს რევოლუციურ ქალქში ლამფის შუქზე ვსწავლობდი, შენც გესწავლა ამ შენს დალაგებულ ქალაქში მეთქი, მაგრამ არ ვუთხარი. განა იმიტომ რომ თავმდაბალი და ჰუმანური ვარ. . . უბრალოდ კიდევ ხომ დამჭირდება ეს „ჰაუსმაისტერი“.
ახლა რომ მივიდე და ვუთხრა ჩემს გვერდით ორი კაცის მკვლელი ბაბუა ცხოვრობს და აღარ მინდა ეს სახლი მეთქი? გიჟად ჩამთვლის. თან ის ძმები გრიმების პერსონაჟიც გამოყრუებული ბებერია და ალბათ ბოდიალობს რაღაცას...
მიუხედავად ამ ფიქრებისა მაინც მიჩქარდებოდა გულისცემა როცა ამ მოხუცს ვხედავდი. ამას თვითონაც ხვდებოდა და აღარ მიღიმოდა, თვალს მარიდებდა.
ერთ საღამოს მოულოდნელად მაინც დამიძახა
-პენელოპა!
იძულებული ნახევრად ღიმილით მივესალმე
- დამეწვიე, ჩაი დავლიოთ!
რა სიგიჟეა შეხვიდე უზარმაზარ სახლში ვიღაც ბებერ მკვლელთან და ჩაი დალიო. ამის გაფიქრებაზეც კი სისხლი მომაწვა სახეზე და ძალაუნებურად წამომცდა
- რატომ უნდა მინდოდეს თქვენთან ერთად დავლიო ჩაი?
- შენ ჩემი გეშინია!- მოხუცს ისევ გაუწითლდა სახე.
-ვინც თქვენთან ერთად არ სვამს ჩაის, ფიქრობთ ყველას ეშინია თქვენი?
- არა! მაგრამ შენ გეშინია!
- რატომ ფიქრობთ ასე?-ძალიან შევეცადე გამეღიმა
-იმიტომ რომ, მიუხედავად შენი სურვილისა ახალგაზრდა მოკვდე მაინც არ გინდა ჩემნაირმა ბებერმა დააჩქაროს ეს საქმე.
- რა გნებავთ? პოლიციას ვეტყვი, რომ მაწუხებთ!
მოხუცი უხერხულად შეიშმუშნა, მხრები აიჩეჩა და კიდევ უფრო გაწითლდა
- უნდა მოგიყვე რატომ მოვკალი ორჯერ.
მართლა უნდა დავუძახო პოლიციას. უკვე ვგრძნობდი, რომ მთლიანად ამიტანა შიშმა.
- უნდა მოგიყვე რატომ მოვკალი ორჯერ. ეს შენ გჭირდება!
- მე? მე რაში მჭირდება ვიცოდე ეს ყველაფერი?
-იმიტომ რომ ღამე მშვიდად გეძინოს და დილის შვიდ საათზე არავინ შეაწუხო ეზოს საკეტის გამოსაცვლელად.
მართალი იყო ძმები გრიმების პერსონაჟი, მიუხედავად იმისა რომ შიშისაგან ფეხები მქონდა გაციებული, მაინც დავჯექი ქუჩაში სკამზე მის გვერდით და მის ამბავს მოვუსმინე:
* * *
ამ ქუჩაზე ყველა ცნობდა. ლამაზად ეცვა და კიდევ უფრო ლამაზად დადიოდა. ისეთი თავმოყვარე იყო, მარტო ზედმეტად ლამაზი ქალები რომ არიან და როგორც ხდება ხოლმე ბოლოს ერთი არამზადა შეუყვარდა. მათი ისტორია ჩვეულებრივია. ქალი ლამაზი იყო და ბევრ კაცს უჩნდებოდა მისი მოტყუების სურვილი. მან კი ყველაზე საჭირო დროს მოატყუა. რაკი საბოლოოდ მაინც ყველა იმას ვიჯერებთ რისი დაჯერებაც გვინდა, ქალმაც დაუჯერა. მაგრამ სულელი არ იყო და მაინც გრძნობდა რომ ყველაფერი ისე არ იყო როგორც მას სურდა. მთელი ორი წელი იმით იყო დაკავებული, რომ კაცს გასამართლებელ საბუთებს უგონებდა. ისეთს, ის არამზადა თავისთვის ვერასოდეს რომ ვერ მოიგონებდა.
სანამ ის კაცი გამოჩნდებოდა მის ცხოვრებაში თითქოს ყველას ეპრანჭებოდა, თვალებით იქნევდა თეძოებს და ისე გვესალმებოდა. ყველას მოგვწონდა. მერე მხოლოდ იმ კაცით დაავადდა. დილით ცრემლიანი თვალებითაც გამოდიოდა სახლიდან და სულ ერთი აჩემებული კითხვა ქონდა თვალებში, ძალიან ლამაზ ქალებს რომ აწუხებთ ხოლმე „ მე უფრო მიყვარს თუ მას უფრო?“ ვინაიდან მე უფრო არანაირად არ შეეფერებოდა და ეს თვითონაც იცოდა, იგონებდა და იგონებდა კაცის გასამართლებელ საბუთებს. მაგრამ ერთხელ, როდესაც გამობერილი, პატარა მუცლით მარტო აღმოჩნდა ექიმთან ძალიან გაუჭირდა კაცისთვის გასამართლებელი საბუთის მოგონება. ისე გაუჭირდა, რომ პატარა მუცელიც მოიშორა და დაცარიელებული სხეული აევსო ბოღმით.
ამ ქუჩაზე ვხვდებოდი, შენ რომ ცხოვრობ იმ სახლში ცხოვრობდა. ვეღარავის ამჩნევდა, აღარც თეძოებს იქნევდა თვალებით და აღარც მაღალ ქუსლებს იცმევდა. ერთ წვიმიან ამინდში თავისი ეზოს ჭიშკარს იყო მიყრდნობილი და ხმამაღლა ტიროდა.
ვეღარ მოვითმინე, მივედი და ვკითხე რითი დაგეხმარო მეთქი.
ორივე ხელი მომკიდა, ცხელი ცრემლებით სველი ხელები. შეშლილის თვალები ჰქონდა და ტირილით მითხრა
- ასე არ მიდიან ჩემი ცხოვრებიდან. დამეხმარე! არ შეიძლება როცა მე ვკვდები ის კარგად იყოს!
მე დავეხმარე. ჩვენ საათობით ვსაუბრობდით როგორ უნდა დაგვენგრია სიცოცხლე იმ კაცისთვის. ქალი ნახევრად შეშლილი იყო ტკივილით, ბოღმით და სიყვარულით. მე ეს ყველაფერი გამოვიყენე საჩემოდ და საიმისოდ. ჩვენ დეტალუარდ დავგეგმეთ იმ კაცის მკვლელობა. ერთად ვკლავდით სასტიკად, წამებით, მერე ყველან ასოს ვაჭრიდით ცალ-ცალკე, ნაწილ-ნაწილ. კაცი პატიებას სთხოვდა,. მაგრამ ჩვენ მაინც ვჩეხავდით, ზუსტად ისე მათი შვილი რომ აჩეხეს პატარა, გამობერილ მუცელში. კაცის სისხლს მყრალი სუნი ჰქონდა და საზიზღრად გამოიყურებოდა როცა კვდებოდა.
ეს ამბავი იმდენჯერ დავგეგმეთ, იმდენჯერ მოვყევით დეტალურად დაწვრილებით. . . ბოლოს მართლა დაიჯერა, რომ ის კაცი მოვკალით.
მერე ისევ დაიდიოდა ამაყად გამართული, მაღალ ქუსლებზე. თვალებში ისევ ჩაუდგა ის სხივი, რომ მისი ცხოვრებიდან მარტო ისე მიდიან, როგორც მას უნდა. მე მიხაროდა რომ ბედნიერი იყო. ვიცოდი რომ სიყვარულმა კი არა ერთად ჩადენილმა დანაშაულმა დააწვინა ჩემთან, მაგრამ მაინც მიხაროდა რომ ჩემი იყო. მისთვის ვყიდულობდი საუკეთესო ნივთებს, საუკეთეს ტანსაცმელს და სულ უფრო და უფრო ცოტას ვსაუბრობდით ჩვენს ჩადენილ მკვლელობაზე.
ყველაფერი კარგად იყო სანამ ის კაცი ისევ არ გამოჩნდა. და მისი გამოჩენის შემდეგ ყველაზე საშინელი რამ მოხდა, ქალი ჭკუდან შეიშალა. . .
ამის თქმის შემდეგ მოხუცი გაჩუმდა, თავი ჩაქინდრა, მომეჩვენა, რომ აღარაფრის თქმას აღარ აპირებდა.
- როგორ? როგორ შეიშალა ჭკუიდან?
- შენ არ გესმის. მას მართლა ჯეროდა, რომ ის კაცი მოვკალით. ადამიანი რომ მოკლა, მერე ყოველ დღე გეცხადებოდეს, იქით გთხოვდეს პატიებას და მასთან დაბრუნებას, არ შეიშლები ჭკუიდან? სულ ტიროდა, სახლიდან გასვლის ეშინოდა. მე მის თვალებში სხივი მენატრებოდა.
ამიტომ მეორედ მარტომ გავაკეთე ის რაც რამდენიმე წლის წინ მასთან ერთად ჩავიდინე. ის კაცი მოვკალი, სასტიკად, წამებით, ნაწილ-ნაწილ ავაჭერი ყველა ასო. საზიზღრად გამოიყურებოდა როცა კვდებოდა. მერე ქალი მივიყვანე და მისი დანაწევრებული გვამი ვანახე.
მე სუნთქვაშეკრული ვუსმენდი მოხუცს
- მერე? მერე უშველა? აღარ იყო შეშლილი?
- ვერ უშველა. მკვდარი მაინც ელანდებოდა. სახლიდან არ გამოდიოდა და სულ ტიროდა. მერე საერთოდ გაჩუმდა და თვალები გაუცივდა.
მოხუცს ხელები და ყბა უკანკალებდა.
მე ვეღარაფერს ვამბობდი, ვფიქრობდი, რომ აღარასოდეს ვიტირებდი ჭიშკარზე მიყრდნობილი.
- მოიწყინე?- მკითხა მოხუცმა - ფიქრობ რომ შეიძლება შენც მკვლელი ხარ? ჩვენ ყველანი მკვლელები ვართ?
- არა, ვფიქრობ რომ მეც გვამი ვარ. ჩვენ ყველანი გვამები ვართ.
- აღარ იყო სულ ასეთი მოწყენილი, თორემ მალე მოკვდები. ახლა, ხომ აღარ შეგეშინდება ჩემი?
- არა! არ შემეშინდება.
- თან მეც მალე მოვკვდები. დღეს გავიგე, რომ კიბო მაქვს.
მოხუცმა ზურგზე გულის უკანა მხარეს დაიდო ხელი და მითხრა - აი აქ მტკიოდა და თურმე მაგის ბრალი ყოფილა.
ისევ გამეყინა ფეხები
- ნუ გეშინია! შენ რომ გტკივა ეგ გაციების ბრალი იქნება, მაგრამ მაინც მიდი ექიმთან.
ლაყე წვიმა ისევ სახეში მცემდა, მაგრამ მაინც არ მიტირია ჭიშკარზე მიყრდნობილს. როცა გვამი ხარ და მაინც გტკივა გულის უკანა მხარეს რომელი ერთი მიზეზის გამო უნდა იტირო?
* * *
იმ დღეს ჩემს ქუჩაზე უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. მეც მივედი მათთან. ძირს ველოსიპედი ეგდო და გვერდზე ძმები გრიმების უკანასკნელი პერსონაჟი. სახე თმებივით გათეთრებოდა და ღია ჰქონდა დამრგვალებული თვალები.
მე ვიდექი და ხმამაღლა ვტიროდი. ყველაფერს ერთად ვტიროდი, ჩემს წვიმისსუნიან, ჭუჭყიან, მათხოვრებიან ქალაქს, გვირილებიან მოხუცს და ყველა მონატრებას ერთად. . . .
- მისი ნათესავი ხართ?- მკითხა პოლიციელმა
არა!
_იცნობდით?
_ვიცნობდი
_რა ერქვა?
_არ ვიცი.
ეზოსთან ჭიშკარს მაინც მივეყუდე, იმიტომ არა, რომ ტირილი მინდოდა. უბრალოდ, ისე მეტკინა ზურგი, გულის უკანა მხარეს, ნაბიჯი ვერ გადავდგი.
ხვალ აუცილებლად წავალ ექიმთან.