როცა ორმოცჯერ დაიზამთრებს შუბლი მწყაზარი,
მაშინ ღაწვებით დროის ხნულით ნაოჭდებიან,
ეგ სამოსელიც შეიქმნება ძონძი საზარი
და სილამაზის ნაფლეთები გამოჩნდებიან.
მაშინ გკითხავენ, რა უყავი სიტურფის სხივებს,
საით დამარხე წარსულ დღეთა საგანძურები,
შენ უპასუხებ: „სილამაზეს სამარედ მივეც
ეს ჩაცვინულნი თვალნი ჩემნი დატანჯულები“.
შენი პასუხი შენს დაცინვად მოგეჩვენება,
არა სჯობია, მაშინ გქონდეს ყველგან სათქმელად:
„აი, ეს არის ჩემი შვილი, ჩემი მშვენება,
ჩემი სიბერის პატიება და გამართლება“
მემკვიდრე შეჰქმენ, რომ დაგიცხროს ეს იარები
და სიბერეში სიჭაბუკეს ეზიარები!
მშვენიერებას უნდა დარჩეს მემკვიდრეობა,
რომ სილამაზემ იფერადოს ვარდის კონებად,
დამჭკნარ სიტურფეს მაინც ჰკლავს ჟამის ღრეობა,
მემკვიდრე არის მოსი ხსოვნა და მოგონება.
გრძნობებს რომ ფანტავ, რაღა გრჩება, ნეტავ, მარაგად,
შენ, საკუთარი არსებობის მტერო წყეულო!
ხრიოკ უდაბნოდ რად აქციე რთველის ბარაქა
შენ, საკუთარი არსებობის მტერო წყეულო
მთელი მსოფლიოს სამკაული შენა ხარ ახლა,
მხოლოდ შენ ძალგიძს გაზაფხულთან გაბაასება,
რად არ გაშინებს, თუ ნაყოფი კვირტშივე გახმა,
მშვენიერებას რატომ ფლანგავ, ძუნწო არსებავ?!
წუთისოფელი შეიბრალე, შენს მზეს რომ ფიცავს,
მაგ სილამაზეს ნუ დაუთმობ სამარის მიწას
სარკეში იგრძნობ – დროა უკვე გახდე მშობელი;
განმეორება საჭიროა ბუნების განძთა.
მოტყუებული რომ არ დაგრჩეს წუთისოფელი
და ვინმე ასულს არ მოაკლო დედობის განცდა.
ყველა ქალისთვის სანატრელი მამაკაცი ხარ,
ყველა ქალწული შემოგწირავს თავის მშვენებას,
მაგრამ საკუთარ სილამაზეს გაუტაცნიხარ
და არ გაფიქრებს შენი მოდგმის გადაშენება.
დედაშენისთვის წარსულ დღეთა სარკე შენა ხარ,
მას ნეტარ აპრილს გაუცოცხლებს სიყრმე შვილისა,
როცა შენს შუბლსაც ნაოჭებით ჟამი შელახავს,
მაშინ გაგიღებს შვილი სარკმელს სიყმაწვილისას.
უშვილ-უძირო თუ დარჩები მიუსაფარად,
მაგ შენს სახესაც შენთან ერთად მიწა დაფარავს.
ერთიმეორეს რომ მისდევენ დინჯი წუთები,
მშვენიერებას აყვავებენ გაშლილ ვარდებად,
მაგრამ მშვენება, დროის ხელით ნასათუთები,
დროის ხელითვე იღუპება და სამარდება,
უსასრულობის გზაზე მიჰქრის დრო უშფოთველი.
ზაფხულის დღეებს ზამთრისაკენ მიერეკება,
ყინვის საფარით იფარება მკვდარი ფოთლები,
ოდესღაც მწვანე ბუჩქნარები იქცნენ ეკლებად,
მაგრამ ზამთარშიც არ მოკვდება ჭრელიზაფხული,
და ყვავილებიც იცოცხლებენ გამხმარ კონებად,
თუ შუშის კედლებს სურნელი აქვთ შემონახული
როგორც ზაფხულის გახსენება და მოგონება.
იღუპებიან ზამთრის სუსხით ვარდის ფურცლები,
ვარდის სული კი რჩება მარად გარდაუცვლელი.
მუსიკის ხმების გაგონება რატომ განაღვლებს,
როცა თავად ხარ შენ მუსიკის გამომსახველი!
რატომ გაღონებს სიხარული, რაც სულს ანახლებს,
და ასე რატომ გახალისებს მწარე ნაღველი?!
როცა ერთმანეთს შეწყობილი ჟღერენ ჰანგები,
ტკბილხმოვანებით გული რად გაქვს ნაიარევი?
ალბათ ჰანგებში საყვედური გესმის განგების,
ქვეყანაზე რომ ასე კენტად დაიარები.
გესმის?! ნამდვილი ტრფიალია სიმების ხმაში!
ყური დაუგდე შეთანხმებულ ჟღერას სამხმიანს,
თითქოს დედ – მამას აჰყოლია პატარა ვაჟი
და შენს სასმენად ერთ სიმღერას შემოსძახიან.
„ვისაც არა სურს თავის ბედის სხვასთან გაყოფა,
ამ ქვეყანაზე მისი ყოფნა არის არყოფნა“
სჯობს აღიარო, რომ არ გიყვარს ქვეყნად არავინ,
თუ დასაღუპად საკუთარი თავიც გასწირე,
ბევრმა გაჩუქა სიყვარული დაუფარავი,
მაგრამ შენ თვითონ ტრფობა არავის გაუნაწილე.
დაგუფლებია ბოროტების გრძნობა საზარი,
თითქოს გახარებს საკუთარი სულის გოდება,
გინდა დალეწო სილამაზის წმინდა ტაძარი,
შენი მარჯვენით განახლებას რომ ელოდება.
მაგრამ გონს მოდი, სიყვარული სამტრო რად არი?
სიძულვილი თუ არ განდევნე, ცოდვას დაიდებ,
დე, სულიც გქონდს მაგ ლამაზი სახის სადარი
და, სხვა თუ არა, შენი თავი მაინც დაინდე.
ასე თუ წახველ, ჩვენს მომავალს რაღა დარჩება?
შვილი დასტოვე სილამაზის გადასარჩენად
როვ ულმობელო, ისევ მიწას დაახრევინე
მისგან შობილთა მომავალი და სიჭაბუკე,
ლომი დაკოდე, ვეფხვს კბილები დაათხრევინე,
ფენიქსის გულიც მის საკუთარ სისხლში დაბუგე.
ატირე ზეცა, მზე აცინე ათასფერება,
ნება გაქვს მთელი დედამიწა ააქვითინო,
რაც გინდა უყავ წუთისოფლის ბედნიერებას,
ოღონდაც ერთი მძიმე ცოდვა არ ჩაიდინო:
მაგ ბებერ კალმით არ დახაზო სატრფოს მშვენება,
მის სილამაზეს ააცდინე ცელი ბუნების,
ნუღარ დააჭკნობს აწყვეტილი შენი ჭენება,
მომავალს დარჩეს, ვით ნიმუში დიდებულების.
მაგრამ თუ გინდა, შენი ცელით ყველა გათიბე,
ეს ჩემი ლექსი გადაარჩენს მის სინატიფეს.
კარგო, იცოდე, იმ მეხოტბე პოეტს არ ვგავარ
ლექსში რომ უყვარს სილამაზის შეფერადება,
მზის სხივს რომ ხმარობს სატრფოს კაბის მოსაქარგავად,
მიჯნურის თვალებს რომ ადარებს ზეცის ნათებას.
მას შენი მზესთან შედარებაც არ ეძნელება,
შენთვის გასწირავს მარგალიტებს დასაგმობადაც,
რითმებს მოგაყრის ხან იებად, ხან ენძელებად,
ცისა და მიწის საგანძურებს გიძღვნის ნობათად.
თავდავიწყებით რომ არ გაქე, იქნებ გეწყინა?
ტრფიალს სიცრუე როგორ ვკადრო, რას ვემართლები?
მშვენიერი ხარ, მაგრამ, ვიცი, ისე ვერ ბრწყინავ,
დე, სხვა პოეტმა ააქუხოს ლექსი ფინთიხად,
მე ფასს არ გადებ, – გასაყიდად როდი მინდიხარ.
კარგო, იცოდე, იმ მეხოტბე პოეტს არ ვგავარ
ლექსში რომ უყვარს სილამაზის შეფერადება,
მზის სხივს რომ ხმარობს სატრფოს კაბის მოსაქარგავად,
მიჯნურის თვალებს რომ ადარებს ზეცის ნათებას.
მას შენი მზესთან შედარებაც არ ეძნელება,
შენთვის გასწირავს მარგალიტებს დასაგმობადაც,
რითმებს მოგაყრის ხან იებად, ხან ენძელებად,
ცისა და მიწის საგანძურებს გიძღვნის ნობათად.
თავდავიწყებით რომ არ გაქე, იქნებ გეწყინა?
ტრფიალს სიცრუე როგორ ვკადრო, რას ვემართლები?
მშვენიერი ხარ, მაგრამ, ვიცი, ისე ვერ ბრწყინავ,
დე, სხვა პოეტმა ააქუხოს ლექსი ფინთიხად,
მე ფასს არ გადებ, – გასაყიდად როდი მინდიხარ.
ვინაც ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული,
დე, ახარბებდეს დიდკაცობის დიდი წოდება,
თუმც არაფერი ქვეყნად არ მაქვს საბადებელი,
მე სიხარულში მაინც ვერვინ გამიტოლდება.
ტახტის მონა და მოყვარული ლხენით ინთება,
თუ მოახერხა მეფის გულში დასადგურება,
მაგრამ ასევე მალე კვდება მისი დიდება,
ერთი მრისხანე გამოხედვით განადგურდება.
სახელგანთქმული და ცნობილი მხედართმთავარი,
თუკი ოდესმე მოესწრება ბრძოლის წაგებას,
ვინ გაიხსენოს მისი დაშნის ძველი ჯავარი,
ვინ ააცილოს დამარცხებულს ლანძღვა-ძაგება.
მე კი წოდებას ვინ წამართმევს კუბოს კარამდის,
მიჯნური მყავს და მიჯნური ვარ აწ და მარადის.
დღისით დაქანცულს ღამე მწამლავს ფიქრების შხამით,
არ მიწერია მოსვენება დღისით და ღამით.
ალბათ, დაღლილი ვეღარაფრით ვერ მოვისვენებ,
არ მეღირსება დამშვიდება, ალბათ, აროდეს,
დღე – შრომით მქანცავს, ღამე – თვალებს ცრემლით მისველებს,
მარად ტანჯული სული ჩემი როსღა ხარობდეს.
დღესა და ღამეს ერთმანეთის მტრობა აღარ აქვთ,
ჩემს საწამებლად გადაიქცნენ ძმადნაფიცებად,
დღისით და მზისით – მძიმე ჯაფამ გული დაღარა,
ღამის წყვდიადში – უშენობით სული იცლება.
რადგან დღე – ღამეს ჩემი ტანჯვა აღარ მოსწყინდა,
დღეს ვეუბნები, რომ შენა გგავს ზეცის ფერია,
ღამეს ვარწმუნებ, როცა მინდა მისი მოსყიდვა,
რომ ვარსკვლავებსაც ჩემი სატრფოს თვალთა ფერი აქვთ.
დღე კვლავ მაწამებს, ჩემსკენ ვეღარ გადმოვიბირე,
და მწუხრი ისევ მწუხარებით ტანჯვას მიპირებს.
როცა მღალატობს საწუთრო და ბედი მზაკვარი,
როცა დავტირი განდეგილი ამ სიმარტოვეს,
როცა ვხედავ, რომ აირია ჩემი გზა – კვალი,
ცას შევჩივი, რომ ვარსკვლავებმა ასე დამტოვეს,
იმედით სავსე ადამიანს შურით შევყურებ,
გული მწყდება, რომ უმეგობროდ ვარ გაძარცული,
ხელოვნებაში ვეხარბები სხვის ნაფეხურებს,
ზოგის აწმყო მაქვს სანატრელი, ზოგის წარსული,
მოგიპარავენ, მე ხომ ვიცი ქვეყნად რა ხდება,
შენ თუ გიხილა, ანგელოსიც ქურდი გახდება.
როცა მეფეთა აკლდამებიც წარიხოცება,
ვერ აღუდგება ლექსის ძალას დრო და განგება,
ჩემს სტრიქონებში იკიაფებ, როგორც ოცნება,
ოდეს დრო – ჟამის ხავსით ქვებიც დაიჟანგება.
ქანდაკებებსაც გადაბუგავს ომის სახმილი,
გაცამტვერდება ხუროთმოძღვრის ნამოღვაწარიც,
შენ კი, ვერაფერს ვერ დაგაკლებს მარსის მახვილი,
შენ შეგიფარებს პოეზიის დიდი ტაძარი.
თვითონ სიკვდილმა ვერ შეწყვიტოს შენი ცხოვრება,
ვერ მოგერიოს სიძულვილით ბედი მსახვრელი,
შენი სახელი კაცთა მოდგმას ემახსოვრება,
განკითხვის დღემდე იდიადებს შენი სახელი.
დღე უზენაეს განკითხვისა სანამ დადგება,
შენ საცხოვრისად ჩემი ლექსი გამოგადგება.
ცოდვა დამედო, – შემიყვარდა ჩემივე თავი,
თავმოთნეობამ სული ჩემი მოინადირა
და რადგან ვატყობ, ძალა არ მაქვს გუმანთან დავის,
ამ სენისაგან ვერაფერი მიხსნის ადვილად.
ჩემზე ლამაზი სხვა არავინ არ მეგულება,
მხიბლავს ეს სახე, ღვთაებრივად ჩამონათალი,
მჯერა, რომ მართლაც სრულყოფილი შემქმნა ბუნებამ,
მჯერა, რომ ქვეყნად არ არსებობს ჩემი ბადალი.
მაგრამ როდესაც ჩემს უტყუარ სარკეს ჩავხედავ,
შევეფეთები დაბერებულ სახეს საშინელს,
მაშინვე ვხვდები, რომ გონებამ გამათავხედა
და საკუთარი თავის ტრფობა კვდება მაშინვე.
მე ჩემი თავი შენმა ტრფობამ თუ შემაყვარა,
შენი ნორჩობის გაზაფხულით ვფერავ ჭაღარას
პ.ს ვგიჟდები შექსპირზე
© T.H.E...