ეს მომენტი
გოგა - ოცდაათი წლის მამაკაცი
ნატო - მისი მეუღლე
ირინე - თხუთმეტიოდე წლის გოგონა
ჟღერს ლირიკული მელოდია. მუსიკა თანდათანობით ნელდება, გარედან ისმის წვიმის შხაპუნი, რომელიც შემდეგ ნელ-ნელა გადადის უფრო ყრუ ხმაში. იქმნება შთაბეჭდილება ოთახის მყუდროებისა. წვიმის ხმა ნელდება და წყდება. ტელეფონის ზარი.
გოგა: (უსიამო ხმით) გისმენ! ალო! ალო! გისმენ!
ნატო: (პაუზის შემდეგ შეკა-ვებული მღელვარებით) მე ვარ... (პაუზა)
გოგა: (ამოიხვნეშავს) რა ხდება?
ნატო: ამას შენ მეკითხები?!
გოგა: შენ წარმოიდგინე. მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს ათასმეერთედ მოვისმინო ათასჯერ გაგონილი.
ხმა ტელეფონიდან თანდათან გადადის ბუნებრივ ხმაში. ტელეფონში საუბარზე მიანიშნებს მხოლოდ წყვეტილი ზუმერი პაუზებში, რომელიც სუსტდება და მატულობს საუბრის ტონის დაძაბულობის კვალობაზე.
ნატო: მინდა, შეგახსენო რაღაცეები.
გოგა: კაცმა რომ თქვას, შენ სულ რაღაც-რაღაცეებს მახსენებდი ხოლმე, თუ სწორად მახსოვს.
ნატო: გეყოფა. გოგა, თეიკო უკვე დიდია, ხშირად გკითხულობს.
გოგა: გასაგებია, საქმეში ერევა მძიმე არტილერია.
ნატო: ამას ბავშვზე ამბობ?
გოგა: არა, ბავშვის ფუნქციებზე თქვენს ხელში.
ნატო: ვინ ჩვენს ხელში? ძალიან მაინტერესებს.
გოგა: თქვენი ბანაკის.
ნატო: იცი რას გეტყვი, დედაჩემს შეეშვი. რას ერჩი, ვერ გავიგე. თითქოს არ იცოდე, მამაჩემის სიკვდილის შემდეგ მას ჩემს მეტი არავინ გააჩნია. თავის კარიერაზეც კი თქვა უარი ჩემი გულისათვის. შენც კარგად იცი, როგორ გადაყოლილია ოჯახზე.
გოგა: საქმეც ისაა, რომ მას გადაყოლა ძალიან თავისებურად ესმის - მეურვეობა თვით კაპიტულაციის მოთხოვნით.
ნატო: რა გინდა მისგან ვერ გავიგე?
გოგა: როგორ აგიხსნა, მან თავის ცხოვრებაზე თქვა უარი და შენი ცხოვრებით ცხოვრობს, ოღონდ შენს მაგივრად. და ჰგონია, რომ ეს თვითშეწირვა ჩვენი ცხოვრების თავისებურად დაგეგმვის უფლებას აძლევს. Mმან შენი ცხოვრებით ცხოვრების უფლება გამოგაცალა და თავისი უმწეო ერთგულება შემოგაჩეჩა. შენ კი დათანხმდი, რადგან ყველაფერზე წახვალ, ოღონდ პასუხისმგებლობა გადააბარო ვინმეს, მითუმეტეს, თუ საზღაურად ბევრს არაფერს თხოულობენ და ვერ გაგიგიათ, რომ ამით რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს შეეხეთ: ის შენით ცხოვრობს, შენ კი მისგან გამოჭრილი თარგის მიხედვით.
ნატო: იცი რა, გოგა?! მე მგონია შენ უბრალოდ იგონებ პრობლემებს. ეს ყოველთვის კარგად გამოგდიოდა. თვითონ დებ წარმოსახვითი პრობლემების ნაღმებს და მერე გზადაბნეული თავადვე ფეთქდები.
გოგა: ნუთუ.. დავიჯერო არის ამის აუცილებლობა? შენ პრობლემას ვერ ხედავ იმაში, რომ ჩვენ კი არ ვცხოვრობთ, არამედ ვთამაშობთ ცხოვრებას სხვათა დასანახად,
გულმოდგინედ ვცდილობთ ოჯახური კეთილდღეობის შთაბეჭდილება შევუქმნათ ჩვენს მეზობლებს, მეგობრებს, მტრებს. ეს მოჩვენებითობა მე შინაგანად მარღვევს. ერთ საბედისწერო დღეს მივხვდი, რომ ცხოვრება სადღაც შორს, თავის კალაპოტში მიედინება, ჩვენ კი, აი, როგორ გითხრა, ჩვენს ბეტონის ბუნკერში ჩაკეტილები, მოჩვენებით ოჯახურ კეთილდღეობაში გათქვეფილები, თანდათან ვკარგავთ ჩვენს თავს.
ნატო: იცი რა? მე მგონი, შენ
მეტისმეტად ხარ დაკავებული შენი თავით, იმდენად, რომ სხვების არსებობა უბრალოდ დაგავიწყდა, მაგრამ ხომ არსებობს მოვალეობაც.
გოგა: გაიგე, რომ ის, ვინც თავს კარგავს, სხვას საყრდენად ვერ გამოადგება.
ნატო: (აწყვეტინებს) გუშინ თეიკომ ჩვენი ქორწილის ფოტო აიღო და ჩუმად კუთხეში მიმდგარი შენს სურათს კოცნიდა, გესმის?
გოგა: არგინდა ეხლა ეს სენტიმენტები. მე მანდ არ დავბრუნდები, თქვენს სპექტაკლში აღარ ვთამაშობ, გაიგეთ!
ნატო: შენთან ლაპარაკი არ შეიძლება.. (ხმა უწყდება)
ტელეფონის ზუმერი მატულობს, როგორც განგაშის ხმა, ძნელი მისახვედრია თვითონ გაითიშა თუ გათიშეს. პაუზა. ტელეფონს თიშავენ. სწრაფად, ნერვიულად კრეფენ. ისევ თიშავენ. ისევ კრეფენ.
ყურმილს იღებენ.
ირინე: გისმენ!
გოგა: ერთი წუთით მომისმინე, თუ შეგიძლია.. არ გათიშო! მომისმინე და შეეცადე გაიგო, ეს ალბათ ჩემი ბოლო ცდაა.
ირინე: მაპატიეთ, თქვენ მგონი იქ არ მოხვდით.
Gგოგა: (შემცბარი) ზღუდაძის ბინა არ არის?
ირინე: არა, მაგრამ მე...
გოგა: უკაცრავად, უკაცრავად!
(ისევ კრეფს, სიგნალი.)
ირინე: გისმენთ!
გოგა: (გულმოსული) კი, მაგრამ არ შეგიძლიათ გადადოთ ყურმილი?
ირინე: რა თქმა უნდა შემიძლია, მაგრამ მე მომეჩვენა, რომ თქვენ გიჭირთ, ხომ არ შემიძლია...
გოგა: ნუ შეწუხდებით, მე თვითონ მოვუვლი ჩემს პრობლემებს.
ირინე: მაპატიეთ, მგონი ცოტა გაგაბრაზეთ!
გოგა: სულაც არა, (ნაძალადევად იცინის) ბავშვები არასოდეს მაბრაზებენ.
ირინე: რა კარგია!
გოგა: მაპატიე, წეღან ცოტა უხეშად მომივიდა.
ირინე: ეგ არაფერი, გაბრაზებული ადამიანი საინტერესოა.
გოგა: ოჰო!
(ხმა ტელეფონიდან ჩვეულებრივ საუბარში გადადის)
ირინე: გაბრაზებული ადამიანი ადვილი გამოსაცნობია. აი, სერიოზულს კი ძნელად გამოიცნობ. სერიოზულები მოსაწყენი ხალხია.
გოგა: საინტერესოა. შენ რა გქვია?
ირინე: ირინე, ირა.
გოგა: ხო და, ირა, უფროსებს ბევრი მიზეზი აქვთ გასაბრაზებლად.
ირინე: მართლა?
გოგა: აი მაგალითად, რას შეიძლება იწვევდეს გაბრაზების გარდა ეს საშინელი წვიმიანი ამინდი?
ირინე: რა უცნაურია...
გოგა: რა არის უცნაური?
ირინე: ის რომ წვიმა შეიძლება საშინელი იყოს.
გოგა: ო, შენ ალბათ ძალიან გიყვარს წვიმა, არა?
ირინე: წვიმას გააჩნია. ზოგი წვიმა პატარა ბავშვივით დაუზარელად ტიკტიკებს, ზოგი, ავი მოხუცივით უკმეხია, საკუთარი უმწეობა რომ აღიზიანებს, ზოგი - მოსაწყენი, როგორც პანაშვიდის მუსიკა.
გოგა: დარწმუნებული ვარ დღევანდელი წვიმა ჩვილი ბავშვის ენით გვესაუბრება.
ირინე: ვერ გამოიცანით. დააკვირდით, თითქოს ჩიტები ჟივჟივებენ მზის ამოსვლისას.
გოგა: ო, ამაზე არ მიფიქრია.
ირინე: თქვენ იცით, რატომ მოდის წვიმა?
გოგა: არა.
ირინე: იმიტომ რომ ჩვენი სადგომის მყუდროება კიდევ ერთხელ განგვაცდევინოს, ჭერის არსებობას ხომ მხოლოდ წვიმაში ეძლევა აზრი.
გოგა: საინტერესოა, მათთვის რა მოაქვს წვიმას, ვინც გარეთ რჩება ჭერის გარეშე.
ირინე: ეგ არ ვიცი, მე წვიმაში არასოდეს ვყოფილვარ.. (ჟღერს სევდიანი მუსიკა, თითქოს რაღაცაზე მიანიშნებს)
გოგა: როგორც ჩანს, შენი მშობლები მეტისმეტად ზრუნავენ შენზე.
ირინე ეტყობა.:
გოგა: და მაინც, ჩიტებივით მოჟივჟივე წვიმის მიუხედავად, ცხოვრება მეტისმეტად ცარიელია!
ირინე: ასე მხოლოდ გაბრაზებულ ადამიანებს ეჩვენებათ, ჩიტებმა კი იციან რა უხარიათ, როცა მზის ამოსვლას ეგებებიან.
გოგა: მაინც რა?
ირინე: ისინი გრძნობენ თავიანთი ჩიტური ინსტიქტით, რომ თვითონ არსებობაშია ნეტარება, ამ სიხარულს ჟივჟივით გამოხატავენ, რადგან სხვა არაფერი შეუძლიათ.
გოგა: მაგრამ ის, რაც საკმარისია ჩიტისათვის, ძალიან ცოტა შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანისათვის.
ირინე: მაგრამ ადამიანს გაცილებით მეტის შემჩნევა შეუძლია. იცით, ვინ იცის ჩიტზე უკეთ მზის სხივის ფასი?
გოგა: არა.
ირინე: ტუსაღმა, რომლის საკანსაც ერთადერთი პატარა, გისოსებიანი სარკმელი აქვს. მან ზუსტად იცის, როდის შემოჭიატდება პირველი სხივი, საკნის რომელი კუთხიდან, როგორ დაეცემა მოპირდაპირე კედელზე, როგორ გადაცოცდება ნელ-ნელა და როდის დადნება სანთელივით. იგი ამ სხივის მოლოდინში იწყებს დილას, ამ ლოდინშია მისი ცხოვრების აზრი.
გოგა: საინტერესოა, შენ საიდან იცი ასე ზუსტად?
ირინე: მე ეს უბრალოდ წარმოვიდგინე, ჩემს პატარა ოთახში, ჩემი სარკმლის წინ.
ისევ ჩაირთვება მუსიკა რაღაცაზე მინიშნებად.
გოგა: მაგრამ ხომ არსებობს ღრუბელი, გისოსი, წუმპე ბოლოსდაბოლოს.
ირინე: ვისაც უნდა ვარსკვლავები შეამჩნიოს, მიწას უნდა აარიდოს მზერა.
გოგა: და შენ გგონია, ეს საკმარისია?, შეუძლებელია არ შეამჩნიო რისი დანახვაც არ გსიამოვნებს, თუნდაც იმიტომ, რომ ასე შეიძლება, შენც წუმპეში აღმოჩნდე ბაყაყების გვერდით.
ირინე: ის, რასაც ჩვენ წუმპეს ვეძახით, ვიღაცისათვის ბუნებრივი გარემოა, რადგან ბაყაყისათვის ჭაობს შმორის სუნი არ უდის.
გოგა: მით უარესი მისთვის - ცუდად მოყიყინე ცუდი ადამიანებისათვის.
ირინე: ცუდი ადამიანი უბრალოდ გაუგებრობაა, მათ სხვები ძერწავენ. თავიანთ წარმოდგენაში, ეჭვისა და უნდობლობის თიხით.
გოგა: ვითომ?
ირინა: რათქმაუნდა. თუ ერთ მშვენიერ დღეს ჩათვლით, რომ თქვენი მეზობელი ქალი ავია, მეორე დღეს შეამჩნევთ, როგორი აგზნებული თვალები აქვს, ან როგორ ერევა ხმაში გაწიწმატება ყვირილის დროს. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ თქვენ აიძულეთ.
გოგა: და თუ ის ნამდვილად, უჩემოდ არის ასეთი?
ირინე: ესე იგი, ვიღაც სხვამ უკარნახა.
გოგა: გამოდის, რომ ნათელი ფერებია ქვეყნად, შავი უბრალოდ არ არსებობს. ამის დასამტკიცებლად საკმარისია მხოლოდ უარყო.
ირინე: მე ასე სულაც არ ვფიქრობ, უნდა შეძლო ჩიტივით გახარებდეს მზის ამოსვლა. მასავით იგრძნო არსებობის ბედნიერება.
გოგა: ეს ყველაფერი ძალიან ადვილია, ჩემო გოგონა, როცა უზრუნველი ხარ და ყველა შენს საზრუნავს სხვები წყვეტენ. სინამდვილეში კი, ისეთივე ძველია, როგორც ბანალური. ადამიანი კი ისევ მარტოა, როგორც ყოველთვის, ისევ გაუცხოებული თავის მსგავსთაგან.
ირინე: ეს შეუძლებელია.
გოგა: (გაბრაზებული) რა არის შეუძლებელი?
ირინე: შეუძლებელია მარტო იყო, თუკი გემახსოვრება ისინი, ვისთან
თანაცხოვრებითაც არსებობ.
გოგა: ნუთუ?
ირინე: თქვენ ეს არ გჯერათ?
გოგა: მჯერა, ოღონდ მხოლოდ ტელევიზორის ცქერის დროს, თანაც ძველმოდური ფილმების ყურებისას.
ირინე: აუ, არ მიყვარს ტელევიზორი.
გოგა: რატომ? შენი ხნის ბავშვისაგან ეს უცნაურია.
ირინე: იმიტომ, რომ ტელევიზორში ადამიანები ყოველთვის ცდილობენ ისეთებად გამოჩნდნენ, როგორადაც წარმოუდგენიათ თავი., ამიტომაც სასაცილონი ჩანან. აი, ჩემს ეკრანზე კი ყველაფერი ბუნებრივია, დეკორაციებიც და ადამიანებიც.
გოგა: ეს როგორ, შენ საკუთარი არხი გაქვს?
ირინე: ჩემი ეკრანი ერთადერთია მსოფლიოში, თუნდაც იმიტომ, რომ მას ერთადერთი მაყურებელი ჰყავს.
გოგა: საინტერესოა!
ირინე: ჩემს ეკრანზე ადამიანები არ ლაპარაკობენ, ისინი მხოლოდ მოქმედებენ და გამოხატავენ, მე კი ვცდილობ ამოვიცნო მათი განცდები, წარმოვიდგინო და ვუთანაგრძნო. ისინი ცხოვრობენ და არ იციან, რომ ჩემთვისაც არსებობენ, უფრო სწორად, მე მათი ცხოვრებით ვცხოვრობ და არ შემიძლია მარტო ვიყო.
გოგა: კი, მაგრამ ვინ არიან შენი იდუმალი პერსონაჟები, სპირიტუალური სეანსის სულები?
ირინე: ვერ გამოიცანით. ჩემი მყუდრო უბნის ბინადრები, ოთახის პატარა სარკმელში რომ ჩნდებიან.
გოგა: აი თურმე რა, (იცინის) თურმე რითი ერთობი, ჩემო გოგონა. მე კი მგონია, რომ სხვათა თვალთვალი არც ისე თავაზიანი საქმეა.
ირინე: ეს თვალთვალი სულაც არ არის. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს, უერთმანეთოდ ვერ ვიარსებებთ.
გოგა: ღმერთო ჩემო, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით, ჩვენ ერთმანეთს ვაკლივართ, რა ცარიელი სიტყვებია, რისთვის მოიგონეს ადამიანებმა ეს საცდური, ალბათ გულუბრყვილოთათვის თავშესაქცევად.
ირინე: არ ვიცი, აი დეიდა მაყვალას კი ნამდვილად ეცოდინება.
გოგა: ეს შენი პერსონაჟია?
ირინე: ერთ-ერთი, მან სწორედ ახლა უნდა ჩაიაროს პურის რიგიდან დაბრუნებულმა. ხელში ამოჩემებული ნაჭრის ჩანთით, რომელიც განსაკუთრებით უყვარს, რადგან მისი გარდაცვლილი დედამთილის ნაჩუქარია. მას ამის ხასგასმა არასოდეს ავიწყდება. დედამთილის კეთილად ხსენება კი მის პრეტენზიებს ორიგინალობაზე სავსებით აკმაყოფილებს. და იცით, რა უნდა ამ წუთში ყველაზე მეტად? დარწმუნებული ვარ, ვერ გამოიცნობთ. არც დასვენება, არც ქოლგა: მას სჭირდება პურზე მიმავალი მეზობელი, ალბათ, უფრო ქალი, რომელსაც პურის რიგში მიღებულ განცდებზე ერთხელ კიდევ ეტყვის, აღშფოთებით, მისალმებისა და მოკითხვის გარეშე. აი, უკვე ჩაიარა კიდეც, ისე რომ არავინ შეხვედრია... მოპირდაპირე სახლის აივანზე ბატონი თარხუჯი გადმოდგა და ვიღაცას ხმამაღლა რაღაცას უამბობს, გრძელი ხელების შლითა და მისთვის ჩვეული მიმნდობი ღიმილით. როხროხა ხმა გაბზარვია, შესაძლოა, განზრახაც იბზარავს, რათა თავის ნასმურევ მდგომარეობას მეტი დამაჯერებლობა მისცეს. ის თავის უცნაური სახელის გამო ბევრჯერ ჩავარდნილა უხერხულ მდგომარეობაში, ვიდრე გამოსავალი თავად არ იპოვა, ახლა სხვებს ასწრებს თავის სახელზე ოხუნჯობაში. ისიც ვიღაცას ეძებს სახლში დასაპატიჟებლად, ალბათ, ასე უფრო ადვილი იქნება წუხანდელი ნაწყენი ცოლის შემორიგება, თანაც თათარიახნ სუფრაზე გაცილებით იოლია გულის გადაშლა, ეს კი ძალზე მოუოხებდა ბატონ თარხუჯის სულს, სოფელში დატოვებული მშობლების დარდი რომ ამძიმებს დროდადრო. ქვემოთ ვიღაც გამვლელს ესალმება თავის დაკვრით, ჩემს ეკრანზე ჯერ არ ჩანს... ა, ეს თიკა ყოფილა, უფრო სწორად თიკო, მაგრამ ამჯობინებს თიკა დაუძახონ, ასე უფრო თანამედროვედ მიაჩნია და იმი-
ტომ. ნაფეტვარიძეების ღობისაკენ გაუხვია აჩქარებით. იქ მისი თანაკურსელი ცხოვრობს მდგმურად. მხრები აწურული აქვს, ნერვიულად ისწორებს სველ თმას. ასეთ წვიმაში სამეცადინოდ არ გამოვიდოდა. საინტერესოა, ჩანს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეიტყო საერთო ნაცნობზე ან თუნდაც მეგობარზე, მაგალითად გაპარვა, ან ამხანაგი ბიჭის დაჭრა. წარმომიდგენია, როგორი სახით უამბობს ნაფეტვარიძეების მდგმურს. ამ სიამოვნებას იგი წინასწარ განიცდის. ახლა მას ყველაზე მეტად მსმენელი სჭირდება.
გოგა: ეს ტელეპანორამა შენთვის მეტისმეტად ნაცნობი ჩანს, მოსაწყენი არ არის?
ირინე: ადამიანთა ურთიერთობაში მუდამ არის მოულოდნელობა, ხან კი, მე თვითონ ვიგონებ. მაგრამ დროდადრო უცნობი ადამიანები ჩნდებიან, ზოგი დროებით, ზოგიც ჩემს ძველ ნაცნობებს ემატება. გუშინ ერთი საინტერესო პერსონაჟი გამოჩნდა ჩემს ეკრანზე. მას გახუნებული შავი კიტელი ეცვა და ამ კიტელთან მეტისმეტად ახალგაზრდული, ალბათ, შვილის გამონაცვალი ჯინსები., დაბალი და სუსტი ჩანდა. ასეთი ადამიანებისათვის დამახასიათებელი მოჩვენებითი მხნეობით რაღაცას ეკითხებოდა ჩვენი მეზობლის ბიჭს, უბნის ყოჩობაზე ფარულად მეოცნებე კახას. იგი რაღაცას ხელით უთითებდა, თან ცდილობდა ძველი ბიჭის იერი და დაყენებული ხმა შეენარჩუნებინა. კაცი კვლავ დაბნეული უმეორებდა რაღაცას.
კახას ეს გახსნილი სოფლურობა თანაგრძნობას უღვიძებდა, მაგრამ მის ვაჟკაცურ “თავმოყვარეობას” არაფრით არ უნდოდა ამისი შემჩნევა. კაცი აშკარად ვიღაცას ეძებდა, თან იმის ვინაობის გამჟღავნება ბოლომდე არ სურდა. და იცით, მე წარმოვიდგინე, რომ ის ოჯახიდან გამოქცეულ თავის ქალიშვილს ეძებდა, რომელიც საეჭვო მეგობართან აფარებდა თავს. ეს უკვე მეორედ მიეტოვებინა გოგოს ოჯახი. დედამისი კი სოფელში გულმოდგინედ ავრცელებდა ხმას შვილის სასწავლებლად წასვლაზე ქალაქში. მეზობლის ქალები უსიტყვოდ, შემწყნარებლური ღიმილით უსმენდნენ, ირონიით აქნევდნენ თავს, რადგან ყველამ ყველაფერი იცის... (პაუზა)
გოგა: აჰა, საინტერესოა!
ირინა: ახლა წვიმს, იშვიათად თუ ვინმე გამოივლის მყუდრო ქუჩაზე, თანაც წვიმაში ისინი სულ სხვანაირები არიან, აჩქარებულნი, როგორც მუნჯურფილმებში. მხოლოდ ბავშვებს უხარიათ ის, რაც ასე მოსწყინდათ უფროსებს. მხოლოდ ბავშვები გრძნობენ მთელი სისავსით ბუნებას. უფროსებს კი ყველაფერი ეს დავიწყებული აქვთ.
გოგა: მართლა?
ირინე: უშნოდ აწურულან ხეები, თავიანთი სიშიშვლის თუ ერცხვინებათ. სახლებიც რაღაცნაირად უღიმღამოდ გამოიყურებიან გვიან შემოდგომის პირზე. თითქოს სიცივეში იცრიცებიან, ან შესაძლოა მათ ადამიანები გადასცემენ განწყობილებას.
გოგა: დიდი ხანია, რაც ეს თამაში აღმოაჩინე?
ირინე: რაც თავი მახსოვს.
გოგა: კაცი იფიქრებს, რომ შენ სხვა საქმე არც გიკეთებია.
ირინე: ეს ასეცაა.
ირთვება ნაცნობი სევდიანი მელოდია გოგა: ნუთუ შენ.. მთელი ცხოვრება.. ასე სარკმელთან... ღმერთო ჩემო.. მე კი... როგორ...
ირინე: არ არის საჭირო.
გოგა: ნუთუ არასოდეს?... ერთი ნაბიჯიც კი?...
ირინე: არასოდეს. არ მიყვარს, როცა მითანაგრძნობენ, ანუ, როცა მოდიან ჩემთან შეწუხებული სახეებით. არასოდეს არიან ადამიანები ისე დაბნეულები, როგორც ამ დროს.მათ ჰგონიათ,, რომ თანაგრძნობა რაღაც უპირატესობას ანიჭებთ. არასოდეს მიჭირს ისე, როგორც ასეთ დროს, რადგან მეც შეწუხებული ადამიანი უნდა ვითამაშო, ეს ხომ მათ სჭირდებათ.
გოგა: როგორ არ მესმის?
ირინე: მათ სჭირდებათ თანაგრძნობა გასცენ, რათა უპირატესობა იგრძნონ. მე კი მათ გულუბრყვილობას თანავუგრძნობ, ეს მხოლოდ მე ვიცი. ეს არის ჩემი უპირატესობა.
გოგა: ნუთუ არასოდეს გიჩნდება სურვილი შენც იყო ისეთი, როგორიც სხვაა?
ირინე: არასოდეს, რადგან სიცოცხლის შეგრძნება მხოლოდ ტკივილით შეიძლება. ბედის ნებიერი ადამიანებისათვის უცნობია ტკივილის ნეტარება, მე მათ მართლა
ვუთანაგრძნობ.
გოგა: ჩემო გოგონა, მაშ, ეს შენა ხარ ის ბედნიერი ტუსაღიცა და მოჟღურტულე ჩიტიც. ეს მხოლოდ შენ იცი ნამდვილი სიცოცხლის ფასი.
ირინე: სიცოცხლე თავისთავად არის ბედნიერება. ჩვენ ან ვგრძნობთ მას, ან ვერა.
გოგა: მადლობელი ვარ ირა.
ირინე: რისთვის? (იცინის)
გოგა: არ ვიცი. შეიძლება დავრეკო ხოლმე შენთან?
ირინე: რა თქმა უნდა.
გოგა: აუცილებლად დავრეკავ, როცა გამიჭირდება.
ირინე: ოღონდ ნუღარ გაბრაზდებით, თუ ვინმესთან შემთხვევით მოხვდით, რადგან შესაძლოა, ისინი სწორედ თქვენს ზარს ელიან. მე კი ჩემი ლოდინით დაგეხმარებით, რადგან ვისაც ელიან ის უსათუოდ ბედნიერია;. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ვარსკვლავები მხოლოდ იმისთვის ანათებენ, ვისაც მათი დანახვა შეუძლია. ბედნიერება ნეტარება არ არის, იგი მისი განცდისათვის მტანჯველი მზაობაა.
ტელეფონი ითიშება. ნელ-ნელა შემოდის მუსიკა, თანდათან დაბლდება, წვიმის ხმა, ისევ მუსიკა, ტელეფონის ზარი, ხანგრძლივად. ყურმილს იღებენ.
გოგა: (გაოგნებული ხმით) გისმენ!
ნატო: მე ვარ (პაუზა)
გოგა: ნატო, შენა! რა კარგია რომ დარეკე.
ნატო: ნუთუ? ნახევარი საათია ვწვალობ. გადავწყვიტე საბოლოოდ მოგელაპარაკო. არ მინდა შენი ფილოსოფიური ექსპერიმენტების ცდის პირი ვიყო. მეც მინდა ვიცხოვრო ისე, როგორც მსურს და არა...
გოგა: (მოუთმენლად აწყვეტინებს) მომისმინე, იცი მე ბევრ რამეს მივხვდი... როგორ აგიხსნა, ჯერ მე თვითონ უნდა გავერკვე ყველაფერში. ჩვენ სულ სხვა ორიენტირებზე სწრაფვაში ვფლანგავდით დროს და ენერგიას. ცხოვრება კი სულ სხვა რამ აღმოჩნდა.
ნატო: საინტერესოა, როდის აღმოაჩინე, ამ ნახევარ საათში?
გოგა: სწორედ ახლა, მე შენ ყველაფერს აგიხსნი...
ნატო: არ არის საჭირო, ყელში ამომივიდა შენი ირონია.
გოგა: მე ახლავე წამოვალ და შენ ყველაფერს გაიგებ.
ნატო: ამ წვიმაში, რომელიც ასე გძულდა?
გოგა: სულაც არა, წვიმა, ხომ იმიტომ მოდის, რომ ჩვენი ბინის მყუდროება გვაგრძნობინოს.
ნატო: შენ რა ნასვამი ხარ?
გოგა: ცოტათი.
ნატო: ძალიან მიჭირს ვირწმუნო შენი მეტამორფოზა, შენ ხომ არასოდეს იცოდი ოჯახური მყუდროების ფასი.
გოგა: ადრე თუ გვიან, მთავარი მაინც დანახვაა, ნატო. თუ გინდა რომ ვარსკვლავები შეამჩნიო, მიწას უნდა აარიდო მზერა. ისინი ხომ მხოლოდ მათთვის ანათებენ, ვისაც მათი შემჩნევა ძალუძს.
ნატო: ნუთუ, არ გინდა ეხლა ეგ სენტიმენტები!
გოგა: დამელოდეთ. თეიკოს უთხარი არ დაიძინოს.
ტელეფონი ითიშება. კვლავ წვიმის ხმა, მუსიკა, ისევ წვიმა, რომელიც თითქოს ჩიტების ჟივჟივში გადადის.