სადაც ვნახე არსად არაა მითითებული.. არასოდეს შემხვედრია ავტორით

***
ღამის სამია საათი და წამი მეხუთე,
დრო, როცა ცის და ბინდისფერი თითქმის ერთია..
სადღაც სიცოცხლის დაბადებით სიკვდილი სუფევს
და.. ზოგჯერ სიკვდილს უკეთესი იმედი ჰქვია..
თვალებს ვხუჭავ და (ჯერ სამია, წამი მეხუთე),
არყოფნასავით მეშინია ახლა უშენოდ..
მე დამესიზმრა, რომ მოხვედი და ჩამეხუტე...
მკერდზე დაორთქლილ სიტყვებს მინდა მანამ ვუშველო,
სანამ მივხვდები, ეს სიცივე ისე მოყინავს
გამოწვდილ თითებს...(ვეღარ გაწყობ კეფის სიგრძეზე),
და ჩემს ორეულს შენს სხეულში ისე ღრმად სძინავს,
მგონია, სულაც დამივიწყე.. თუმც, რომ მინებდე
სულ ახლო წარსულს, ბოლო ჩურჩულს, ნაკადს გრძნობების,
(ფირის კადრივით გეკითხება თვალის გუგაზე),
_შენ იქნებოდი სიყვარულის ყველა წოდებით
განსხვავებული სიცოცხლის და ტკბობის "მუღამზე".
შენს მკლავებთან რომ მომახურავ ტრფობის მანტიას,
აკრძალულ ფრაზებს შეგბედავდი, როგორც ოლიგარქს,
არ ვემონები კანონებს და რამე ქარტიას,
მე შენ გარეშე სამყაროსთან დიდი ომი მაქვს.
რეცეპტს ვწერ ჩვენი ერთად ყოფნის, უკვე რამდენჯერ,
ჩვენს ბილიკებთან ქარაფები ისე ხავსდება..
გზაჯვარედინზე დავბრუნდები, თუკი გავბედე
და შენი დინჯი ნაბიჯებიც ვეღარ გამცდება..
დაგელოდები.. დამინახავ, ალბათ ზურგით მდგარს,
დაიბნევი და ღიმილები შემოგეპნევა,
ნიავის მსგავსად, თმას შეაკრთობს შენი თბილი ხმა,
(ხომ იცი, შენი სიყვარული თმებზეც მემჩნევა)..
გპარავ სიკეთის ყოველ წვრილმანს და ვიჟღინთები,
დაე, აწონონ ჩემი ცოდვა ყველას მოთხოვნით..
მე ბრალდებების უტყვი მოწმე თვითონ ვიქნები,
მთელი კოდექსით ჩამომკიდონ სულზე ბოქლომი.
ხომ მაინც ტყვე ვარ.. სიკვდილის და უფრო არყოფნის..
სამია.. წამი დაეწევა ახლა დიდ ისარს..
ამ სიცოცხლისთვის უშენობა როცა არ მყოფნის,
შენს ამონასუნთქს ვიკრავ ყელთან, როგორც თილისმას.
მ.ხ.
6.01.15
This post has been edited by Homo_Sapiens14 on 18 Mar 2015, 09:20