"საკუთარ თავს (დაბადების დღისთვის)
ქარი პოეზიას მოჰკიოდეს,
ვისთვის პლიუსი ან მინუსია.
ყოფა გაწყვეტილი თოკია და
დრო კი, დროებითი ილუზია,
სადაც დედამიწამ მითვისტომა,
რადგან ზეცა უფრო ტიხარია.
სადაც სამშობლო მაქვს თითისტოლა,
მაინც ჩემია და მიხარია.
სადაც წვიმა თითქოს მირონია,
უკრავს უნაზესი აკორდებით.
სასაცილოა და ირონია,
ლექსს აქ იშვიათად ვაგონდები.
ჰოდა, საიმედოდ დარჩენილი,
დამაქვს საკუთარი განაჩენი,
მიწა- სამარეც და მარჩენალიც,
სული - ჯალათიც და გადამრჩენიც.
ასე სტრიქონებით დავიბურე.
წლები, წლები უსათნოესია.
ღმერთო, უკვდავებად დამიბრუნე,
შენში ჩარჩენილი პოეზია."
http://urakparaki.com/Multimedia/MP3_137167379003407.mp3არჩევანი
ტალახში ნაპოვნი ოქროც-
-ოქროა,
მონაზვნად აღკვეცილი მეძავიც-
-მონაზონი.
მაღალი სინჯითა და სინდისით ირჩევიან
(სინდისი შაურია)
შენ, ძმაო, თუ დაგჭირდა, გაგებას ორაზროვანს,
რამდენიც ფიქრიც გინდა იმდენი მოაზომე.
ძირნაყარ თურაშაულს
მე ხურმა მირჩევნია!
.........
მიყავდა ცოლად
ეხატა ზეცას რძისფერი რკალი,
რეკდნენ ზარები, კიოდა მოლა
და მაჰმადიანს ქართველი ქალი,
ცოლად მიყავდა,
მიყავდა ცოლად...
დააწვა მწუხრი შამქორს და დიდგორს.
უცოდველს ხელში შერჩა ტალახი.
და იმ დღეს ერთად დადუმდნენ თითქოს,
ჩვენი ღმერთი და მათი ალლაჰი.
შექონდა ამინდს თავისი წვლილი:
წვეთავდა წვიმა როგორც გუაში.
შეჩერდა რაღაც მომენტში წყვილი,
მეჩეთისა და ტაძრის შუაში.
განგება, ზოგჯერ უაზროდ მკაცრი,
გაძლევს საბაბს და მიზეზებს სამტროს.
საქართველოში, ქართველი კაცი,
ხელებშეკრული გლოვობდა სატრფოს.
ჩვენკენ მზე იყო ცივი და მიმქრალ-
-სხივებს შთანთქავდნენ ხარბად ხეები.
ელოდებოდა შორეთში იმ ქალს,
ოქროს ქვიშა და სასახლეები.
წავიდა... პირველ ჭიკჭიკზე მერცხლის,
მაგრამ უსულო, თითქმის ფიტული
და ოცდაათი დატოვა ვერცხლი,
ქართულ მიწაზე მიმოფანტული.
ეხატა ზეცას რძისფერი რკალი,
რეკდნენ ზარები, კიოდა მოლა
და მაჰმადიანს ქართველი ქალი,
ცოლად მიყავდა,
მიყავდა ცოლად..."
"ხეები
ყველა ხეს უნდა ჰქონდეს მიზანი
და თუ არა აქვს, დე, შეეძინოს.
ზოგი ზაფხულის იყოს მისანი,
ზოგს შემოდგომის ნისლში ეძინოს.
ჰყვაოდეს ყველგან - ბარში და მთაში.
სანამ ამინდში მზე შეიპარა,
ის რა ხე არის თუკი ზამთარში,
ერთი ბეღურა ვერ შეიფარა?!"
შენ წახველ
ჩხატნი და ჭიუხვნი შემეკვრნენ საწყევრად,
ვერ დავთმე სწორფერის ქუბისფერ დალალი,
ვერ დავთმე ქალაი სხვის სათქმელ – საწერად,
ცრემლ ნამის ნაჟური, ტან–ფეხი – ხარ– ლალის.
დამსცქერის თავს ზემოთ კლდეები ფრიალო,
დამჩემდა ბეჩავსა მწვერვალზე ხეტება,
რარიგად მომინდა მაგ თმათა ფრიალი
და თვალთა – თვალებში კვალავ შემოფეთება.
შენ წახველ გზიურ და დანელად ეს გული,
დაბნელდა ცის კიდეს ვარსკვლავთა ბჭეობა.
არ იყავ შენ ქალავ ამ მთების ერთგული
და გლოვად გარდიქცა ყოველი ღრეობა.
გურამ ლაცაბიძის პოეზია
This post has been edited by suntqvа on 3 Nov 2014, 21:53