ჩემი სტუდენტი იყო. შემდეგ მეგობარი, ნასტუდენტარი.
თბილი, ბუნჩულა, სულ ღიმილიანი, დინჯი, ხალისიანი, მშვიდობისმოყვარე და სიყვარულისმოყვარე.
სულ-სულ პირველი კადრი, რაც გონებამ შემოინახა, ჯერაც კარგად გაცნობამდე, დაახლოვებამდე, შემოთამამებამდე და დამეგობრებამდე, ასეთი იყო:
უშველებელ აუდიტორიაში უამრავი სტუდენტი ზის. ტესტს ვაწერინებ. მაშინ სად იყო ტესტები და არც ამდენი სწავლაზე ორიენტირებული სტუდენტი იყო და ახალგაზრდების დიდი ნაწილიც თანაკურსელების იმედად შემოდიოდა.
შენიშვნებით რომ ვერაფერი გავაწყვე, ბოლოს ესღა მოვიფიქრე: ერთი გადალაპარაკება და ტესტს ჩამოგართმევთ-მეთქი.
შევამჩნიე, ამ გოგომ გვერდით გადაულაპარაკა. ახლავე ჩამაბარე ნაწერი-მეთქი. შეცბა. ადგა, წამოწითლდა, ხმა არ ამოუღია. დაუსრულებელი ტესტი დამიტოვა და უხმაუროდ გავიდა.
მეუცნაურა. ჟურნალისტიკაზე უფრო თამამები სწავლობდნენ და ხშირად მეკამათებოდნენ და მებუზღუნებოდნენ. ან მთხოვდნენ. ან მპირდებოდნენ, რომ მეტს აღარ იზამდნენ...
ეს კი როგორ უჩვეულოდ უჩუმრად გავიდა...
გამიკვირდა. დამამახსოვრდა და მივხვდი, რომ რაღაც ისე არ იყო.
გული ჩამწყდა, როცა მოგვიანებით გავიგე, რომ თურმე აქეთ გადმოულაპარაკეს და იქით ეხმარებოდა. ვინც დახმარება სთხოვა, ის გაიტრუნა, ეს კი ადგა და გავიდა...
მას მერე განსაკუთრებულად შემიყვარდა. ან სხვანაირად როგორ შეიძლებოდა. აი, ასეთი იყო, ზუსტად ასეთი, როგორსაც აქ ხედავთ.
ასეთი კარგი, ასეთი უშუალო, ასეთი ბუნჩულა და ასეთი თბილი...
„ბუბ“ – სულ რამდენიმე ადამიანი მომმართავს ასე, თითებზე ჩამოსათვლელი. ერთ-ერთი ნეკერა იყო.
„ბუბ“ – მხოლოდ მას რომ ჰქონდა, იმ ხმით, მოჭუტული თვალებითა და გაბადრული პირისახით...
ახლა ვიხსენებ და რამდენი სითბო და ენერგია მოუცია თურმე ამ 15 წლის მანძილზე. მთელი ცხოვრება რომ მეყოფა, იმხელა და იმდენი...
ბუბა კუდავამ დაპოსტა რამდენიმე წუთის წინ ფბ-ზე