siml11
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 7654
წევრი No.: 217047
რეგისტრ.: 11-April 16
|
#54427370 · 27 Mar 2019, 16:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
HCl
QUOTE | ევოლუციის მხრივ მონოგამია არაა სწორი, პოლიგამია სჯობს |
ევოლუციური თეორიის განვითარების საწყის ეტაპად მიჩნეულია პერიოდი, როდესაც გავრცელებული იყო სამყაროს ერთიანობისა და მისი განვითარების იდეა. ძველი სამყაროს (ჩინეთი, ინდოეთი, მესოპოტამია, ეგვიპტე, საბერძნეთი) მრავალი სწავლული და ფილოსოფოსი იზიარებდა ამ იდეას. ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე I ათასწლეულის ბოლოს ჩინეთში გავრცელებული იყო მოძღვრება თანდათანობითი ცვლილების გზით ერთი ფორმის ორგანიზმთა მეორედ გარდაქმნის შესახებ. ასევე ჩვ.წ.აღ-მდე I ათასწლეულში ინდოეთში არსებობდა ფილოსოფიური სკოლები, რომლებიც იზიარებდნენ „პირველადი მატერიიდან“ მატერიალური (მათ შორის ორგანული) სამყაროს წარმოშობისა და განვითარების იდეას. აიურვედას უძველეს ტექსტებში გადმოცემულია შეხედულება მაიმუნიდან ადამიანის წარმოშობის შესახებ. სამყაროს ერთიანობისა და განვითარების იდეა სრულყოფილი სახით წარმოდგენილია ანტიკური ფილოსოფოსებისა და სწავლულთა (ჰერაკლიტე, ემპიდოკლე, დემოკრიტე, ლუკრეციუსი, არისტოტელე და სხვ.) შრომებში. მათ მიერ მოცემულია მახვილგონივრული მოსაზრებანი ორგანულ სამყაროზე. ამ ეტაპისათვის დამახასიათებელია ორგანული ბუნების შემეცნებისადმი ანალიტიკური მიდგომა. იგი ძირითადად წარმოადგენდა აზროვნების ნაყოფს და არ ემყარებოდა ცოცხალ ბუნებაზე უშუალო დაკვირვებას, მათ განზოგადებას. ამდენად ძველი სამყაროს სწავლულები არ შეიძლება მივიჩნიოთ თანამედროვე ევოლუციონისტების უშუალო წინამორბედებად.
XVII ს. დასაწყისიდან XIXს. შუა წლებამდე, სისტემატიკის, შედარებითი ანატომიის, ბიოგეოგრაფიის განვითარებამ ხელი შეუწყო ფაქტობრივი მასალის დაგროვებას. მომდევნო ეტაპზე ჩამოყალიბდა შეხედულებათა სისტემა - ტრანსფორმიზმი - მოძღვრება ორგანულ ფორმათა ცვალებადობისა და ერთი სახეობის მეორე სახეობად გარდაქმნის შესახებ. იგი შეიცავდა ევოლუციური იდეის ჩანასახს. ტრანსფორმიზმის იდეის მიმდევართა (რ.ჰუკი, ე.დარვინი, დ.დიდრო, ჟ.სენტ-ილერი, ი.გოეთე და სხვ.) შეხედულებები ზოგჯერ ანტიკური და შუასაუკუნეების სწავლულთა და ფილოსოფოსთა შეხედულებებს ეფუძნებოდა. ტრანსფორმისტები აღიარებდნენ ორგანიზმთა გარდაქმნას, მაგრამ სათანადო არგუმენტებით ვერ ასაბუთებდნენ. მართალია, მათ ვერ შექმნეს სრული ევოლუციური კონცეფცია, მაგრამ გამოიკვეთა ევოლუციური თეორიის ძირითად პრობლემათა სფერო. კერძოდ: ორგანიზმთა ევოლუციის არსი და მიზეზები, ორგანიზმთა მიზანშეწონილობისა და მრავალფეროვნების მიზეზები, ცალკეულ სახეობათა შორის მსგავსებისა და განსხვავების მიზეზები, პროგრესული ევოლუციის და განვითარების სხვადასხვა დონეზე მყოფ ორგანიზმთა ერთდროულად არსებობის მიზეზები, ცალკეულ სახეობათა ამოწყდომის მიზეზები. ამ პრობლემების არსში ჩაწვდომამ და მეცნიერული დონის შემდგომმა განვითარებამ მოამზადა ნიადაგი ახალი ეტაპისათვის. კერძოდ, ხელი შეუწყო ევოლუციური თეორიის პირველი კონცეფციების ჩამოყალიბებას.
პირველი სრული და თანმიმდევრული ევოლუციური თეორიის ფუძემდებელია ჟან ბატისტ ლამარკი (1744-1829), რომლის ძირითადი დებულებები დასრულებული სახით გადმოცემულია შრომაში „ზოოლოგიის ფილოსოფია“ (1809). ლამარკის ევოლუციური კონცეფცია მოიცავს ორგანული სამყაროს განვითარების მთელ პერიოდს სიცოცხლის წარმოშობიდან, ადამიანის წარმოშობის ჩათვლით. ლამარკის კონცეფციით ორგანიზმები ცვალებადია, სახეობა (ასევე სხვა სისტემატიკური კატეგორიები) პირობითია და თანდათანობით სხვა სახეობებად გარდაიქმნებიან. ლამარკის აზრით, უმარტივესი ორგანიზმები თვითჩასახვით არაცოცხალი მატერიიდან წარმოიქმნებიან. მისი თეორიის მიხედვით ორგანიზმები იცვლებიან და ვითარდებიან უმარტივესიდან ურთულესისაკენ, ნაკლებ სრულყოფილიდან უფრო სრულყოფილისაკენ ორგანიზაციის დონის ამაღლების - „გრადაციის“ გზით. ევოლუციის მამოძრავებელ ძალად ლამარკს მიაჩნდა თვით ორგანიზმებში არსებული სწრაფვა სრულყოფისაკენ“, განვითარების პროცესში მათი გარდაქმნის მიზეზად გარემოს პირობების უშუალო ზემოქმედებით გამოწვეულ ცვლილებებს თვლიდა. გარემო პირობები თავისი ზემოქმედებით ცვლის და არღვევს გრადაციის ბუნებრივ მსვლელობას. მცენარეებსა და დიფერენცირებულ ნერვულ სისტემას მოკლებულ ცხოველებზე გარემო უშუალოდ მოქმედებს და შეგუებით ცვლილებებს იწვევს. ნერვული სისტემის მქონე ცხოველებზე გარემოს ცვლილება ქცევებისა და ჩვევების შეცვლას იწვევს. ვარჯიშის შედეგად შესაბამისი ორგანო იცვლება საჭირო მიმართულებით (მაგ., ჟირაფის, გედის, ბატის გრძელი კისერი, წყლის ფრინველთა თითებს შორის საცურავი აპკი და სხვ.). უვარჯიშობით კი ორგანო სუსტდება, კნინდება და ქრება (მაგ., თხუნელას თვალი, სირაქლემას ფრთები, გველის კიდურების უქონლობა და სხვ.), (ე.წ. პირველი კანონი). ეს ცვლილებები მემკვიდრეობით გადაეცემა (ე.წ. მეორე კანონი). მოგვიანებით, გენეტიკური გამოკვლევებით დადგინდა, რომ გარემოს ზემოქმედებით გამოწვეული ორგანოთა ცვლილება მოდიფიკაციაა და შეძენილი ნიშან-თვისებები არ მემკვიდრეობს. ლამარკის კონცეფციით, ადამიანი რომელიღაც უმაღლესი მაიმუნიდან წარმოიშვა. იგი ანთროპოგენეზის ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორად ზეამართულ სიარულზე გადასვლას და მეტყველებას მიიჩნევდა.
ამრიგად, ლამარკის თეორია სწორად ასახავს ევოლუციის პროცესის რეალურად არსებობას, მაგრამ ვერ იძლევა მისი მიზეზების მართებულ ახსნას. ვინაიდან ლამარკის ევოლუციური კონცეფცია სუსტად იყო არგუმენტირებული, თანამედროვეთა შორის აღიარება ვერ პოვა და იგი დავიწყებას მიეცა.
მეცნიერულად დასაბუთებული ევოლუციური კონცეფცია მხოლოდ XIXს. მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა. საკუთარი დაკვირვებების, თავის დროის მეცნიერული ცოდნისა და სელექციის მიღწევათა განზოგადების საფუძველზე ჩარლზ რობერტ დარვინმა (1809-1882) ჩამოაყალიბა ევოლუციური კონცეფცია. თეორია გადმოცემულია ტრილოგიაში: სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთშეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში“ (1859); „შინაური ცხოველებისა და კულტურული მცენარეების შეცვლა“ (1868); „ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა“ (1871).
ჩ. დარვინი „სახეობათა წარმოშობაზე“ დაახლოებით ოც წელს (1837-58) მუშაობდა. 1858 წ. 18 ივნისს ჩ. დარვინმა მიიღო ინგლისელი ზოოლოგის ალფრედ რასელ უოლესისაგან (1823-1913) სტატია, რომელშიც ევოლუციის იგივე კონცეფცია იყო გადმოცემული. ნაშრომში იდეა ნათლად იყო ჩამოყალიბებული, ხოლო შესრულებული იყო ნაჩქარევად. ავტორი სთხოვდა დარვინს სტატია გადაეცა გამოჩენილი გეოლოგისათვის, ჩ. ლაიელისათვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ კონცეფციამდე ორივე ავტორი თომას რობერტ მალთუსის (1766-1834) ნაშრომმა „ხალხთმოსახლეობის ბუნებრივი კანონი“ (1822) მიიყვანა. დადგა პრიორიტეტის პირველაღმომჩენის საკითხი. დარვინს შეეძლო სტატიის გადაცემა საკუთარი ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ, რაც მან არაკეთილსინდისიერად მიიჩნია და უოლესს თხოვნა შეუსრულა. ორივე ავტორმა თავიანთი თეორია 1858 წ. 1 ივნისს მოახსენეს ლონდონის ლინეს საზოგადოებას და დაიბეჭდა ამავე წელს საზოგადოების აგვისტოს შრომათა კრებულში. მოგვიანებით უოლესი წერდა, რომ ევოლუციის თეორიაზე დარვინი გაცილებით ადრე მუშაობდა და პრიორიტეტი მას ეკუთვნისო. მანვე შემოიტანა ევოლუციის თეორიის აღსანიშნავად ტერმინი „დარვინიზმი“. ხშირად ევოლუციის ამ კონცეფციას დარვინ-უოლესის თეორიას უწოდებენ.
ამ კონცეფციის თანახმად ევოლუციის ფაქტორებია მემკვიდრულობა, ცვალებადობა და ბუნებრივი გადარჩევა. მექანიზმი, რომელიც წინარე სახეობიდან ახალი სახეობების წარმოშობას აპირობებს, არის ბუნებრივი გადარჩევა. ბუნებრივი გადარჩევის პრინციპი სამ მთავარ დაკვირვებასა და ორ დასკვნაზეა დაფუძნებული.
დაკვირვება 1. დარვინმა შენიშნა, რომ ყოველ ინდივიდს დიდი რეპროდუქციული პოტენციალი გააჩნია. მათ გეომეტრიული პროგრესიით გამრავლების უნარი აქვთ.
დაკვირვება 2. ყოველ სახეობაში ინდივიდთა რაოდენობა თაობათა მანძილზე თითქმის უცვლელია. რეალურად არსებულ ინდივიდთა რაოდენობა არ შეესაბამება გამრავლების ინტენსიობას (ჩნდება მრავალი შთამომავალი, მაგრამ სქესობრივ მომწიფებას მხოლოდ ერთეულები აღწევენ).
დასკვნა 1. ვინაიდან მშობლები დიდი რაოდენობით იძლევიან შთამომავლობას, ხოლო ზრდასრულ ასაკს ერთეულები აღწევენ, მათ შორის წარმოებს კონკურენცია საარსებო რესურსებისათვის, ანუ მიმდინარეობს „არსებობისათვის ბრძოლა“.
დაკვირვება 3. დარვინმა შენიშნა, რომ ერთსა და იმავე სახეობაში ორი აბსოლუტურად იდენტური ინდივიდი არ გვხვდება. შეინიშნება ნაირგვარობა (პოლიმორფიზმი), სხვაგვარად, ცვალებადობა ცოცხალი ბუნების ერთ-ერთი თვისებაა. თუ განსხვავდებიან ზრდასრული ფორმები, იმავე მოვლენას უნდა ვხვდებოდეთ მოზარდებშიც.
დასკვნა 2. არსებობისათვის ბრძოლაში იმარჯვებენ ის ინდივიდები, რომელთაც მოეპოვებათ სასარგებლო ნიშან-თვისებები, რითაც უკეთ ეგუებიან გარემო პირობებს და ამიტომ, ისინი დიდი რაოდენობით ტოვებენ შთამომავლობას, ე.ი. მათ „რეპროდუქციული უპირატესობა“ აღენიშნებათ ნაკლებ შეგუებულებთან შედარებით. დროთა განმავლობაში ამ პროცესის მრავალჯერადი განმეორება საზიანო ვარიაციების ელიმინაციას, და სასარგებლო ვარიაციების გადარჩენას იწვევს. უკეთ შეგუებულთა გადარჩენა არსებობისათვის ბრძოლაში ბუნებრივი გადარჩევის საფუძველია.
დარვინმა დამაჯერებლად აჩვენა, რომ ბუნებრივი გადარჩევის მეშვეობით შესაძლებელია აიხსნას ორგანული სამყაროს ყველა მახასიათებელი, ტაქსონომიურ-იერარქიული სისტემიდან მოყოლებული, ფარშავანგის კაშკაშა შეფერილობის წარმოშობით დამთავრებული, როგორც რუდიმენტული ორგანოების არსებობა, ისე დედამიწაზე ორგანიზმთა განსახლების თავისებურებანი. დარვინის მეცნიერული მემკვიდრეობა მეტყველებს იმაზე, თუ როგორ ღრმად და მრავალმხრივ სწავლობდა იგი ბუნებას, რაოდენ დიდი იყო მისი სამეცნიერო ერუდიცია. ასევე განსაცვიფრებელია მისი თეორიული ნოვატორობა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად დარვინ-უოლესის კონცეფცია სწრაფად დამკვიდრდა მეცნიერებაში და საფუძვლად დაედო თანამედროვე ბიოლოგიას. დარვინის თეორია განუწყვეტლივ ვითარდება და მასში შეიძლება სამი პერიოდი გამოვყოთ: რომანტიკული, უარყოფისა და სინთეზური თეორიის (ნეოდარვინიზმი).
რომანტიკული პერიოდის (1859-1900) ბიოლოგიაში ჩამოყალიბდა ახალი მიმართულებები და დისციპლინები: ევოლუციური ემბრიოლოგია, ეკოლოგია, ევოლუციური პალეონტოლოგია, ბიოცენოლოგია, ისტორიული ბიოგეოგრაფია და სხვ. დადგენილ იქნა მნიშვნელოვანი კანონზომიერებები: ალოგენეზისა და აროგენეზის წესი, ბიოგენეზური კანონი, არასპეციალიზირებული წინაპრიდან წარმოშობისა და პროგრესული სპეციალიზაციის წესი, ევოლუციის შეუქცევადობის პრინციპი, ორგანოთა მულტიფუნქციონალობის და ფუნქციათა შეცვლით ორგანოთა ევოლუციის პრინციპი და სხვა. ამ პერიოდში დარვინის ევოლუციურმა თეორიამ კლასიკური სახე მიიღო.
შემდგომი პერიოდი (1901-20-იანი წლები) კლასიკური დარვინიზმის უარყოფის სახელწოდებით მოიხსენიება. დარვინის კონცეფციის ქვაკუთხედი ბუნებრივი გადარჩევის თეორიაა. ამ პერიოდში დაიწყო გადარჩევის როლის მკაცრი კრიტიკა, რასაც რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. რომელთაგან მთავარი ის იყო, რომ ცოცხალი ბუნების ორ ძირითად თვისებაზე - მემკვიდრულობასა და ცვალებადობის შესახებ მეცნიერული თეორია არ არსებობდა. გენეტიკასა და ევოლუციურ თეორიას შორის კონფლიქტი ძირითადად გენეტიკოსების მიერ ორი ძირითადი აღმოჩენის მემკვიდრეობის კორპუსკულური ბუნების დადგენისა და მუტაციური ცვალებადობის გამოვლენის არასწორმა ინტერპრეტაციამ გამოიწვია. საჭიროა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ დარვინის სიცოცხლეში შოტლანდიელმა მათემატიკოსმა ფ.ჯენკინმა გამოაქვეყნა სტატია (1867), რომლითაც უარყოფდა ბუნებრივი გადარჩევის თეორიას. მას თავის თანამედროვეთა მსგავსად მემკვიდრეობა განზავების უნარის მქონე სითხედ წარმოედგინა. იგი შემდეგნაირად მსჯელობდა: შემთხვევით წარმოქმნილი მემკვიდრული ცვლილება, რომელიც ბუნებრივ გადარჩევას უნდა დაექვემდებაროს, ერთეულია. ორი ერთნაირი მემკვიდრული ცვლილების მქონე ინდივიდის შეჯვარებით შთამომავლობის წარმოქმნის ალბათობა ძალზე მცირეა. თუ ერთ მშობელს ახალი A ნიშანი ექნა, შვილებს ამ ნიშნის A/2 (ნახევარი) აღმოაჩნდებათ, შვილიშვილებს A/4 (მეოთხედი), შვილთაშვილებს A/8 და ა.შ. ამრიგად, ყოველ მომდევნო თაობაში ძველთან შეჯვარების კვალობაზე ახალი ნიშანი თანდათანობით განზავდება ძველში და ბოლოს გაქრება. ჯენკინის ამ მოსაზრების უკუგდება მხოლოდ გენეტიკის მონაცემებით შეიძლებოდა.
არსებობდა სხვა შრომებიც, რომლებშიც აკრიტიკებდნენ დარვინიზმს. კერძოდ, გენეტიკის ფუძემდებლებმა (ჰ. დე ფრიზი, უ. ბეტსონი, ვ. იოჰანსენი) ვერ შეძლეს მართებულად შეეფასებინათ თავიანთი აღმოჩენის უმნიშვნელოვანესი როლი ევოლუციური თეორიის განვითარებაში. ვ.იოჰანსენმა ჩატარებული ცდებით (1903) დაასაბუთა გადარჩევის არაეფექტურობა „წმინდა ხაზებში“. ჰ. დე ფრიზმა „მუტაციური თეორია“ დაუპირისპირა ბუნებრივი გადარჩევის თეორიას. მისი აზრით, მუტაციები უშუალო დასაბამს აძლევენ ახალ გარემო პირობათა მიმართ შეგუებულ სახეობებს.
This post has been edited by siml11 on 27 Mar 2019, 16:57
--------------------
i feel free that's what i want to feel every day of my life
|