დაიდო მეგობრებო. ძალიან ადრე, მაგრამ დაიდო ინტერნეტში. პირატებს რას გამოაპარებ.
არ ველოდი ასე ადრე, მაგრამ დანახვისთანავე ვეცი. აბა რას ვიზამდი.
Paradise Lost - Medusa (2017) 
1. - Fearless Sky - მძიმე, ტრადიციული დეს-დუმის ატმოსფერო და მიმკვდარი, გატანჯული ვოკალი არაჩვეულებრივად გადმოსცემს თემატიკას, რისი თქმაც რეალურად სურს ჯგუფს. ტრეკი ყველაზე გრძელია ჯგუფის დისკოგრაფიაში და აშკარად არ არის ძალით გაწელილი. 8 წუთ ნახევარი გადის არცერთი დაკარგული წამით. ერთმანეთს ენაცვლება როგორც ქლინ ვოკალი, ასევე დრაკონიან თაიმსის დროინდელი სქრიმები. ძლიერ, დუმ-დეს ფონს თან ჰყვება მაკინტოშის იდეალური სოლო პარტიები.
2. - Gods Of The Ancient - ისევ დეს-დუმი. პირველი 3 წუთი მძიმე, ნელი ტემპით ჰყვება ჰოლმსი ფონს. შემდეგ ყველაფერი იცვლება. მაკინტოში აქაც არაჩვეულებრივ ბექ-გრაუნდს ქმნის. დასაწყისიდან ბოლომდე საკმაოდ ვრცელი ტრეკი არცერთ წამს არ ტოვებს სიცარიელეში.
3. - From The Gallows - წინა ორისგან განსხვავებით უფრო მელოდიური და ტემპური საწყისები აქვს. მეტად ამყოლი შესავალი თითქოს არაჩვეულებრივი ალბომის ფინალურ მონაკვეთს ქმნის, მელოდიურ საწყისებს ისევ ჰოლმსის გროული აგრძელებს ქეთჩი ვოკალური შესვლებით. სიმღერა განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო ტრაგიკული და მელანქოლიური ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ის იდეა რაც სიმღერას აქვს თემატურად, ბრწყინვალედაა აღბეჭდილი როგორც ჰოლმსის დრამატულ ვოკალში, ისევე მაკინტოშის პარტიებში. ჭეშმარიტად ტრაგიკულად სრულდება სიმღერა, ჰოლმსის უკანასკნელი ამოსუნთქვით.
4. - The Longest Winter - ალბომის პირველი სინგლი. როგორც წესი ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიცია ლიდ სინგლად გამოდის ხოლმე. თუმცა ვერ ვიტყვი, ეს წინა სამ ტრეკს ჯობდეს. თუმცა გაცილებით უფრო მეტად ერგება ჯგუფის მუსიკალურ "პიროვნებას" ვიდრე ალბომის ხასიათს. ალბათ ამიტომაც აირჩიეს ლიდ სინგლად. რაც შეეხება სიმღერის ხასიათს, ბრწყინვალე კომბინაციაა ჰოლმსის ორივე ვოკალის, სადაც კვლავ მაკინტოშის არაამქვეყნიური პარტიები ერევა და ჰოლმსის დრამატულ პარტიებს შესანიშნავ ტანდემს უკეთებს. პირველი წუნი და ალბათ მეტისმეტად "მომთხოვნი" მსმენელისთვის, ეს იყო ერთ-ერთი მონაკვეთი ვოკალური პარტიიდან. Feeling So Alive, მეტისმეტად გაწელილი და ერთი შეხედვით დაუსრულებელი ლაინია, მითუმეტეს რომ ლაივ-პერფორმანსზე აშკარად შემოკლდება.
5. - Medusa - ალბათ ყველაზე მოშორებული ტრეკი ალბომიდან. ტრეკს ხსნის ამჯერად მაკინტოში და აშკარაა რომ წამყვანიც სწორედ მისი პარტიაა და არა ჰოლმსის ვოკალი, რომელიც განსხვავებით სხვა ტრეკებისგან, ჭარბად ქლინია. იქნებოდა ეს კომპოზიცია მთლიანად სწორხაზოვნად ერთი და იგივე, რომ არა შუა განვითარება შუა მონაკვეთში. სადაც მაკინტოშიც და ჰოლმსიც ცვლიან დინებას და მალევე სრულიად იცვლება სიმღერის კონსტრუქცია, მაგრამ ხასიათი არ იკარგება. აქვეა წყნარი პიანო პარტია, რომელიც თითქოს მოდუნების საშუალებას უნდა იძლეოდეს. არაჩვეულებრივი ტრეკია.
6. - No Passage For The Dead - დასაწყისი იძლევა ეფექტს თითქოს ყველაზე ენერგიული ტრეკი უნდა იყოს Medusa-ს მიერ გამოწვეული მოთენთილობისგან გამოსასვლელად. მაგრამ ესეც მსგავსად პირველი კომპოზიციისა, ჭუჭყიან შეგრძნებას ტოვებს. დეს-დუმია, ისეთი დეს დუმი, რომელიც არცერთი წამით არ გაშორებს Paradise Lost-ის ჩვეულ მძიმე-წყარ სინთეზთან. მომენტებში გროულს ბექ-გრაუნდად მელოდიური წამღერება ერთვება. თუმცა ძირითადი ასპექტი აქ მაინც ჰოლმსის მონოტონურ "თხრობას" უჭირავს. რათქმაუნდა არის რითმ-გიტარის და დრამის წყობაც, რომლებიც ალბათ პირველად ამოდიან ზედაპირზე. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მოსასმენი ტრეკი ალბომიდან. ნამდვილად არა-საუკეთესო.
7. - Blood And Chaos - ფინალამდე ესღა რჩება. ენერგიული კომპოზიციაა და ნამდვილად დროული. ჰოლმსი ასე თუ ისე მივიწყებულ და გადაკარგულ ძველებურ ბოხ სიმღერას მიმართავს მონაკვეთებში. მსგავსად ალბომებისა In Requiem , Faith Divides Us - Death Unite Us. ალბათ ჰოლმსის სხვადასხვა სახეების ერთ-ერთი საუკეთესო კომბინაციაა. უჭირავს საშუალო. სიმღერა სხვებისგან განსხვავებით უფრო ქეთჩი და მელოდიურია.
8. - Until The Grave - ფინიშზეც მოვედით. რათქმაუნდა დასაწყისისთანავე ეტყობა, რომ მიზანი იყო კარგი ალბომის კარგად დასრულება. იწყება "თხრობის" რეჟიმით. თხრობიდან მელოდიურ ეტაპზე გადასვლაც არაჩვეულებრივად დროულია. დრამატიზმი შემოაქვს მაკინტოშის პარტიას, რომელსაც ეიდის რითმი მშვენივრად ენაცვლება. ასევე მონაცვლეობით გრძელდება ტრეკი. შუამდე არ ეტყობა ისეთი ეპიკურობა, როგორიც ჰქონდა მაგალითად ტრეკს Return To The Sun ალბომიდან The Plague Within. მაგრამ დასრულებამდე არაჩვეულებრივი Draconian Times-ეული პანიკური ბრეიქდაუნი და მაკინტოშის საფირმო პარტიები ერთვება. The Light follows day და ეპიკური რითმული ფინალიც ჰოლმსის განწირულ ხავილთან ერთად ასრულებს ალბომს.
Medusa არაჩვეულებრივი ალბომია. უაღრესად ნასიამოვნები და კმაყოფილი დავრჩი პირველივე მოსმენით, რაც თითქმის არასდროს ხდება. იცით, როგორ მიყვარს ეს ბენდი და ყოველთვის გარკვეული შიში მაქვს, რომ მომდევნო ალბომს რაღაც დააკლდება. მე გაოცებული და გახარებული ვიყავი The Plague Within-ის შესანიშნავი ხასიათით, მითუმეტეს რომ ვიცოდი ეს იყო ბენდის სარისკო ნაბიჯი წლობით ნაშენები კონსტრუქციიდან ფართო ნახტომი წარსულში აწმყოდან მიღებული გამოცდილებით. Medusa სწორედ ის სახურავია რაც ამ კარგი ნებისყოფით აშენებულ კონსტრუქციას სჭირდებოდა.
ალბომის თითეული ეპიზოდი ჯგუფის ერთგული მსმენელისთვის ნაცნობი უნდა იყოს. არა იმიტომ, რომ რაიმეს იმეორებენ, არამედ იმიტომ რომ თითოეულ ეპიზოდში იგრძნობა მრავალწლიანი გამოცდილება.
10/10 სუბიექტური, ჩემი სიყვარულით და ღრმა პატივისცემით მინიჭებული შეფასება.
გილოცავთ Paradise Lost-ის ქართველო მსმენელებო, - ეს კარგი ალბომია.
გადმოსაწერი ლინკი სპოილერში
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by Glorfindel on 27 Jul 2017, 15:34