კარგა ხანია ასეთი უადგილო პოსტი არ მინახავს
ბლია
* * *
მადონა
მადონა, სრული სახელი: მადონა ლუიზა ჩიკონე (დ. 16 აგვისტო, 1958) — ამერიკელი დანს პოპ მომღერალი და კომპოზიტორი, მოცეკვავე, მუსიკალური- და კინოპროდიუსერი და მსახიობია. ცნობილია ინოვაციური მუსიკალური ვიდეოებითა და საგულდაგულოდ დადგმული წარმოდგენებით. ასევე, საკუთარ შემოქმედებაში სკანდალური ხასიათის პოლიტიკური, სექსუალური და რელიგიური თემატიკის გამოყენებით. ჩვეულებრივ, მას „პოპის დედოფალს“ უწოდებენ.
მსოფლიო მასშტაბით გაყიდული 175 მილიონი ალბომისა და 75 მილიონი სინგლის წყალობით, "გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა" მადონა "ყველა დროის ყველაზე წარმატებულ სოლო მომღერალ ქალად" დაასახელა, ხოლო 2007 წელს, იგივე "გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა" და მუსიკალურმა ჟურნალმა ”ბილბორდმა” მადონა "ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან სოლო მომღერალ ქალად" აღიარა. ბიზნეს-ჟურნალ ”ფორბსის” მონაცემებით, ამერიკელი მომღერლის ქონება 325 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მეტიც, მადონას კიდევ ერთ რეკორდს მიაწერენ — "მომღერალი ქალის მიერ ჩატარებული ყველაზე შემოსავლიანი საკონცერტო ტურნე" — მისმა მსოფლიო ტურნემ "Confessions Tour"-მა ორგანიზატორებს 260.1 მილიონი აშშ დოლარი მოუტანა.
ცხოვრების ადრეული წლები
მადონა ლუიზა ჩიკონე დაიბადა ბეი სითიში, მიჩიგანი, აშშ. იგი მესამე ბავშვი იყო კრაისლერის ინჟინრის, იტალო-ამერიკელი სილვიო "ტონი" ჩიკონეს და კვებეკელი მადონა ლუიზა ფორტინის რვაშვილიან ოჯახში (მისი დედმამისშვილებია: მარტინი, ენტონი, ქრისტოფერი, პაულა, მელანი, მარიო და ჯენიფერი).
ის დეტროიტის პერიფერიებში — პონტიაკსა და ეივონ თაუნშიფში (ამჟამად როჩესტერ ჰილზი), კათოლიკურ ოჯახში აღიზარდა. მადონას დედა 1963 წლის 1 დეკემბერს, 30 წლის ასაკში მკერდის კიბოთი გარდაიცვალა. მოგვიანებით, მამამისმა ცოლად ოჯახის მოახლე — ჯოან გუსტაფსონი შეირთო და ერთად მათ კიდევ ორი შვილი შეეძინათ.
მადონამ მკაცრი მამის დაყოლიება მოახერხა და მან ბალეტის გაკვეთილებზე სიარულის ნებართვა მიიღო. მის ბალეტის მასწავლებელს — ქრისტოფერ ფლინს მადონა გეი-დისკოთეკებზე გამოყავდა. პარალელურად, იგი როჩესტერის ადამსის სახელობის სკოლაში სწავლობდა, სადაც იგი სანიმუშო ფრიადოსანი და მხარდამჭერი რაზმის წევრი იყო.
პირველივე კურსიდან მადონამ მიჩიგანის უნივერსიტეტი მიატოვა და 1978 წელს ნიუ იორკში მოცეკვავის კარიერის გასაგრძელებლად გაემგზავრა. მოგვიანებით, მადონამ ამ ფაქტს ასეთი კომენტარი გაუკეთა:“ როცა ნიუ-იორკში აღმოვჩნდი, პირველად ვიმგზავრე თვითმფრინავით, პირველად გავაჩერე ტაქსი, ყველაფერი პირველად ხდებოდა. და აქ ჩამოსულს, ჯიბეში მხოლოდ 35 დოლარი მქონდა. ეს ჩემი ყველაზე გაბედული საქციელი იყო.
მას ცოტა ფული ქონდა და ამიტომაც, გარკვეული დროის მანძილზე სიღატაკეში ცხოვრობდა; მუშაობდა დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე, მათ შორის დანკინს დონათშიც. ასევე პოზირებდა შიშველი, სწავლობდა მართა გრეჰემთან და პერლ ლანგთან. მოგვიანებით კი მოდერნ ბალეტის მოცეკვავეების რამდენიმე დასთან ერთად გამოდიოდა. მათ შორის იყვნენ ელვინ ეილი და უოლტერ ნიკს დენსერსი.
ფრანგი დისკო არტისტის, პატრიკ ჰერნანდესის 1979 წლის მსოფლიო ტურნეში მოცეკვავეს სტატუსით მონაწილეობისას, მადონამ გაიცნო მუსიკოსი დენ გილროი, რომელთან ერთადაც მოგვიანებით თავისი პირველი როკ ჯგუფი "ბრეკფასტ კლაბი" ჩამოაყალიბა. ამ ჯგუფში მადონა მღეროდა და გიტარასა და დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა. მოგვიანებით კი თავის ყოფილ ბოიფრენდთან, დრამერ სთივენ ბრეისთან ერთად, 1980 წელს ჯგუფი "ემმი" დააარსა. ბრეისთან ერთად, ის საცეკვაო მუსიკას ქმნიდა, რომლითაც ნიუ იორკის დისკოთეკები დაინტერესდნენ. დიჯეი და მუსიკალური პროდიუსერი მარკ კამინსი მოხიბლული დარჩა მისი დემო ჩანაწერებით და მადონა ხმისჩამწერი კომპიანია "საია რეკორდს"-ის დამფუძნებელს, სეიმურ სტაინს წარუდგინა.
პროფესიული კარიერა
1980-1985 წწ. — გზა წარმატებისკენ
1982 წელს მადონამ შეერთებულ შტატებში, ხმისჩამწერ კომპანია ”საია რეკორდსთან” (ახალი ტალღის ლეიბლი, რომელიც "უორნერ ბრაზერს რეკორდსს" ეკუთვნოდა) სინგლების გამოშვებაზე კონტრაქტი გააფორმა. კომპანიამ მას თითო სიმღერისთვის 5 000 აშშ დოლარი გადაუხადა. მადონას პირველმა სინგლმა ”Everybody” (1982 წლის 24 აპრილი), რომელიც მომღერალმა თვითონვე დაწერა და რომლის პროდიუსერიც მარკ კამინსი იყო, ”ბილბორდის” საუკეთესო საცეკვაო და საკლუბო მუსიკის ჰიტ-აღლუმების ლიდერად იქცა, თუმცა იმავე ”ბილბორდის” საუკეთესო ასეულში ვერ მოხვდა. ამ სიმღერას ასევე აშშ-ს რიტმ-ენდ-ბლუზ რადიოსადგურები გადასცემდნენ, რის გამოც ბევრს ეგონა, რომ მადონა შავკანიანი მუსიკოსი იყო. 1983 წელს გამოსულმა ორმხრივმა 12-ინჩიანმა ვინილის სინგლმა, რომელშიც შესული იყო ”Burning Up” და “Physical Attraction”, აშშ-ს საცეკვაო მუსიკის ჰიტ-აღლუმების სათავეები დაიპყრო. ამ შედეგებმა ”საია რეკორდსის” ხელმძღვანელობა დაარწმუნა იმაში, რომ ალბომის გამოშვება უნდა დაეფინანსებინათ.
თავდაპირველად მისი სადებიუტო ალბომის, ”Madonna”-ს (სადაც შესული იყო საცეკვაო სიმღერები) პროდიუსერი იყო რეგი ლუკასი, მაგრამ მოგვიანებით ორივე მიხვდა, რომ ისინი მუშაობისას ერთმანეთს ვერ ეწყობოდნენ. როდესაც ალბომის საწყის მასალაზე მუშაობა დასრულდა, მადონამ თავისი ჩანაწერები იმხანად თავის ბოიფრენდს, ჯონ ”ჯელიბინ” ბენიტესს მოასმენინა, რომელმაც ალბომი გამიქსა და ახალი არანჟირება გაუკეთა მას. ჩანაწერი აშშ-ს ალბომების ჰიტ-აღლუმებში მე-8 ადგილზე გავიდა და აქედან სამი სინგლი — ”Holiday”, “Borderline” და “Lucky Star” საუკეთესო სინგლების 100-ეულში მოხვდა. ალბომი ”Madonna” გამოსვლისთანავე მსოფლიო მასშტაბით 3-მილიონიანი ტირაჟით გავრცელდა. აქედან 1 მილიონი ალბომი აშშ-ში გაიყიდა. დღეს ეს ალბომი მსოფლიოში 8-მილიონიანი ტირაჟითაა გაყიდული.
მადონა წარმატების გზაზე იდგა, ხოლო თინეიჯერი გოგონები მისი ჩაცმის სტილის გავლენის ქვეშ მოექცნენ, რასაც ისინი მომღერლის ფოტოებზე, ცოცხალ გამოსვლებზე და მუსიკალურ ვიდეოებში ხედავდნენ. მაქმანის ტოპი, ბრიჯების ზემოდან ქვედაბოლო, ბადისებური წინდები, ქრისტიანული ჯვრის გამოსახულებიანი სამკაულები და თეთრად შეღებილი თმა — ეს განსხვავებული სტილი 1980-იან წლებში ქალების მოდის განმსაზღვრელი გახდა.
მადონას მომდევნო ალბომს ”Like a Virgin” წილად ხვდა საერთაშორისო წარმატება. ის მადონას პირველი ალბომი გახდა, რომელიც აშშ-ს საუკეთესო ალბომების სათავეში მოექცა. მთავარი სიმღერის — ”Like a Virgin”-ის წარმატების გამო, რომელმაც აშშ-ს ჰიტ-აღლუმების პირველი პოზიცია დაიპყრო (ის ”ბილბორდის” საუკეთესო სინგლების 100-ეულში 6 კვირის განმავლობაში ლიდერობდა), ასევე, ისეთი ჰიტ სინგლების წყალობით, როგორებიცაა ”Material Girl” (აშშ-ს საუკეთესო სინგლების ჰიტ-აღლუმში მე-2 ადგილზე გავიდა, ხოლო პირველ ადგილზე ამ დროს ამერიკელი შემსრულებლების მიერ აფრიკის მხარდასაჭერად დაწერილი უკვდავი სიმღერა — ”We Are the World” იყო), ”Angel” და “Dress You Up”, ალბომი გამოსვლისთანავე 12-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ამჟამად კი მსოფლიოში ”Like a Virgin”-ის 19 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. ალბომიდან ოთხი სინგლი აშშ-ს და გაერთიანებული სამეფოს ჰიტ-აღლუმების 5-ეულში მოხვდა.
MTV-ს მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოვების პირველ ცერემონიალზე მადონამ სწორედ ”Like a Virgin” შეასრულა, რომლის დროსაც ის საქორწილო ტორტის ფორმის დეკორაციაზე ცეკვავდა, მოტმასნილ მანჟეტებში, ბრეტელებიან საქორწილო კაბასა და მაქმანის წინდებში გამოწყობილი, წვივსაკრავებითა და იმ დროს მისი ”საფირმო ნიშნით” — ”BOY TOY”-ს (ბიჭების სათამაშო) წარწერიანი ქამრით. ეს იყო მისი ერთ-ერთი პირველი გამოსვლა, რომელმაც მადონას თაყვანისმცემელთა რიცხვი გაზარდა. თუმცა, პარალელურად, მომღერლის წარმოდგენებმა კრიტიკოსთა თავდასხმაც გამოიწვია, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მადონას მაპროვოცირებელი სტილის მიღმა მისი უნიჭობა იმალება.
1985 წელს მადონამ მეინსტრიმული კინოს სამყაროშიც შეაბიჯა. პირველად მან ეპიზოდური როლი შეარულა ფილმში ”მხედველობის არეს ძიებაში”. ფილმის საუნდთრექში შევიდა მისი მეორე ნომერ პირველი პოპ ჰიტი, გრემიზე ნომინირებული ბალადა ”Crazy for You” და ასევე, გაერთიანებული სამეფოს ჰიტ-აღლუმების ლიდერი ”Gambler”. მოგვიანებით, იმავე წელს მადონამ მონაწილეობა მიიღო კომერციულად წარმატებულ ფილმში ”სასოწარკვეთილი ვეძებ სიუზანს”, რომელმაც კინოკრიტიკოსების დადებითი შეფასება დაიმსახურა. მადონას კომიკურ როლსაც პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ფილმში პირველად აჟღერდა საცეკვაო სიმღერა ”Into the Groove”, რომელიც სინგლ “Angel”-ის B-მხარის სახით გამოვიდა და აშშ-ს ჰიტ-აღლუმებში მე-5 პოზიცია დაიკავა. ეს სიმღერა საერთაშორისო ჰიტად იქცა და გაერთიანებულ სამეფოში მადონას პირველი ნომერ 1 ჰიტი გახდა.
1985 წელს მადონამ აშშ-ში თავისი პირველი ტურნესთვის მზადება დაიწყო, სახელწოდებით "Virgin Tour", რომელსაც ჯგუფი ”ბისტი ბოიზი” ხსნიდა. იმავე წლის ივლისში ჟურნალებმა ”პენტჰაუზმა” და ”პლეიბოიმ” გამოაქვეყნეს შიშველი მადონას შავ-თეთრი ფოტოების სერია, რომლებიც მან 1970-იანების დასასრულს გადაიღო. მასალამ მომღერლის შესახებ საზოგადო დისკუსიების ტალღა გამოიწვია, რომელიც თავიდან წინ აღუდგა ამ ფოტოების გამოქვეყნებას, მაგრამ მოგვიანებით უკან არ დაიხია და გამომწვევი პოზიცია დაიკავა. ღია ცის ქვეშ ჩატარებული საქველმოქმედო კონცერტის, Live Aid-ის მსვლელობისას, პოპულარობის მწვერვალზე მყოფმა მადონამ მთელი მსოფლიოსადმი თავის მიმართვაში მედია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სიცხის მიუხედავად, თავისი ქურთუკის გახდას არ აპირებდა, რადგანაც ”ათი წლის შემდეგ, შეიძლება ჩემს წინააღმდეგ დამიბრუნდეს”-ო.მოგვიანებით მადონა გაზეთ ”ნიუ იორკ პოსტის” გარეკანზე მოხვდა, სადაც შიშველი ფოტოების შესახებ მომღერლის კომენტარი იყო გამოტანილი: "მე არ მრცხვენია".
1986-1991 წწ. — შემოქმედებითი განვითარება
წინამორბედებთან შედარებით, მადონას 1986 წლის ალბომი "True Blue", მუსიკალური და თემატური თვალსაზრისით, გაცილებით დახვეწილი იყო, რაზეც ჟურნალმა "როლინგ სტოუნმა" დაწერა: "მადონას ასე არასდროს უმღერია, რითაც თავის, როგორც საშუალო ფენის ამერიკელი პოპ-პოეტის, სტატუსს იმყარებს".ალბომში შევიდა სულშიჩამწვდომი ბალადა "Live to Tell", რომელიც მან ფილმისთვის "ახლო მანძილიდან" შექმნა, სადაც იმ დროს მისი მეუღლე შონ პენი მონაწილეობდა. ამასთანავე, ეს იყო პირველი ალბომი, რომელშიც მადონა პროდიუსერის ამპლუაშიც მოგვევლინა. ის კომპოზიტორ პატრიკ ლეონარდთან თანამშრომლობდა, რომელიც შემდგომში მისი ხანგრძლივი საქმიანი პარტნიორი და მეგობარი გახდა. ალბომმა "True Blue" მსოფლიოს ჰიტ-აღლუმებში პირველი პოზიციები დაიპყრო და გამოსვლისთანავე 11-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.ალბომიდან 5 წარმატებული სინგლი გამოუშვეს: "Live to Tell", "Papa Don't Preach", "Open Your Heart", "True Blue" და "La Isla Bonita". თითოეული მათგანი აშშ-ს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა, აქედან პირველი სამი ჰიტ-აღლუმების ლიდერი გახდა.
ალბომის სიმღერებისთვის გადაღებულ მუსიკალურ ვიდეოებში გამოვლინდა, რომ მადონა კვლავ ცდილობდა, ვიდეოს შესაძლებლობები კინემატოგრაფის ხელოვნებისთვის დაეახლოვებინა, რაც არტ დირექტორის დახვეწილ კინემატოგრაფიულ ნამუშევარს და კინოს ისეთ ელემენტებს გულისხმობდა, როგორებიცაა პერსონაჟი და სიუჟეტი. მართალია, მადონას იქამდეც ჰქონდა გადაღებული სექსუალური თვალსაზრისით გულახდილი ვიდეოები, მაგრამ ამჯერად თავის ნამუშევრებს რელიგიური იკონოგრაფია, გენდერული არქეტიპები და სოციალური პრობლემები დაუმატა. ეს კონცეპტები მის ნამუშევრებს მომავალშიც ლაიტმოტივად გაჰყვება. ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ვიდეო სიმღერისთვის "Open Your Heart", სადაც მან პირველად ითანამშრომლა ფრანგ ფოტოგრაფ ჟან-ბატისტ მონდინოსთან.
1987 წელს მადონამ მთავარი როლი შეასრულა კომერციული თვალსაზრისით წარუმატებელ ფილმში "ვინ არის ეს გოგონა", რომლის საუნდთრექშიც მისი ოთხი სიმღერა შევიდა. მათ შორის იყო ფილმის სახელწოდების მქონე კომპოზიცია, რომელიც ჰიტად იქცა და აშშ-ს ჰიტ-აღლუმებში მადონას რიგით მეექვსე ნომერ 1-ლი ჰიტი გახდა. ალბომის მეორე სინგლი "Causing a Commotion" ასევე საუკეთესო ხუთეულში შევიდა.
1987 წელსვე მადონამ წარმატებული მსოფლიო ტურნე — "Who's That Girl Tour" დაიწყო, რომელიც იმ დროისთვის მუსიკის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიან ტურნედ იქცა. [21] ამ პერიოდშივე გაიცნო ბექვოკალისტები და მოცეკვავეები — დონა დელორი და ნიკი ჰარისი, რომლებთანაც ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს. მისი შოუები უფრო და უფრო დახვეწილ თეატრალიზებულ წარმოდგენებს დაემსგავსა. ამავე ხანებში მოუვიდა პირველი უსიამოვნება ოფიციალურ ვატიკანთან, როდესაც პაპმა მომღერლის თაყვანისმცემლებს იტალიაში გამართულ კონცერტებზე წასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.[22]
მოგვიანებით, იმავე წელს, მადონამ თავისი საუკეთესო ჰიტების რემიქსების ალბომი "You Can Dance" გამოუშვა, რომელშიც ერთი ახალი სიმღერა — "Spotlight" შევიდა. აშშ-ში ალბომი მილიონიანი, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში — 5-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.
მადონას 1989 წლის, რიგით მეოთხე ალბომის, "Like a Prayer"-ის სიმღერები უფრო პირადული ხასიათის ტექსტებით და დახვეწილი ვოკალური სტილით გამოირჩეოდა. ალბომმა, რომლის თანაპროდიუსერები და სიმღერების თანაავტორები პატრიკ ლეონარდი და სთივენ ბრეი იყვნენ, მადონას სერიოზული პოპ მომღერლის სტატუსი მოუპოვა. ალბომში შევიდა მადონას და პრინსის დუეტი. ამას გარდა, პრინსი ორ სიმღერაში საგიტარო პარტიასაც ასრულებდა. ამ ალბომს მადონას კარიერაში კრიტიკოსთა ყველაზე მნიშვნელოვანი, დადებითი რეცენზიები მოჰყვა, რამაც უფრო სერიოზული მსმენელის დაინტერესებაც გამოიწვია. ინტერნეტ საიტმა "All Music Guide"-მა ალბომი "მის საუკეთესო და ყველაზე შინაარსიან" ჩანაწერად დაასახელა,ხოლო ჟურნალმა "როლინგ სტოუნმა" ალბომს "ხელოვნების ნიმუშთან ყველაზე ახლოს მდგომი პოპ მუსიკა" უწოდა. "Like a Prayer"-ში ხუთი ჰიტ სინგლი შევიდა — მთავარი თრექი, "Express Yourself", "Cherish", "Oh Father" და "Keep It Together". თვით "Like a Prayer" კი საუკეთესო ასეულში პირველ ადგილზე გავიდა.
1989 წლის დასაწყისში მადონამ გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელ კომპანია "პეპსისთან" გააფორმა კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, მსმენელს მადონას ახალი სიმღერა "Like a Prayer" პირველად "პეპსის" სარეკლამო რგოლში უნდა მოესმინა, სადაც თავად მომღერალიც გამოჩნდებოდა. ამ სიმღერაზე მადონამ, რა თქმა უნდა, სრულიად სხვა მუსიკალური ვიდეოც გადაიღო, რომელთანაც "პეპსის" არავითარი საერთო არ ჰქონდა. სარეკლამო რგოლი სულაც არ ყოფილა სკანდალური, მაგრამ, სამაგიეროდ, სიმღერის მუსიკალურმა ვიდეომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ვიდეოს პრემიერა ამერიკის მუსიკალურ ტელეარხ MTV-ს ეთერში შედგა. მასში გამოყენებული იყო ისეთი კათოლიკური სიმბოლოები, როგორიცაა, მაგალითად, სტიგმატა, ჯვარცმა, კრიალოსანი და ა.შ. ვიდეოში შავკანიან მამაკაცს, რომელიც თეთრკანიანი მამაკაცების მიერ განაწამები თეთრკანიანი ქალის დასახმარებლად მიდის, დანაშაულის ბრალდებით, შეცდომით აპატიმრებენ. მადონას გმირი, რომელიც კრიმინალური შემთხვევის მოწმე იყო, ხელს უწყობს უდანაშაულო პატიმრის გათავისუფლებას. მართალია, ვიდეოს მიზანი რასიზმის დაგმობა იყო, მაგრამ მადონა ცეცხლმოდებული ჯვრებისა და იესოსთან "ფლირტის" გამო მკაცრად გააკრიტიკეს. კომპანია "პეპსი" საჩივრებითა და აქციებით აიკლეს. რადგან სარეკლამო რგოლი და მუსიკალური ვიდეო ვიზუალური თვალსაზრისით მსგავსი იყო, მწარმოებელმა კომპანიამ განრისხებული საზოგადოება ვერ დაარწმუნა, რომ მათ სარეკლამო რგოლში სინამდვილეში არავითარი უხამსობა არ ყოფილა. "პეპსიმ" სარეკლამო რგოლის ჩვენება შეწყვიტა, მაგრამ მადონას თავისი 5 მილიონი დოლარი შერჩა, რადგანაც კონტრაქტი "პეპსიმ" დაარღვია და არა მომღერალმა. აშშ-ს ალბომების ჰიტ-აღლუმში ალბომმა პირველი პოზიცია დაიკავა და მსოფლიოში 13-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა, საიდანაც 4 მილიონი ეგზემპლარი აშშ-ზე მოდიოდა.
1990 წელს, პოპულარული კომიქსების ეკრანიზაციაში, სახელწოდებით "დიკ ტრეისი", მადონამ ბრესლეს მაჰანის როლი განასახიერა. 1990 წლის მაისში, ფილმის გამოსვლასთან ერთად, მადონამ ალბომი "I'm Breathless" გამოუშვა, რომელშიც ფილმში ასახული 1930-იანი წლების გარემოთი შთაგონებული სიმღერები შევიდა. მათ შორის იყო ნომერ პირველი ჰაუს მუსიკის ჰიმნი "Vogue" (რომელიც პატივს მიაგებდა ჰოლივუდის ვარსკვლავებს), გერშვინისებური "Something to Remember" და სთივენ ზონდჰაიმის დაწერილი სამი სიმღერა, მათ შორის "Sooner or Later", რომელმაც "საუკეთესო ორიგინალური სიმღერის" კატეგორიაში კინოაკადემიის ჯილდო "ოკსარი" დაიმსახურა.ალბომს წარმატება ხვდა წილად ევროპაში, ავსტრალიასა და აშშ-ში და გამოსვლისთანავე, მსოფლიო მასშტაბით 5-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა (აშშ-ში ორგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა). ამ ალბომს უმნიშვნელო სკანდალიც მოჰყვა სიმღერა "Hanky Panky"-ს გამო, რომლის ტექსტშიც საჯდომზე ეროტიკული მოტყაპუნების სურვილი ვლინდებოდა.
1990 წლის აპრილიდან აგვისტომდე, თავისი წარმატებული მსოფლიო ტურნეს — "Blond Ambition Tour"-ის ფარგლებში, მადონამ კონცერტები გამართა იაპონიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში, რომელსაც მუსიკალური თეატრის ტრადიციებთან ბევრი საერთო ჰქონდა. ტურნემ, რომელშიც უხვად იყო გამოყენებული რელიგიური და სექსუალური თემები და სიმბოლოები, სკანდალი გამოიწვია; განსაკუთრებით კი სიმღერა "Like a Virgin"-ის შესრულებისას, როცა ორი მოცეკვავე მამაკაცი მის სხეულს ეფერებოდა, ხოლო მადონა მასტურბაციის სიმულაციას ეწეოდა. თუმცა, სკანდალურობის მიუხედავად, დღეს ითვლება, რომ ამ ტურნემ, ზოგადად, საკონცერტო ტურნეებთან დაკავშირებით მსოფლმხედველობა შეცვალა, ხოლო მომღერლის თაყვანისმცემლებს შორის ეს ტურნე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შოუდ ითვლება.
1990 წლის ნოემბერში მადონამ თავისი პირველი საუკეთესო ჰიტების ნაკრები — "The Immaculate Collection" გამოუშვა, რომელშიც ორი ახალი სიმღერა შევიდა: “Justify My Love” და “Rescue Me". "Rescue Me" აშშ-ს ჰიტ-აღლუმების ისტორიაში ქალი შემსრულებლის პირველ სინგლად იქცა, რომელიც გამოსვლისთანავე მე-15 პოზიციაზე აღმოჩნდა. "Justify My Love"-ის მუსიკალური ვიდეო ჟან-ბატისტ მონდინომ პარიზის Royal Monceau Hotel-ში გადაიღო. ვიდეოს მაცდურ სცენებში მადონა თავის მაშინდელ საყვარელთან — მოდელ/მსახიობ ტონი უორდთან ერთად მონაწილეობდა. სადო/მაზო, დაბმის სცენები, გეი და ლესბოსელი პერსონაჟები და საყოველთაო სიშიშვლე საკმარისზე მეტად გულახდილი აღმოჩნდა MTV-სთვის და ხელმძღვანელობამ თავის არხზე ვიდეოს ჩვენება აკრძალა. მუსიკის ისტორიაში პირველად, "უორნერ ბრაზერს რეკორდსმა" ეს ვიდეო გამოუშვა ვიდეო-სინგლის სახით, რომელიც ყველა დროის ყველაზე წარმატებულ ვიდეო-სინგლად იქცა; ალბომი კი მთელს მსოფლიოში 22-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.
1991 წელს, მადონამ თავის პირველ დოკუმენტურ ფილმში — "საწოლში მადონასთან" (აშშ-ში ცნობილია, როგორც "სიმართლე თუ მოქმედება") მიიღო მონაწილეობა, რომელიც მისი 1990 წლის მსოფლიო ტურნეს — "Blond Ambition Tour"-ის ქრონიკებისგან შედგებოდა. 1992 წელს კი მომღერალმა ფილმში "მათი საკუთარი ლიგა" ითამაშა. ბეისბოლის თემატიკაზე შექმნილ ამ ფილმში მადონამ იტალიური წარმოშობის ამერიკელი მეი მორდაბიტოს როლი განასახიერა, რისთვისაც კრიტიკის დადებითი შეფასება დაიმსახურა (მისი ერთ-ერთი წარმატებული კინო-ნამუშევარი მცირეთაგან). მადონამ ფილმისთვის მთავარი სიმღერა — "This Used to Be My Playground" ჩაწერა, რომელიც აშშ-ში მომღერლის მეათე ნომერ 1-ლ სინგლად იქცა.
1992-1997 წწ. — ალბომი "ეროტიკა" და კინოფილმი "ევიტა"
ალბომმა "Erotica", რომელიც უმეტესწილად შეპ პეტიბონის პროდიუსერობით გამოვიდა, "პორნო" ალბომის იარლიყი დაიმსახურა, რადგან ბევრი თვლიდა, რომ ალბომის ყველა თრექი სექსუალურ თემატიკას შეიცავდა, როცა სინამდვილეში სექსუალურად დამუხტული სიმღერა ალმბომში მხოლოდ სამი იყო (თოთხმეტიდან): "Erotica", "Where Life Begins" და ";Did You Do It?". ალბომმა აშშ-ს ჰიტ-აღლუმებში მეორე ადგილი დაიკავა. მთლიანობაში კი ალბომიდან ექვსი სინგლი გამოუშვეს, რომლებიდანაც ყველაზე წარმატებული მისი მთავარი თრექი — "Erotica" იყო. ის აშშ-ს რადიოსადგურების საუკეთესო 100-ეულის ისტორიაში პირველ სინგლად იქცა, რომელიც იმთავითვე ყველაზე მაღალ პოზიციაზე მოხვდა (ნომერი ორი). სიმღერისთვის გადაღებული სკანდალური მუსიკალური ვიდეო, მისი მეტისმეტად გამომწვევი სექსუალური შინაარსის გამო, MTV-ზე მხოლოდ სამჯერ გავიდა.
1993 წლის მსოფლიო ტურნე "Girlie Show" იმ დროისთვის მადონას ყველაზე გულახდილი და სკანდალური საკონცერტო ტურნე გახდა. მასში მადონა, ტყავის მათრახით ხელში, დომინანტ ქალს განასახიერებდა. მას გარს ეხვივნენ წელსზემოთ შიშველი მოცეკვავეები, მათ შორის ლუკა ტომასინი და კერი ენ ინაბა. ტურნეს მიერ გამოწვეულ სკანდალს პუერტო რიკოში მადონას გამოსვლაც დაემატა, როცა სცენაზე მომღერალმა კუნძულის დროშა ფეხებს შორის ამოისვა, რამაც მაყურებლის უკმაყოფილება გამოიწვია,ხოლო ორთოდოქსმა ებრაელებმა პროტესტი გამოთქვეს მის პირველ შოუზე ისრაელში. მადონამ მოგვიანებით თავისი ცხოვრების ეს პერიოდი აღწერა, როგორც მის პირად ცხოვრებაში შეჭრის პასუხად სრულიად მსოფლიოსთვის გაღებული საჩუქარი, რომელსაც ასე მოითხოვდა ყველა. ამით იმედი ჰქონდა, რომ როცა ადამიანები ყველაფერს ნახავდნენ, დამშვიდდებოდნენ და კონცენტრირებას მხოლოდ მის შემოქმედებაზე გააკეთებდნენ.
მოგვიანებით, 1994 წელს, ნელი ჰუპერის და დალას ოსტინის თანაპროდიუსერობით, მადონამ თავისი მეექვსე სტუდიური ალბომი — "Bedtime Stories" გამოუშვა. იმ პერიოდში მადონა რ&ბ/როკ მომღერლის — ჯოის სადებიუტო ალბომით "Pendulum Vibe"-ით იყო შთაგონებული და ისე უყვარდა იგი, რომ პროდიუსერი დალას ოსტინი გადმოიბირა და ამ ახალ პროექტში დახმარება სთხოვა. ალბომში მადონას ხმას უფრო რ&ბ ჟღერადობა აქვს. კომერციული თვალსაზრისით, იგი წარმატებული იყო ევროპაში, ავსტრალიასა და აშშ-ში, სადაც მესამე ადგილი დაიკავა[11] და გრემის დაჯილდოვებაზე — კატეგორიაში "საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომი" იყო ნომინირებული. მთავარი თრექით — "Bedtime Story", რომელიც ნაწილობრივ ბიორკთან თანამშრომლობის ნაყოფი იყო, მადონამ თითქოს მიანიშნა მომავლის მუსიკალურ ტენდენციებზე. ალბომიდან ოთხი სინგლი გამოვიდა, მათ შორის "Take a Bow", რომლის თანაავტორი და პროდიუსერი ბეიბიფეისი იყო. სიმღერას ჟურნალ "ბილბორდის" საუკეთესო 100-ულში წარმატება ხვდა წილად — შვიდი კვირის განმავლობაში ლიდერობდა,[31] მაგრამ, ამავე დროს, ის მადონას პირველ სიმღერად იქცა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ჰიტ-აღლუმების 10-ეულში ვერ მოხვდა და მხოლოდ მე-16 პოზიციას დასჯერდა. მაიკლ ჰაუსმანის მიერ ამ სიმღერისთვის გადაღებულმა ესპანური თემატიკის შემცველმა ვიდეომ კი, მოგვიანებით მადონას ფილმ "ევიტაში" მთავარი როლის მიღებაში შეუწყო ხელი.
1995 წლის 7 ნოემბერს მადონამ თავისი ბალადების კრებული "Something to Remember" გამოუშვა, რომელშიც სამი ახალი თრექი შევიდა. მათ შორის იყო მარვინ გეის კლასიკად ქცეული სიმღერის — "I Want You"-ს მადონასეული ვერსია (რომელიც მან ბრიტანულ ჯგუფ "მესივ ეტეკთან" ერთად ჩაწერა) და "You'll See" (რომელიც საუკეთესო ათეულში მოხვდა). აშშ-ს ჰიტ-აღლუმებში ალბომს საუკეთესო ხუთეულში მოხვედრამდე ცოტა დააკლდა,სამაგიეროდ მას შემდეგ იგი 3-გზის პლატინის სტატუსის მფლობელი გახდა.
1996 წელს, კრიტიკოსთა აღიარების თვალსაზრისით, მადონას ყველაზე წარმატებული ფილმი "ევიტა" გამოვიდა, რომლის საუნდთრექიც მადონას მ%E