A Deeper Kinde of Slumber..
არ ვიცი აქ რატომ არ წყალობთ მაგრამ გენიალური ალბომია..
ჩემი მოკრძალებული აზრით არა მარტო ტიამატის არამედ მთელ ამ გზააბნეულ სამყაროში..
დალშე ეს უკვე ისე...
"ვდგავარ და სიჩუმეს ვუსმენ.
ხმაური შენზე ფიქრით იფარება და მერიდება, ღმერთს ვთხოვო, შენი სახე დამანახვოს და სიმშვიდეში გავეხვევი, გავთბები, მეცოდინება, რომ სადღაც ახლოს ხარ. გულის ცემა სიმშვიდეს მირღვევს და ასტრალში რეალურს იმდენად მკაფიოდ ვხედავ, რომ ხელის გაწევა მინდა... შეიძლება ვერ შეგეხო, მაგრამ შენი სახე ყოველთვის თვალწინაა და ესეც კლავს იმ ტკივილს, რომელსაც უშენობა იწვევს.
კიბეზე დღეს ბევრი ამოვიდა და არც ერთხელ არ შემიხედავს ამომსვლელისთვის. ვგრძნობდი, რომ შენ არ იყავი, ნიკოტინით დალპობილი, უკანასკნელად შეგეხე და... ვერ შეგეხე. შენ წახვედი, რომ დაბრუნდე და ჩემი მშვიდი სახე დაინახო. მე აქ ვარ და გიყურებ... გიყურებ შენ და ჩემს გაცივებულ, უფერულ სხეულს. მეცინება, და იცი რატომ? ღირდა კი ეს ყველაფერი იმად, რაც უშენობამ წამართვა? ალბათ, ღირდა, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, რა აზრი აქვს ყველაფერს?
გხედავ და მეცინება, მეცინება, რომ გხედავ და რომ ვეღარ დაგინახავ, ამაზეც მეცინება. ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო და მაპატიე, შენზე ფიქრით თუ შეგაწუხე.
ბოლო სიზმარში ყველაფერი ცისფერი იყო და ზეცა რომ დაპატარავდა, მთელი სამყარო შენს თვალებში დავინახე.
ცხოვრობ, რომ ბოლოს აღარ იცხოვრო და მე ვცხოვრობდი შენთვის."
ლიზა ჰელმი,
იოჰან ედლუნდის საცოლე.
ლიზას სიკვდილიდან ერთი წლის თავზე, 1994 წლის 25 ოქტომბერს Century Media-ზე გამოდის შვედური გოთების, TiamaT-ის ალბომი Wildhoney. ალბომი, რომლის ანალოგიც... ალბათ არ გამოსულა და ვერც გამოვა.
ალბომი, რომელსაც დევიდ გილმორმა ეპოქალური უწოდა.
ალბომი, რომელიც გამოსვლამდე შედევრად იქცა, რადგან ის გენიოსის დაწერილი იყო.
ალბომი, რომელიც იოჰან ედლუნდმა ლიზა ჰელმს მიუძღვნა.
ბაბილონის ტკივილი
TiamaT - ბაბილონურ მითოლოგიაში ზღვის ქალღმერთი, რომელიც ანგელოზებს 665 თევზის დაჭერა სთხოვდა. 666-ე თევზს ხარშავდნენ და ხრამში აგდებდნენ, მანამდე დაჭერილ 665-ს კი ზღვაში უშვებდნენ. ოკეანე შრებოდა, ზღვა ქრებოდა და ქლაღმერთი ხმელეთზე 666-დღიანი არსებობით დაისაჯა. 665-ე დღეს TiamaT-ი ნაძვნარში ელვისა და ჭექა-ქუხილის ღმერთის შვილმა, ცალთვალა და უთითო Marduk-მა იპოვნა და მისი ნარჩენები Gaia-ს, ანუ იმ მდინარეს მიაბარა, სადაც უკანასკნელ თევზს აგდებდნენ. მეორე დღეს მდინარე ადიდდა, ჯერ ზღვად, მერე კი ოკეანედ იქცა.
გიოტებორგში იოჰან ედლუნდმა ელინურ ლიტერატურაზე დაყრდნობით, ბაბილონური სიბრძნით აფარებულმა შექმნა ჯგუფი TiamaT, რომელიც მწირაკორდიანი, ერთფეროვანი ჯგუფიდან ლეგენდად იქცა.
"არ მიყვარს, როდესაც ჩვენს ჯგუფს რომელიმე მიმდინარეობასთან აიგივებენ. ცდებიან... ჩვე არ ვართ არც ეს და არც - ის. ჩვენ ვართ... ჩვენ და ვერ წარმოიდგენთ, როგორ შვებას გრძნობ, როდესაც შენს ნაშრომს, თუნდაც ერთ, ყველაზე მარტივ აკორდს არაფერთან არ აიგივებენ. როდესაც კლუბში, სტადიონზე, თუნდაც პრაიმ-ლაივის დროს სცენზე გავდივარ და სიჩუმე მესმის, ვხვდები, რომ ვარსებობთ არა იმიტომ, რომ ვიარსებოთ, არამედ იმისთვის, ვინც ჩვენს მუსიკაში ხედავს იმას, რასაც - ჩვენ, TiamaT-ი. ლიზას დაკარგვამ შემცვალა და გამხადა ის, ვინც მანამდე უნდა ვყოფილიყავი. მისთვის მეტი ყურადღება რომ დამეთმო, იგი დღეს აქ იქნებოდა, მაგრამ არ იქნებოდით თქვენ, რადგან არ ჩაიწერებოდა Wildhoney. ყველა ინტროში, აუტროში და სოლოში ლიზაა. ეს იყო ჩემი შეცდომა და ღმერთს დღემდე პატიებას ვთხოვ, მაგრამ ვხვდები, რომ ღმერთს მობილური გათიშული აქვს და მარტო ამას გირჩევთ: არასოდეს გააკეთოთ ის, რისთვისაც პატიების თხოვნა მოგიწევთ", - იტყვის Wildhoney-ს პრეზენტაციაზე იოჰან ედლუნდი, ორ წამში კი სცენიდან ისმის მაგიური ინტრო, რომელიც მალევე გადადის შვედების უდიდეს კომპოზიციაში - ladies and gents, it`s GAIA!
1994-ში სკანდინავიელი გოთები თითქმის ყველა მუსიკალურმა გამოცემამ წლის საუკეთესო მძიმე ჯგუფად დაასახელა, იოჰან ედლუნდმა კი დევიდ გოლმორთან ერთად ვენაში, პრატერზე შეასრულა Pink Floyd-ის Wish You Were Here. 50 000 ფანი ჩუმად უსმენდა ამ შედევრს, ედლუნდის იმროვიზაცია სოლოს დროს, ანუ ბაროკო კი იყო ის, რამაც გილმორს სეტის დასრულების შემდეგ ათქმევინა ის, რაც თავში ვახსენე.
დევიდ გილმორი: "იოჰანი არ არის გენიოსი. ის უბრალო პიროვნებაა, რომელმაც იცის ის, რაც ბევრმა უნდა იცოდეს, მაგრამ მასასა და მას შორის ძალიან პატარა, თითქმის უხილავი განსხვავებაა: ედლუნდი ლიკის დაწერის დროს იქაა, რაზეც წერს, სხვები კი ყველაფერს კომერციალიზაციის ჭრილში ხედავენ. იოჰანმა კონცერტის შემდეგ ავტოგრაფი მთხოვა. ბილეთზე ხელი მოვუწერე, მან კი ბილეთი დახია და ბოდიში მომიხადა, მისტერ გილმორ, თქვენი მუსიკა მუსიკაზე დიდია, ავტოგრაფი კი ბიბლიაა. ღმერთის მწამს და რახან მეორე ბიბლია არ უნდა არსებობდეს, თქვენი ავტოგრაფიც არავის არ უნდა დარჩესო. გამეცინა, ეს ტიპი ცოტა ვერ არის-მეთქი, მაგრამ როდესაც მივხვდი, რომ იოჰანი მართალი იყო, დავურეკე და მადლობა გადავუხადე. TiamaT-ი არის ის, რაც 25 წლის წინ ჩვენი ჯგუფი იყო."
1994-ში იოჰან ედლუნდი საუკეთესო სოლისტად, კომპოზიტორად და ლირიკოსად ძალიან ბევრმა დაასახელა. ედლუნდმა კი ლიზა ჰელმის საფლავზე 42 ცოცხალი და ერთი მკვდარი ვარდი მიიტანა. Wildhoney-ს ხანგრძლივობა 42 წუთი და 8 წამი იყო.
"გლობალიზაცია, "გრინპისი", გეი-საზოგადოების უფლებების დაცვა, წინასაარჩევნო პროგრამა, რომელშიც "რჩეულები" საუბრობენ ყველაფერზე გარდა იმისა, რაზეც უნდა ისაუბრონ, სიცრუის ოკეანე - მივიღეთ ის, რისი მიღებაც გვინდოდა და რაც ყოველთვის სულიერ დისკომფორტს შეგვიქმნის. რა აზრი ჩემს აღიარებას, თუ სხვა, ნაკლებად რეკლამირებული, მაგრამ ჩემზე ნიჭიერი მუსიკოსი ვერასოდეს მიაღწევს იმას, რასაც იმსახურებს? ეს ხომ ყალბი სიხარულია. დღეს ტაშს მიკრავთ, ხვალ კი დაწერთ, ედლუნდი გაიყიდაო. დღეს ჩემს ლირიკას კითხულობთ, ხვალ კი TiamaT-ის კონცერტზე დასასწრებ ბილეთში 15 დოლარს არ გადაიხდით, წახვალთ, იყიდით იაფფასიან ალკოჰოლს და მეორე დილით საკუთარი თავი შეგეზიზღებათ. დღეს ჰუმანიზმზე დისერტაციას დაციცავთ, ხვალ კი აფრიკაში სპილოს მოსაკლავად ძალიან დიდ თანხას გადავიხდით. მე თქვენი არ მესმის და მიკვირს, რატომ გგონიათ, რომ გესმით ჩემი?" - წერს იოჰან ედლუნდი.
და მართალია.
ევოლუცია და
A Deeper Kind
Of Slumber
რთულია, შედევრალური ნამუშევრის შემდეგ წინა ოპუსის წარმატების გამეორება და ალბათ, არ არსებობს Led Zeppelin-ის გარდა ჯგუფი, რომელიც შედევრს მომდევნო მაგიური ლირიკითა და გაუხუნებელი მუსიკალური სვლებით აუფერულებდა. იქ იყო ჯიმი პეიჯი, ბობი პლანტი, ჯონ ბონემი და ჯონ პოლ ჯოუნსი, 1997 წლის 12 მარტს კი TiamaT-მა Wildhoney-ს შემდეგ ჩაწერა უფრო ღრმა, ერთდროულად იოლად მისაღები და ამავე დროს, რთულად ასათვისებელი A Deeper Kind Of Slumber.
1. Cold Seed - ედლუნდმა კომპოზიციაში პროგრესივი, გოთიკ-როკი, ინდასტრიალი და ფოკის ელემენტები გააერთიანა. შედევრი!
2. Teonanacatl - აკუსტიკა და შვიდსიმიანი Fender-ი, კომპზე აკრეფილი დრამ-რიტმი, სიმშვიდე და ბასი, რომელიც უნისონს ცდება და ამით უფრო ამდიდრებს საერთო ჟღერადობას.
3. Trillion Zillion Centipedes - ალბომის პირველი ტრილოგია პროლოგში ედლუნდის იმპროვიზირებული გოლგოთათი შედის. Welcome to Heaven's Hell!
...
13. A Deeper Kind Of Slumber - რომეო და ჯულიეტა, არმაგედონი, სუიციდი, ფრანსისკო გოიას ფერები, ედლუნდის ულამაზესი ვოკალი და ჰაეროვანი ორღანი... ერთობლიობა იქმნება და იშლება აკორდების ცვალებადობის მიხედვით, ბოლოში კი იოჰანი ყველაფერს Holy L-ის, ლიზა ჰელმის სახელით ასრულებს. სიცოცხლე სიცოცხლეშია, სიკვდილი კი მისი ანარეკლია. ედლუნდმა ერთსაათიანი გოთური ლოცვა... ლოცვით დაასრულა.
რა არის და იქნება TiamaT?
"ვერ გეტყვით. მართლა არ ვიცი და ალბათ, ვერასოდეს გავიგებ. ვწერ იმაზე, რასაც ვხედავ და ვერასოდეს შევეხები თემატიკას, რომელიც ჩემთვის ამოუცნობი, თქვენთვის ყალბად გადმოსაცემი იქნება. ყოველ დილით ვლოცულობ, მერე ლიზას პორტრეტს ვუყურებ და ღმერთს მასთან შეხვედრისგან თავის არიდებას ვთხოვ. ყველა ყოველთვის და სადღაც ვაგვიანებთ. მერე მარშრუტის შეცვლა გვინდა და რომ ვხვდებით, რომ გვიანია, ჩვენს ტკივილს, იმედგაცრუებას ვმალავთ. მეც ასე ვარ.
ლიზას სიკვდილმა თქვენს თვალში გენიოსად მაქცია, მაგრამ ესეც ხომ ყალბი აღიარებაა.
ლიზა რომ ცოხალი ყოფილიყო, არ იქნებოდა Wildhoney და A Deeper Kind Of Slumber.
არ იქნებოდა მადლობის წერილები, თქვენი სითბო, ყურადღება და ის, რამაც იოჰან ედლუნდი, გალუცინატორებზე გაზრდილი პიჟონი, თქვენს თვალებში გენიოსად აქცია.
გენიოსი არის ის, ვინც მარტივად ცხოვრობს და წარმატებას ვერ ამჩნევს.
და იცით ვისი მშურს? ცურვა რომ არ იცის და წყალში ხტება იმის გამო, რომ თითქმის ჩაძირულს იმედი შეუნარჩუნოს. ასეთ რამეს ვერასოდეს გავაკეთებ. და თქვენ? მეეჭვება. წინააღმდეგ შემთხვევაში წიონააღმდეგი შემთხვევა არ იქნებოდა", - ასრულებს 1998 წლის, ლონდონის ლაივს ედლუნდი, ორი დღის შემდეგ კი ჯგუფის ერთ-ერთმა ფანმა შუშა თავით გაიტანა, გვერდზე კი კორონერებმა იპოვნეს ფურცელი, რომელზეც ყვითელი მარკერით ეწერა Thanx, Johan...
დღეს TiamaT-ს ჩაწერილი აქვს ცხრა ალბომი. 2003-ში გამოდის Prey, ერთი წლის შემდეგ კი იოჰან ედლუნდს უკეთებენ ტრეპანაციას. მალმიოშ ერთ-ერთ ჰოსპიტალთან ფანებმა დადგეს კარვები და როგორც კი მედდამ Goteborgs Posten-ის ჟურნალისტს ოპერაციის წარმატებულად დასრულების ამბავი მიაწოდა, ოთხი მეგადინამიკიდან ამოხეთქა Gaia-მ. მომდევნო სამი დღის განმავლობაში ევროპაში TiamaT-ის 77 659 ალბომი გაიყიდა. ედლუნდმა თავისი შემდეგი შედევრი, Amanethes, მხოლოდ ხუთი წლის მერე ჩაწერა...
TiamaT, Gaia, A Deeper Kind Of Slumber, Judas Christ - უბრალოდ, მშვიდად ჩაჯექით სავარძელში, ჩააქვრეთ შუქი, მოუსმინეთ სიჩუმეს და როდესაც დინამიკებიდან იოჰან ედლუნდის ვოკალი ჩვენი წინაპრების სიყვარულზე, ყოველდღიურობის უვარგისობაზე, სიყვარულის ერთფეროვნებაზე, დაკარგულის მეორედ დაკარგვასა და სიმშვიდეზე გაგესაუბრებათ, მადლობა გადაუხადეთ იმას, ვინც TiamaT-ი გაგაცნოთ და არც იცოდა, რომ ამით ტკივილს მოგიკლავდათ.
P.S. - You are my Holy T
TiamaT
პ.ს ჩემი დაწერილი არაა სადღაც წავაწყდი და დაკოპირებულს ვინახავ..