
როგორც კი მადონამ სიმღერის წყალობით, 6-ნულიანი ჩეკი მიიღო, პირველი რაც გააკეთა, უარი თქვა მეტროპოლიტენზე. მაშინვე აიღო მართვის მოწმობა და იყიდა თავისი პირველი ავტომობილი - 44 ათას დოლარიანი მუქი ცისფერი, ორადგილიანი, კუპე “მერსედესი”.
ძვირფასი ნივთებისადმი მადონას სიყვარული ამით არ დასრულებულა. მანქანას მიაყოლა 9 მდიდრული სახლი, საუკეთესო თვითმფრინავი, ხოლო გარაჟი მსოფლიო ავტოწარმოების საუკეთესო ეგზემპლარებით გაავსო.
მადონას ავტომობილები უყვარდა იმიტომ, რომ ის იყო განუყოფელი ნაწილი იმ დიდებისა, რომლისკენაც მუდამ მიისწრაფოდა. ერთხელ ისე მოხდა, რომ ლიმუზინი, რომელსაც ახალგავარსკვლავებული მადონა აეროპორტიდან უნდა წაეყვანა, არ მივიდა. ამან მომღერლის ხანგრძლივი ისტერიკა გამოიწვია. ესე იყო ვარსკვლავური ცხოვრების დასაწყისში, ახლა ის დიდებას ასე ავადმყოფურად აღარ აღიქვამს. დღეს მადონა იმდროინდელ სიამაყეს იუმორით უყურებს. ამის დასტურად გამოდგება კომპანია ‘ბმვ”-ს სარეკლამო რგოლი, რომლის ნახვა მხოლოდ იმიტომ ღირს, რომ იხილოთ თუ როგორ გენიალურად დასცინის საკუთარ თავს მადონა. გადაღების შემდეგ კი მომღერლის გარაჟში ახალი “ბმვ”-ც გაჩნდა. თუმცა ფარეხში უკვე ჰყავდა “მერსედესი” და შვიდმეტრიანი “ლინკოლნი”, რომლითაც ყველა საქმიან და ელიტურ შეხვედრაზე დადიოდა. ამ ლიმუზინში 18 ათას დოლარიანი სტერეოსისტემა დააყენეს.
მას შემდეგ, რაც მადონა ცოლად გაი რიჩს გაჰყვა, საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა. მაშინ მადონამ ოცნება აისრულა და ლეგენდარული “მინი კუპერი” იყიდა. “ვიყიდე პატარა მანქანა, იმიტომ რომ, ლონდონის ვიწრო ქუჩებში დიდი მანქანის ტარების მეშინოდა. მეჩვენებოდა, რომ ტროტუარზე დავდიოდი და ფეხით მოსიარულეებს ვედებოდი”, - იხსენებს მომღერალი.
რამდენიმე წლის შემდეგ, პოპ-ვარსკვლავმა “მაიბახ 62” შეუკვეთა. ეს ავტომობილი მადონამ ლოს-ანჯელესში შეიძინა. მაიბახი 6 მეტრის სიგრძისაა და 500 ათასი დოლარი დაუჯდა. სალონის მოწყობა წინასწარ იყო შეთანხმებული: ტყავის სავარძლები, DVD ფლეერი და მძლავრი სტერეოხმოვანების აუდიოსისტემა. და კიდევ: სპეციალურად ამ მანქანისთვის დამზადდა ვერცხლის ბოკლები.
მიუხედავად ავტომობილების ასეთი სიყვარულისა, მადონას დღეს ველოსიპედით სიარული ურჩევნია, რადგან ეს ენით აუღწერელ სიამოვნებას ანიჭებს.