წაიკითხეთ, გაგისწორდებათ

- ისიც ჰკითხეთ ქალბატონო ინგა, რატომ გარდაიცვალა სრულიად ჯანმრთელი და საღ-სალამათი კაზრეთის საბადოს აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი ედვინ მაილსი საკუთარ სახლში მოულოდნელად და რამ შეაშინა მისი ქვრივი, რომელმაც კაზრეთის სადავეები ნახევარ ფასად დაუთმო აი, ჩემ წინ მჯდომ ადამიანს. ისიც თქვას, ვინმე სემ ლინდერმანის სახელს ამოფარებულმა, როგორ ჩაიგდო ხელში ფუნიკულიორი და მთაწმინდის გასართობი პარკი სრულად. საიდან აქვს კრეტაზე, მაროკოსა და კოსტა დელ სოლზე ფორთოხლისა და ზეთისხილის თვალუწვდენელი ბაღები, ისიც უთხრას მაყურებელს, რატომ დაგლიჯა თავდაცვის მინისტრი საკუთარმა ძაღლმა, ნათურის მოხსნისას რატომ დაარტყა დენმა და რატომ გადავიდა თავდაცვის სამინისტრო სადღაც მიწურში და მის შენობაში ბატონმა ალექსანდრემ როგორ გახსნა “ჰარდ როკ კაფე”... – წამყვანის მარჯვნივ მჯდომმა მელოტმა, ჩატუკნულმა კაცუნამ ამოიქშინა, ჰალსტუხი გაიხსნა, საკინძე გაიღეღა და საფეთქლებზე ჩამოსული ოფლის რუები ყავისფერი ცხვირსახოცით დააშრო, ჭიქიდან “ბორჯომი” მოყლუპა და გააგრძელა: - ან კიდევ, პრეზიდენტობის ყველაზე რეალურ კანდიდატს რატომ შეეყარა საღათას ძილი და რატომ ვერ იგებს კონსილიუმი რა სჭირს! ბატონი ალექსანდრე ნებულუსი ბნელ ძალებთანაა შეკრული, აი რა ეხმარება მას!@ვინც ხელს უშლის ყველას უბედურება ემართება, ოღონდ ვერავინ ხსნის რატომ!
ალექსანდრე წამყვანის მარცხნივ იჯდა, ნიკაპი ხელზე დაეყრდნო, თმა მხრებზე დაფენოდა, მეორე ხელით ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქას ეფერებოდა და მშვიდად უღიმოდა მელოტ, აგრესიულ კაცუნას.
- ბატონო აქსელ, - ჩაერთო წამყვანი – რა პასუხს გასცემთ ამ ბრალდებებს?
- ძალიან სახალისო კამათის მომსწრეა მაყურებელი! მე კი მგონია, რომ ბატონმა ვაჟამ აქ მოსვლამდე “Voodoo child”-ს უსმინა და შთაბეჭდილების ქვეშაა!..
- მე სულაც არ ვუსმენ მაგ სატანურ მუსიკას და შთაბეჭდილების ქვეშაც ვერ ვიქნები, რადგან ინგლისური არ ვიცი!
- არა უშავს, კრილოვმა ძველი ბერძნული 50 წლისამ ისწავლა, მომავალი წინ გაქვთ! რადგან ჰენდრიქსის გავლენის ქვეშ არ ხართ, მაშინ უბრალოდ ბოდიალობთ და თუ არ გაჩერდებით თქვენც დაგთარსავთ და ტოტალიზატორში რეალი გაგისხამთ, ახალგარემონტებულ სახლში კი (ჭავჭავაძის ქუჩაზე) მეზობელი წყალს ჩამოგიშვებთ, თვითონ ამ დროს აგარაკზე იქნება და მის ოთხსაკეტიან რკინის კარს ვერაფრით შეამტვრევთ! “ჰარდ როკ კაფეზე” გამახსენდა, მაყურებელსა და ელექტორატს ბოლოს ვეტყვი, რომ თუ არჩევნებში გავიმარჯვებ და გავხდები საქართველოს პრეზიდენტი, თბილისში “Guns n roses”-ს ჩამოვიყვან და უფასო კონცერტს ჩავატარებ “დინამოს” სტადიონზე !
- კი მაგრამ, ბატონო ალექსანდრე, - ისევ წამყვანი ჩაერთო – აქ რაღაც უზუსტობაა, რახანია “Guns n roses” აღარ არსებობს, რაც მათგან ლიდ გიტარა სლეში კონფლიქტით წავიდა და თავისი ბენდი “ველვეტ რევოლვერ” – ი გააკეთა, ჯგუფს “აქსელ როუზი” ჰქვია, მგონი ვეღარ შეძლებთ “Guns n roses” – ის ჩამოყვანას! – ამ სიტყვებზე ბატონმა ვაჟამ ჩაიქირქილა და წარბებს ქვეშიდან გახედა ალექსანდრეს.
- არავითარი უზუსტობა ინგა, მე სახელდობრ “Guns n roses" ჩამომყავს, ძველი, ჩვეული შემადგენლობით, ვამბობ, რომ “დინამოზე” სლეში დაუკრავს და ეს ასე იქნება!
- დიდი მადლობა პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს, მე კი შეგახსენებთ, რომ დღეს წინა საარჩევნო კომპანიის ბოლო დღე იყო და ტელედებატებში ერთმანეთს ალექსანდრე (აქსელ) ნებულუსი და ვაჟა ინჯია დაუპირისპირდნენ. ხვალ საპრეზიდენტო არჩევნებია და საარჩევნო კანონით ყველანაირი საარჩევნო პროპაგანდა აკრძალულია. ხვალ საქართველოს მოსახლეობას ამ ორ ადამიანს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება, რადგან მესამე კანდიდატს ლეთარგიული ძილი შეეყარა და ცეესკომ მისი კანდიდატურის მოხსნა გადაწყვიტა. გმადლობთ ყურადღებისათვის, სტუდიაში ინგა გრიგოლია მუშაობდა და “Nothing lasts for ever, even cold November rain!” მომავალ შეხვედრამდე!
მონიტორში გადაცემის დამამთავრებელი ქუდი გამოჩნდა. ალექსანდრემ მიკროფონი მოიხსნა, მაგიდაზე დადო და ყურებამდე გაღიმებულ ინგას მიუახლოვდა, რომელიც გადაცემის პროდიუსერს ორივე ხელის ცერა თითებს უჩვენებდა.
- ალექსანდრე, დიდი მადლობა მოსვლისთვის, შენი წყალობით უმაგრესი გადაცემა გამოვიდა... ვაი! – ინგამ იმ ადგილისკენ გაიხედა სადაც ალექსანდრეს ოპონენტი იჯდა. სკამი ცარიელი იყო. – უჰ! კიდევ კარგი წასულა და ვერ გაიგო რა გითხარი, მეც რამ გამომაშტერა, ვაჟას სკანდალები მინდა ახლა?!
- დიდი მადლობა შენ, ინგა! ყოველთვის მზად ვარ ჩემს კოლეგებს დავეხმარო, მით უმეტეს როცა ვიცი ჟურნალისტს გადაცემაში რა სჭირდება!
- გაიხარე! და, “განზებს” ნაღდად ჩამოიყვან?
- ოდესმე ტყუილში შეგიმჩნევივარ?
- არა!
- არც ახლა ვაპირებ სახელის გაფუჭებას! კარგად იყავი! – ალექსანდრემ ინგა გადაკოცნა.
- ჩემთვის პატივია, რომ შენთან ერთად მაქვს ნამუშევარი!
- ჩემთვისაც! – ალექსანდრემაც გაუღიმა.
- კარგად, ნინა მომიკითხე, წითელ ტყუპებს აკოცე!
- აუცილებლად, კარგად იყავი!
ალექსანდრე ტელევიზიის შენობიდან გამოვიდა და წითელ “ბრაბუსში” უკან ჩაჯდა.
- ძალიან დიდხანს ხომ არ გალოდინეთ ბატონო ლევან? – ჰკითხა მძღოლს.
- არა აქსელ, ნუ დარდობ! ისე, პრეზიდენტი რომ გახდები ბატონო ალექსანდრე უნდა დაგიძახო?
- არა, ისევ აქსელი დამიძახეთ. ხომ იცით არ მიყვარს ძალიან ოფიციალურობა!
- დაცვას ველოდებით?
- არა, მანქანით უკან გამოგვყვებიან.
- შტაბში?
- არა, სახლში! ნინა და ბავშვები უნდა ვნახო. ტყუპებს შევპირდი, ძილის წინ გიმღერებთ – მეთქი.
- რა კარგია! – გაეღიმა მძღოლს, - რა უნდა უმღერო? ის ხომ არა, გუშინ რომ ვუსმენდით მცხეთის გზაზე, “მკვდარი ცხენი”! მაგარი კი იყო ისე!
- არა, ახლა ღამეა და წყნარი მუსიკა ჭირდებათ. “oh, my love”-ს ვუმღერებ, ლენონის სიმღერას, მაგაზე კარგად ეძინებათ.
- დაძინება გეხერხება, ვერაფერს იტყვი! იმასაც შენ დამართე ძილქუში?
- რა ვიცი, ალბათ!..
- “მკვდარი ცხენი”... მაგარი სახელია! – ჩაიხითხითა მძღოლმა და მანქანა ეზოში შეაყენა.
კარები გაღიმებულმა ნინამ გაუღო. ალექსანდრე მოეხვია, აკოცა, წითელ თმებზე მოქაჩა, კიდევ აკოცა.
- ნამდვილი შოუმენი ხარ! რა უქენით შენ და ინგამ იმ უბედურს, შემეცოდა!
- ინგამ მოგიკითხა.
- “Guns n roses” მართლა ჩამოვა?
- კი! მერე დაგელაპარაკები, ახლა ვგრძნობ, რომ მალე ორი წითელი ალქაჯი თავს დამესხმება! – კიბეზე ბრახუნი გაისმა, წითელმა კულულებმა გაიფრიალეს და ორმა წკრიალა ხმამ ერთად დაიკივლა:
- მამა! – ტყუპები გამოიქცნენ და ალექსანდრეს ჩაეხუტნენ. ალექსანდრე ჩაჯდა და ორივეს ცხვირებზე აკოცა.
- მგონი ვიღაცეებს ახლა უნდა ეძინოთ!
- შენ გიყურებდით ინგასთან რომ იყავი.
- რა მაგრად უთხარი ბოლოს იმ მსუქანას!
- “რეალზე” გასაკუთრებით, ახლა ვუყურებდით თამაშს - მესიმ უკვე მეორე გაუტანა!
- და, რომ დაიძინოთ არ გინდათ? – ალექსანდრე ბავშვებს გაკვირვებული და გახარებული უყურებდა.
- თუ გვიმღერებ კი!
- მა, “ბლექ დოგ”-ი გვიმღერე რა!
- რა დროის “ბლექ დოგ”-ია ამ შუაღამისას, თანაც ლიზამ კნუტები ორი დღის წინ დაყარა, პატარებს გაეღვიძებათ, ცოდოები არიან!
- მაშინ “Stairway to heaven” გვიმღერე!
- ოღონდ იქიდან, პეიჯი რომ სოლოს აკეთებს!
- თან დაუკარი! – პატარა მიამ ჯინსის ჯიბიდან მედიატორი ამოაძვრინა.
- ო.ქეი, წავედით და მოვიფიქროთ. გიტარა?
- ჩვენს ოთახშია უკვე! – გაუცინა ზუსტად მიასნაირმა ოლგამ და მერე დედისკენ ფრთხილად გააპარა მწვანე თვალები.
- დედას არ აკოცებთ?
გოგონები ნინას ჩაეხუტნენ და ორივემ აკოცა.
- მალე დაიძინეთ!
- კარგი დე, მამა გვიმღერებს, მერე ცოტას დავუკრავთ..
- ცოტას წავიკითხავთ, ბებომ მაგარი წიგნი მოგვიტანა, ჯადოქრებზეა!
ალექსანდრემ წითელთმიანი არსებები საძინებლისკენ წაიყვანა.
- ბებომ რა წიგნი მოგიტანათ?
- “ოსტატი და მარგარიტა”.
- ოღონდ ასე გვითხრა “ვერ გაიგებთო” – ჩაიბურტყუნა მიამ.
მამამ ბავშვებს “oh, my love” უმღერა, ტყუპები ცოტას აბუნტდნენ, სიმღერის ნაკლებეფექტიანობა არ მოეწონათ, თუმცა ჯონ ლენონის ავტორიტეტმა იმოქმედა და დამშვიდდნენ. დაიძინეს. ვალმოხდილი მამა დაბლა ჩავიდა. ნინა ტელევიზორს უყურებდა, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატების სავარაუდო რეიტინგებს უჩვენებდნენ.
- სადღაც ოცი პროცენტით უსწრებ, კარგია! – ნინამ სავარძელში ჩამჯდარი ალექსანდრეს კალთაში მოიკალათა. – “განზების” ჩამოყვანა რა დაგიჯდება?
- ყველაფერი ერთად სადღაც ხუთი მილიონი დოლარი.
- სლეშის საქმეც მოსაგვარებელია!
- ჩემი ბიჭები მიხედავენ.
- ამდენი თავისუფალი ფული გაქვს? საარჩევნო კომპანიაში ყველაფერი ჩადე. აქციები რომ გავყიდოთ?
- არა.
- რომელიმე მოდილიანი?
- ხელსაც არ ვახლებ!
- აბა სად იშოვი?
- სემი მასესხებს, მერე დავუბრუნებთ.
- როდის?
- ანგარიშზე ფული ხვალ დაჯდება. ისე, დღეიდან მდიდარი ქალი ხარ.
- როგორ?
- მთელი აქციები, ბაღები, სახლები შენს სახელზე გადავაფორმე.
- მძულს ფორმალობები! რა ხმაა?
- ბავშვები უკრავენ, ხელი არ შეუშალო!
- ვაჟა მიხვდა რომ ცოტათი ჯადოქარი ხარ!
- თავის საუბედუროდ, მიღრიალა ეთერში “თარსი ხარო”, ახლა სამაგიეროდ ყველგან ჭკუანაკლულის სახელი აქვს. ვერ მიხვდა, რომ გაჩუმება სჯობდა, მაინც არავინ დაუჯერა.
- მაგას არაფერი უქნა.
- აბა რა! სულელი კი არ ვარ!
“ეგზითპოლების მიხედვით აქსელ ნებულუსი საგრძნობლად ლიდერობს, მას სავარაუდოდ ხმების 60% შეხვდა, ჩვენი რესპონდენტების უმეტესობაც ამბობს, რომ ნებულუსს მისცა ხმა:
- ქალბატონო, ვის მიეცით?
- რა?
- უკაცრავად, ხმა!
- აქსელ ნებულუსს!
- რატომ?
- სიმპათიურია, პატიოსანი ადამიანი და კარგი პოლიტიკოსია, მისი შეხედულებებიც მომწონს! რაც მთავარია “Guns n roses” ჩამოყავს, ხმის გარდა კიდევ ბევრ რამეს მივცემ ეს ჯგუფი თბილისში რომ ვნახო!
- ახალგაზრდავ, მხარს ვის უჭერთ?
- ალექსანდრეს!
- რატომ?
- "When I look in to your eyes I can see the love restrained!”
- ბატონო არჩილ, ხმას ვის აძლევთ?
- გაუმარჯოს როკ ენ როლს!
- გასაგებია! ზაალ, როგორც ხედავ ალექსანდრე აქსელ ნებულუსის უპირატესობა თვალსაჩინოა, დაველოდოთ ცეესკოს შედეგებს, ზაალ!
- დიდი მადლობა ნანუკა, ეს იყო პირდაპირი ჩართვა ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან. ჩვენი რედაქცია წინასწარ ულოცავს გამარჯვებას ჩვენს კოლეგას ბატონ ალექსანდრე ნებულუსს! პირდაპირ ეთერში ზუსტად ცხრა საათზე დავბრუნდებით. დროებით!”
ალექსანდრემ ტელევიზორი გამორთო და ნიკას ხმა შემოესმა:
- ალექსანდრე, აქსელ როუზი ორ მილიონს ითხოვს, ტრანსპორტის უზრუნველყოფით!
- უთხარი რომ თანახმა ვარ, სლეში?
- აქსელის სახელი როგორც კი გაიგო ყურმილი დაგვიხეთქა: “მაგათთან არ დავუკრავ, ეგ ღორები ეგენიო”.
- უთხარით თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტის თხოვნაა?
- მაინც ფეხებზე მკიდიაო! – ცოტა დარცხვენით უპასუხა ნიკამ.
- თეთრ სახლთან შემაერთეთ!
- ახლავე! – ნიკა მდივანთან გავიდა.
- კარგი ტომ, გმადლობ! იმედია გვეწვევი უახლოეს მომავალში! კარგად! – სახე გაბრწყინებულმა ალექსანდრემ ყურმილი დადო.
- რაო? – ნიკას დაძაბულობისგან პირი ჰქონდა ღია.
- 5 წუთში სლეშს ურეკავთ.
- 2 მილიონს ითხოვს!
- მერე?
- ბევრია, მაგდენს მთლიან “განზებს” ვაძლევთ!
- სხვა სლეში გვყავს?
- არა!
- მაშინ მიეცით, რამდენსაც ითხოვს!
- კარგი, ბატონო პრეზიდენტო! – ნიკა კაბინეტიდან გავიდა, ალექსანდრემ კი შვებით ამოისუნთქა და სავარძელში დაბლა ჩაცურდა. ფეხები მაგიდის მეორე მხრიდან ამოყო და პრიალა ფეხსაცმელებს დააცქერდა. “რას ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ჩემი სახელობის ფეხსაცმელი მეცმეოდა!” გაიფიქრა და მაგიდაზე სამი წითელთმიანი არსების სურათს გახედა. “მგონი უთქვენოდ ვერაფერს ვიზამდი... როცა ასეთი ბავშვები გამოგვდის, ორ ცალზე გაჩერება ეროვნული და საკაცობრიობო მასშტაბის დანაშაულია! მოვალ სახლში საღამოს..”
გადაჭედილ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ტრიბუნაზე მდგარმა ალექსანდრემ თქვა: “ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ...” და დაიწყო ტრადიციული სიტყვა. შიგადაშიგ საპატიო ლოჟაში დასკუპებულ ტყუპებს უყურებდა, შეპირდა: “როგორც კი მთქნარება აგიტყდებათ, მაშინვე მოვრჩებიო.” ბავშვებს არ დაუმთქნარებიათ, ალექსანდრემ იცოდა ლაპარაკი. ბოლოს კი, როცა დროშას ემთხვია, მიკროფონში დაიყვირა:
- ახლა ყველას დინამოზე გეპატიჟებით! მიიღეთ ჩემი საჩუქარი და ისიამოვნეთ! გაუმარჯოს საქართველოს, თავისუფლებას, სიყვარულს, მშვიდობასა და როკენროლს! – ცუნამივით ოვაცია ალექსანდრეს მიაწყდა და ისე გაამსუბუქა, რომ შეეშინდა: “რომ ჩავისუნთქო ალბათ წითელი ბურთივით გავფრინდებიო” გაიფიქრა და დიდი სურვილის მიხედვით პირი ვერ მოკუმა – ალექსანდრეს ხალხის უხაროდა.
“თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონთან უჩვეულო ხალხმრავლობაა, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია და არც ერთი სამარშრუტო ტაქსი თუ ყვითელი ავტობუსი არ შეინიშნება. დინამოს სტადიონზე დღეს “Guns n roses” უკრავს, მათ სანახავად 300 000 ადამიანი მოვიდა, არამარტო თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან, არამედ რუსეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და შორეული ჩინეთიდანაც კი.. “განზებამდე” მაყურებელს ქართული ჯგუფები გაახურებენ, ამ წუთებში “რემა” უკრავს, როგორც გესმით “Tool”- ის ერთერთი კომპოზიციაა. მათ მერე უკვე ლეგენდარული “Guns n roses” გამოვა, ისევ ძველი შემადგენლობით, საქართველოს პრეზიდენტმა ჯგუფში ასევე ლეგენდარული ლიდ გიტარა – სლეში დააბრუნა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, როგორც ხედავთ “რემამ” სიმღერა დაასრულა და აი! სცენაზე აქსელ როუზია! “Guns n roses” – მეთი, დაფი, იზზი, აქსელი და რა თქმა უნდა, სხვა ვინ იქნება გაჩეჩილი ხვეული თმით, ცილინდრითა და განუყრელი “ჯიბსონის” გიტარით – სლეში! ოო, პუბლიკა აღფრთოვანებულია! მოვუსმინოთ აქსელ როუზს, ის სიტყვით გამოდის:
- გამარჯობა ჯორჯია, გამარჯობა თბილისო! გილოცავთ ახალი პრეზიდენტის არჩევას, ძალიან გაგიმართლათ! ჩვენ მისი მოწვევით ჩამოვედით. იმიტომ გამოვიფრინეთ ამხელა დედამოტ... გზა, რომ ვაფასებთ მას, რადგან მას ჩვენ ვუყვარვართ! და, რა თქმა უნდა, თქვენ გაფასებთ! ბოლომდე დავიხარჯებით თქვენ რომ ისიამოვნოთ! გაუმარჯოს აქსელ ნებულუსს! პირველი სიმღერა კი ორ მშვენიერ წითელთმიან ქალბატონს უნდა მივუძღვნა, რომლების გაცნობა ძალიან გამიხარდა! მიდი სლეშ!
- აი, ტელემაყურებლებო, თქვენ გესმით პირველი აკორდები ბობ დილანის უკვდავი სიმღერისა! ახლა კი მოვუსმინოთ და ჩვენ მართლაც სამოთხის კართან აღმოვჩნდებით!~
ალექსანდრე ოჯახთან ერთად სცენის დაბლა იჯდა. ჩუმად იყო და გადავსებული დინამოს გუგუნს უსმენდა. სლეშმა რომ დაკვრა დაიწყო, გაინაბა და თვალები დახუჭა.
- მართალი ხარ მამა, სლეში ჯგუფის ნახევარია! – აქსელი მიამ გამოაფხიზლა.
- მთავარი იარაღია! – დაეთანხმა ოლგა.
ალექსანდრემ შვილებს გაუცინა, მერე სამივე ადგა და ხალხთან ერთად აქსელ როუზს აჰყვა.
აქსელ როუზმა სიტყვა შეასრულა, სიმღერისას თავი არ დაუზოგავს. იმღერა ბევრი აწყვეტილი სიმღერა: ““Dead horse”, “Perfect crime”, “Yesterdays”... დაამშვიდა კიდევაც ტემპი წყნარი “You aint the first” და “So fine"-ით, “ნოემბრის წვიმით” საერთოდ ექსტაზში ჩააგდო ყველა, ალექსანდრეს თამადობით, რომელიც მღეროდა, ცეკვავდა, ნინასა და ტყუპებს კოცნიდა და ყველაფრისაგან ისვენებდა.
- ბოლო სიმღერის დრო დადგა! აპლოდისმენტები ბიჭებს და ორკესტრს! მეთი, დაფი, იზზი! – აცხადებს აქსელ როუზი. – ახლა კი "Sweet child of mine”! – და აქსელი ლიდ გიტარის ხმას ელოდება. ხმა არ ჩანს. აქსელმა მიიხედა და სლეში დაინახა, რომელმაც გიტარა დაახეთქა და დაუყვირა
- მადლობა! არ უნდა მახსენო ძაღლიშვილო? ფუ ღორები! - სლეშმა ქუდიც ძირს დაახეთქა და სცენიდან გაქრა. აქსელი გაშტერდა, სიტუაციის განსამუხტავად მეთმა დრამზე იმპროვიზაციული სოლოს დაკვრა დაიწყო და მაყურებელი აიყოლია. ამ დროს პრეზიდენტის ადგილზეც არეულობა შეიქმნა.
- ბოლო აკორდი გვივარდება! – დაიყვირა ალექსანდრემ. – სლეში არ დაბრუნდება?
- არა! – დამწუხრებული სახით თავი გააქნია ნიკამ.
- დედაც ვატირე! ნიკა, მანქანაში ჩემი ძველი ჯინსი დევს, მომიტანოს ვინმემ!
- აქსელ, რას აპირებ? – ჰკითხა შეშფოთებულმა ნინამ.
- რას ვაპირებ, უნდა დავუკრა, არ დავუშვებ ვინმემ შოუ ჩამიშალოს! – დაიყვირა ალექსანდრემ და პიჯაკი გაიხადა.
- მიდი მამა! – ალექსანდრემ ტყუპებს თვალი ჩაუკრა და დაცვასთან ერთად კულისებისკენ დაიძრა.
ჯინსი ორიოდე წუთში მოიტანეს.
- ზევიდან რას ჩაიცმევთ? – ჰკითხა ნიკამ ალექსანდრეს, რომელიც ჯინსის ამარა იდგა კულისებში და გიტარას ჯეკს უერთებდა.
- არაფერს!
- ეს როგორ, საშიშია მხოლოდ პერანგით, ჯავშანჟილეტი მაინც ჩაიცვით! პერანგი მაინც!..
- იყუჩე! – უთხრა ალექსანდრემ და სცენაზე გავიდა. სულზე მიუსწრო, მეთს არაქათი აღარ ჰქონდა. შიშველი პრეზიდენტის დანახვა აქსელს გაუკვირდა:
- თქვენ, ბატონო პრეზიდენტო?
- დიახ, დავუკრავ თუ შეიძლება!
- აბა რა! – თქვა გახარებულმა ვოკალისტმა და ასევე დაბნეულ ხალხს გასძახა: - ახლა მე თქვენს მეთაურთან ერთად ვიმღერებ, სცენაზე ორი აქსელი იქნება! გაუმარჯოს აქსელ ნებულუსს და აქსელ როუზს!
მაყურებელს ისეთი ღრიალი აღმოხდა, რომ მონიტორების ხმა გადაფარა.
- გთხოვთ პრეზიდენტო! – გაუღიმა აქსელმა და მანაც დაიწყო...
აიღო რე დიეზი და ჟრუანტელმა მთელ ტანში დაუარა. გაახსენდა თავისი პირველი კონცერტი უნივერსიტეტში, ხალხი მაშინაც ზუსტად ასე ბღაოდა. ახლა ეს ხალხი მისი იყო, რომელსაც უყვარდა, რომელიც უყვარდა და როგორც ადრე, როგორც ყოველთვის სცენასთან ახლაც ნინა იდგა, რომელიც უცინოდა და მეუღლის ცეცხლოვან სოლოზე მაინცდამაინც აქტიურ მოძრაობებს ერიდებოდა – ნინა ორსულად იყო და ეს ყველაზე მეტად ახარებდა ალექსანდრეს, უკრავდა უმაგრეს სოლოს და იღებდა ყველაზე დიდ ნარკოტიკს – აპლოდისმენტებსა და მუსიკალურ ემოციას. ჯავშანი არ ეცვა, მაგრამ ფეხებზე ეკიდა, იცოდა არავინ ესროდა, რადგან იმ მომენტში ის ვაჟა ინჯიასაც უყვარდა და პრეზიდენტობის მესამე კანდიდატსაც, რომელსაც კონცერტამდე ერთი საათით ადრე გაეღვიძა. კიდევ ორ წითელ ალქაჯსაც უყვარდა, სცენასთან რომ როკავდნენ და წითელ თმას მუსიკის ტემპს რომ აყოლებდნენ. მორჩა დაკვრას, აქსელს გადაეხვია, გიტარიანად ჩახტა სცენიდან და ნინა ჩაიხუტა, თმები ნაზად დაბღუჯა და მაგრად აკოცა.
- აპლოდისმენტები ყველაზე უშიშარ და ნიჭიერ პრეზიდენტს! ნახეთ როგორ უყვარხართ მას, როგორ დაუკრა თქვენთვის! ის ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს საქართველოსთვის! შეხედეთ, როგორ უყვარს თავისი მშვენიერი ცოლი, რომელიც მალე პატარას აჩუქებს! მე ნათლია ვიქნები, მაგარია, Breakdown! Mr. president, solo!..
ალექსანდრე