ტომ უეიტსი - მთვრალი ფორტეპიანო
,,ჩემი ალბომები ფრთხილად უნდა მიიღოთ. გამონაყარი თუ შენიშნეთ, სასწრაფოდ მიატოვეთ და მაშინვე მიმართეთ ექიმს…”
* * *
კითხვაზე "ვინ არის?" პასუხი არაერთგვაროვანია – ალკოჰოლიკი, მაწანწალა, სამაგალითო მეოჯახე, სოფლელი, ფილოსოფოსი, კონსერვატორი, მუსიკოსი, კინომსახიობი, შოუმენი... ბევრ რესპექტაბელურ ადამიანს უყვარს, თუმცა მათზე არასდროს წერს. ორიგინალობის და ექსცენტრულობის თამაში არ სჭირდება. ექსცენტრულობა სისხლში აქვს. იმათი რიცხვიდანაა, სამოთხეში მოხვედრას რომ არ აპირებენ. შიშობს, რომ იქ ღამის კლუბები არ იქნება და სრულიად დარწმუნებულია, რომ ნაცნობ–მეგობრებიდან იქ ვერავის ნახავს.
კიდევ მოსწონს თავისი სიმღერების რადიოში მოსმენა. რადგან ეს იშვიათი სიამოვნებაა – მისი ალბომები რადიოსადგურების ფონოტეკაში ძირითადად არ ხვდება. ერთი–ორჯერ თუ გაუგონია ეთერში – ამბობს, საკმაოდ სახალისოდ ჟღერსო.
მისთვის მიუღებელია მუსიკის კომერციული მიზნით გამოყენება – მაგალითად, რეკლამაში. ფირმა "Frito-Lay"–სთან, რომელიც მის "Step Right Up"–ის მელოდიას სარეკლამო კამპანიაში იყენებდა, სასამართლო დავა მოიგო. თავისი სიმღერების ე. წ. „ქავერ–ვერსიები“ კი მოსწონს. ჯონი ქეშმა Down There By The Train რომ იმღერა, განსაკუთრებით სასიამოვნო იყოო, უთქვამს.
* * *
უამრავი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ მუსიკოსმა ახალი ალბომი ჩაწეროს: კონტრაქტი გამომშვებ ფირმასთან, ფულის შოვნის სურვილი, გადაულახავი შთაგონება, მოწყენილობა, ბოლოს და ბოლოს... ტომი ახალი სიმღერების საწერად მაშინ ჯდება, როცა ძველი ბეზრდება.
ამბობს, რომ საკონცერტო ტურები ზედმეტი ჭირია. როგორც ჩანს, გასტროლები მას შემდეგ აითვალწუნა, რაც 70–იანებში ფრენკ ზაპას კონცერტზე მსმენელი სტვენით აცილებდა. ჰოდა, მის მუსიკას ღია მოედნები და დიდი შენობები არც უყვარს. მის კონცერტზე ბრბოსთან ერთად თავდავიწყებისთვის ვერ წახვალ – ტომის სიმღერები, მარტოსულების სიმღერებია.
სტადიონებს ადრეც ერიდებოდა. ახლა პატარა დარბაზებიც არ იზიდავს. სამაგიეროდ, მსმენელი მის გამოსვლას ზეციურ მანანასავით ელოდება. ყველა ბილეთი ერთადერთ ბრიტანულ კონცერტზე, რომელიც ალბომ "Real Gone"–ის გამოსვლას მიეძღვნა, 30 წუთში გაიყიდა. ლონდონში პოტენციური აუდიტორია 100 ათასი ადამიანია. და ეს იმის მიუხედავად, რომ ალბომების პირველი გამომშვები ფირმა "Asylum Records"–ი თავის დროს ფიქრობდა, ეს კაცი საკუთარ კარიერას მიზანმიმართულად ღუპავსო.
”ხაზგასმულად” არარელიგიურია. მაცხოვარი მისი სიმღერების ისეთივე გმირია, როგორიც ჩვეულებრივი ამერიკელი.
"უცნაური", ნაღვლიანი ამბების კოლექციას აგროვებს."ყველაფერი, რისი ახსნაც შეიძლება – ახსნილია. ჩვენს დროში ჰკითხავ ვინმეს რამეს, მივარდება კომპიუტერთან და 5 წამში მთელ ისტორიას მოგიყვება. ეს კარგია, მაგრამ ხანდახან მე მაინც განვაგრძობ გაკვირვებას... დღეს ცხოვრებაში სასწაულების დეფიციტია... მიყვარს ზებუნებრივი, სულელური ამბები. ასეთების მთელი ბლოკნოტი მაქვს".
ტომი საერთოდ ბევრ საინტერესო რამეს ლაპარაკობს, მაგრამ უნდა გაგიმართლოთ. თუკი რიგით მეათე ინტერვიუს არ წააწყდები (რომელთაც შეკვრებად არიგებს ალბომის გამოსვლის პერიოდში), არ დაუსვამ კითხვას, რომელიც სულელურად მოეჩვენება – უკეთეს მთხრობელს ვერ ნახავ. მაგალითად, გაიგონებ ამბავს იმაზე, რატომ არ დაუკრა პიანინოზე თავის ბოლო ალბომში ("ფორტეპიანო სტუდიაში მოვათრიე, მაგრამ ერთხელაც არ მივკარებივართ. მასზე ჭიქებს ვალაგებდით, პალტოებს ვაწყობდით... ბოლოს სულაც მაგიდად გადაიქცა"), მიტოვებულ სკოლაში გაკეთებულ ჩანაწერზე ("ისეთ ადგილს ვეძებდი, სადაც უჩვეულო ჟღერადობა იქნებოდა"), და რომ თეატრები ორშაბათობით იმიტომ არ მუშაობენ, რომ ადრე მოედნებზე სწორედ ორშაბათობით ატარებდნენ საჯარო სიკვდილით დასჯას... აი, თუ არ გაგიმართლათ – გაუძელით: მხოლოდ ოდიოზური ფრაზები შეგხვდებათ, კრებულებად რომ დევს ქსელში - ადეკვატური პასუხები ”ადეკვატურ” კითხვებზე.
* * *
ზუსტ რეკონსტრუქციას მისი ბიოგრაფია ძნელად ემორჩილება. ერთხელ დასცდა, რომ ყველგან და ყოველთვის სიმართლის თქმა საჭიროდ არ მიაჩნია. ჰოდა, სავსეა ინტერვიუები ფრაზებით იმაზე, რომ ტომი ტაქსის უკანა სავარძელზე დაიბადა; ცოლზე, რომელიც კბილებით ტყვიას იჭერს, გაპუტულ და მაინც შეუჭმელ ფლამინგოზე... ხანდახან გეჩვენება, რომ უეიტსისთვის ჟურნალისტებთან საუბარი სიმღერების შეთხზვისგან არც არაფრით განსხვავდება და ძალიან ძნელია, დაიჭირო ზღვარი, როცა გროტესკი მეტაფორებში ყოველგვარ აზრს კლავს.
ამბობენ, რომ ქ. პომონის თავშესაფარში გაიზარდა, რომ მისი სახელი და გვარი საგაზეთი განცხადებიდან მოდის: ,,ტომი ელის ახალ მშობლებს” (Tom waits for new parents). თუმცა სხვა წყაროები ამ ვერსიას (ისევე, როგორც იმას – თითქოს რუმინელი ებრაელი იყოს) უარყოფენ.
ასეა თუ ისე, დაბადების თარიღი მაინც გვაქვს ზუსტი: ტომ უეიტსი (ზოგი წაკითხვით ვეითსი/უეითსი) 1949 წელს, 7 დეკემბერს სან-დიეგოში დაიბადა. მამას, სკოლაში ესპანურის მასწავლებელს, თმის შესაჭრელად მექსიკაში დაჰყავდა (დასალევი იქ უფრო იაფი ჯდებოდა). უქმეებზე ბავშვები ტრასებზე ავტოსტოპით სეირნობდნენ – რაც შეიძლება შორს, მაგრამ ისე, რომ ორშაბათისთვის სკოლაში ყოფილიყვნენ. ერთხელ სანაპიროზე ნისლი ჩამოწვა, ბინდი შეეპარა ჰაერსაც. ტომი საცურაოდ წავიდა, მშობლები ნაპირზე ელოდნენ, და უცებ, წყლიდან მეკობრეთა უზარმაზარი ხომალდი გამოჩნდა, მკვდარი მეზღვაურებით, ღრიალა გიჟებით, ცალთვალა კაპიტნით, კიჩოს რომ შეხებოდი, ხელის გაწვდენაღა იყო საჭირო. ასე უამბო ბიჭმა მშობლებს. "აჰა, როგორ არა, გვჯერა", - თქვეს უფროსებმა და ტომი სავახშმოდ წაიყვანეს...
უეიტსი თვლის, რომ როკ–მუსიკოსებს შორის კეთილდღეობაში გაზრდილი ადამიანები არ არიან. ანამნეზში ყველას რაღაც სულიერი ტრავმა აქვს - ახლო ნათესავის გარდაცვალება, მშობლების გაყრა, ან კიდევ სხვა რამე, რაც ადამიანს იმ გზისკენ უბიძგებს, რომელიც რეი ჩარლზის ჩანაწერებით მომღერალი მუსიკალური ავტომატის წინ ქედის მოხრით მთავრდება. დასკვნები და განზოგადებები ყოველთვის ღრმა და სასტიკად ირონიული აქვს. მისი მშობლებიც გაიყარნენ.
"ეძებ მამას, რომელმაც ოჯახი მაშინ მიატოვა, 9 წლის რომ იყავი. ერთადერთი, რაც მასზე იცი, ისაა, რომ მემანქანედ მუშაობს. მერე ერთხელ ცნობილი ადამიანი ხდები, მოხვდები "Life"–ის გარეკანზე - და ესაა კომპენსაცია". მაგრამ წარმატებას თითქმის არასდროს მოაქვს თავისუფლება. "ყველა ხმისჩამწერი კომპანია ბანკს ჰგავს. ცოტას გასამრჯელოდ გაძლევენ და მერე მთელი დარჩენილი სიცოცხლე მათი ხარ. შენი ნამუშევრებიც კი არ გეკუთვნის. უმრავლესობა მხოლოდ მცირედს ფლობს ნაღვაწიდან – ისეთი აღტკინებით იწევენ ჩასაწერად, რომ ნებისმიერ კონტრაქტს აწერენ თავის სახელს. მეც ვიყავი ასეთი. უამრავი თოკით დავაბი თავი – ჯერ კიდევ ბავშვობაში".
* * *
1965 წელს, სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში. უკრავდა R&B/Soul ჯგუფში, რომელსაც ერქვა “The System”. დაიწყო მუშაობა “Napoleone Pizza House”-ში.
პირველ რიგში, არტისტია. მისი გამოსვლები უკვე დიდი ხანია, ჩვეულებრივ საფორტეპიანო კონცერტებს აღარ ჰგავს. სულ გეჩვენება, რომ ერთი ნაბიჯი არ ჰყოფნის, რომ საბოლოოდ შეერწყას რომელიმე მიმდინარეობას. სწორედ ეს ნაბიჯი არ გადაუდგამს, მგონი, არასდროს. როცა მაინც აუცილებელია უეიტსის ჟანრის განსაზღვრა, ხშირად წერენ: „როკი“ – ყოველგვარი წინსართებისა და ბოლოსართების გარეშე. უბრალოდ იმიტომ, რომ მისი მუსიკა სხვა ჟანრებს აშკარად არ ეკუთვნის. აბა, მოდი და მიხვდი, საიდან მოდის ეს ხავსმოკიდებული ბლუზების ტრანსმუტაცია, ბი-ბოპ რაფსოდიები – დამტვრეული აკორდეონებით, თვითნაკეთი თუ ლომბარდში გამოძებნილი მუსიკალური ინსტრუმენტებით რომ იქმნება. ”ბოლოს და ბოლოს, რატომ არ შეიძლება მუსიკაშიც დაიბადოს ვან გოგი, რომელიც ამერიკას ყველა შესაძლო კოშმარულ და მშვენიერ ბგერას გამოწოვს და მერე ტრაგედია-კომედიების დეკადენტური ელფერის კვანძად შეკრავს?!” (ა. ლირი)
სადებიუტო ალბომიდან დაწყებული ("Closing Time") ე. წ. „ერთსართულიანი ამერიკის“ მცხოვრებთა პორტრეტებს წერს - ქვეყნის სახე, რომელიც მიმართულია შიგნით, არაა განკუთვნილი ტურისტებისთვის და ნაკლებად ირეკლება ახალ ამბებში. სამყარო, რომელიც სასიკვდილო მარტოობითაა სნეული. ჯერ ფოლკნერისა და უორენის პერსონაჟები, შემდეგ კერუაკისა და კიზის. ქალაქელი უიღბლოების პანოპტიკუმი, „ნაპოლეონ პიცა ჰაუსის“ (სწრაფი კვების ობიექტი, აქ 4 წელი იმუშავა. ამბობს, არასდროს ისე ბედნიერი აღარ ვყოფილვარ, როგორიც მაშინ, როცა იქ თეფშებს ვრეცხავდიო) – კლიენტთა ასლები. მათ შორის თავად ტომ უეიტსი – ძველი ბლიუზმენი 20–ზე ცოტა მეტი წლის. გეჩვენება, რომ ახალგაზრდა არასდროს ყოფილა. მისი ლირიკული გმირიც – ასლია სარკიდან, ილუზია, როგორც ყოველგვარი ანარეკლი.
70-იანებში, როცა ჰარდ–როკი პანკ–როკმა შეცვალა, უეიტსისთვის დრო თითქოს გაჩერდა. სიმღერებს ისე თხზავდა, თითქოს როკ–ნ–როლს არც არასდროს უარსებია. ბავშვობაში მისი კერპი ბობ დილანი იყო, ხოლო ჰიპები, ვუდსტოკი და სხვა peace&lovе–ები ნაკლებად აინტერესებდა. წერდა თავის ”ჯაზ–ბლუზებს” და მისი კარიერაც თანდათან დაადგა აღმაგზას. გასაგები გახდა, რომ ეს გზა სწრაფი არ იქნებოდა, მაგრამ გარკვეულ საკულტო პოპულარობას კი აუცილებლად მოუტანდა.
ალბომები 1973 წლიდან "Heartattack And Vine"–მდე (1980) საკმაოდ ერთგვაროვანია. საკმარისია, ერთს მოუსმინო და წარმოდგენა ყველა დანარჩენზე შეგექმნება. თამბაქოს სურნელით გაჟღენთილი ნაღვლიანი ბალადები, რომლებიც სიმარტივისა და უბრალოების მიუხედავად, მაინც არ ჟღერს ბანალურად. რბილი და დავარცხნილი მუსიკაა, რომლის თავდაპირველი მინიმალიზმი სიმებიანი საკრავების დრაპირებითაა შებურული.
80-იანებში უეიტსი უცებ მკვეთრად იცვლის ”კანს”. ტრანსფორმაცია იმდენად რადიკალურია, იფიქრებ, ახლა ერთი ტომ უეიტსი კი არა, ორიაო. პირველი – საქმეებს დიდი ხნის წინ მოწყდა, ჩამოშორდა, ახლა აზრს იკრებს და დაფიქრებული წერს სიმღერებს თავისი ორეულისთვის.
”...უცებ მიატოვებს სმას, ნევროზულად იტანჯება პოეტური სახეების სიჭარბით, ძველი ამერიკული კადილაკით დაიარება, რომელიც გიჟური რაოდენობის ბენზინს წვავს. კვლავაც ვერ იტანს გასტროლებს. LA–დან ნიუ–იორკში, ნიუ–იორკიდან სადმე შორს, ფერმისკენ – უკვე სამი შვილის თანხლებით. იქ საბძელს ისევ წითლად ღებავენ, მოახლოებული ბოლო ჟამისთვის ბოსტანში ბადრიჯანი და სიმინიდი იზრდება; აივანზე, მიტოვებული სახლების მეზობლად, ფეხებით წიწილას კიდებენ (თვალი რომ არავის ეცეს), გზაზე კი ვიღაც უზარმაზარ კაცი დგას და მოთქვამს ისე საცოდავად, რომ გული შეგეკუმშება:
ბავშვები თამაშობენ,
მთავრდება დღე.
ვიღაც ხალხი
მთვარის შუქზე მღერის.
რა არის სისხლზე და ხორცზე მეტი.
მარტო ის გაქვს, რისი შეყვარებაც შეძელი.
და მე ამ ყველაფერს თან წავიღებ...
(,,Take it with me’’ ალბომიდან Mule Variations)”
ამ გადატრიალებას ბევრი კრიტიკოსი დღემდე არ პატიობს მუსიკოსს, საყვედურობს რა, რომ უკვე 20 წელია, წარმოუდგენელ აბდაუბდას ჟღაბნის. ის კი ვეღარ ხედავდა სხვა გამოსავალს შემოქმედებითი კრიზისიდან. "უცებ მივხვდი, რომ ჩემი მუსიკისთვის სულ ერთია, ვისზეა სიმღერა". ახალი ალბომისთვის მასალა ვერ შეაგროვა: ეჩვენებოდა, რომ სულ ერთსა და იმავე სიმღერას წერდა. სხვა საქმეებიც ვერ ამხნევებდა.
იმედგაცრუებული და დაქანცული უეიტსი საუნდტრეკზე სამუშაოდ ფრენსის ფორდ კოპოლას მიწვევას იღებს ფილმისთვის „მთელი გულით“. კოპოლა იმდენად გაიმსჭვალა უეიტსისა და ბეტ მიდლერის დუეტით "I Never Talk To Strangers", რომ მუსიკოსის გაცნობა მოინდომა. დამეგობრდნენ. ასე დაიწყო ტომ უეიტსის კინოკარიერა.
ხშირად იღებენ, უფრო ხშირად - ეპიზოდურ როლებში, მაგრამ სწორედ ეს ეპიზოდები ხასიათდება მეხსიერებაში ხანგრძლივად დარჩენის აუხსნელი თვისებით. ჯონ ლურისთან და რობერტო ბენინისთან ჯარმუშის ფილმში („კანონგარეშე“) ხომ გახსოვთ? მერე 87 წელს ჯეკ ნიკოლსონთან ერთად – ”ნარშავში”, ფრენკ კოპოლასთან „დრაკულაში“, უილიამ ბეროუზთან ერთად წერს ალბომს (”The Black Rider” 1993), რომელზეც რობერტ უილსონი სპექტაკლს დგამს, იღებს “გრემის“ საუკეთესო ალტერნატიული როკ–ალბომისთვის, აქვეა თეატრალური დებიუტი ("Frank's wild years"), ექსპერიმენტული კინოკონცერტი "Big Time", მუსიკა სპექტაკლებისთვის "Alice" და "Blood Money", "გრემი" საუკეთესო თანამედროვე ფოლკ–ალბომისთვის და "Mule Variations"–ის მილიონი გაყიდული ეგზემპლარი. ერთი ხელის მოსმით გადაიხაზა შემოქმედების პირველი ათწლეული და, სამაგიეროდ, სხვა კიბე აღიმართა.
* * *
ხშირად ხდება ხოლმე, რომ კრიზისი ადამიანს ყველაფრის რადიკალური ცვლილებებისკენ თუ არა, ბევრი რამის შეცვლისკენ უბიძგებს. კოპოლას ფილმის გადაღებებზე ტომი სცენარის რედაქტორს კეტლინ ბრენანს შეხვდა. ამ შეხვედრის სხვა, გიჟური ვერსიაც არსებობს... მოკლედ, ისინი დაქორწინდნენ. "სახლში გველი ჰყავს, კითხულობს უოლ–სთრით ჯორნალს, დაჰყავს 64–ე კადილაკი და ათასნაირი პერიოდული გამოცემა უყვარს. ჯონსბურგიდანაა, ილინოისის შტატი – ეს ბოლო ადგილია, სადაც მარგარინის შოვნა შეიძლება ვისკონსინის შტატის საზღვრამდე". ”ის რეცხავს, მე ვამშრალებ. სიზმრები იერონიმე ბოსხიდან ესიზმრება. ენებით ლაპარაკობს, მე ვიწერ…” (GQ, 2002). კეტლინი ინტერვიუს არავის აძლევს, მიუწვდომელია, თუმცა ცნობილია, რომ Frank’s Wild Years-ის ტექსტებს მისი ”ბეჭედი აზის” . ”ის ალმასია, რომელსაც უნდა, ნახშირად დარჩეს” (Black Market baby-ის მისამღერი)…
მოგვიანებით ტომი იტყვის: ეცადო, ერთდროულად კარიერას და ოჯახს მიხედო – იგივეა, ყოველდღე ორი ისეთი ძაღლი ასეირნო, ერთმანეთი რომ სძულთო. მაგრამ კეტლინზე მხოლოდ აღმატებით ხარისხში საუბრობს. 1983 წლიდან ცოლი მისი შეუცვლელი თანაავტორია. სწორედ მან დაარწმუნა ტომი, რომ ნამდვილად სხვა მუსიკა უნდა შექმნას. მაშინ ბგერასთან ექსპერიმენტები დაიწყო, თითქმის უარი თქვა ფორტეპიანოზე, შეაგროვა ელექტრონული მეგაფონების უზარმაზარი კოლექცია. მისი საყვარელი მოდელი – 1944 წლისაა, ფლოტში იყენებდნენ. მაღაზიებში სხვადასხვა ლითონის საგანს ეძებდა, რომ მუსიკისთვის პერკუსიასავით გამოეყენებინა.
ერთხელ ჩაწერის დროს ვიღაცამ რკინისფეხებიანი სკამი გაათრია იატაკზე ღრჭიალით. უეიტსი გაიტრუნა: "გამაოგნებელია. კიდევ ერთხელ გააკეთე, ოღონდ ბგერით უფრო გაამდიდრე, ფრთხილად და ბევრჯერ, ერთმანეთის მიყოლებით". მისი ახალი პრინციპი ასეთია – სიმღერა უნდა იყოს „უმი“, არასრულყოფილი, მასში დაუსრულებლობის ელემენტი უნდა ჩანდეს.
დამსხვრეულ ბედს ახლა დასახიჩრებული ბგერაც ემატება. ხმასაც აღარ მოაქვს სიმშვიდე, ზუმფარასავოთ გკაწრავს. დაიწყეს მისი კურტ ვაილთან შედარება. თავად უეიტსი კი ნორმალურად აღარ აღიქვამდა ადრეულ შემოქმედებას. შედეგი სავსებით მოსალოდნელი აღმოჩნდა: მოუსმინა "Asylum Records"–მა არტისტის ახალ ალბომს და მის გამოშვებაზე გადაჭრით თქვა უარი. ერთწლიანი წვალების შემდეგ, უეიტსი გათავისუფლდა თავისი მენეჯერისგან, პროდიუსერისა და რეკორდ-კომპანიისგან. ბოლოს და ბოლოს, დისკი "Swordfishtrombones" "Island Records"–ზე გამოვიდა და, ტომისვე სიტყვებით, ისე ჟღერდა, როგორც "ჭკუაზე შემცდარი ორკესტრი აღლუმზე". დისკი კარგად გაიყიდა.
დრო გადის და ტომ უეიტსთან სულ უფრო ხშირად ამოტივტივდება ხოლმე სიკვდილის თემა. ალბომი „Real Gone“-ი სახელწოდებაშიც მოიცავს ყველაფერს, რაც შეიძლება დაუკავშირდეს სიტყვას „წასვლა“. უეიტსი ამბობდა, რომ ეს ჩანაწერი პატარა ბავშვებს მოსწონთ. "მათ უყვართ სიკვდილზე სიმღერების მოსმენა". კიდევ ამბობდა, რომ "Real Gone" - საცეკვაო ალბომია, რომ "Metropolitan Glide" - ინსტრუქციაა ამავე ცეკვებისთვის, რომ სინმადვილეში ალბომი სულ სხვანაირი უნდა ყოფილიყო, და რომ "Real Gone"–ის სტილი „კუბისტური პანკია“. ეს სახლში სააბაზანო ოთახში ჩაწერილი სიმღერებია, რომლებიც სტუდიურ სამუშაოებს თითქმის არ შეუცვლიათ: ინსტრუმენტები შავ ვოკალურ ჩანაწერებს დაედო. "ზოგი ძველ მანქანას ჰგავს – ახალი ტყავით სავარძლებზე". ცოლის გარდა, ალბომის ჩაწერაში ვაჟიშვილი კესიც მონაწილეობდა. "ყველაფერი, რასაც ჩემი შვილები აკეთებენ, ოჯახური ბიზნესია. ფერმერი რომ ვიყო, ტრაქტორით მიწას მოხნავდნენ“.
* * *
ბოლო წლებში ბევრს ლაპარაკობდა პოლიტიკაზე: ”ვიცი, რომ ბევრს ეჩვენება, თითქოს გზაზე 90 მ/სთ–ში სიჩქარით მივექანებით, წინ კი ჩიხია". მის სიმღერებში ყველაფრის გამოძახილს ეძებენ. ის არავის დასკვნებს არ უარყოფს და არ ადასტურებს. არც იმაზე მინიშნება ავიწყდება, რომ უფრო უნივერსალურ რამეებზე წერს, ვიდრე ერაყის ომი და აშშ–ს პოლიტიკაა. "შეიძლება ცინიკურად ჟღერს, მაგრამ ვფიქრობ, რომ საპროტესტო სიმღერების წერა იმას ჰგავს, არაქისი გორილას მიართვა". ტომი ამბობს, რომ სისულელეა იმის ვარაუდი, რომ სიმღერებს სამყაროში რამის შეცვლა შეუძლიათ.
ფირფიტებს ი ს ე უშვებს, თავისთვის. "ფულის შოვნა რომ მდომებოდა, ბევრ სხვა, უფრო საიმედო გზას მოვძებნიდი".
”ჩაწერა ჩემთვის სულებისთვის ფოტოს გადაღებას ჰგავს”...
"ცხოვრებას ჩამოვრჩი. დისკიანი ტელეფონი მაქვს. მე მგონია, რომ პროგრესი იძულებითია და აკვიატებულ იდეად იქცა. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ადამიანები სახლიდან უკვე აღარ გამოდიან. სხედან კომპიუტერებთან და ყველაფერს მხოლოდ ინტერნეტით გებულობენ. მაგრამ პოპულარული და ხელმისაწვდომი რომ არის, ეს არ ნიშნავს, რომ კარგია იმავდროულად. წყლის მილს ჰგავს – ისიც სასარგებლოა, შარდსა და ქიმიკატებს ჩაცლიან ხოლმე. აი, რატომ ღირს წყლიანი ბოთლი გაზიან ბალონზე ძვირი… და რა უნდა უყო ამ ყველაფერს?.. მე მეჩვენება, რომ რევოლუციის ცენტრში ვართ და არავინ იცის, სად დაიწყება ციდან ქვების სროლა".
ყველაზე ამაღელვებელი მუსიკალური ნაწარმოები მსოფლიო მუსიკაში, უეიტსის მიხედვით: ინსტრუმენტების აწყობის პროცესი სიმფონიურ ორკესტრში. თანაც სასურველია ღია მინდორში, თავზე ხმაურით თვითმფრინავმა რომ გადაიფრინოს და შორს ტრაქტორი, ან სატვირთო მანქანა რომ აღმუვლდეს.
,,თითქოს სიბინძურედ ვიქეცით და ველოდებით, როდის გაუშვებენ ჩასარეცხ წყალს’’ (Magnet, 2004).
”მე მჯერა, რომ როცა რაღაც მართლა კარგს აკეთებ, ეს ანგარიშზე გეწერება და მერე სხვებსაც შეუძლიათ, ჩეკები გამოიწერონ”, - უმატებს ტომ უეიტსი უეცრად გახსენებულ ფრაზას საკუთარ რეზიუმეს (“Magnet”, 2004).
“ისე დაუკარით, თითქოს თმა გეწვით. ისეთი ბგერა მჭირდება, სიმღერის უხეშ, შიშველ ჩონჩხს რომ მაჩვენებს” (GQ, 2002).
“ყველაზე მაღალი კლასის მუსიკოსსაც უნდა გაუხსნა ენა, რომ გათავისუფლებული სიმღერა გაცოცხლდეს და თავისი ნამდვილი ისტორიით დაიწყოს სუნთქვა. წინააღმდეგ შემთხვევაში – ხმისჩამწერი სტუდიიდან იდაყვებამდე გასისხლიანებული ხელებით გამოდიხარ და მაგიდაზე სიმღერის გვამს ტოვებ”.
„ვოცნებობ, ისევ ვირწმუნო სამყაროს გულმოწყალება“ (“make it rain”).
* * *
"დღევანდელი გმირები ტექმომსახურების სადგურის ხვალინდელი ოპერატორები არიან, მე გამიმართლა – დიდებული მექანიკოსი ვარ".
P.S. ნახეთ:
http://www.tomwaits.com/albums/ მასალა არქივში მოქექა, განაახლა, შეავსო და ტომის დაბადების დღისთვის დიდი სიყვარულით მოამზადა სოფო გულიაშვილმა