Gode
ასტეროიდი ბ612

     
ჯგუფი: Members
წერილები: 8313
წევრი No.: 1340
რეგისტრ.: 19-October 02
|
#4592785 · 17 Jan 2007, 23:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წინათქმა:
დაღამდა ისევ... კვლავ მოვიდა მუზა, ლექსი დავწერო - თელფინას უნდა, გაფაციცებით ელის ჩემს ნააზრევს, და გამარჯვებას ზეიმობს ნაადრევს.
ვზივარ და ვფიქრობ: რა გითხრა თელფინ? რით გაგიხარო ჩაკლული სული, გაგილამაზო შავი კონსოლო, კვლავ აგიძგერო ნატანჯი გული...
და ოდენ დიდი არის სურვილი! და ძლიერ მინდა რომ გაგახარო! მითხარი, როგორ მოვკლა წყურვილი სიცოცხლის ფერი რომ დაგანახო?!
პინგვინი ხედავს, მე არ მინდოდა! შენ დამიტოვე სხვა გზები აღარ, აჰა! მიიღე ის რაც გინდოდა! გაშალე ფრთები, იფრინე ლაღად!..
და კვლავაც ვიღებ მე ხელში კალამს, შენს სევდიან გზას მოვყვები ლექსად, არა! არ ავწევ მე ჩემს თეთრ ალამს! სულ რომ არ დარჩეს პინგვინი ქვეყნად.
***
ბავშვობა და ყრმობა
ის დაიბადა სადღაც სოფელში... სადაც არასდროს ყმუოდა მგელი, მუდამჟამს იდო თეთრი თოვლი და სადაც ყოველთვის რაღაცას ელი.
ის დაიბადა დიდთოვლობის ჟამს, როცა ჰორიზონტს ფარავდა სევდა, როცა ძროხაც კი თივას აღარ ჭამს, როცა ქუხილს თან არ ახლავს ელვა.
მის დაბადებას უძღვოდა ბევრი, ბარაქიანი ჯაფა-ღვრა ოფლის. მის დაბადებას თან მოჰყვა ერთი, ომახიანი გასროლა თოფის.
ის იყო სუსტი, მაგრამ ლამაზი, ბუნებამ სხარტი გონებაც მისცა, და არასოდეს იყო ამაყი, მალე ჩურჩულის საბაბად იქცა.
"უცნაურია" - ამბობდნენ ერთნი, "თავისთვის მარტო დაიარება..." "ცოტა ვერ არის" - ამბობდნენ სხვანი, "არ უნდათ მშობლებს აღიარება..."
რაც არ უნდა ვთქვათ ერთი კი არის, რომ იყო მუდამ თელფინე მარტო, არავინ ჰყავდა მას მეგობარი, დღემდე არ იცის არავინ - რატომ...
მხოლოდ წიგნებთან უყვარდა ყოფნა, იკარგებოდა ფურცლების ზღვაში, მიეცემოდა უსაზღვრო ტკბობას, ფანტაზიები ცოცხლობდა თავში.
და მშვენიერ დღეს, ერთ მშვენიერ დღეს, ერთ უცნაურ და უცხო სურათზე, ცხოველს წაწყდა, ფრინველს წააწყდა, უკეთეს, ლამაზს მის ძველ ულაყზე.
არც ცხოველია, არც ფრინველია, არც თევზია და არც ხიზილალა, მას სახელი აქვს, ოჰ უცნაური! ერთხელ წამოსცდა - ბევრჯერ ინანა...
პინგვინი ჰქვია თურმე არსებას, და ცხოვრობს იგი ცივ სარტყელებში, მიირთმევს თურმე სადილად თევზებს არ იცის ფრენა, ცისარტყელებში.
და ამ დღის მერე აეკვიატა, აეკვიატა ველური ვნება, "დავიმორჩილო უნდა პინგვინი!" სწვავდა სურვილი, დაეცა ელდა..
***
შეხვედრა პინგვინთან და ფატალური შეცდენა
გათენდა დილა, პირმშვენიერი, ავს არ გურძნობდა არავის გული, თელფინამ ერთი ბოხჩა გამოკრა, სახლიდან მიდის - არა აქვს ფული.
ევედრებოდნენ, ეხვეწებოდნენ, "არ წახვიდეო" - დედა და მამა, მაგრამ წავიდა, და ამით ფეხი ამოიკვეთა ოჯახში მარად.
ბევრი იარა, ცოტა იარა, ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიარა, მთელი ქვეყანა შემოიარა, ვერ მოიშუშა მან თვის იარა...
ჩამოფლეთილი, ჩამოკონკილი, ბოლოს მიადგა ის ერთ კარიბჭეს, კარიბჭის თავზე იყო წარწერა, "ნუ შემოხვალ თუ ლინუქსს არ იჭერ".
"ეს რაღა ბედენააო, ნეტავ?" იელვა უცებ თელფინეს თავში, მედგრად გადადგა ნაბიჯი დიდი, შეაღო ტანით - შევიდა კარში.
და უცებ მოხდა ის რასაც იგი, ასე უსაზღვროდ ელოდა, ძლიერ, ყველა კედელი, სახლში და კარში, მოხატულ იყო პინგვინის მიერ.
შემოეგებნენ ღიმილით უმალ, მოიპატიჟეს "მობრძანდით სტუმარ!" უცებ დანატეს, დააფორვარდეს, იცოდე ვეღარ შენ გახვალ უკან!
მაგრამ თელფინე სულ არ უსმენდა, ის მოხვდა ბოლოს იქ სადაც სურდა, ბედნიერებით უძგერდა გული, პინგვინის მეტი არა რა უნდა?..
მერე დაიწყო, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი, ანცი თამაში, "კერნელი უნდა დააკომპილო, არაფერია ავი ამაში!"
თელფინეს მეტი რაღა უნდოდა, მედგრად დაიწყო თითების ქნევა, დააკომპილა მალე კერნელი, გამოეცხადა პინგვინი - ევა.
ო, რარიგ ტკბილი იყო ის ღამე, პინგვინის ფრთების ტყლაშუნი მესმის, უნდოდა ძლიერ რომ ეთქვა რამე, მაგრამ დილისკენ ფეხის ხმა ესმის...
***
კვანძის გახსნა და სევდიანი დასასრული...
ძნელია თურმე რომ გამოერკვე, ნეტარებიდან ერთბაშად დილით, თელფინეს თავზე ხალხი დაადგა, და სადღაც მიყავთ, ნახევრად ძილით.
ვერ მიხვდა ბრიყვი, რა დაემართა, როგორ მიჰყიდა მან სული პინგვინს, ამიერიდან შენ ჩვენთანა ხარ, მიმოიხედე რას ხედავ ირგვლივ!
და უცებ, უცებ თვალთ აეხილა! მხოლოდ კედლები, არავინ იძვრის... ჩაკეტილია ის ტერმინალში, ისმის საბრალო კრიახი იხვის...
ერთი შეცდომა ძვირად დაგიჯდა, ვეღარ იხილო შენ აწი ვნება, შენი თავი შენ აღარ გეკუთვნის, უნდა ასრულო ვიღაცის ნება.
ტერმინალში ხარ გამომწყვდეული, პინგვინს მიჰყიდე უბიწო სული, სულ ერთ ღამეში გაცვალე თელფინ, შენ შენი დიდი, ჯანმრთელი გული.
ამიერიდან შენ გახდი მონა, ტერმინალის და შავი პინგვინის, ვეღარ დააღწევ შენ თავს ვერაფრით, შორს ვეღარ წახვალ, მარდი სირბილით.
სტირის თელფინე, მიხვდა რომ შეცდა, მაგრამ იცის რომ არს გვიან, ძლიერ, ამიერიდან ემსახურება, პირქუშ ტერმინალს, დიდსა და ძლიერს.
ასე დასრულდა ამბავე ესე, თელფინე დარჩა გამომწყვდეული, მორჩილად ზიდოს უნდა ჭაპანი, მოტყუებით არს ის დამწყვდეული.
***
ბოლოთქმა
მკითხველო შენ კი, რას ელი ჩემგან? შენც ხომ არ შეგხვდა სადმე სურათი? არც ცხოველისა, არც ფრინველისა, არც თევზისა და არც ხიზილალის?
მაშ მე კი გეტყვი, ვინ არ ის იგი! და აგარიდებ საშინელ ელდას! მოციქულია ბნელეთის, შიშის! სთესავს ტანჯვას და უზომო სევდას!
მას სახელი აქვს თუმც უწყინარი: ასე ამბობენ ჰქვია პინგვინი, მაგრამ ერიდე, არ შეგაცდინოს, აღარ გიშველის მერე ტირილი.
მეც წავალ აწი, ხელებს დავიბან, ისტორიაში მე ვარ უბრალო, შენ კი ეცადე, არსად არ შეხვდე, და აერიდე პინგვინს უბელოს.
ნურც თელფინეზე ინაღვლებ ბევრს შენ, შველა და ხსნა მისთვის აღარ არსებობს, მხოლოდ ერთს შეგთხოვ, თუ სადმე შეხვდე, უთხარი პინგვინს აღარ ახედოს...
სევდიანია ეს ისტორია, ცრემლი გადინა შენ ალბათ ბევრი, პინგვინისგან და თელეფინუსგან, მე აწი უკვე არაფერს ველი...
დასასრული...
|