VENDETA
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5281
წევრი No.: 223
რეგისტრ.: 20-July 01
|
#1396305 · 19 May 2005, 13:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ზარი მეთექვსმეტე
გოგოები უფასოდ შეუშვეს, ბიჭებმა ფული გადაიხადეს. კიეველი დიჯეი სლავა პატარა სცენაზე იდგა და ნასვამი, უცნაურაბებნაყლაპი ქართველების აცეკვებას ცდილობდა. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ახალგაზრდებს წყვილ-წყვილად შეეძლოთ ხელ-ფეხის გაქნევა! სადღა ნახავდით ახლა დინჯად მოქანავე, ჩახუტებულ გოგო-ბიჭს_ აქ ყველა ცალ-ცალკე ცეკვავდა. გაფითრებული ქალ-ვაჟები მარტოდმარტო ხტოდნენ ერთ ადგილზე და ერთი-ორი საათით იმასაც ივიწყებდნენ, რომ თბილისში, ძველისძველ და ნაგვით სავსე ავლაბარში უწევდათ ცეკვა. კიეველი დიჯეი, სლავა, უკვე ფრჩხილებით კაწრავდა ფირფიტას, როცა ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში ავლაბრის დისკოთეკის ადმინისტრატორი და მამა თორნიკე შემოვიდნენ. მამა თორნიკეს პირველმა ნინუკამ მოკრა თვალი და გაიფიქრა, მარხვის დროს კუპალნიკი რო ჩავიცვი, ალბათ, ღმერთი მსჯის და ყველგან მამაო მელანდებაო. თუმცა, როცა სლავას გაჩერება სთხოვეს და დარბაზში სინათლე აინთო, ნინუკა დარწმუნდა, რომ მამა თორნიკეს სხვებიც ხედავდნენ.
-დედა მომიკვდეს, თუ არ ვიტირო, მამა თორნიკემაც რომ იცეკვოს, - გადაულაპარაკა ნანუკამ ნინჩოს. -არ მივესალმოთ?- იკითხა ლელუკამ. -გაგიჟდება, გოგო, აქ რო დაგვინახოს,- შეეშინდა ნინუკას. -თვითონ რო დადის!- გაბრაზდა ნინჩო. ამასობაში ადმინისტრატორმა მიკროფონს მიაშურა. -რას, რას... შეამოწმა, ჩართული თუ იყო, მერე კი ალაპარაკდა,- ბოდიში რა, ხუთი წუთით... ისა...- და გაიღიმა. დარბაზში ერთი სტიქაროსანი და ოთხი თავწაკრული სევდიანი გოგოც შემოვიდა, მგალობლები. -ჩვენი ცენტრი, მუსიკალურ... კულტურული, ახალგაზრდული, - მიკიბულ-მოკიბულად ლაპარაკობდა ადმინისტრატორი, -ერთი კვირაც არაა, რაც გაიხსნა... დღეს, ჩვენი თხოვნით, მამაო აკურთხებს ამ დაწესებულებას და მერე ისევ სლავა გააგრძელებს თავის საქმეს... მადლობა. ლელუკამ ვერ მოითმინა და მაინც მივიდა მამა თორნიკესთან. -აიტ, თქვე მამაძაღლებო!- გაუხარდა მოძღვარს, -თქვენც აქა ყოფილხართ!.. ქეთევანიც აქაა? მამა თორნიკეს სხვა გოგონებიც მიუახლოვდნენ. -არააა,- ჩვეულებისამებრ, მორცხვად გაამღერეს ბავშვებმა,- არ არიიი. ხოლო სევდიანი, თავწაკრული გოგონები უსმენოდ შეუდგნენ გალობას. პირჯვარს დიჯეი სლავაც იწერდა.
ნაკურთხი წყალი დემურსაც მიეპკურა, რომელიც იმით, რაც აქ ხდებოდა, სულაც არ იყო აღფრთოვანებული. თუმცა, თავს მაინც ბედნიერად გრძნობდა. ვერ ხვდებოდა, მოეჩვენა თუ მართლაც წააწყდა თეიკოს სახლში ნინჩოს რაღაცნაირ მზერას. ფიქრობდა, ერთი ”შე ჩემა” ვთქვი და ნინჩო ასე გავაკვირვე, ეს სულიჩა რო იქვე გამელახა, თავსაც შევაყვარებდიო. ნუციკოს გაკვირვებული თვალებიც დაამახსოვრდა. ”შე ჩემა” არაფერ შუაშიაო, უბრალოდ, გაუხარდა, ნუციკოს რომ გამოვექომაგეო. მაგრამ აქვე გადაწყვიტა, რომ ისეთი რთულად გამოსათქმელ-აღსაქმელი სიტყვა, როგორიც, მაგალითად, ”გამოქომაგებაა”, გონებაშიც კი აღარასოდეს გაევლო- თუკი ასე ვილაპარაკებ, გიჟად ჩამთვლის ნინჩოო. დემურს სასწრაფოდ უნდა აეთვისებინა რუსულ-ქართული სლენგი. როგორც იქნა, დისკოთეკის კურთხევის ცერემონია დასასრულს მიუახლოვდა, სევდიანმა გოგონებმა დისონანსურად წაიმღერეს- ამიიინ, და მამა თორნიკემაც მოკლედ იქადაგა: -გიყვარდეთ თქვენი სამშობლო, წადით სახლში და ილოცეთ. მერე გოგონებს გამოემშვიდობა და ადმინისტრატორთან ერთად დატოვა დარბაზი. -ხშირად მოდით ხოლმე ეკლესიაში, რისი გეშინიათ, კი არ შეგჭამთ, - უთხრა გოგონებს წასვლის წინ მამა თორნიკემ. დიჯეი სლავა კვლავ პატარა სცენაზე აბობღდა. -გაიხარეტ, კარტველებო!- დაიყვირა მან დამტვრეული ქართულით და ხალხი ააკივლა. საბრალო ნუციკო სურმავა კი ამ დროს სახლში თავის ბნელა ოთახში შეკეტილიყო და გულში სულიჩას ლანძღავდა: ”დამპალი სულიჩა, მოვკლავ მაგ საცოდავს!” თან საკუთარ თავზეც ბრაზდებოდა: ”მეც დებილი რო ვარ, დავტეულიყავი, რას გამოვრბოდი! სკოლაში აღარ წავალ!” ნუციკოს ერთი წუთითაც არ დავიწყებია დემურის ”რა გაცინებს, შე ჩემა?”- ვერ ხვდებოდა, რატომ ახსენდებოდა ასე ხშირად დემურის სიტყვები...
ნინჩო ბართან, მაღალ სკამზე ჩამოჯდა და შარვლის ტოტები მუხლამდე აიწია, დამცხაო. დემურს სევდა დაეუფლა. ხურციძეს გონებაში მკრეხელურმა აზრმა გაუელვა: სუ მკიდია ეს გამოსირებული დემური, მივახტები ეხლა ამ ნინჩოს და აგერ დამასკდეს ყველაო. დაახლოებით იმავეს ფიქრობდა ანდრიკოც, სხვა ყმაწვილებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. უეცრად, დემურმა გაბედა და ნინჩოს მიუახლოვდა. -რამე ხო არ გინდა? დარბაზში კიეველი სლავას ნაჯაფარის მეტი არაფერი ისმოდა. -რა თქვი?- დაიყვირა ნინჩომ. -რამე ხო გინდა-მეთქი, წვენი ან...- დაიყივლა დემურმა. ნინჩომ თავი გააქნია. საუბარი არ შედგა. დემური დანაღვლიანდა, თავის თავზე გაბრაზდა, წვენი რამ მათქმევინა, წვენი რა სასმელიაო... ძლივს გაიხსენა სიტყვა ”ტეკილა”. -ტეკილა გაქვთ?- ჰკითხა დახლს უკან მდგომ საქმიან ბარმენს. უნდოდა, ნინჩოს დაენახა, როგორ სვამდა ტეკილას. -დღეს არა, -უპასუხა ბარმენმა, -რო გვიკურთხეს აქაურობა, ადმინისტრაციამ აკრძალა, უხერხულიაო. ხვალიდან, კი ბატონო. დემური კიდევ უფრო დასევდიანდა, ისევ ნინჩოსთან მივიდა. -ხო არ მოიწყინე? ნინჩომ ხელი გააქნია, არაო, ხმას აღარ იღებდა. მერე წამოხტა და ხტუნვა-ხტუნვით მუახლოვდა სცენას, იქვე აცეკვდა. ”ისე, მაგარი გარეკილია”, გაიფიქრა დემურმა და გული კიდევ უფრო შეეკუმშა სიყვარულისგან.
ნუციკო სურმავა საწოლზე მიწოლილიყო და თავი ტირილისთვის განეწყო. ზოგჯერ არ ეტირებოდა, მაგრამ წარმოიდგენდა თავის პანაშვიდს, მოქვითინე მშობლებს, მეგობრებს, მასწავლებლებს და გულაჩუყებული ატირდებოდა. ასეც ერთობოდა ხოლმე. მაგრამ, ამჯერად, ბუნებრივად ეტირებოდა, ოღონდ, სიბრაზისაგან. ყელიც სტკიოდა, თუმცა იმდენად სულიჩა არ სძულდა, რამდენადაც- საკუთარი თავი. რატომ გამოვიქცეო, ისევ ამას ფიქრობდა, კრეტინი ვეგონები ყველასო. რატომღაც ვერა და ვერ ივიწყებდა დემურის სიტყვებსაც... თავად დემური კი ჩხეიძეს, პუსკას და ჟვირავას მიეტმასნა, ანუ იმ ყმაწვილებს, რომელთაც სულ ახლახან ესწავლათ უმიზეზო ბღვერა... არ გამოსაუბრებია, ანკი რას ეტყოდა, უბრალოდ, მათ გვერდით დადგა. მერე პუსკამ საიდანღაც მოსაწევი გააჩინა და ყმაწვილები გარეთ გავიდნენ. დემურისთვის არც შეუთავაზებიათ. ”მათთან მუშაობა დამჭირდება”,- გაიფიქრა დემურმა და კვლავ ბარისკენ დაიძრა. ნინჩო სცენის მახლობლად ხტოდა, იქვე ზანტად ირხეოდა თეიკოს ერთერთი ნათესავიც, თეთრ შარვალში გამოწყობილი, უწესიერესი ყმაწვილი შოთო. დემური მისკენ გაემართა და განზრახ დაეჯახა. -უკაცრავად, -შოთომ მაშინვე მოიხადა ბოდიში, რაკი ორი წელი გერმანიაში ესწავლა და ბოდიშების თქმა სწორედ იქ ესწავლა, მაგრამ დემურმა გაღიზიანება გაითამაშა: -ფრთხილად, ჩემი ძმა,- თვალებში ჩახედა შოთოს და მერე ნინჩოსკენაც გაიხედა, გაიგონა თუ არაო. ნინჩო დემურს მიუბრუნდა: -რატო არ ცეკვავ? ”ესე იგი გაიგონა”, - გაიფიქრა დემურმა და სულ ერთ წამში გონებაში პასუხის მილიონი ვარიანტი შეთხზა: -რავი, - თქვა ბოლოს და ნინჩოს გაუღიმა. საბრალო უწესიერესი შოთო ამასობაში სადღაც გამქრალიყო.
ამ დროს შემოსასვლელში ჩოჩქოლი ატყდა. ჩხეიძეს, თურმე, არყის შემოტანა განუზრახავს დისკოთეკაზე და დაცვის ბიჭებს არ შემოუშვიათ. ჩხეიძე გაქაჩულა კიდეც. პუსკა და ჟვირავა, უკვე გვარიანად დანაბოლები, გინებ-გინებით მიცვენილან დაცვის ბიჭებთან. მერე ჩხეიძემ დანაც იშიშვლა. ხოლო დაცვის ბიჭმა, კობამ, სახეში ისეთი თეთქვა, რომ არათუ იქვე მიცვენილი გოგოები, კიეველი დიჯეი სლავაც კი ააკივლა. პუსკა კობას ზურგზე შეახტა, თან იგინებოდა. ადმინისტრატორი დარბაზში შემოვარდა: -არ გინდათ, ძმებო, ნაკურთხები ვართ! დაცვის ბიჭებს ნინუკამაც კი შეაგინა. ქალური მიხრა-მოხრის ლადუნა ადმინისტრატორს დაემუქრა- დისქოთეკაა თუ რაღაც ჯანდაბაა, დაგიხურავთ, დედას გიტირებთო. თან სადღაც რეკავდა. დემური მიხვდა, რომ სიმამაცე უნდა გამოეჩინა. ძალა მოიკრიბა, ჩხეიძესა და დაცვის ბიჭს შორის ჩადგა და კუჭმაც მოუარა. დარბაზში ასაკოვანი პოლიციელი შემოვარდა- დასახვრეტები ხართ ყველანი, თქვენხელა შვილიშვილები მყავსო, ყვიროდა. ნინჩოს ტელეფონი აუწკრიალდა. -ორი საათია გირეკავ, სადა ხარ?- ნიკუშა იყო. -ზარი არ მესმოდა, ავლაბარში ვარ, დისკოტეკაზე, აუ, მოდი სწრაფააად!.. -ფანჩულა გამოგივლის ეხლა... სწორედ ამ დროს დემურს ცხვირში მოხვდა კობას მუშტი და ნესტოდან სისხლმა გამოჟონა. ნინჩომ კი შენიშნა, მაგრამ ჩხუბისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ნიკუშას ზარმა ააღელვა: -ნიკუშ, რამე მოხდა? -ნადრიკუჩა გაიქცა ციხიდან. თავი დაიძვრინეს ნინჩოს კლასელებმაც- გაღიზიანებული ჯეელები გინებ-გინებით დაუსხლტნენ ხელიდან დაცვის ბიჭებს და ქუჩაში გაცვივდნენ. მათთან ერთად დემურიც მირბოდა, თან ავლაბარში ტოვებდა სისხლის კვალს. -დაჭრილი ხარ?- ჰკითხა მას ჩხეიძემ. -მგონი,- უპასუხა დემურმა, - ცხვირში.
თეიკომ ძლივს გააღვიძა ტუალეტის კართან მძინარე ვანჩო. კობამ პანღური ამოჰკრა ქალაჩუნა ლადოს, რასაც ამ უკანასკნელის ისტერიკა მოჰყვა: -დაგასახიჩრებ, შე უპატრონო, გველო... დამპალო! ლადუნა ასაკოვანმა პოლიციელმა გაათრია გარეთ, თან მეგრულად ლანძღავდა. ლადუნამ პოლიციელი შეუბრალებლად დაპორჭყნა. ხურციძე, ანდრიკო და თეიკოს ნათესავები შეშინებულები აცეცებდნენ თვალებს. ”ბევრს რო ვანძრევთ, დავისაჯეთ და ამიტომაც გავეხვიეთ ხათაბალაში”, ფიქრობდა ანდრიკო. ხურციძე დაცვის ბიჭებს უღიმოდა, მე თქვენკენ ვარო. ნინჩოს ფანჩულამ გამოუარა და მის მანქანაში, ნინჩოს გარდა, კიდევ რვა გოგონა აღმოჩნდა. გოგონებმა ნინჩოსა და ფანჩულას მოკლე დიალოგიდან შეიტყვეს ნადრიკუჩას ციხიდან გაქცევის ამბავი: -აუ, პროსტა, რააა?- პირი დააღო რვავემ. პუპას ხასიათი მოეშხამა, ნეტა პირველს მე გამეგო და ნინჩოსთვის მეთქვაო. -ბიჭები სად არიან?- იკითხა ფანჩულამ და პუპა მაშინვე კარგ ხასიათზე დადგა. -ბიჭებმა ისე იჩხუბეს, ისე იჩხუბეს, რო აი, პროსტა, რა ვიცი... პუპამ მოყოლა დაიწყო. ბიჭებმა, ამასობაში, ბარათაშვილის ხიდიც კი გადაირბინეს, მაგრამ ტაქსი ვერაფრით გააჩერეს, მერე მოისაზრეს, განცალკევდნენ და დემურმა მორახრახე წითელი ტაქსი გააჩერა. ჩაჯდა თუ არა, მძღოლმა ლაპარაკი დაიწყო: -მოვდივარ, ამასწინეებზე, აეროპორტიდან... ვხედავ, გოგო დგას, ჩემი შვილის ტოლა, კაცო... გავაჩერე, მეთქი, საით?.. იქითო, ზემელზეო. მომიჯდა და პირდაპირ ხელი არ გადმოყო, მე მაგის დედა რო მოვსტყუნ!.. * * *
|