Necrobaterთოვლი

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო, სული მევსება თოვლით
დღეები რბიან და მე ვბერდები.
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ, ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს
უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის,
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამტარს თუ გადავურჩუ,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!
არის გზა, არის ნელი თამაში..
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო.
მე თოვლი მიყვარს , როგორც შენს ხმაში
ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!
მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ
მშვიდი დღეები, თეთრი ბროლება,
მინდვრის ფოთკები შენს დაშლილ თმაში
და თმების ქარით გამოქროლება.
მომწყურდა ეხლა, ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს-ყოფნა ბინაში..
თეთრი ტყეების მომყვება გუნდი
და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.
თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული ფიფქით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

This post has been edited by KoShKa on 14 Jun 2006, 02:00