.........და უცებ ქუჩის თავში გამოჩნდა სქელი კაცი, რომელსაც ხელში უზარმაზარი საზამთრო ეჭირა და ძალიან კმაყოფილი სახე ჰქონდა, რადგან საზამთრო ახალთახალი შემოსული იყო — სწორედ ისე მოჰქონდა, ბირთვის მკვრელებს რომ უკავიათ თავიანთი ინსტრუმენტი. და წარმოგიდგენია, დათა, — ქუჩაში სიჩუმე ჩამოვარდა. ბავშვები შესცქეროდნენ მონატრებულ ხილს, კაცმა კი ამაყი, გამარჯვებული სახით ჩაუარა ყველას და თავის ოჯახში შევიდა. და აი, მაშინ, დათა, სწორედ მაშინ იყო საჭირო თანხა. მე რომ მაშინ იმდენი თანხა მქონოდა, თუნდაც ჯონ გრეის რომ ჰქონდა, ტაქსით ჩავგრიალდებოდი თბილისში, დავიქირავებდი საბარგო მანქანას, ვიყიდდი უამრავ საზამთროს, ჩამოვიტანდი კიკეთში, მძღოლის დახმარებით გადმოვალაგებდი, გორად დავაწყობდი, მერე ერთ ცალს დავწვდებოდი ორივე ხელით და დავიძახებდი: ეჰე, შენ, პატარა გოგო, წითელკოპლებიანი კაბა რომ გაცვია, ეს შენია, დაიჭირე... და საზამთროს დაღმართიან ქუჩაზე ფრთხილად დავაგორებდი. მერე მეორეს მოვიმარჯვებდი და ისევ გავძახებდი: ეჰეე, შენ, თავხოტორა ბიჭო, ეს შენია, დაიჭირე... და დავაგორებდი და სულ ასე, სანამ ყველა ბავშვს არ ჩამოვურიგებდი, მერე კი ჩემს მკვიდრ დისშვილებსაც მივუტანდი. ხომ სწორად მოვიქცეოდი?
— სწორად მოიქცეოდი.
— ახლა კი შენ წარმოიდგინე, დათა, რა ეღირება ახლადშემოსული საზამთროებით გატენილი დიდი საბარგო მანქანა და მერე თქვი, თანხა საჭიროა თუ არა, მაგრამ ესეცაა — ამდენი თანხა ქუჩაში არ ყრია და არც არავინ გაჩუქებს, ხოლო თუ გარკვეული დროის განმავლობაში დააგროვებ, შეიძლება გადაიფიქრო აღნიშნული ხილის ყიდვა, რადგან თანხის დაგროვებისას ადამიანი იცვლება. ეს ნაღდია, მერწმუნე, დათა, და ამიტომ, თუ იცი, რაა საჭირო? — ნუ იყიდი, ძმაო, საზამთროს, სანამ კარგად არ შემოვა, გაიჭირვე ერთი-ორი კვირა. მე თუ არ ვიყიდი, არა? შენც თუ არ იყიდი, არა? და სხვაც თუ არ იყიდის, არა? — არც ერთ ბავშვს გული არ დასწყდება."
(იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი-გურამ დოჩანაშვილი)
გადავიკითხოთ დიდებული კლასიკოსები............................