მე ახლა ვზივარ სამსახურში და ჩემს გარშემო
ა რ ა ფ ე რ ი ა, თუ არ ჩავთვლით აპარატურას -
კომპიუტერებს, დანადგარებს. სწორედ საჩემო
არის გარემო, რასაც მხატვრულად
გაუცხოებას უწოდებენ. და ეს ბუნაგი,
მავთულებით და ნათურებით უხვად მორთული,
დღეს ჩემთვის არის უფრო უნაკლო,
უფრო მშვიდია და კომფორტული,
ვიდრე ბუნება, - სხვა რა გითხრა? - ვიდრე საწოლი,
ან ვიდრე ძუძუ, თვინიერი, ჯერ-არ-ნაწოვი.
რაც მთავარია, ამ კედლებში არასდროს ვნანობ,
რომ, ვთქვათ, წარსულში ვეღარაფერს ვეღარ გადავშლი,
ანუ აქ მართლა მარტო ვარ, ანუ
"ყველამ დამტოვა" რჩება ძალაში.
მიმაგრებული სურათი