საიდანღაც მოსული ცოდვებით,
საიდანღაც მოსული გაღვიძებებით,
საიდანღაც მოსული შეყვარებულებით,
საიდანღაც მოტანილი იარაღებით
დატვირთული გემი ზღვაში გავიდა
და ჩაიძირა
და ჩაიყოლა
საიდანღაც მოსული უცოდველობა,
საიდანღაც მოსული ძილი,
საიდანღაც მოსული სიძულვილი,
საიდანღაც მოტანილი ბუშტები
და როცა მიდიხარ პარალელურ სიზმრებში
და როცა მიდიხარ უანდერძო ქალაქებში
და როცა მიდიხარ დანომრილ ქუჩებში
შენ სულ ამსხვრევ მიწას
და იკაწრავ წვივებს
და შენი მეგობარი,
რომელსაც ჰქონდა ცისფერი თვალები
და რომელსაც ცისფერი თვალები ჰქონდა
და რომელსაც თვალები ცისფერი ჰქონდა
და რომლისაც მხოლოდ თვალები გახსოვს,
გუშინ მიაბარეს მიწას,
და ისიც საიდანღაც მოტანილი ფიცრებით აჭედეს
და აგიკრძალეს სტუმრობა მასთან..
ხელები შეაწებე ერთმანეთს ჰაერივით
და წყალი, რომელსაც წვეთ-წვეთ უბრუნებ მიწას,
დაასხი ხოჭოებს,
რომლებიც ანაყოფიერებენ ერთმანეთს
და გაწუწე ხოჭოები,
რომ დაიხოცნონ და დაიხრჩონ
და აღარ დაიბადოს ახალი ხოჭო,
რომელსაც შენი შვილი მოკლავს..
შენი შვილი კი გაიზრდის თმებს,
იპოვის უქმად მყოფ გოგონას და გაანაყოფიერებს მას
და ერთხელაც, როცა წყალს გადაასხამენ,
ის იგრძნობს რომ ხოჭოა
და აღარ დაიბადება შვილიშვილი შენი..
გააფუჭე!
გააფუჭე საათები,
რომლებიც წვიმასავით ეხეთქებიან შენს დანაბიჯებ მიწას
და გააფუჭე ისრები,
რადგან გკლავენ და გამცირებენ,
მოკლე ისარი – შვილი შენი
და გრძელი ისარი – სიყვარული შენი
და წამიერი ისარი – ოცნებები შენი
და ტრიალდებიან ოცნებები სამოცჯერ შენს გარშემო,
სამოცი სამოცად მეორდება შენს სიყვარულში
და ოცდაოთხ დაკარგულ ოცნებად რეალიზდება შვილში შენსაში,
რომელიც იპოვნის უქმად მყოფ გოგონას
და გააფუჭებს მას,
რადგან შენ გააფუჭე საათები..
დრო ელემენტარული არითმეტიკაა,
გინდოდა, გიჭირს და ვერასოდეს შეძლებ,
წამის რითმებზე აყოლილი პულსაციით აითვისებ
სამყაროს სულს
და ერთხელაც მიაგნებ შენს მიზანს
და მიხვდები, რომ იცხოვრე
და მიხვდები, რომ იფიქრე
და მიხვდები, რომ იყვარე
და მიხვდები, რომ
ამაოდ..
რადგან ტვინი გიხმობს
და ჩაგითრევს მორევად მორეულ მოგონებებში,
სადაც შენ ისევ უცოდველი,
საიდანღაც მოსულ ხოჭოებს
წყალს გადაასხამ და დაახრჩობ
და ხოჭოები ვეღარ გააჩენენ ნაყოფს
და გისაყვედურებენ მომღიმარი თვალებით..
და რაც დრო იტრიალებს
შენი იმედების დაჟანგულ გორგოლაჭებზე,
მეტად ჩაგეხრახნება სასოწარკვეთა
და დაგალპობს,
ამოგძირკვავს,
ამმოგიხმობს და ამოგიწყვეტს თითოეულ “იქნებ”-ს..
გააფუჭე!!!
გააფუჭე უმოძრაო საათები!
და დაშალე მოწყობილობა, სახელად სიცოცხლე
და დაშალე სიტყვებად წინადადებები,
რომლებსაც ლოცულობ,
მიწა, რომელსაც აბიჯებ, სველდება,
ირწევა
და ამოდიან მიწიდან საცეცები,
რადიოგადამცემებივით ტრიალებენ შენი ხედვის არეალში
და შიში, რომელიც ტანზე გეწებება,
როგორც სველი ნაჭერი ცხელი წყლის გადასხმისას,
და შიში, რომელიც ყელში გიჭერს მარყუჟივით,
ვიწროვდება,
ნაწილდება შენი აზროვნების უჯრედებზე
და ბოლოს გაუსაძლისი ხდება,
და ბოლოს ცდილობ დაუძვრე მას,
გაექცე,
როგორც საქორწინო ბეჭედს,
რომელიც უგონო მეთვალყურესავით დაგყვება ყველგან..
გააფუჭე!!!
გააფუჭე უდროოდ აგებული საათები!
დაშალე!
დალეწე!
არიე დრო, სახელად სიცოცხლე
და დრო, სახელად ოჯახი!
და გაფუჭებულ, საიდანღაც მოსულ ოცნებებს
დაუბარე, რომ აღარ დაბრუნდები
რომ აღარ ილოცებ,
რომ აღარ გეძებონ
და გააფუჭე ყველა საათი!
და გააფუჭე ყველა კითხვა და პასუხი!
და გააფუჭე ყველაფერი რაც გმოსავს
და რაც გავსებს
და რაც გქვია
და ტკივილზე აგებულ სიმარტოვის სასახლეში
შენ იპოვი საიდანღაც მოტანილ იარაღებს
და სადღაც ნასწავლი სიფრთხილით
გატენი მათ
და გააფუჭებ ყოველ მათგანს თანმიმდევრულად
და ბოლოს, უკანასკნელს,
ერთადერთ გაუფუჭებელს საიდანღაც მოსული სასოწარკვეთით
მიიტან საფეთქელთან
და...
გაიღიმებ..
უკვე საფეთქელიც გაფუჭებულია...
მომენატრათქო ეს ბიჭი ვა