ჰო

1.პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.
2. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. (13.07.2006. N3435)
3. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მუხლი 38. სახელმწიფო ბაჟი
სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით:
ა) სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების მიღების შესახებ; და განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე (7.05.2002. N1395).
ა1) აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადებაზე; (11.07.2007. N5286)
ბ) შეგებებულ სარჩელზე;
გ) მესამე პირის სარჩელებზე, რომელიც დამოუკიდებელ მოთხოვნებს აცხადებს დავის საგანზე;
დ) განცხადებაზე უდავო წარმოების საქმეთა აღძვრის შესახებ;
ე) სარჩელზე სახელმწიფო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების შესახებ;
ვ) სააპელაციო საჩივარზე;
ზ) საკასაციო საჩივარზე;
თ) კერძო საჩივარზე.
ი) განცხადებაზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ;
კ) განცხადებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ.(20.12.2005. N2360)
მუხლი 39. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა
1. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს:
ა) ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
ბ) სააპელაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა;
გ) საკასაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა;
დ) კერძო საჩივარზე – 50 ლარს;
ე) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს;
ვ) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 100 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 300 ლარს;
ზ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე – 50 ლარს;
თ) არაქონებრივ დავაზე – 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 და 300 ლარს;
ი) დაკარგული საქმის წარმოების აღდგენასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაზე, როცა საქმის მასალები მხარის ბრალით დაიკარგა – 100 ლარს;
კ) თამასუქის ან ჩეკის თაობაზე სარჩელზე – 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 და 300 ლარს;
ლ) უდავო წარმოების საქმეზე – 50 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 100 და 300 ლარს.
11. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის თაობაზე საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. (28.12.2007. N5669)
2. მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
3. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა:
ა) პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს:
ა.ა) ფიზიკური პირისათვის – 3 000 ლარს;
ა.ბ) იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს;
ბ) სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს:
ბ.ა) ფიზიკური პირისათვის – 5 000 ლარს;
ბ.ბ) იურიდიული პირისათვის – 7 000 ლარს;
გ) საკასაციო ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს:
გ.ა) ფიზიკური პირისათვის – 6 000 ლარს;
გ.ბ) იურიდიული პირისათვის – 8 000 ლარს. (28.12.2007. N5669)
მუხლი 40. დავის საგნის ღირებულება
1. დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება სადავო ქონების რეალურ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მოსამართლე სადავო ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით. (13.06.2006. N3435)
2. თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება.
3. სადავო საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილ იქნა სარჩელი, ხოლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისას – საჩივრის შეტანის დროისათვის არსებული ფასები.
მუხლი 41. დავის საგნის ფასის განსაზღვრის წესი
1. დავის საგნის ფასი განისაზღვრება:
ა) ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით;
ბ) ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელისა – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით;
გ) ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით;
დ) ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით;
ე) უვადო ან სამუდამო (გარდაცვალებამდე) გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით;
ვ) გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა – იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში;
ზ) ქონების ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შესახებ სარჩელისა – დარჩენილი ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით;
თ) გასაცემის ან გადასახდელის შეწყვეტის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში დარჩენილი გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით;
ი) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა – უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით;
კ) 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.
2. თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით.
(13.07.2006. N3435)
მუხლი 42. დავის საგნის ფასის წინასწარ განსაზღვრა
თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.
მუხლი 43. ამოღებულია (13.07.2006. N3435)
მუხლი 44. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები
საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია:
ა) მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები;
ბ) თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები;
გ) ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები;
დ) მოპასუხის მოძებნის ხარჯები;
ე) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები; ვ) ადვოკატისათვის სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხები.
ზ. სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები. (25.11.2004. N597
მუხლი 45. მოწმეების, ექსპერტების, სპეციალისტებისა და თარჯიმნისათვის გადასახდელი თანხები
1. მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, თარჯიმნებს აუნაზღაურდებათ სასამართლოში გამოცხადებისათვის გაწეული მგზავრობისა და საცხოვრებელი სადგომის დაქირავების ხარჯები და მიეცემათ დღიური თანხა. ამასთან, კერძო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებები (დამოუკიდებელი ექსპერტები), სპეციალისტები, თარჯიმნები იღებენ გასამრჯელოს დადებული შეთანხმების საფუძველზე სასამართლოს დავალებით შესრულებული სამუშაოსათვის. ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება დრო, რომელიც მათ უნდა მოახმარონ სასამართლოს დავალების შესრულებას, მასალები, რომლებიც საჭირო იქნება ამ მოვალეობის სათანადოდ შესრულებისათვის და სხვა.
2. სახელმწიფო სპეციალური საექსპერტო დაწესებულებისათვის სასამართლო-საექსპერტო მომსახურების (სპეციალისტის, თარჯიმნის) ანაზღაურება ხდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნორმებისა და ტარიფების შესაბამისად. (28.12.2007. N5669)
3. მუშაკებს, რომლებიც მოწმეებად არიან დაბარებულნი სასამართლოში, სამუშაო რომით
ურთიერთობაში, სამუშაოდან ან ჩვეულებრივი საქმიანობიდან მოცდენისათვის ეძლევათ გასამრჯელო ფაქტობრივად დახარჯული დროისა და შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის გათვალისწინებით.
მუხლი 46. სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლება
1. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ა) მოსარჩელეები - ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე;
ბ) მოსარჩელეები - დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სარჩელებზე;
გ) მოსარჩელეები - დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე;
დ) მხარეები - უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.
ე) მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. (20.06.2003. N2450)
ვ) მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით; (28.12.2007. N5669)
ზ) მხარეები – წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილების სააპელაციო და საკასაციო წესებით გასაჩივრებისას. (13.07.2006. N3435)
2. კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების სხვა შემთხვევებიც. (13.07.2006. N3435)
მუხლი 47. სასამართლო ხარჯების გადასახადისაგან განთავისუფლება სასამართლოს მიერ
1. სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. (28.12.2007. N5669)
11. ამოღებულია (28.12.2007. N5669)
2. თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით. არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 000 ლარამდე ოდენობით. (13.07.2006. N3435)
3. ერთი მხარის განთავისუფლება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მეორე მხარის სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს.
მუხლი 48. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება და მათი
ოდენობის შემცირება
სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. (28.12.2007. N5669)
მუხლი 49. სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება
1. თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
2. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
4. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. (13.07.2006. N3435)
მუხლი 50. ადგილზე დათვალიერებით გამოწვეული ხარჯების ანაზღაურება თუ ადგილზე დათვალიერება ხდება ამ სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობის ფარგლებს გარეთ, სასამართლოს ან მოსამართლეს, რომელიც ასეთ დათვალიერებას აწარმოებს, აუნაზღაურდება მგზავრობასთან, ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული ხარჯები, აგრეთვე მიეცემა დღიური თანხა.
მუხლი 51. მოპასუხისა და მოვალის მოძებნა
მოპასუხის მოძებნა, როცა ეს გათვალისწინებულია კანონით, წარმოებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე და გადახდება, შესაბამისად, მოპასუხეს - სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, ხოლო მოვალეს - გადაწყვეტილების აღსრულების დროს. მოვალეს გადახდება აგრეთვე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები.