ინტერვიუ

ბაკურ სულაკაურმა 2004 წლის 15 საუკეთესო მოთხრობა რომ გამოავლინა, პირველად მაშინ ვნახე. ეს სურათიც მაშინ გადავუღე ისე, რომ არ იცოდა. შემდეგ რამდენჯერმე შევხვდი წლევანდელ წიგნის ფესტივალზე და იქვე მოვისმინე მის მიერ წაკითხული მისივე მოთხრობა "ბებე". მიღებული შთაბეჭდილება დღემდე არ გამნელებია. ამ პატარა ნოველის განცდა მომყვება და დროდადრო მახსენებს თავს. თავად ორჯერ თუ სამჯერ წავიკითხე და სულ ავტორის ხმა ჩამესმოდა. მართალია, თავს მწერლად არ მიიჩნევსდა ზედმეტად თვითკრიტიკულიც არის, მაგრამ საწადელს კი მიაღწია - მკითხველი მისთვის საგულდაგულოდ შერჩეულ თემაზე დააფიქრა და იმ გზით წაიყვანა, თავად რომ სურდა.
ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში, რადიოსა და ტელევიზიაში იმუშავა. ყველგან უშტატო კორესპონდენტი იყო. ბედმა გაუღიმა და ბოლოათწლეულების მოვლენათა ეპიცენტრში არგუნა ადგილი. თითქოს ლაღი და თავისუფალიბუნებისაა, მაგრამ აქ, საკუთარ ნაწერებთან თავს შებოჭილად გრძნობს. არადა, არ ასვენებს ვიღაც თუ რაღაც. შუაღამისას წამოახტუნებს, რამდენიმე გვერდს დააწერინებს, დილას კი, გადაკითხვისთანავე ახევინებს. ასეა დღემდე - წერს და ხევს, ხევს და წერს...
რაც ჩანაწერებს ეხება, მისთვის ინტიმურია. არავის არაფერს უმხელს, ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც კი. ეშინია? ალბათ, არა. უბრალოდ თავად ეძებს სრულყოფილების გზებს , სათუთად უვლის სახელდახელოდ გაკეთებულ დაკვირვებებს, ჩანაწერებს, შთაბეჭდილებებს და მხოლოდ მაშინ გაანდობს სხვას საიდუმლოს, როცა ფარდის ახსნამდე წამებიღა რჩება.
ასეთია მამუკახერხეულიძე. რესპონდენტი, რომელიც ყველაზე მეტად ღელავდა ინტერვიუს პროცესში და ჯიუტად იმეორებდა ერთსა და იმავეს - მე არ ვარ მწერალი!
"დაბაში, სადაც ეს ამბავი მოხდა, შურისძიება დღესაც ყველაზე ტრადიციული და ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა".
- რა არის მთავარი ღირებულება ადამიანისთვის, რომელიც წერს და, შეიძლება თუ არა, შურისძიება გახდეს ერთგვარი მუხტი სამწერლო ასპარეზზე გამოსასვლელად?
- შურისძიებაზე ბევრი მიფიქრია და ამ ნოველით მე, პირადად, ჩემს თავზე ვიძიე შური. ნაწარმოებში ადვილია, მაგრამ დღესაც არ ვიცი, როგორ უნდა მოვექცე ოკუპანტს, რომელმაც ჩემი სამშობლო ამ დღეში ჩააგდო... არ ვიცი, რომ წაეთრევიან, მერე ვნახოთ. ისე დაკვირვებული ვარ, ქართველები მიმტევებლები ვართ. ესეც, არ ვიცი, კარგია თუ ცუდი. ცხოვრების დიდი ნაწილი მთაში, განსაკუთრებით კი - სვანეთში გავატარე, სადაც შურისძიება და სისხლის აღება მთავარი ღირებულებებია. მახსოვს, ერთ პოეტს აქვს ნათქვამი, ყველა გრძნობაზე ძლიერია შურისძიებაო და ამაში მართლაც დევს სიმართლის მარცვალი. ალბათ, ნებისმიერი ჰუმანისტისთვის მთავარია, ამაზე მაღლა დადგეს, დაივიწყოს, რომ ადამიანმა შეიძლება ადამიანზე შური იძიოს. შენ რომ სხვას მოკლავ, შენც მოგკლავენო, ვაჟა-ფშაველაც ხომ ამბობს?! ამას საუკუნოვანი ტრადიცია აქვს და უამრავ მაგალითს ძველი, კლასიკური ლიტერატურაც იძლევა.
ამ მოთხრობის ("კავკასიური ქრონიკა") გმირი (ბატკა) რეალურად არსებობდა. ჩემი მეგობარი მხატვარი იყო. ცხოვრობდა მესტიაში, როგორც მარტოსული. დედ-მამა გარდაეცვალა, ძმა მოუკლეს. დანარჩენი გამოგონილი ან გაგონილი ამბებია, მაგრამ რეალობა იყო მისი მარტოსულობა, რისი ყოველდღიური მოწმეც თავად გახლდით. მას ნათესავებიც კი არ მიიჩნევდნენ სრულფასოვნად მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ძმის სისხლი არ აუღია. ადამიანები, ძირითადად, ამ მოტივაციით ცხოვრობენ, თუმცა ვერც გაამტყუნებ. როცა ღირსებას, ოჯახს შეეხებიან, ვერ დადგები ამაზე მაღლა და ჰუმანური პოზიციებიდან ვერ შეხედავ. Kკარგი მაგალითია ჩეჩნები: როცა ძმას, მამას, დედას, დას თუ შვილს მოგიკლავენ, ვერ აპატიებ ანდა მერე ასეთ ცხოვრებას რაღა აზრი აქვს. ალბათ, ამ თემის გაშლა უკეთესადაც შეიძლებოდა და მე აღარ მეყო ნებისყოფა.
ლიტერატორების ოჯახში გავიზარდე, დედაც და მამაც ლიტერატორები იყვნენ. მწერლის სახელი ძალიან დიდ პასუხისმგებლობად და ვალდებულად მეჩვენებოდა. ასე რომ, ძალიან გამიძნელდა, რაიმე დამეწერა და გამომექვეყნებინა. ეს მხოლოდ ახლახან, 45 წლის ასაკში მოვახერხე, მაგრამ ჩემ თავს მწერლად მაინც ვერ მივიჩნევ. ბავშვობიდანვე ზედმეტად ცნობისმოყვარე ვიყავი. იმდენად მკლავდა ინტერესი, ამ ცნობისმოყვარეობისგან ცხვირიც კი გავიტეხე. ბოლომდე მიყვარს რაღაცებში გარკვევა. ბედმაც გამიღიმა იმ თვალსაზრისით, რომ თუ რაიმე მნიშვნელოვანი მოხდა ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში, ყველა მოვლენის ეპიცენტრში ვიყავი. მუდმივად ვგრძნობდი, რომ რაღაც არ მასვენებდა, რაღაცის დაწერა მინდოდა. ბლოკნოტებში ვიწერდი ჩემს დაკვირვებებს, შთაბეჭდილებებს და ვერც კი წარმომედგინა, თუ რომელიმე მათგანი ოდესმე სრულყოფილ მხატვრულ სახეს მიიღებდა. სხვათა შორის, მწერალს, შემოქმედს ძალიან ესაჭიროება გარკვეული წარმატება. ალბათ ამანაც განაპირობა ჩემი გაბედული ნაბიჯი. 2003 წელს ვგულისხმობ, როცა ჩვენი საზოგადოებრივი აქტივობა წარმატებით დამთავრდა.
ერთ თემაზე ფიქრში ღამეები მითენებია, ავმდგარვარ, დამიწერია და მეორე დღეს დამიხევია. მთელი ცხოვრება ამ მდგომარეობაში ვიყავი. მხოლოდ ძალიან სათუთ და საყვარელ თემებს ვუფრთხილდებოდი. ერთ-ერთი ასეთთაგანია ბატკას თემაც. ხანდახან ვაპირებ, დავჯდე, ბლოკნოტში მოკლედ-მოკლედ ჩანიშნული თემები განვავრცო, სრულყოფილი სახე მივცე, მაგრამ უმეტესად ვერ ვახერხებ. სიზარმაცის ბრალიცაა და კიდევ იმის, რომ ძირითადი პროფესია სხვა მაქვს. კარგა ხანია, ბიზნესში ვსაქმიანობ, ამდენად დროც ნაკლები მაქვს, თუმცა მწერლობა, როგორც ჩანს, ბედისწერაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ თავს მწერლად არ მივიჩნევ, ყველა სიტუაცია, შეხვედრა, პერსონაჟი თუ ადამიანი მხატვრული ღირებულების მატარებელია. ყველაფერს ასე ვუყურებ და აღვიქვამ.
ზოგადად მწერლისთვის, ჩემ თავს არ ვგულისხმობ, მთვარი ღირებულება ალბათ ის არის, რომ ისეთი რამ თქვას, რაც მანამდე არავის უთქვამს, მკითხველის ყურადღება ასეთ თემებზე მიიქციოს. არ არის გამორიცხული, სადღაც, რომელიღაც ქვეყანაში სხვა მწერალსაც ჰქონდეს მსგავსი რამ დაწერილი და შეიძლება, მეორდებოდეს კიდეც. ხომ ამბობენ, არსებობს მოფარფატე თემები, რომლებიც გაფანტულია და სივრცეში ტრიალებს, ზოგი იყენებს მას, ზოგიც - ვერაო. ერთი პოეტი მეგობარი ყავდა მამას, მას ჰქონდა დაახლოებით ასეთი სტრიქონები: "17 წელი ლექსებსა ვწერდი, ვწერდი და ვხევდი, ვხევდი და ვწერდი". ამგვარი მდგომარეობა ძალიან დამახასიათებელია ჩემთვის. ეს 4 პატარა ნოველა, რომელიც ჩემ კრებულშია შესული, დაახლოებით 30-ჯერ მაქვს გადაწერილი და ათი პროცენტი თუ არის დარჩენილი იქიდან, რაც თავდაპირველად იყო. ძალიან ვწვალობ იმაზე ფიქრითაც, ვარ თუ არა მწერალი. თუ ვარ, მაშინ ამას ძალიან დიდი შრომა ჭირდება. როგორც კი სრულყოფილი მხატვრული ფორმის მიცემა გადავწყვიტე, მივხვდი, რომ ეს არის ყველაზე გიგანტური და რთული საქმე დედამიწაზე, ფიზიკური დაღლიდან დაწყებული - ამტკივდა ხერხემალი, მაჯა, გონება ხომ მუდმივად ამ თემაზე ფიქრობს, მას ვერ გამორთავ კომპიუტერივით. მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერთან ვმუშაობ, მაინც ხელით ვწერ და მერე გადამაქვს კომპიუტერში. კალმით თითქოს უფრო ბუნებრივად გამომდის.
"... მეტყველება დაკარგა თუ დუმილის აღთქმა დადო უფალთან - არავინ იცის"...
http://www.press.tsu.ge/GEO/mimdinare%20ka...amukaindex.html