გავხდები შენი რიგითი წუთი
ყოველდღიური რიგითი მოძმე,
სახლის წინ მდგარი სანაგვე ყუთი,
მტვრიანი ქუჩა აპრილის მოწმე...
გავხდები უცხო გამვლელი ძაღლით,
შენი ხელპირის დაბანა დილას...
სარეცხის ფრთებით გაშლილი სახლი
სადილის კოვზი ან მაწვნის ქილა,
გავხდები შენი მეზობლის წყევლა..
ცელქი ბავშვების დაჭრილი ბურთი,
პატარა ბიჭის დარჩენა მძევლად და
ჩამსხვრეული ფანჯრების ბუნტი..
გავხდები შენი ერთგული ჩანთა,
სუნამოს ბოთლი.საფულე,მძივი..
კაცის შეხვედრა საყვარელ ქალთან ან
მოსეირნე ჭადრების მწკრივი..
გავხდები წვიმა,გაშლილი ქოლგა
და ქვაფენილის სველი ლაქები..
ღამის პერანგი ან ძილში ბრგვა
თავზე ხელების შემოლაგებით.
გავხდები შენი გამოცვლა კაბის
შიშველ სხეულზე მოცმული ფარდა
აბაზანაში ღრუბელი ქაფის
და უცხო ზურგის შექცევა ბართან..
გავხდები შენი ყვავილი ქოთნის,
ფანჯრის მტვრიანი დახრილი რაფა,
წითელი ღვინის დაცლილი ბოთლი,
ჭურჭელის გროვა დამწვარი ტაფა..
გავხდები დილის პირველი ყავა
და გაცრეცილი ბავშვობის ფოტო,
წარსული რომელიც გაგიხდა ავად,
წვიმაში მაინც გადის და ლთობს,
გავხდები შენი მაგიდის წიგნი
რომლისაც ხშირად ივიწყებ ავტორს
ან თუნდაც შიში თორმეტი წლის წინ
როცა მშობლები გტოვებდნენ მარტო...
გავხდები ყველა მუსიკის ჰანგი,
კლასიკა ჯაზი ტანგო და როკი,
თუ გინდა თეთრი,თუ გინდა ზანგი,
თუ გინდა ჭრელი სარეცხის თოკი
გავხდები შენი თამბაქოს სუნი
სავსე საფერფლე ასანთის ღერი,
ნაპასის რგოლი და შენი სუნი,
ნიკოტინისგან წყვითელი ჭერი,
გავხდები თოვა,ცისა თუ ნუშის,
ღამის პროსპექტი დაცლილი სისხლით,
გინდა? გავხდები რაც იყო გუშინ,
ტკივილი...სევდა...სიბრაზე...ზიზღი...