ჩვენ ერთ დიდ დარბაზში გვძინავს და
ერთი და იგივე სიზმარს ვნახულობთ -
ჭერზე გაჭიმულ ტილოს ეკრანზე...
ყველაფერია ამ სამყაროში -
მთავარია გააკეთო
ორი საგნის, ორი არსების
სწორი სინთეზი...
შენი სხეული, სიყვარულის ბრაილი შრიფტი
ბრმა თითებისთვის
ერთადერთი პასუხია ყველა კითხვაზე.
დღეს გადავწყვიტე,
ყველაფერი უნდა მოგიყვე
საუბარს ალბათ ასე დავიწყებ:
- რა მარტოობის დღეა
და რა დღეების მარტოობაა...
და ვერ გეტყვი, ვიფიქრებ:
- რა უჩემო ხარ რომ იცოდე
და რა უშენო ვარ რომ იცოდე...
მერე რამეს მოვიმიზეზებ
და ისე სწრაფად წავალ შენგან
თითქოს უკან მოსვლას ვჩქარობდე.
და შენ იცი, რომ
ყოველი ჩემი შენგან წამოსვლა
არის ცდა შენთან დაბრუნებისა...
და მაინც გაბუტულ მზერას მაყოლებ...
დამაცადე
უნდა მოგიყვე
რომ ჩემი სიზმრები
გუშინ ჩემმა შეშლილმა მეზობელმა
ტილოზე დახატა
და მეორე დღეს კედელის მეხსიერებას
გადაულოცა
სახლი, რომელშიც ვერ მიპოვე,
სარკე რომელშიც მარტო ჩანდი,
შენს ტელევიზორში არეკლილი -
ბოთლში ჩარჩენილი გემია ზღვაში.
სარდაფში ნაპოვნი ფრთები, კი
რომლითაც ერთი ღამე ვიფრინეთ მხოლოდ,
მოიპარეს ადამიანებმა,
რომლებიც ქვიშის საათის წარამარა ამობრუნებით
თამაშობენ დედამიწობანას.
ჩვენ ყველას გვაქვს წარსულში დარჩენილი
ისეთი რაღაც,
რისი დაბრუნებაც ძალიან გვინდა.
როგორც სიზმარში
რომ იპოვნი, ან ვინმე მოგცემს
იმას, რაც უკვე რა ხანია ძალიან გინდა
და შემთხვევითი გამოღვიძებით
გიწევს ამ ნივთთან დამშვიდობება.
მერე თვალებს ხუჭავ და ცდილობ
წამოიღო, ხელი მოკიდო,
და გული გწყდება... ეს ხომ მხოლოდ სიზმარი იყო...
მაგრამ ეს არ არის ერთადერთი
გულის დაწყვეტა რომელიც გერგო
რამდენი ფიქრი ხარ ერთდროულად
ურთულესი მექანიზმით აწყობილი ლაბირინთები
თავად რომ გკარგავს შიგნით და მერე
მთელი ცხოვრება ეძებ გასასვლელს
გამაგებინე რატომ გიჩანს ერთი ფერი თვალებიდან
როცა იმდენ ფერს იტევ შიგნმით რომ
უკვე გიჭირს მათი ტარებაც
და მაინც
ეს ღია ფერი გამოიტანე თვალებში ხალხისთვის დასანახავად...
მოდი მეტად აღარ გავიზარდოთ...
მოდი თვალები დავხუჭოთ და
ერთმანეთს დავაკვირდეთ...
დღეს სურათებს გადავიღებ:
გადავუღებ მოწყენილ ბავშვს,
მობუზულ ბეღურას,
და დანგრეულ კედელს...
მიკვირს მაგრამ ბედნიერ განწყობებს
თითქმის არ ვიღებ...
- რაც უფრო დიდ ხანს ეძებ,
გზადაგზა
უფრო მეტს კარგავ -
აი ამ სახელს ვარქმევ ფოტოებს...
გაახილე თვალები...
ჩვენ ერთ დარბაზში გვეძინა და
ერთი და იგივე სიზმარს ვნახულობდით
და ამ სიზმრიდან გამოსულებმა
ყველაფერი ვიცით რაც მოხდა...
და მაინც,
მომიყევი რა ნახე სიზმარში
მომიყევი და მოგეშვება...
დღეს სურათებს გადაგიღებ
დღეს მოწყენილი ხარ
დღეს მე და ფოტოაპარატი
ერთნაირად დაგიმახსოვრებთ
- რა უჩემო ხარ დღეს რომ იცოდე
და რა უშენო ვარ...
მოდი
ხელი მაგრად ჩამჭიდე და
გაახილე თვალები...
გაიღვიძე...
ვაიმე როგორ მიყვარხარ