მე გავდივარ.
არა აქვს მნიშვნელობა, ქუჩაში გავდივარ,
ფინალში გავდივარ, თამაშიდან გავდივარ,
თუ გაღმა გავდივარ,
უბრალოდ გავდივარ და შეტყობინებას გიტოვებ ავტომოპასუხეზე...
მაცივარში, ქვაბით დაგიტოვე ცოტა წვნიანი,
სახლში რომ მოხვალ გაიცხელე ადუღებამდე.
კიტრი და პომიდორი გარეცხილია, უბრალოდ დაჭრა უნდა, დანები, იცი,
სადაც დევს.
ყველის ყიდვა ვერ მოვასწარი, მაღაზიაში ჩადი და გამყიდველს უთხარი,
მარილიანი ყველი მოგცეს, სუნიანი არ იყიდო, ხომ იცი, ვერ ვიტან.
ახალი პური დავტოვე საპურეში, თონის პური არ იყო, ქარხნისა ვიყიდე.
ბავშვის სარეცხი დამრჩა გარეთ გაფენილი, საღამომდე თუ არ მოვედი,
ჩამოხსენი, იმის ამბავი რომ ვიცი, წურწურით გადმოფენს თავის სარეცხს და
ჩემსასაც ჩამილპობს.
გეხვეწები, რომ ისადილებ, მაგიდა აალაგე, გაშლილი არ დატოვო, ხომ იცი,
ჭიანჭველები დაესევიან, მომბეზრდა უსულო ჭიანჭველების მუჭში გროვება და
მერე ფანჯრიდან სროლა.
კიდევ რაღაც მინდოდა მეთქვა..
ჰო, ტელევიზორთან არ ჩაგეძინოს, შეგცივდება და მე სახლში არ ვიქნები, რომ
შალი მოგაფარო.
ყოველ 15 წუთში ერთხელ საათს უყურე და იფიქრე – რატომ იგვიანებს?
მელოდე...
დიდხანს მელოდე...
მთელი საღამო მელოდე,
დადექი ფანჯარასთან, ცხვირი მიაჭყლიტე შუშას და მელოდე,
ან სადარბაზოში ფეხის ხმის გაგონებაზე ყურები დაცქვიტე და კარზე კაკუნს
დაელოდე,
ან დროის გასაყვანად ათასჯერ დალაგებული უჯრების ლაგება დაიწყე,
ან ასე თქვი: ასამდე დავითვლი და მოვა, მაინც რომ არ მოვალ, ახლა
ხუთასამდე დაითვალე,
მერე უბრალოდ სავარძელში ჩაჯექი...
...
მერე მე დავბრუნდები, ჩემი გასაღებით გავაღებ კარს და ვითომ გაოცებული
აღმოვაჩენ, რომ შენ ჯერ არ მოსულხარ...
მერე დავდგები ფანჯარასთან ცხვირს მივაჭ###ტ შუშას და დაგელოდები...