სხვის ომში ყოველთვის ბრძენი იყო ქართველი და ქართველმა მამლუქებმაც სხვა ქვეყნების დიდებასა და თავისუფლებას, ზღვა ენერგია შეალიეს, მაგრამ რადგანაც მაინც ქართველები იყვნენ, თავის წარმომავლობასაც არ ივიწყებდნენ და ქართული საქმეებისთვის შესაწირიც არ ენანებოდათ. ამიტომაც საქართველოში მამლუქების ფულით აგებული მრავალი ეკლესია და ციხეა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე მუსულმანები იყვნენ და არა ქრისტეანები.
თუმცა ქართველი მამლუქები (ძირითადად) მაინც იმ ქვეყნების სამსახურში იდგნენ, სადაც მათი ხმალი ჭრიდა, სადაც მამლუქებად იქცნენ და ოსმალეთსაც თავისუფლებისათვის იმავე ქვეყნებში ებრძოდნენ.
სხვისი თავისუფლებისათვის ბრძოლაში დახელოვნებულმა ქართველებმა ყველაზე მეტი პრობლემები ოსმალებს მაინც ეგვიპტეში შეუქმნეს და თურქებიც მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ქართველი მამლუქების განადგურების გარეშე, ეგვიპტის დაპყრობას უბრალოდ ვერ შეძლებდნენ. თუმცა თურქებს თავდაპირველად მათი ევროპაში გადასახლების გეგმაც ჰქონდათ, მაგრამ ეგვიპტელმა ქართველებმა სულთანს წერილი მისწერეს და საქართველოში გადასახლება სთხოვეს ევროპის ნაცვლად. ახლა ეს ამბავი უცნაურად კი ჟღერს, მაგრამ მაშინ ოსმალეთის სამეფო კარმა მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან თურქები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ცოცხალი მამლუქი (ევროპაში იქნებოდა თუ კავკასიაში), მათთვის მაინც საშიში იყო. ოსმალებმა მამლუქების განადგურება კი გადაწყვიტეს, მაგრამ ისიც მშვენივრად იცოდნენ, რომ ეგვიპტელი ქართველების ბრძოლაში განადგურება შეუძლებელი იყო და მათი მოსყიდვის მცდელობებიც ყოველთვის უშედეგოდ მთავრდებოდა, რადგან ჯიუტი და ამპარტავანი ქართველები ჯიუტად ირჩევდნენ ხოლმე მაინც დაუმორჩილებლობას და ამიტომაც 1811 წლის დასაწყისში კაიროს მმართველმა მუჰამედ ალიმ საშინელი მზაკვრობა ჩაიფიქრა.
მუჰამედ ალიმ (ვისი სახელიც მეოცე საუკუნეში ამერიკელმა მოკრივემ კასიუს კლეიმ დაირქვა), გადაწყვიტა მოტყუეებით მოეწვია ქართველი ბეგები თავის სასახლეში და ისინი ერთიანად გაეჟლიტა. მართალია ფორმალურად მუჰამედ ალი კაიროს მმართველი იყო, მაგრამ სინამდვილეში კაიროსა და მთელ ეგვიპტეს ქართველი მამლუქები განაგებდნენ და ამის მოთმენა კი მუჰამედ ალის აღარ სურდა.
ამიტომაც, ხუთასმა ქართველმა ბეგმა მიიღო ოფიციალური მიწვევა მუჰამედ ალისაგან საზეიმო აღლუმზე, რომელიც 1811 წლის პირველ მარტს კაიროში უნდა გამართულიყო და ქართველები დედაქალაქში სააღლუმო სამოსითა და დროშებით შეიკრიბნენ. (სხვათა შორის, ქართველი მამლუქების დროშებზე ყველაზე ხშირად გრაალის თასი იყო გამოსახული ბორჯღალთან ერთად).
აღლუმის დაწყებამდე, მუჰამედ ალიმ ქართველები ყავაზე მიიწვია სასახლეში და ერთ-ერთ მათგანს (ამინ-ბეგს) მამლუქურ სამოსზე ყავა გადაესხა და ეს ამბავი ისე ცუდად ენიშნა, რომ მუკატამის სასახლე მაშინვე დატოვა. დანარჩენმა ქართველებმა კი ყავაც მიირთვეს და ტკბილეულიც და ციხესიმაგრიდან ქალაქისკენ დაეშვნენ, მაგრამ სწორედ იქ, სადაც გზა ვიწროვდებოდა, მუჰამედ ალის ჩასაფრებული ერთგულები თავს დაესხნენ ქართველებს და მოულოდნელად მათი ხოცვა დაიწყეს. ქართველებმა სივიწროვის გამო, ვერც ბრძოლა მოახერხეს და ვერც გაქცევა, რადგან ქვემოთ ჭიშკარი ჩარაზული იყო და ერთადერთი გამოსავალი ისევ ცხენებიანად აღმა ასვლა იყო, რასაც ელოდა კიდეც მუჰამედ ალის ხალხი. მათ ზემოდანაც გახსნეს ცეცხლი და ვინც ტყვიას გადაურჩა, თურქული ისარი მაინც მოხვდა, ვინაიდან ციხესიმაგრის ძალიან ვიწრო ქუჩაზე თავდაცვა შეუძლებელი იყო.
ქართველებს კი ასეთი სიკვდილი, ყველაზე მეტად არ უნდოდათ (მით უმეტეს მოჰამედ ალის ხელით) და ცხენებიდან ჩამოქვეითდნენ და ხმლებიც იშიშვლეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. რჩეული ქართველი ბეგები უკვე დახოცილები იყვნენ და თურქები ახლა დანარჩენებს კლავდნენ მთელი ციხესიმაგრის ტერიტორიაზე, სადაც კი მათ მიაგნებდნენ ან წააწყდებოდნენ. საიდუმლო ბრძანების მიხედვით, არცერთი მამლუქი ცოცხლად არ უნდა გადარჩენილიყო, მაგრამ ერთი ქართველი, სახელად ჰასანი, მაინც გადაურჩა იმ დღეს ციტადელში სიკვდილს და ამ მამლუქის თავგანწირვის შესახებ, ნებისმიერმა ეგვიპტელმა იცის. ნებისმიერი ეგვიპტელი ახლაც გაჩვენებთ კაიროს ციხესიმაგრის გალავანზე იმ ადგილს, საიდანაც ის ჰასანი იმ დღეს ცხენიანად გადახტა ხევში ოცი მეტრის სიმაღლიდან, მაგრამ გადარჩა და ნუბიაში გაიქცა. (იგი მაშინვე გახდა არაბული და აღმოსავლური პროზისა და პოეზიის პერსონაჟი).
დანარჩენები კი, ყველანი დახოცეს, მიუხედავად იმისა, რომ მუჰამედ ალის შვილმა რამდენიმე ქართველი მამლუქი თავისთან გადამალა, მაგრამ ღამით მათაც მიაგნეს და სიცოცხლეს გამოასალმეს.
დილით მთელი ციხესიმაგრის ეზო გვამებით იყო მოფენილი და ქართული სისხლი კი მუკატამის მთიდან ვიწრო ქუჩებით მიიკვლევდა გზას ქალაქისკენ, სადაც მთავარ მოედანზე სისხლი გროვდებოდა მთელი დღის განმავლობაში და მერე ერთი კვირის განმავლობაში, აქვე აგროვებდნენ ქართველი მამლუქების მოჭრილ თავებს. ეს უკვე იმ ქართველი ბეგების თავები იყო, ვინც იმ დღეს აღლუმზე არ ჩავიდა ან ჯერ არ იცოდა რა მოხდა კაიროში და ამიტომაც მშვიდად მიიღეს სიკვდილი მოღალატეების ხელით. თუმცა იყვნენ მამლუქები, ვინც არაბეთში ან სუდანში გაქცევა მოასწრო, მაგრამ ასეთები ცოტანი იყვნენ და მხოლოდ სიკვდილის შემდეგ თუ მოახერხეს კაიროში დაბრუნება, როგორც იბრაჰიმ-ბეგ სინჯიკაშვილმა, რომელიც გარდაცვალების შემდეგ გადაასვენა ცოლმა კაიროს ლეგენდარულ სასაფლაოზე.
ამიტომაც, სინამდვილეში ქართული მმართველობა 1811 წლის პირველ მარტს დამთავრდა ეგვიპტეში და ამის შემდეგ ეგვიპტე ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო, სანამ ოსმალეთის იმპერია თურქეთის რესპუბლიკად არ იქცა, ხოლო ეგვიპტე კი ისევ დამოუკიდებელი, თანამედროვე მონარქიული ქვეყანა გახდა.
პ.ს დასანანია პოლში მამლუქები რომ არ არიან შეყვანილი, ალბათ არ იცოდა თემის ავტორმა მამლუქების არსებობის შესახებ, რომ სცოდნოდა ალბათ შეიყვანდა....
This post has been edited by berela on 27 Dec 2009, 12:17