
რამდენიმე დღის წინ სულ რაღაც ოცდახუთიოდე წლის გოგონა დამიკავშირდა და მითხრა, რომ საოცრად საინტერესო თავგადასავალი გადახდა და უნდოდა, თავისი მონათხრობი "გზის" ფურცლებზე ეხილა. მოვუსმინე და მისმა სულის სიმტკიცემ გამაოგნა - იცის, რომ შვილი, რომელიც 9 თვე მის სხეულში იზრდებოდა, სხვისია, მაგრამ პატარა, საკუთარ ვაჟებზე მეტადაც კი უყვარს...
19 წლის იყო, როცა გათხოვდა, 22 წლის ასაკში კი უკვე ორი შვილი ჰყავდა. მისი მეუღლე, ისევე, როგორც ბევრი ქართველი ახალგაზრდა, უმუშევარი გახლდათ; მშობლები სოფელში ცხოვრობდნენ და თვეში ერთხელ, მხოლოდ პროდუქტებს თუ უგზავნიდნენ... მართალია, მშივრები არ იხოცებოდნენ, მაგრამ წყვილს ცხოვრების პირობების გაუმჯობესების სურვილი კლავდა და გადაწყვიტეს, გოგონას ახალგაზრდა სხეული "გაექირავებინათ". ნიკამ (ნინოს ქმარმა) ინტერნეტში შემდეგი შინაარსის განცხადება განათავსა: "გახლავართ 25 წლის მამაკაცი; მყავს არაჩვეულებრივი გარეგნობის მეუღლე და 2 შვილი. გაჭირვებამ გვაიძულა, თქვენთვის მოგვემართა ანუ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ჩემი მეუღლე მზადაა, სუროგატი დედა გახდეს და მე მის ამ გადაწყვეტილებას დიდად ვაფასებ. ეს არა მარტო მისი, არამედ ჩემი მხრიდანაც ნამდვილი თავგანწირვაა, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს... მსურველები დაგვიკავშირდით..." განცხადებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მაგრამ სახარბიელო წინადადებით ნიკასა და ნინოს არავინ მიმართა; მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გამოჩნდა პიროვნება, რომელიც წყვილის მოთხოვნებს სავსებით აკმაყოფილებდა: ერთხელ ნიკას ტელეფონი აწკარუნდა და ვიღაცამ რუსული აქცენტით იკითხა, - ნიკა ბრძანდებით? მინდა, შეგხვდეთ. მაინტერესებს, ვინ იქნება ჩემი შვილისთვის სუროგატი დედა, ფულზე კი ნუ იდარდებთ, რამდენიც საჭიროა, იმდენს გადაგიხდითო...
9 თვის განმავლობაში ნინოს საკუთარი საშვილოსნო "გაქირავებული" ჰქონდა. ის თავს იმ ჭურჭელს ეძახდა, რომელშიც არაჩვეულებრივი ჩვილი იზრდებოდა. მართალია, ცდილობდა, მუცლადმყოფი არ შეჰყვარებოდა, მაგრამ ეს ვერ შეძლო - მისი ყოველი განძრევა თუ გულისცემა დედობრივ სითბოს უღვრიდა გულში, თუმცა - ამას მეუღლესაც არ უმხელდა...
ნინო:
- უშუალოდ დაორსულების წინ გამოიკვლიეს, ჯანმრთელი ვიყავი თუ არა და გამომკითხეს, ვცხოვრობდი თუ არა ჯანსაღი ცხოვრების წესით. ეტყობა, ჩემმა პასუხებმა ყველა დააკმაყოფილა და უფლება მომცეს, სუროგატი დედა გავმხდარიყავი. ჩემს საშვილოსნოში რუსი მამაკაცისა და იტალიელი ქალბატონის განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მოათავსეს, მერე კი ფსიქოლოგიც მომამაგრეს, რომელიც მიმტკიცებდა, რომ ვიყავი ერთგვარი ინკუბატორი, რომ მუცლადმყოფ პატარას ჩემგან გენეტიკურად არაფერი გადაეცემოდა, დედობრივი ინსტინქტები არ უნდა აღმძვროდა და მზად ვყოფილიყავი, რომ 9 თვის შემდეგ, უკვე ამქვეყნად მოვლენილ ჩვილს ბიოლოგიური მშობლები წაიყვანდნენ...
- შენი ფეხმძიმობის ამბავი მშობლებმა, ნათესავებმა თუ იცოდნენ?
- არა, მხოლოდ ნიკამ იცოდა. ბავშვები პატარები იყვნენ და ვერ ხვდებოდნენ, რატომ გაეზარდა დედას მუცელი, მეზობლებს და ახლობლებს კი არ ვენახვებოდი - მას შემდეგ, რაც ჩემი ორსულობა შესამჩნევი გახდა, საცხოვრებლად სხვაგან, ქირით გადავედით... მოკლედ, როცა მუცლადმყოფი პატარა პირველად იძრა, სიხარულისგან შევხტი, მისი გულისცემა ვიგრძენი. ისე ვიქცეოდი, თითქოს ჩემთვის პირველი ორსულობა იყო და მეშინოდა, ბავშვი არ დამეკარგა. პატარაზე იმდენს ვლაპარაკობდი, ნიკამ მითხრა: იცოდე, არ უნდა შეგიყვარდეს, თორემ მასთან განშორება გაგიჭირდებაო. სხვათა შორის, ჩემს მეუღლეს პატარები ძალიან უყვარს და მასაც ეშინოდა, სხვისი შვილის მიმართ მამობრივი გრძნობა არ გასჩენოდა... 3 თვის ორსული ვიყავი, როცა მისი სქესი შევიტყვეთ - გოგონა გახლდათ და მის მშობლებს სურდათ, მისთვის ანამარია დაერქმიათ. როცა ბავშვის სქესი შევიტყვე, ეგოიზმის გრძნობა გამიჩნდა - ორი ვაჟი მყავს და ჩემში მყოფი გოგონა უცხოებისთვის თითქოს არ მემეტებოდა; იმ იტალიელი ქალბატონის მიმართ საშინელ აგრესიას ვგრძნობდი და როცა ის მუცელზე მეფერებოდა, ერთი სული მქონდა, როდის მომაშორებდა ხელს, როდის წავიდოდა ჩემი სახლიდან.
- ხშირად გსტუმრობდათ?
- თუ ყოველდღე არა, ყოველ მეორე დღეს მაინც მოდიოდა ქმართან ერთად; ჩემს ამბავს კითხულობდნენ, ხილი, ნატურალური წვენი მოჰქონდათ და თან - მამოწმებდნენ, რაიმე წესს ხომ არ ვარღვევდი. სხვათა შორის, იმ ადამიანებს არც ჩემი ვაჟები ავიწყდებოდათ, მათთვისაც მოჰქონდათ ტკბილეული, საჩუქრები... მადლობის მეტი რა მეთქმოდა, მაგრამ... მშობიარობის დრო რომ დადგა, გული მეწურებოდა, პატარასთან განშორება არ მინდოდა და ღამღამობით ვტიროდი. ნიკას ეს არ გამორჩენია და მამშვიდებდა: ნუ დარდობ, ხომ იცი, ეს ბავშვი ჩვენი არ არის; ამას რომ გააჩენ, მერე გოგონაზე ჩვენც ვიფიქროთო... მშობიარობას მისი ბიოლოგიური დედაც ესწრებოდა და უკვე დაბადებული პირველად მან ჩაიკრა გულში. ძალიან მინდოდა, წამოვმხტარიყავი და იმ ქალბატონს თმაში ვწვდენოდი, მაგრამ თავის შეკავება შევძელი... როცა ჩვილთან ერთად მარტო დავრჩი და პატარა ხელში ავიყვანე, ამქვეყნად თავი უბედნიერეს ქალად ვიგრძენი. ანამარია მხოლოდ ჩემი იყო, მის სითბოსა და ალერსში არავინ მეცილებოდა. სამაგიეროდ, მეორე დღეს დედამისი გვერდიდან აღარ მომცილებია და ისევ მტანჯველი ეჭვიანობა მბურღავდა.
მხოლოდ მაშინ ვგრძნობდი თავს კარგად, როცა პატარას ძუძუს ვაწოვებდი. ანამარიას ბიოლოგიურმა მშობლებმა იფიქრეს და გადაწყვიტეს, - ნინოს ბავშვს ნუ მოვაცილებთ, რამდენიმე თვე ბუნებრივ კვებაზე იყოს და მერე წავიყვანოთო. ეს მეც მაძლევდა ხელს და მათ წინადადებას სიხარულით დავთანხმდი. ამასობაში იმ ადამიანებმა პირობა შეასრულეს - 7.000 დოლარი გადამიხადეს და ანგელოზის ამქვეყნად მოვლინებისთვის დამატებით, 5.000 მაჩუქეს, თან შემპირდნენ, - ბავშვს ძუძუს თუ მოაწოვებ, მისთვის რძე თუ არ დაგენანება, ფულს კიდევ მოგცემთო... მიკვირდა: მე ვეჭვიანობ და ეს ქალი ნუთუ ვერაფერს გრძნობს-მეთქი?! ჰოდა, ერთხელ პირდაპირ ვკითხე: ეს ბავშვი გიყვართ-მეთქი? გაეცინა და მიპასუხა: რომ არ მიყვარდეს, ხელოვნური საკვებით გავზრდიდი; იმდენად მიყვარს, რომ მისთვის ყველაფერი საუკეთესო მინდა და ცოტა ხნით ამიტომაც გაძლევ უფლებას, შენთან იყოსო. მერე გამომიტყდა, რომ ისიც ეჭვიანობდა ჩემზე და ღამით ტიროდა კიდეც... ერთხელ ნიკას ვუთხარი: მოდი, ამ ხალხს თავისი ფული დავუბრუნოთ და ანამარია არ გავატანოთ-მეთქი. - ხომ არ გაგიჟდი, დაგვიჭერენ და ფულსაც წაგვართმევენო.
შიშით ველოდი იმ დღეს, როცა პატარას მომაშორებდნენ. ჩემს ვაჟებს ყურადღებასაც აღარ ვაქცევდი, რის გამოც, ნიკა მსაყვედურობდა კიდეც - სხვის შვილზე გადაერთე და საკუთარი აღარ გახსოვსო, - მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო...
ერთხელ ანამარიას მშობლებმა მითხრეს: რუსეთში უნდა წავიდეთ, რაღაც სასწრაფო საქმე გვაქვს; 2 კვირაში დავბრუნდებით და ბავშვსაც წავიყვანთო. ამ ახალმა ამბავმა ძალიან გამახარა და გავიფიქრე: თუ გინდათ, საერთოდაც ნუ დაბრუნდებით-მეთქი. მათი წასვლიდან დაახლოებით 5 დღეც არ იყო გასული, როცა მიხაილმა (ასე ჰქვია ანამარიას მამას) აღელვებულმა დაგვირეკა; ტიროდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა, ბოლოს კი, როგორც იქნა, შეძლო იმის თქმა, რომ მისი მეუღლე ავტოავარიაში მოყვა და დაიღუპა. გვთხოვა: ბავშვს მიმიხედეთ, მე რაღაც პერიოდის შემდეგ აუცილებლად ჩამოვალო. იმის ნაცვლად, რომ ეს ამბავი მწყენოდა, ძალიან მრცხვენია, მაგრამ სხვისმა უბედურებამ გამახარა, რადგან უკვე ვიცოდი, რომ ანამარიასთან ყოფნა უფრო დიდხანს მომიწევდა. ამის ხმამაღლა თქმა მეუღლესთანაც ვერ გავბედე - ის ჩვენი შვილის ნამდვილი მშობლების ტრაგედიას განიცდიდა და ამბობდა: ისეთი ღვთისნიერი ქალი, როგორიც ელენა იყო, ამას არ იმსახურებდაო...
მიხაილი თვე-ნახევრის შემდეგ ჩამოვიდა, შვილი ინახულა და ისევ წავიდა, პატარა კი ვითომ დროებით, დაგვიტოვა: ელენას თავს მახსენებს, მასთან ერთად ყოფნა არ შემიძლია, ამას ვერ გადავიტანო. წასვლამდე ფული დაგვიტოვა, გოგონას არაფერი მოაკლოთო. მართალია, ნიკა ეუბნებოდა, ისედაც ბევრი მოგვეცით, ანამარიას არაფერი მოაკლდებაო, მაგრამ გოგონას მამამ არაფრის გაგონება არ ისურვა, შვილს დოლარები "კალიასკაში" ჩაუტენა... მას შემდეგ ანამარიას მამა საქართველოში აღარ ჩამოსულა, მხოლოდ გვირეკავს და ზოგჯერ, ფულს გვიგზავნის. ახლა ზუსტად ვიცი, რომ გოგონას თავს ვერავინ წამართმევს. მას ისე ვზრდით, როგორც საკუთარ შვილს. ნიკასაც მზე და მთვარე ამ ბავშვზე ამოსდის. ანამარია საოცრად გონიერი ბავშვია... მართალია, მამამისი ვერ ნახულობს, მაგრამ მასზე ზრუნავს და როცა გაიზრდება, სიმართლეს აუცილებლად ვეტყვი.
- გოგონას არსებობის შესახებ ალბათ უკვე ყველამ შეიტყო...
- ჰო, მაგრამ ეჭვიც არავის გასჩენია იმაში, რომ ბავშვი ჩემი არ არის. ხალხს ჰგონია, ანამარია ჩემი და ნიკას ღვიძლი შვილია და ახლობლები სიმართლეს ვერასდროს გაიგებენ. მხოლოდ მე, ანამარიას, მამამისსა და ნიკას გვეცოდინება სიმართლე. ამ საიდუმლოს სამარეში ჩავიტანთ, თუ, რა თქმა უნდა, უკვე ზრდასრულ გოგონას არ გაუჩნდება ყველაფრის გამომზეურების სურვილი. მადლობა უფალს, რომ ჩემი გოგონა არ წამართვა... ჰო, ამას წინათ ელენა დამესიზმრა. მითხრა: ვიცი, ჩემზე ეჭვიანობდი, არ გინდოდა, ჩემთვის შვილი დაგეთმო და ამაში არ გამტყუნებ, შენს ადგილას მეც ასე მოვიქცეოდიო, - მერე კი მადლობა გადამიხადა ანამარიაზე მზრუნველობის გამო და დასძინა: თქვენი კეთილდღეობისთვის ვილოცებო...
- თანხა, რომელიც სხვისი შვილის საკუთარ სხეულში გამოზრდისთვის მიიღე, რაში დახარჯეთ?
- რაღაც ბიზნესი წამოვიწყეთ და ახლა სწორედ იმ ფულის წყალობით ვშოულობთ იმდენ თანხას, რომ პატარებს არაფერი მოვაკლოთ. მერწმუნეთ, ანამარიას არასდროს ექნება იმაზე ნაკლები, ვიდრე ჩემს ვაჟებს. პირიქით, მასზე განსაკუთრებულად ვზრუნავთ და ვეფოფინებით, ამიტომაც გვითხრა მიხაილმა: თქვენზე უკეთ, გოგონას ვერავინ მოუვლის, ჩემთვის კი მხოლოდ მისი კეთილდღეობაა მთავარიო.
ლიკა ქაჯაია
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/30034-sur...l#ixzz19DzRMJLz This post has been edited by Green Girl on 26 Dec 2010, 17:37