ეს წაკითხული გაქვს?

ბრიყვი ვანო და ჭკვიანი ნიკო
ერთხელ ასე თქვეს: ვანო ბრიყვია, ხოლო ნიკო არ არის ბრიყვიო.
„რა ვქნა — ბრიყვი ვარ“, ფიქრობდა ვანო და მაინც ბრიყვი იყო.
„ჭკვიანი ვარ!“ — უხაროდა ნიკოს.
— ეჰ, — ეუბნებოდა ნიკო ვანოს, — ერთხელ დაიბადე და ისიც ბრიყვი.
— აბა, — მიუგებდა ვანო, — ერთხელ დავიბადე და ისიც ბრიყვი. შენ კი ყოჩაღ, ბრიყვი რომ არ ხარ და ჭკვიანი ხარ.
წუხდა ვანო, ბრიყვი რომ იყო.
უხაროდა ნიკოს, რადგან ჭკვიანი იყო.
ვანო შინიდან გადიოდა და მაინც ბრიყვი იყო.
ნიკო შინიდან არ გადიოდა, რადგან ჭკვიანი იყო.
შინიდან რომ გადიოდა, სულ დადიოდა ვანო და მაინც ბრიყვი იყო.
ნიკო შინიდან რომ არ გადიოდა, არ დადიოდა, რადგან ჭკვიანი იყო.
მზე ამოდიოდა...
ვანო უცქერდა, როგორ ამოდიოდა მზე. ამბობდა, რა კარგიაო და მაინც ბრიყვი იყო.
ნიკო არ უცქერდა, როგორ ამოდიოდა მზე და არაფერს ამბობდა, რადგან ჭკვიანი იყო.
...და დადგა დღე...
ვანო უცქერდა დღეს და უხაროდა, რომ დღე იყო და მაინც ბრიყვი იყო.
ნიკო არ უცქერდა დღეს, რადგან ჭკვიანი იყო.
მზე ჩადიოდა.
მზე ჩადიოდა და დასავლეთი მეწამულ სიზმარს ჰგავდა. ვანო უცქერდა მზის ჩასვლას და ამბობდა, რა კარგიაო და მაინც ბრიყვი იყო.
ნიკო ჭკვიანი იყო.
უყვარდა ვანოს. უყვარდა და ტიროდა ვანო. ტიროდა და იცინოდა ვანო. იცინოდა და მაინც ბრიყვი იყო.
ნიკო არ იყო ბრიყვი, რადგან არ უყვარდა.
კარგი იყო სიცოცხლე და ვანო ამბობდა: რა კარგიაო — და ნიკო ჭკვიანი იყო.
— ეჰ, — ეუბნებოდა ნიკო ვანოს, — ერთხელ დაიბადე და ისიც ბრიყვი.
— აბა, — უპასუხებდა ვანო, — ერთხელ დავიბადე და ისიც ბრიყვი. შენ კი ყოჩაღ, რომ ჭკვიანი ხარ, რა კარგია!
დღეები გადიოდა და ვანო მაინც ბრიყვი იყო.
დღეები გადიოდა, რადგან ნიკო ჭკვიანი იყო.