დედაქალაქის წყალმომარაგებაში ისევ პრობლემებია, გლდანი-ნაძალადევის რაიონი მეორე დღეა, უწყლოდ არის დარჩენილი.
წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვთ: გლდანის "ა", I, II, IV მ/რორაიონებს; თემქის IV და XI მ/რაიონებს, IV, IX, X, Xა კვარტლებს; სანზონას და მის მიმდებარე კერძო დასახლებებს; მუხიანს; გურამიშვილის გამზირს, ლოტკინის მთას, კუკიისა და ლოტკინის ქვედა დასახლებას, ნაძალადევს, სვანეთის უბანს; ჩუღურეთის რაიონში ჯავახიშვილის ქუჩის ზემოთ მდებარე ქუჩებს; ელიასა და ავლაბრის ნაწილს, მეტრომშენს, დიღმის მასივს, ლუბლიანას ქუჩას.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს, წყლის მიწოდებისთვის სამუშაოები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და რამდენიმე საათში ზემოაღნიშნული დასახლებების მოსახლეობას წყლის მიწოდება აღუდგება. ეტაპობრივად ჩართვა, დაახლოებით, 2 საათის შემდეგ დაიწყება.
კომპანიის ინფორმაციით, 17 ივნისის ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა ღრმაღელის სათავე ნაგებობის მუშაობაში.
კერძოდ, ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა სათავე ნაგებობის ძირითადი მკვებავი ელექტროგადამცემი ხაზები და დაიტბორა ღრმაღელის სატუმბო სადგური, რამაც ტუმბო-აგრეგატების მწყობრიდან გამოსვლა და დროებითი გაჩერება გამოიწვია.
პარალელურად, ჭარბი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე გლდანულამ 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის გარკვეული მონაკვეთი მთლიანად მოშალა და წაიღო.
შექმნილი მდგომარეობა ძირითადად მტკვრის მარცხენა სანაპიროზე განთავსებული დასახლებების წყალმომარაგებაზე აისახა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...roblemebia.html