nadiri
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2067
წევრი No.: 7125
რეგისტრ.: 5-November 04
|
#28092052 · 31 Oct 2011, 11:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეორე დღეს მთელ სოფელს მოეყარა თავი სოფლის საბჭოში. იდგა გნიასი. ბჭობდნენ, იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ხალხის ნაკადი ორ ბანაკად გაყოფილიყო. ერთნი ნაპოს უჭერდნენ მხარს _ სიყვარულს ზნემაღალ, სათუთ და ადამიანისათვის აუცილებელ გრძნობას უწოდებდნენ და მისი გადაწყვეტილების სისწორეს ადასტურებდნენ. _ ბიჭიც ეგა ყოფილა, გენაცვალე, თუ ქალი არ ნებდებოდა, ცოლად არ მოჰყვებოდა, რა უნდა ექნა, სანამ უნდა ელოდა მისთვის? ხომ ხედავთ, როგორ ჩამოდნა, თურმე სიყვარულმა დალია ასე _ თავდაჯერებით ლაპარაკობდა ხანში შესული კაცი და თვალები საბჭოს ოთახისაკენ ჰქონდა გაცეცებული. აინტერესებდა, რა ხდებოდა, როგორ გადაწყდებოდა დღეს ეს ამბავი. მეორენი გაოგნებულნი იდგნენ და ელოდნენ _ ისინიც ელოდნენ ამ ამბის დასასრულს. _ დასანანია, დასანანია. ჯერ სულ ბავშვები არიან, რაღა დროს მათი ცოლ-ქმრობაა ჯერ. ცი??? რომ დაიშალოს ეს ოჯახი, ამხანაგებიც ხომ ჩაცვივდებიან! ხედავ, ეს ქუთელიას გოგო რა დღეშია, როგორ მობუზულა შიშისაგან? საბჭოს ოთახიდან ისმოდა გაშმაგებული ბათლომეს ხმა. ზრიალი გაუდიოდა ოთახს მისი გამწარებული ყვირილისგან. ელენე კედელს მისვენებული იდგა. გვერდით ორი ქალი ედგა და მის დაწყნარებას ცდილობდნენ. ქალი კი იდგა გაოგნებული, სიმწრისგან გასავათებული და შიგადაშიგ თუ წამოიძახებდა: ვაიმე, შვილო! დიდი იყო ოთახი, სადაც სოფლის საბჭო იყო. ოთახის მეორე კუთხეში ნაპო და ნავარდა ჩაეყენებინათ შუაში და ზოგი რას ამბობდა, ზოგი რას. საბჭოს თავმჯდომარე უხერხულობისგან თითქოს დამუნჯებულიყო. გრძნობდა და აწუხებდა გოგოს მშობლების მდგომარეობა, რაღა დროს მისი გათხოვება იყო. გოგო კარგად სწავლობდა, სკოლას დაამთავრებდა, მანამდე ომიც დამთავრდებოდა, სწავლას გააგრძელებდა, ვინ იცის როგორ გამოსდგომოდა თავის ხალხს, გათხოვება მერეც არ იქნებოდა გვიან. ფიქრობდა კაცი, მაგრამ ეს რომ ეთქვა, ნაპოს ბედი უნდა გადაეწყვიტა. არადა, როგორი გულისხმიერი, ჭკვიანი ბიჭია, ფიზიკურად კია ჯერ მოუმწიფებელი, მაგრამ ისეთი ძარღვიანი თვალები აქვს, ეტყობა კარგი ვაჟკაცი დადგება. ახლა მისგან ნავარდას დაშორება ბიჭის დაღუპვას უდრის, დაკარგავს რწმენას, სიამაყეს და ვინ იცის _ კალაპოტიდანაც ამოვარდეს, მის ასაკში ყველაფერია მოსალოდნელი, _ ფიქრობდა გენადი. ყველამ მას შეხედა იმედის თვალით. მანაც მოათვალიერა ოთახში მყოფნი, სათითაოდ და ღრმად ამოისუნთქა, თითქოს მღელვარება ამით დაიცხროო. დიდხანს გაგრძელდა კამათი, ბჭობა, დავა, ერთნი ერთს ამტკიცებდნენ, მეორენი სხვას. ნაპო და ნავარდა იწურებოდნენ სირცხვილისგან, ბრაზისაგან. ყველას თავისი საფიქრალი ჰქონდა და ყველა ეს საფიქრალი მათკენ იყო მიმართული. საბოლოო სიტყვა მაინც ნავარდას უნდა ეთქვა. მთელი ორი დღე-ღამის განმავლობაში ფიქრობდა გოგო ამ სიტყვაზე, პირველი წუთებიდანვე იცოდა, რა უნდა ეთქვა, მაგრამ დღეს, ამ წუთში, როცა წუთით თვალები დახუჭა და წამოიდგინა რა მოჰყვებოდა მის სიტყვას, შეეშინდა ახლანდელი ფიქრისაც კი ბოლო წუთებში შეეცოდა ნაპო _ აქედან ასეთი გაუბედურებული რომ უდნა გასულიყო. შეეცოდა დედამისი, ეს ამაყი და მიმზიდველი ქალი, მამამისი, რომელიც დარდსა და შიშს თითქოს დაებეჩავებინა. თვალები აახილა და მოძებნდა თალიკო, კაპიტონი და შალიკო, რომლებიც კარებთან მიყუჟულიყვნენ და შიშით შესცქეროდნენ მას. მერე მამას შეავლო თვალი, დაჩიავბულ დედას რომ შეხედა, თითქოს დაიშალა სიბრალულისგან. ფედოსია ქორივით უყურებდა გოგოს. კიდევ ერთხელ შეხედა დას და თითქოს მოეჩვენა, ფედოსიამ თვალი ოდნავ შესამჩნევად ჩაუკრა. კიდევ შეხედა. ნათლად ამოიკითხა მის თვალებში თანაგრძნობა და თავი დაუქნია ოდნავ. დის ღიმილიანმა შემოხედვამ ნაპოსკენ მიახედა. ის იდგა კედელს მიყრდნობილი, იატაკს ჩასშტერებოდა. გენადის არ გამოპარვია ნავარდას თვალების მოგზაურობა და გრძნობდა, გოგონა ნაპოს გაჰყვებოდა! გაამხნევა ამ აღმოჩენამ და ხმა აღიმაღლა. _ ნავარდა, შვილო, შენ უკვე ბავშვი აღარა ხარ. ხედავ შენს გარშემო შექმნილ მდგომარეობას, იცი ავის და კარგის გარჩევა. მშობლებმა შენ გაგზარდეს ასეთი ამაყი და თავისუფალი, სადაცააა ცხოვრებას შენი თვალით უნდა შეხედო. მართალია ასე რომ არ მომხდარიყო, უმჯობესი იქნებოდა, სკოლა დაგემთავრებინათ, მაგრამ რაც მოხდა, არაფერი ეშველება. ახლა შენ უნდა გადაწყვიტო შენი ბედი. შენ შემოგყურებს ამდენი ადამიანი. შენს სწორ არჩევანზეა დამოკიდებული შენი მეგობრების ბედი, შენი მშობლების გული. ნაპო, მართალია შეცდა, იჩქარა დაოჯახება, მაგრამ თუ იკისრა, ალბათ შეძლებს ოჯახის მართვას. მე მოგმართავ თხოვნით, გულდინჯად გადაწყვიყო ყველაფერი! _ გაჩუმდა თავმჯდომარე და მოწყვეტით დაეშვა სკამზე. ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. უფრო მიეხადა ფერი ნაპოს _ გაფითრებულ ტუჩებს კბილებით იკვნეტდა და მოლოდინით სავსე ფართო თვალებით შეჰყუერბდა თავის გულის სწორს, ასე გამწარებულსა და განერვიულებულს. ცრემლებმა იწვიმეს ნავარდას თვალებიდან _ ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ლოყაზე და ნიკაპთან ჩამოსული, ნაკადად მომწყდარი, გულისპირზე ედინებოდა. ჩამოისვა ხელი სველ გულისპირზე და მარცხენა ხელი ჩუმად გაიწოდა ნაპოსკენ. თითქოს ამას ელოდაო, ნაპომ ორივე ხელი შეაგება მას და მხურვალედ დაეკონა ამ მის ხელს. ნავარდა თავჩაქინდრული იდგა მის წინ და ტიროდა, გულამოსკვნილი ტიროდა. ხალხი შეტორტმანდა. გაურკვეველი გმინვა გაისმა. ყველანი მთელი ხმით რაღაცას გაჰყვიროდნენ. ეს საერთო გუგუნი ქალის სასოწარკვეთილმა კივილმა ჩაახშო, ჰაერი გააპო და ეზოში გავარდა! ეს ელენე იყო. მალე გულშეღონებული ქალი სკამზე ჩამოსვეს და მოსულიერება დაუწყეს. ბათლომემ ნაბიჯი გადადგა იმ კუთხისკენ, სადაც ნაპოს და ნავარდას მისიანები შემოხვეოდნენ და მიახალა: დამილოცნიხარ, მაგრამ გახსოვდეს, მომადგები კარს და გაგახსენებ ამ საქციელს. ნავარდა გამოენთო და კისერზე შემოეხვია მამას: _ არ მომეკარო, _ ჩუმად, მაგრამ მკაცრად უთხრა კაცმა შვილს და საჩქაროდ მოიცილა. ჩქარი ნაბიჯით გავიდა გარეთ და გაუჩინარდა. ხალხი თანდათან დაიშალა. ყველას აინტერესებდა ამ გოგო-ბიჭის ნახვა, მაგრამ ისინი იგვიანებდნენ. ზოგი ჯიუტად იდგა და ელოდა მათ გამოსვლას. უკვე მოსაღამოვდა. კარებში გამოჩნდნენ ნავარდა და მისი დედამთილი, მეორე მხარეს ნაპოს მამიდა _ ვერა ამოსდგომოდა გოგონას და წელზე ხელი მოეხვია. ნავარდა დარცხვენილი მოდიოდა. ხელში თავის მაჯის სიმსხო თმებს აწვალებდა. უკან ნაპო მოდიოდა. თალიკო, კაპიტონი და შალიკო მოშორებით მოჰყვებოდნენ მათ და ხმას არ იღებდნენ. ყველასთვის ღონე მიეხადა ამ დღეების ნერვიულობას.
*** სამი შვილი ჰყავდათ ჟენიას და თომას, სამივე ვაჟები, სამივე ერთმანეთზე კარგი თვალებბრიალა ბიჭები, რომლებიც მშობლების დამჯერე და ჭკვიანი ბავშვები იყვნენ. ბევრი სიმწარე გამოიარეს ოჯახში. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს სამი შვილი ჰყავდათ ხელიდან გამოცლილი. დაიბადა პირველი ბიჭი, გახდა 4 თვის და დაეღუპათ. სიცოცხლე არ უნდოდა ჟენიას პირველი სიხარულის დაკარგვის გამო. არც თომა იყო უკეთეს დღეში, მაგრამ ახალგაზრდა ქალს ანუგეშებდა. პირველს რომ მეორე და მესამე მიჰყვა, ამან დააბეჩავა ისინი და გული გაუტეხა ცხოვრებაზე. ჟენიას დამ _ თამარმა საკუთარი ტკივილივით განიცადა დისა და სიძის უბედურება და დარდი რომ შეემსუბუქებინა მათთვის, თავისი უფროსი ბიჭი გენადი გაატანა დას. ჟენიას ნერვები არ ჰყოფნიდა ბიჭისთვის ეყურებინა. ცრემლად იფრქვეოდა, მაგრამ ხომ არ გააგდებდა სახლიდან. თანდათან დრომ და ბიჭზე მზრუნველობამ თითქოს გამოიყვანა ქალი მდგომარეობიდან და გახალისდა შედარებით. საკუთარი ღვიძლი შვილივით თავს დასტრიალებდა დისშვილს და ცივ ნიავს არ აკარებდა. რამდენიმე წლის ლოდინის შემდეგ, როცა უკვე იმედი გადაეწურათ, ჩათვალეს შვილი არ გვეყოლებაო, პირმშვენიერი ნაპო შეეძინათ. ცას ეწივნენ სიხარულით და ზედ დაჰფოფინებდნენ პატარა ბავშვს. გენადი უკვე დიდი ბიჭი იყო და აკვანს არ სცილდებოდა. მალე ინდიკო გაჩნდა, მერე სერგო და ოჯახში ჟრიამული დადგა. ეზო-ყურეში ოთხი ბიჭის ტკრციალა ხმები გაისმოდა. თითქოს დაივიწყეს წარსული გულისტკივილი და იმედით შეჰყურებდნენ ლაღ ბავშვებს. თამარმა იგრძნო, რომ მის დას უკვე აღარ უჭირდა და შვილს სახლში დაბრუნება შესთავაზა. თომამ თავი მოიკლა და არ გაატანა შვილობილი. რა უჭირს უცხოებთან ხომ არ არის, იყოს ჩვენთან, ის არის ჩვენი ბედნიერების მომტანი, ჩვენი `მაკუჩხური~ და ვერ შეველევითო. არც გენადის უნდოდა წასვლა. პატარა ბიჭებმა ხომ ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს, ტირილით დაოსებულნი გვერდიდან არ იცილებდნენ დურას, როგორც სიყვარულით ეძახდნენ, რომ არ გაპარვოდათ. იზრდებოდა ოთხი ვაჟკაცი ოჯახში. თანდათან გენადი შეეჩვია იმ აზრს, რომ აქაურობა უნდა დაეტოვებინა. უჭირდა წასვლა, მაგრამ იმასც გრძნობდა, რომ ისევ მათთან იქნებოდა და დეიდაშვილები ისევ ისეთივე ძმები იქნეობდნენ, როგორც დღემდე. ჟენია მეგობრულად იყო თავის ბიჭებთან. მან ყველა ნაბიჯი იცოდა მათი და ისინიც რჩევა-დარიგებას დედისგან იღებდნენ. როცა წამოიზარდნენ, მამას ამოუდგნენ გვერდში და შრომას უმსუბუქებდნენ. ნაპო იმთავითვე ფათერაკიანი იყო. ხან რას იტკენდა თამაშის დროს, ხან რას. მერე ის სერიოზული ტრავმა რომ მიიღო, დედამისის კივილი ცას წვდებოდა, მაგრამ რახან ცოცხალი გადაურჩა, ბედს შეურიგდა. ის უფრო მეტ ყურადღებას ითხოვდა მშობლებისგან და დედ-მამაც ერთი წუთით არ ტოვებდნენ ყურადღების გარეშე. დედამ თალიკოსგან ნაპოს რომანის შესახებაც იცოდა. მოსწონდა მისი ბიჭის არჩევანიც, მაგრამ ასე თუ იჩქარებდა, არ ეგონა და როცა ამბავი მოუტანეს ნავარდა მოიტაცაო, _ შეიცხადა, მაგრამ მულმა პირზე ხელი ააფარა, _ აბა, რას შვრები, ქალო, შვილი მოგესწრო, რძალი მოგიყვანა და სატირელი რაღა გჭირს, უმჯობესია მიხედო ბავშვს, თორემ ხომ იცი ბათლომეს ამბავი, რომ დაავლოს თავის გოგოს ხელი და უკან წაიყვანოს, მერე რას შვრებიო. ჭკუაში დაუჯდა ჟენიას მულის რჩევა და საქმეს კვალში ჩაუდგა. თომა ჩუმი და საწყალივით კეთილი, მაგრამ მშრომელი და დაუზარელი კაცი იყო, რომ გაიგო ეს ამბავი, მაშინვე იქ გაჩნდა. _ შვილო, შენი ჭირიმე, ნუ ტირი, გენაცვალე, რა გაქვს სატირელი, ხელისგულზე გატარებ, არაფერს არ მოგაკლებ, ოღონდ შენი ცრემლები არ დამანახო, შვილო! _ გული დაეწვა კაცს ამ ანგელოზივით გოგოს ტირილისგან. მას გოგოც ეცოდებოდა და მისი მშობლებიც. არანაკლებ ეცოდებოდა თავისი შვილი, რომელიც თავჩაღუნული იდგა და იატაკს დასშტერებოდა, მაგრამ რა ექნა _ შვილი სძალავდა და უნდა ებრძოლა მისთვის, მისი და ნავარდას ბედნიერებისათვის და შეენარჩუნებინა ამ გამოუცდელი ბიჭისთვის არჩევანი. როცა ყველაფერმა ნაპოს სასარგებლოდ ჩაიარა, მისი მთელი ნათესაობა გაუდგა სახლისაკენ მიმავალ გზას, მათ სახლამდე კი ორ კილომეტრზე მეტი იყო. მთელი გზა ხმას არავინ არ იღებდა. ნავარდა მიაბიჯებდა ქალებში ჩამდგარი, თითქოს თვალდახუჭული, დინებას მინებებული და მისთვის სულ ერთი იყო, რა ხდებოდა მის გარშემო. როცა მისი ახალი ოჯახის დიდ, ხეხილით და დაფნის მწვანე ბუჩქებით დაფარულ ეზოს მიადგნენ, იქ ხალხი იყო და _ მოდიან, მოდიან – მოესმა ნავარდას ბავშვების ხმა და წინ შემოგებებულ ორ კოხტა ბიჭს შეეფეთა მისი ცისფერი თვალები. ეს თვალებანთებული მაყვალთვალება ბიჭი ნაპოს ძმები, ინდიკო და სერგო იყვნენ, გუმანით მიხვდა ნავარდა და ორივეს თავზე დაადო ხელი, თითქოს, მართალია მისდაუნებურად, მაგრამ ლოცავდა ახალგაზრდა რძალი. ინდიკო 10 წლისა იქნებოდა, სერგო 6-ისა. ბიჭები მიეკრნენ გოგონას და გაინაბნენ. მალე ეზოში შევიდნენ. მთელი მეზობლები აქ იყვნენ. ეზოს კუთხეში ბოძებზე შემდგარი კოხტა სახლი იდგა გრძელი აივნით და მოაჯირით. იქაც ხალხი ირეოდა და სამზად სახლშიც, საიდანაც შუაცეცხლი გაჩაღებული მოსჩანდა და ოჯახურ სიმყუდროვეს, საღამოს სოფლის სიმყუდროვეს გაგრძნობინებდათ. ერთ-ერთ კუთხეში ინდაურები და ქათმები ქოთქოთებდნენ, თითქოს მათაც უკვირდათ ეს ალიაქოთი და ვერ გაეგოთ _ რა ხდებოდა. სახლში აინთო კიდევ რამდენიმე ნავთის ლამფა და ნავარდა წინა ოთახში შეიყვანეს. აქ ორი საწოლი, ერთი ლამაზად მოხატულმინებიანი ტანსაცმლის კარადა და პატარა ოთხკუთხა მაგიდა იდგა. მალე მას გარს ახალგაზრდა გოგოები და ქალები შემოეხვივნენ, რომელთაგან აქტიურობდა, შინაურულ მზრუნველობას იჩენდა 27-28 წლის ახალგაზრდა საშუალო სიმაღლის, წარმოსადეგი ქალი. ნავარდას მოეწონა ეს ქალი და დაინტერესდა მისით. ის კი თომას ძმისშვილის _ იროდის ცოლი _ ჟუნა იყო. იროდი ომში იმყოფებოდა და აგერ უკვე ორი წელი იყო არაფერი ისმოდა. ნაღველი ჩადგომოდა ჟუნას თვალებში, მაგრამ არ იმჩნევდა დარდს და ვაჟკაცურად უმკლავდებოდა ოჯახის ჭირსა თუ ლხინს. ნავარდას ადრეც ენახა ის სოფელში, მაგრამ მაშინ არ დაინტრესებულა მისი ვინაობით. _ გვეყოფა, მეზობლებო, ხმაური, გოგო ალბათ ძალიან დაიღალა და დავასვენოთ. ხვალ კი მობრძანდით და მოვილხინოთ. ცოდვაა, ვერ ხედავთ, რა გაფითრებული სახე აქვს? მალე ყველანი გაიკრიფნენ. ბოლომდე ჟუნა დარჩა. _ მე ჟუნა მქვია, ნავარდა, აქვე თქვენი ეზოს გადაღმა ვცხოვრობ. ნურაფრის ნუ გეშინია, ძალიან კარგ ხალხში ხარ ჩავარდნილი და არაფერი არ გაგიჭირდება აქ. მე კი შენს მეგობრად მიგულე, _ უთხრა ქალმა და შუბლზე აკოცა. ნავარდა კი მკერდზე მიეკრა მას და აქვითინდა. ის ეთხოვებოდა თავის ბავშვობას დღეიდან მისთვის სხვა ცხოვრება იწყებოდა. ხვალინდელი დღის გარიჟრაჟზე მასთან იდგა ნაპო, მართალია თითქოს ნაცნობი და გულითაც ახლობელი, მაგრამ საიდუმლოებებით მოცული და უცნაური მოლოდინით სავსე. შიში გამოკრთოდა მისი ჟუჟუნა, თვალებიდან კიდევ დაუყვავა ქალმა აკანკალებულ გოგოს, ლოგინი გაუშალა, ღამე ნებისა უსურვა და გავიდა. კარებში ნაპოს შეეფეთა, რომელიც კედელს მიყრდნობოდა _ დამიხედეთ ამ ვაჟკაცს! _ უთხრა მან დაბალი ხმით და მხარზე ხელი დაარტყა მოუთმენლობით შეპყრობილ ბიჭს.
*** _ გამარჯობა უშანგი, რა კარგია, რომ შემოიარეთ, ეს წუთია რაიონიდან დარეკეს და ვინმე უნდა გამომეგზავნა თქვენთან _ სკოლაში _ უთხრა ლამაზი სახის ორმოციოდე წლის ფოსტის გამგემ განყოფილებაში შემოსულ უშანგის და ფეხზე წამოდგა. _ გმადლობთ, ქალბატონო ბროლისა, რაშია საქმე, რაზე მირეკავდნენ? ხვალ ზეიმია ქალაქში, დადიანის სახელობის თეატრში ომის დამთავრებასთან დაკავშირებით და აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს დილიდანვე, სიტყვით უნდა გამოვიდესო, _ მოლოცვასავით თქვა ქალმა და შეხედა ამ ბრგე ვაჟკაცს. უშანგის ფერმა გადაურბინა სახეზე. თავის მარცხენას დახედა, თავი ჩაქინდრა, წუთით ხმა ვერ ამოიღო და მერე მიუბრუნდა. _ ვისთან უნდა მივიდე დილიდანვე, ხომ არ უთქვამთ, თუ მიაქციეთ ყურადღება? _ კი, როგორ არა, საორგანიზაციო განყოფილებაში მოვიდეს ბოკუჩავასთანო. _ გმადლობთ, _ თქვა კაცმა და გავიდა. მთელი ღამე არ უძინია უშანგის მთელი ღამე ენთო, მის ოთახში შუქი და ღია ფანჯრიდან შემოსული ნიავი დაბორიალობდა. ოთახში, რომ დარდმოძალებული კაცისთვის შუბლი გაეგრილებინა. თვალწინ დაუდგა ყოველი წვრილმანი უშანგის ომში წასვლის პირველი დღიდან გამოვლილი საშინელებისა. რამდენი სიმწარე, სიცივე და შიმშილი გადაუტანია მას და მის გვერდით მყოფთ, ოღონდ ეს ნანატრი ბედნიერება, ეს ნანატრი გამარჯვება ეზეიმათ და ქვეყნისთვის მოსალოდნელი მუდმივი ჭირი მოეცილებინათ! პირველად გაუჭირდა უშანგის. ბუნებით მშვიდსა და ჩუმს ქვემეხების ჭურვის გასკომის ხმა აფორიაქებდა. პირველი თოფისწამლის სუნი თავბრუსხვევდა და ჩქარობდა, ჩქარობდა, რომ უმოძრაოდ არ ყოფილიყო და გულში შიში არ შეპარვოდა! დრო გადიოდა, როცა მის თვალწინ ცაში ავარდა უზარმაზარი მიწის სვეტი და თანამებრძოლის სხეული ნაფოტივით აიტაცა და ნაფლეთებად აქცია, წუთით თვალები დახუჭა და ყოველდღიურმა ტყვიის ზუზუნმა თავისი გაიტანა და გამოიჯაგა ისიც. უკვე ისე აღარ ღელავდა, როგორც ბრძოლის პირველ დღეებში! მეტი სიდინჯე შესძინა საქმით გამოცდილებამ და ახალგაზრდა მებრძოლებს აჩვევდა ბრძოლას, უხსნიდა ტექნიკას და ვაჟკაცობის მაგალითს იძლეოდა. თითქოს გუშინ იყო, ჰოსპიტალში რომ გონს მოვიდა და სათითაოდ დაუწყო თავის სხეულს ხელით სინჯვა. თითქოს გუშინ იყო თავისი მარცხენა რომ ვერ იგრძნო და თავზარი დაეცა. მარჯვენათი კი მოსინჯა ის, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ შეგრძნება არ ჰქონდა. მთელი კვირა ხმა არ ამოუღია. იწვა გაუნძრევლად, თვალები ჭერისთვის მიეჩერებინა და დუმილად ქცეულიყო. უკვირდა, ცალხელა, ცალფეხა ყავარჯენმომარჯვებული დაჭრილები რომ იცინოდნენ, ოხუნჯობდნენ კიდევაც. მის გულში კი უიმედობას დაესადგურებინა. ექთანი ძალით თუ შეაჭმევდა საჭმელს. იმასაც ხათრით შეჭამდა ცოტას და გაირინდებოდა. ერთხელ მხრებში მოხრილი, მაღალი ხანში შესული ექიმი შემოვიდა და პირდაპირ უშანგის საწოლთან ჩამოჯდა ტაბურეტზე. თავი მიაბრუნა უშანგიმ და გაკვირვებით შეხედა მოსულს. _ ამხანაგო წურწუმია, თქვენზე საჩივრები მოგვდის! რაშია საქმე, რას ჩამოგტირით ცხვირპირი. ხალხს შენზე ცუდი მდგომარეობა აქვს, მაგრამ თავს არავინ იკლავს, თქვენ კი მთელი დღეების განმავლობაში ხმას არ იღებთ. ამ პალატაში თქვენს გარდა კიდევ ხუთი კაცი წევს, ალბათ მიაქციეთ ყურადღება. ყველა მათგანს სჭირდება რწმენის განმტკიცება, თავისებური ნუგეშისცემა. თქვენ კი _ პედაგოგი კაცი, დამონებიხართ ჭირს და დაბეჩავებულხართ, არც სხვას უწევთ ანგარიშს! არ ვარგა, არ ვარგა ასე, ამხანაგო. უშანგიმ თავი მიაბრუნა და გაისუსა. მერე შერცხვა თავისი საქციელის. იგრძნო, რომ მთავარი ექიმი მართალი იყო და თვალებით თითქოს გაუღიმა მას. _ დიახ, დიახ, ამხანაგო, ჩვენ ისეთი მდგომარეობა გვაქვს ახლა, ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ რწმენისათვის, იმისათვის, რომ საკუთარ თავს ჩავუნერგოთ, ჩვენ სამართლიან ომს ვეწევით და გავიმარჯვებთ. თქვენ კი სადაცაა ტირილით და გოდებით აიკლებთ აქაურობას. თუ ისევ ომში ვერ წახვალთ, ზურგშიც გვჭირდება თქვენისთანა მებრძოლები. იქაც ბევრია თქვენი საქმე _ არ ცხრებოდა ექიმი. მართალი იყო. ცამდე მართალი იყო, მაგრამ უშანგის ვერ ეპოვნა სიტყვა, რითაც გალხვებოდა ყინული და ამ ღვთისნიერ კაცს მადლობას ეტყოდა. მერე თანდათან თითქოს ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. ექიმმა გამოკითხა თავისი მდგომარეობა, სად იბრძოდა, სად დაიჭრა, სად ცხოვრობდა და დამშვიდობებისას მეგობრულად უთხრა: _ ერთ კვირაში გაეწერებით. ჩვენ შეგვეძლო მკლავის ამპუტაციაც გაგვეკეთებინა, მაგრამ საჭიროდ არ ჩავთვალეთ, მდგომარეობას არ გაართულებს. თქვენ საქმეს მოჰკიდეთ ხელი და გულს ნუ გაიტეხთ. ჩვენ არა გვაქვს უფლება ცრემლის ღვრის. რაც მოხდა, მოხდა! ახლა მთავარია ყველამ შესაძლებლობის მაქსიმუმი ვაკეთოთ და გამარჯვების დღე მოვაახლოვოთ. _ მადლობელი ვარ ექიმო,თქვენ მე თვალები ამიხილეთ, სიცოცხლე დამიბრუნეთ. მადლობელი ვარ, _ ჩაილუღლუღა საწოლს გაკრულმა ვაჟკაცმა. _ რას მემადლიერები, მეგობარო! ეს ჩემი მოვალეობაცაა და ადამიანური არსებობის მიზანიც, _ ადგა, დაემშვიდობა და ისევე ჩქარა გავიდა, როგორც შემოვიდა. თითქოს გუშინ იყო ეს ყველაფერი. მას შემდეგ კი სამი მძიმე წელი გასულა. გაჭიანურდა ეს ნანატრი გამარჯვება! ხვალ კი ამ გამარჯვებაზე, ამ სისხლით და დაფლეთილი სხეულებით მოპოვებულ გამარჯვებაზე უნდა ილაპარაკოს, მაგრამ განა ასე ადვილია ყოველივე ამაზე აუღელვებლად საუბარი?! ძნელია, ძალზე ძნელია, მაგრამ მდგომარეობას ის სიხარული და საზეიმო განწყობილება გადასწონის რაც გამარჯვებამ, შინდაბრუნებამ, მშობლიური მიწის სიყვარულმა აგრძნობინდა რუსეთის ყინვებში და შიმშილში, უძილობასა და სიკვდილთან ჭიდილში მყოფ ადამიანებს. ირიჟრაჟა. ეზოდან დედის ხმა მოესმა. შეეცოდა ხანდაზმული, შრომაში და დარდში ჯანგატეხილი, მაგრამ მაინც ყოჩაღი ქალი, ის ხომ მისი ფანჯრიდან გამოსული შუქის მიხედვით იძინებდა. იცოდა ჭაბუკმა, რომ არც დედამისს ეძინა წუხელ.
*** ზეიმი რომ დამთავრდა და ხალხი ქუჩაში გამოეფინა, უშანგი დაემშვიდობა ნაცნობებს და ფეხი აითრია. თეატრის კიბეებთან შეჩერდა და სიგარეტს მოუკიდა. კარგა ხანს იცადა. კიბეებზე თვალებგაბრწყინებული ვერა ჩამოვიდა და უშანგი რომ დაინახა, უსაყვედურა _ რატომ დაიცადეთ ამდენხანს, მე ხომ ხედავ, დავიგვიანე, წასულიყავით! _ ამას ამბობდა, თან სახეზე ეტყობოდა, რომ ძალიან ნასიამოვნები იყო. უშანგიმ სიგარეტი ურნაში ჩააგდო და გზა განაგრძეს, ხალხის ტალღას შეერივნენ. საუბარი ვერ აეწყო. დილას, როცა საქმეზე საუბრობდნენ და მათ ურთიერთობას ოფიციალური სახე ჰქონდა, არ გასჭირვებიათ. ახლა კი თითქოს ენა დაება ორივეს. ისევ ვერამ წამოიწყო. _ რა ბედნიერები ვიყავით ყველანი დღეს, უშანგი, ყველას გაბადრული სახე ჰქონდა. _ ამაზე დიდი სიხარული რა უნდა გვქონდეს, ქალბატონო ვერა, ეს წლობით ნასათუთები მიზანი იყო, რომელსაც რამდენი სიცოცხლე, რამდენი გრძნობა, ენერგია და ქალაქი თუ სოფელი შევწირეთ! _ პრეზიდიუმიდან თითქოს ყველას სულში ვახერხებდი შეღწევას და თითქოს არავის არ ახსოვდა ის მსხვერპლი, რაც გავიღეთ ამ გამარჯვებისათვის. _ ამის თქმაც ძნელია, ქალბატონო ვერა, ეს თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ ისეთი უზომოა ეს გამარჯვებული ხალხის ბედნიერება, რომ თითქოს წუთით დავივიწყეთ ის გულისტკივილი, რაც ეს გამარჯვება დაგვიჯდა! განა როდისმე მოშუშდება ეს ჭრილობა, რაც ამ არნახულმა ომმა მოგვაყენა?! ვერას გული დასწყვიტა ვაჟის ნათქვამმა და მისი მარცხენას ტკივილი საკუთარს გადაედო, თითქოს. საჭირო იყო დაძაბულობის გაფანტვა. _ უშანგი, რამდენი ხანია ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ? _ თქვა ქალმა და შეჩერდა. შეჩერდა უშანგიც. _ სამი წელი ალბათ – შეცბუნებით თქვა უშანგიმ და გაოცებით შეხედა ღიმილმორეულ ქალს. _ სამი, ხომ სამი და ნუთუ სამი წელი არ არის საკმარისი, რომ ჩვენ ერთმანეთს თქვენობით არ ველაპარაკებოდეთ?! _ გაიცინა ქალმა. გულზე მოეშვა ვაჟსაც. _ დიახ, საკამრისია, ქალბატონო ვერა! _ აი, ისევ ქალბატონო, ისევ თქვენ! გთხოვ, ნუ მომმართავ ასე ოფიციალურად, დამიძახე უბრალოდ ვერა. _ კარგი ვერიკო, როგორც შენ Gგესიამოვნებოდეს _ გაიღიმა უზომოდ ბედნიერმა და მკლავი გამოსდო საყვარელ ადამიანს. მზე კაშკაშებდა ზუგდიდში. საზეიმო განწყობილება სუფევდა ირგვლივ. ორივეს ესალმებოდნენ ქუჩაში და ღიმილით მიაცილებდნენ. გრძნობდა ქალ-ვაჟი, რომ შემხვდურთა ინტერესს იწვევდნენ და ხალხს განრიდება მოესურვა გულს. _ წამოდი, ვერიკო, მაცხოვრის კარისკენ ვიაროთ, იქით ცოტა ხალხი შეგვხვდება. გზა განაგრძეს. _ უშანგი, რამდენი ხანია მინდოდა მეკითხა და ყოველთვის გადამავიწყდა. იმ გოგო და ბიჭის ამბავი როგორ დამთავრდა, აი, რა ექვა?! ხელი რომ დაუშავდა!.. _ ხო, ნაპო და ნავარდა! სიხარულით გაიბადრა ვაჟკაცი, ესიამოვნა ასეთი ყურადღება და მკლავზე ხელი მოუჭირა ქალს. ქალმაც იგრძნო ძლიერი კაცის არსებობა და ოდნავ მიეკრო მხარზე. _ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ვერა, მალე მშობლებიც შეურიგდნენ ბედს. ნაპო კარგი ბიჭი გამოდგა. პატარა ბიჭი ჰყავთ უკვე და თავს ევლებიან ერთმანეთს. _ ისე, ძალიან უცნაური ბიჭი კია ის თქვენი ნაპო, არა? _ უცნაური და მერე როგორი! ხომ გახსოვს ომში რომ მიიწევდა, ძლივს დავამაგრეთ. _ მიყვარს ასეთი დაუდგრომელი ხალხი. _ მეც ძალიან მომწონს ეგ ბიჭი, ცოცხალია, ყოველთვის იცის რა უნდა და როგორ გააკეთოს გასაკეთებელი. ზოგიერთებს კი არა ჰგავს! _ ზოგიერთებს? ვის გულისხმობ? _ შენს თანამგზავრს, ამხანაგო, გულიანად გაიცინა უშანგიმ და სახით ვერასკენ შებრუნდა. მიუხვდა ქალი ქარაგმას, მაგრამ არ ჩაეკითხა._ რატომ არ მეკითხები, ვერა, რატომ ვგულისხმობ შენს დღევანდელ თანამგზავრს? _ აბა, რა ვიცი! _ სამაგიეროდ მე ვიცი, ვერა და საკმაოდ დიდი ხანია, ვიცი, რაც მინდა, მაგრამ ვერ მითქვამს! _ გაჩუმდი, რა, გეხვეწები! _ ნუ მაჩუმებ, ვერიკო, ისედაც დიდი ხანია გაჩუმებული ვარ და ეს ძვირფასი წლები მიდის მარტოობაში უშენოდ ყოფნაში! ვერა თავდახრილი მოდიოდა. _ მომწყინდა, ვერა, გესმის, მომწყინდა. მეყო რაც ტანჯვა გამოვიარე, რაც დედაჩემი გავაწვალე ჩემი მარტოობით და ჩემზე ზრუნვით. სანამ მე შუქს არ ჩავაქრობ ჩემს ოთახში, არ დაწვება, არ დაიძინებს. _ გაჩუმდი, უშანგი, ღვთის გულისათვის! _ ნუ მაჩუმებ, ვერა, რახან დღეს დიდი ზეიმის დღე გვიდგას, დაე ჩემთვისაც, ჩემი სულისთვისაც იყოს სიხარულის დღე. ჩემს დღეში არ მინახავს სიხარული. ნუ მომისპობ მას და გამაბედნიერე შენი სითბოთი, შენი ალერსით. შეჩერდა. ქუჩაში არავინ ჩანდა, მაგრამ თავს მოერია, რომ აქ, ქუჩაშივე არ მოხვეოდა ქალს. ვერამ მკლავი გამოსდო და გზა განაგრძეს. _ დავიღალე, ვერა, სიმწარემ დამღალა, სულიერმა ტანჯვამ უფრო დამღალა ვიდრე ხორციელმა, მაგრამ ისე არ დავჩაჩანაკებულვარ, რომ ჩემი წუწუნით თავი შეგაბეზრო. მე ჯერ კიდევ შემრჩა ნებისყოფა და დიდი სურვილი ბრძოლისა და არსებობისა და ეს უნარი შენთან ყოფნაში მინდა გამოვიყენო. თუ ხელს არ მკრავ, სიყვარულზე ხელს არ მიკრავ, უბედნიერესი კაცი ვიქნები და შენც არ იქნები ჩემთან უბედური. ვერა ისევ დუმდა და თავჩაქინდრული მიჰყვებოდა ვაჟს, რომელსაც თავის გონებაში პირველი შეხედვისთანავე შესთავაზა და ფეხქვეშ გაუგო თავისი თავი, მაგრამ დღეს ამის თქმა ძალზე ძნელი იყო. პატარაც აღარ არის, რომ ამჩატდეს და თანხმობა უთხრას, მაგრამ რა სისულელეა, თუ ვუყვარვარ, თუ მეც ძალიან მიყვარს, რა საჭიროა თამაში. მე ხომ ვიცი, როგორ ვჭირდები მას, როგორ მჭირდება იგი მე და განა ეს არ არის საკმარისი, რომ კარსმომდგარ ბედნიერებას გულგაშლილი შევეგებო? საღამოვდებოდა. მაცხოვრის კარის ეკლესიის გუმბათიღა ჩანდა ჩამავალი მზის შუქზე. აქ ამ პატარა სასაფლაოზე, ტაძრის გარჩემო საფლავებს შორის დააბიჯებდნენ და ორივე თავის საფიქრალს მისცემოდა. ახალგაზრდა ქალის საფლავთან შეჩერდნენ. ორივეს გულით დაენანა სიცოცხლით სავსე გოგონა და უკან შებრუნდნენ. უშანგიმ წინ მიმავალ ვერას ხელი დაუჭირა, დაიხარა და აკოცა. ვერა გაინაბა. ქალაქში რომ მობრუნდნენ, უკვე ბნელოდა. უშანგიმ მიაცილა ვერა სახლამდე და უთხრა: _ ახლა კარგად იყავი, ვერიკო, მე შენი მოლოდინი გამათბობს. ეცადე დიდხანს არ მალოდინო. შენა ხარ ჩემი ბედნიერება და ხვალინდელი სიხარული. ისევ აკოცა ხელზე. მერე გულზე მიიკრა ეს ხელი და მოეფერა. ვერასაც ისე მიესვენებინა ხელები ვაჟკაცის გულზე, თითქოს სამუდამოდ შეისვენა მასთან. _ ბედნიერი ვარ, ვერიკო და ამის მიზეზი მხოლოდ შენა ხარ ჩემთვის. _ მეც ბედნიერი ვარ, უშანგი და ამის მიზეზი მხოლოდ შენა ხარ ჩემთვის. ვერა ჩქარა შევიდა შინ.
--------------------
მართლა ნადირი კი არ ვარ.
|