http://www.accent.com.ge/sazogadoeba/4352-...html?lang=ka-GEაქართველოს ციკლონი არ უახლოვდება
საქართველოს ციკლონი არ უახლოვდება
+ -
20:25 03.09.2013
ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროს სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, ”საქართველოს ტერიტორიაზე არა - ციკლონი, არამედ ბალტიის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ ციკლონთან დაკავშირებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასები გადმოინაცვლებს”.
როგორც ”აქცენტთან” საუბრისას ნიორაძემ აღნიშნა, აღნიშნული მასები 4 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან გადმოინაცვლებს.
”როგორც ჩანს, არასწორად გაიგეს, საქართველოს ტერიტორიაზე არათუ ციკლონი, არამედ ბალტიის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ ციკლონთან დაკავშირებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასები გადმოინაცვლებს. აღნიშნული პროცესი 5 სექტემბრის გვიან საღამომდე გაგრძელდება”, - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.
ცნობისთვის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა მოსალოდნელ უამინდობაზე ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს.
”საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 4 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის მხრიდან გავრცელებას იწყებს ბალტიის ზღვიდან გადმონაცვლებული ციკლონი და მასთან დაკავშირებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები.
აღნიშნული სინოპტიკური პროცესი გაგრძელდება 5 სექტემბრის გვიან საღამომდე და გამოიწვევს დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებას, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ დაწევას, ძლიერ, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძალიან ძლიერ წვიმებს, ზოგან სეტყვას, ზღვის ძლიერ ღელვას და ცალკეულ მდინარეებზე ძლიერ წყალმოვარდნებს, გააქტიურდება ღვარცოფი და მეწყერსაშიში უბნები.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააფრთხილა ყველა მუნიციპალიტეტი, მიიღონ უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები, მოახდინონ ადგილობრივი რესურსების მობილიზაცია, რათა უამინდობას მომზადებულები შეხვდნენ.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები, საჭიროების შემთხვევაში, ვითარებიდან გამომდინარე, საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ”, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
This post has been edited by Choncxis mzera on 4 Sep 2013, 17:17