რაც ვნახე სულ ეს იყო
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
ერთხელ რამდენიმე კაცმა მოლა აბანოში მიიპატიჟა, ყველა მათგანმა ფარულად თითო კვერცხი წაიღო. აბანოში რომ შევიდნენ, მოლას განუცხადეს:
- ჩვენ ყველას შეგვიძლია კვერცხის დადება. ვინც კვერცხს ვერ დადებს, აბანოს მთელი ხარჯი მან გადაიხადოს.
ამის შემდეგ ისინი ქვებზე დასხდნენ, ქათმებივით კაკანი დაიწყეს და ხელად თითო კვერცხი გამოაგორეს.
მოლამ ეს დაინახა თუ არა, მამლისებურად დაიწყო ფაფხური აქეთ-იქით და ხმამაღლა დაიყივლა.
- მოლა, ეს რას ნიშნავს?_ ჰკითხეს მას.
- განა ამდენ დედლებს ერთი მამალი არ დაგჭირდებათ! _ მოსწრებულად და დაცინვით უპასუხა მოლამ.
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
ერთხელ მოლა ბოსტანში შეიპარა. რამდენიც შეეძლო ნესვი და საზამთრო დაკრიფა, ტომარაში ჩააწყო და წასვლას აპირებდა, რომ მებაღე შემოესწრო. იგი ჯოხით მივარდა მოლასთან და შეუყვირა:
- აქ რას აკეთებ!
- ამ ბოსტნის გარეთ მივდიოდი, უცებ საშინელმა ქარმა დაუბერა და შიგ ბოსტანში გადმომაგდო _მიუგო მოლამ.
- ეს ნესვები და საზამთრო რისთვის დაკრიფე?
- აქაც ამ ტიალმა ქარმა არ მომასვენა. სულ აქეთ-იქით მაქანავებდა. მეც შევშინდი, ნესვებსა და საზამთროებს მოვეჭიდე და ისინიც ჩემდაუნებურად მოწყდნენ.
- შესაძლებელია, რაც თქვი მართალი იყოს, მაგრამ ეს ხილი რაღასთვის ჩააწყვე ტომარაში?
- ხოო, მაგაზე მეც ერთი საათია ვფიქრობ და ვერ გამიგია ეს რატომ ჩავიდინე
:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
მოლამ ერთხელ მეზობლისგან ქვაბი ინათხოვრა. მეორე დღეს იმავე ქვაბში პატარა ქვაბი ჩადგა და დიდი მადლობით მიუტანა. მეზობელი გაკვირვებული შეეკითხა:
- ეს პატარა ქვაბი საიდან გაჩნდა?
- მოლამ დამშვიდებით უპასუხა:
- შენი ქვაბი ორსულად იყო. წუხელ ეს პატარა ქვაბუნა მოიგო და მოგიტანე.
მეზობელმა სიხარულით გამოართვა მოლას ქვაბები. რამდენიმე დღის შემდეგ მოლამ იგივე ქვაბი ხელახლა ინათხოვრა. გავიდა დიდი დრო და პატრონს უკან აღარ მიუტანა. მეზობელი იძულებული გახდა თვითონ მისულიყო მოლასთან ქვაბის მოსატანად. მან ქვაბი მოითხოვა, მაგრამ მოლამ ამოხვნეშით უპასუხა:
- შენ კარგად გამყოფოს ჩემმა გამჩენმა და შენი საცოდავი ქვაბი კი ამ ორი დღის წინათ გარდაიცვალა.
მეზობელმა გაკვირვებით წამოიძახა:
- ჯერ აქამდე არავისგან გამიგონია, რომ ქვაბი მომკვდარიყოს.
- თუ კი ის გაგიგონია, _ დაცინვით მიუგო მოლამ _ რომ ქვაბმა ქვაბი მოიგო. რატომ ის აღარ გაიგე, რომ ქვაბი მოკვდა?
:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
ერთმა კაცმა მოლას თოკი სთხოვა. მოლა ჯერ სახლში შევიდა. შემდეგ მობრუნდა და უთხრა:
- თოკს არ სცალია, ზედ გარეცხილი ბრინჯი გავფინეთ მზეზე გასაშრობად. ბოდიშს ვიხდი!
კაცმა გაკვირვებით უპასუხა:
- თოკზე როგორ შეიძლება ბრინჯის გაფენა! ეს როგორი ბოდიში არის?
- როდესაც არ მინდა თოკი გათხოვო, მაშინ ბრინჯის გაფენაც შეიძლება მასზე და ბოდიშიც სრულიად საფუძვლიანია! _ მიუგო მოლამ
:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
მოლამ ბატი შეწვა და ახლადმოსული ემირისათვის საჩუქრად წაიღო. გზაში შიმშილმა შეაწუხა, ცალი ბარკალი მოაცალა, შეჭამა და დანარჩენი ემირს მიუტანა. ემირმა ცალფეხა ბატს რომ შეხედა, მოლას გაკვირვებით შეეკითხა:
- ამ ბატის ცალი ფეხი რა იქნა?
-ჩვენს ქალაქში ბატებს ერთი ფეხი აქვს და თუ არ გჯერა აგერ ფანჯარაში გაიხედე _ უთხრა მოლამ.
ემირმა გაიხედა და დაინახა რომ ბატები მართლაც ცალ ფეხზე იდგნენ და ეძინათ. ამ დროს შემთხვევით რამდენიმე გლეხმა ბატებს ჯოხი მოუქნიეს და სახლისაკენ გარეკეს. ემირი მოუბრუნდა მოლას და უთხრა:
- დახე როგორი ტყუილი მითხარი. აი, იმ ბატებს ყველას ორ-ორი ფეხი აქვს.
- შე დალოცვილო, ისეთი ჯოხი შენთვისაც რომ მოერტყათ, ორი ფეხის მაგიერ ოთხს გამოიბამდი _ ღიმილით მიუგო მოლამ.
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
ერთ ღამეს მოლას სახლის წინ ხმაური ატყდა. ცოლმა მოლა საჩქაროდ გააღვიძა და უთხრა:
- ადე კაცო, გარეთ გაიხედე რახდებაო..
მოლამ საბანი მოიხურა და გარეთ გავიდა. სანამ ჩხუბის ამბავს გაიგებდა, მოლას მივარდნენ საბანი მოსტაცეს და მოქუსლეს.
გაოცებული, სიცივისგან აკანკალებული მოლა შინ დაბრუნდა.
- რა ამბავია, რა მოხდა? _ ჰკითხა ცოლმა.
- თურმე ჩვენი საბნის გულისთვის ჩხუბობდნენ და რომ არ გავსულიყავი ერთმანეთს დახოცავდნენ, როგორც კი საბანი გაქრა ჩხუბიც დამთავრდა _ უთხრა ცოლს მოლამ.
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
მოლამ თავის პატარა ქალიშვილს კოკა მისცა ხელში, თანაც მაგარი სილა გაარტყა და უთხრა:
- ჩქარა წყალი მოიტანე და კოკა არ გატეხოო
საწყალი გოგონა ტირილით გაიქცა. მეზობლებმა ეს რომ დაინახე მოლას უსაყვედურეს:
- აგრე უმიზეზოდ რათა სცემ უდანაშაულო გოგონას, კოკა ხომ არ გაუტეხია?
- სანამ არ გაუტეხია, მანამ უნდა იცოდეს რაც მოელის, რომ ფრთხილად იყოს, თორემ კოკას რომ გასტეხს მერე რაღა აზრი ექნება დასჯას _ მიუგო მოლამ.
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
ერთ საღამოს მოლა ცოლმა გააღვიძა და უთხრა:
- მოლა, მარჯვნივ სანთელი გაქვს და მომე ავანთოო
- ხომ არ გაგიჟდი! ამ სიბნელეში როგორ გავიგო, მარჯვენა მხარე სად მაქვს? _ უთხრა მოლამ.
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
მოლას ჰკითხეს:
- რატომ არის, რომ დილით ზოგი ერთ მხარეს მიდის, ზოგი კი _ მეორეს?
- ყველა რომ ერთ მხარეს წავიდეს, მაშინ წონასწორობა დაირღვევა და დედამიწა გადაბრუნდება _ აუხსნა მოლამ
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
ერთხელ მოლას უთხრეს:
- შენი ცოლი ბევრს დაწანწალებს
- ტყუილია, აგრე რომ იყოს ერთხელ ჩემს სახლშიაც შემოიხედავდა
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
ერთი მეგობარი მივიდა მოლასთან და სთხოვა:
- წერილი დამიწერე, ბაღდადში ამხანაგს მინდა გავუგზავნო.
- თუ ღმერთი გწამს, თავი დამანებე, ბაღდადში წასასვლელი დრო სადა მაქვს, - უთხრა მოლამ.
- კი მაგრამ წერილის დაწერას ბაღდადში წასვლა რად უნდა? _ გაიკვირვა მეგობარმა
- აბა, ისეთი ხელი მაქვს, თუ წერილს თვითონ არ გავყევი, მაინც ვერავინ წაიკითხავს იქ, _ უპასუხა მოლამ.
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
თემურ-ლენგმა ჰკითხა მოლას:
- კიდევ დიდხანს დაიბადებიან და დაიხოცებიან ადამიანები?
- სანამ სამოთხე და ჯოჯოხეთი არ შეივსება, _ უპასუხა მოლამ.
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
მოლას ორი ცოლი ჰყავდა. ერთხელ ორივე ერთად ჩააცივდა ქმარს:
- რომელი უფრო გიყვარვართ?
საბრალო მოლამ არ იცოდა რა ეთქვა და მხოლოდ ამას ამბობდა:
- ორივე, ორივეო
მაგრამ ქალები არ ეშვებოდნენ და გარკვეულ პასუხს სთხოვდნენ. სხვათა შორის უმცროსმა ცოლმა უთხრა:
- ვთქვათ, ორივენი ტბაზე ნავით ვსეირნობთ, ნავი გადაბრუნდა და წყალში გადავვარდით. შენ კი ამ დროს ნაპირზე ხარ. პირველად რომელს გადაარჩენდი?
მოლამ ეს სამწუხარო სურათი წარმოიდგინა, უფროს ცოლს მიუბრუნდა და უთხრა:
- შენ, მგონი, ცოტა ცურვა კი იცი არა?
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
მოლამ სამღებრო გახსნა. ერთი კაცი მივიდა, ნაჭერი მიუტანა და უთხრა:
- მოლა შემიღებე, ოღონდ ისეთ ფერად, რომელიც ქვეყანაზე არ არსებობს.
- ეგ რომელია? _ შეეკითხა მოლა.
- არც წითელი, არც შავი, არც ლურჯი, არც მწვანე, არც ყვითელი და არც თეთრი, _ უპასუხა კაცმა.
მოლა მიხვდა, ეს კაცი დამცინისო.
- კარგი, _ უთხრა მან, _ ისე შევღებავ როგორც შენ გინდა.
- როდის მოვიდე?
- როცა გინდა, მხოლოდ არც ორშაბათი იყოს, არც სამშაბათი, არც ოთხშაბათი, არც ხუთშაბათი, არც პარასკევი, არც შაბათი და არც კვირა, _ უპასუხა მოლამ.
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
ერთხელ ცხენოსნობაზე ჩამოვარდა საუბარი. მოლას მოუნდა თავი გამოეჩინა და დაიწყო:
- ერთხელ ერთ მამულში ვიყავით, მოურავმა ისეთი ფიცხი ცხენი მოიყვანა, რომ არავის არ იკარებდა. ვინ არ სცადა მასზე შეჯდომა, მაგრამ ვერავინ მოახერხა. ერთი სოფლელი ბიჭი მოახტა ზურგზე, მაგრამ ცხენი ახტა და ბიჭი მიწას დაანარცხა. მეორესაც ასე მოუვიდა. მაშინ ვეღარ მოვითმინე, ხალათი ავიკეცე, სახელოები დავიკაპიწე, ფაფარში ვწვდი, ავხტი.. ავხტი და...
ამ დროს შემოვიდა კაცი, რომელიც მაშინ იმ მამულში ყოფილიყო.
- ავხტი და ვერ შევჯექი.._ დაამთავრა მოლამ.
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
ერთხელ მოლასთან ორი კაცი მივიდა. მომჩივანმა უთხრა:
- ეფენდი, ამ კაცს ზურგით შეშა მოჰქონდა, ფეხი დაუცდა და დაეცა, მთხოვა მომეხმარეო. _ რას მომცემ-მეთქი ვკითხე. _ რასა და არაფერსაო. კეთილი, _ გავიფიქრე და მივეხმარე. შემდეგ კი ვთხოვე, ”არაფერს” რომ დამპირდი, მომეცი-მეთქი. მან უარი მითხრა. ახლა თქვენ გთხოვთ, ჩემი საჩივარი დააკმაყოფილოთ.
მოლამ გულდასმით მოუსმინა მომჩივანს და უთხრა:
- რა თქმა უნდა შენ მართალი ხარ, მაგ კაცმა უეჭველად უნდა მოგცეს დანაპირები.
შემდეგ იმ ხალიჩაზე მიუთითა, რომელზედაც თვითონ იჯდა და უთხრა:
- აბა, აქეთ მოდი, ჩემო მეგობარო. ასწიე ხალიჩა, რომელზედაც მე ვზივარ და ნახე მის ქვეშ რა არის.
- არაფერი, _ უპასუხა მომჩივანმა.
- ჰოდა აიღე ეგ არაფერი და წადი. აბა, აბა, ნუ აყოვნებ, წაიღე რაც გეკუთვნის და გასწი აქედან.
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
მოლამ გაიგო, რომ ერთ სახლში ქორწილი იყო. მან წერილივით დაკეცა ქაღალდი და კარზე დააკაკუნა. როდესაც ჰკითხეს რა გინდაო, მოლამ უთხრა:
- სახლის პატრონს წერილი მოვუტანე.
მოსამსახურემ მოლა შინ შეუშვა. მან ქაღალდი მასპინძელს გადასცა, თვითონ კი გაშლილ სუფრას მიუჯდა.
- ამ ქაღალდზე არაფერი წერია, _ უთხრა მოლას სახლის პატრონმა.
- რა არის აქ გასაკვირი, _ უპასუხა მოლამ, _ სასწრაფო საქმე იყო და დაწერა ვერ მოასწრეს.
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
ერთ დილას მოლამ ერთი ოყა ხორცი იყიდა და შინ მიიტანა, თვითონ კი თავის საქმეებზე წავიდა. ცოლმა, ხორცი შეწვა, მეგობრებს დაუძახა და კარგად გაუმასპინძლდა. როდესაც მოლა დაბრუნდა ქალმა მხოლოდ მოხარშული ბრინჯი დაახვედრა. მოლამ ხორცი მოიკითხა სად არისო
- ხორცი შენმა საყვარელმა კატამ შემიჭამა, - უპასუხა ცოლმა.
მოლამ სასწორი მოიტანა, კატა დაიჭირა და აწონა. კატა სრული სამი გირვანქა გამოვიდა.
- აი შე უსირცხვილო შენა, თუ ეს ხორცია, სად არის კატა? და თუ კატაა, ხორცი რაღა იქნა? _ უთხრა მოლამ
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
ერთხელ მოლას გზაში ყაჩაღები შემოეყარნენ და გაძარცვეს.
წაართვეს სახედარი, ფული და თანაც ცემა დაუწყეს. მოლამ ვეღარ მოითმინა და უთხრა:
- რათა მცემთ, რა დაგიშავეთ? დროზე არ მოვედი? თუ ცოტა მოგიტანეთ?
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
ზამთრის დადგომისას მოლას ჰკითხეს:
- საზამთროდ რა მოიმარაგე?
- კარგი ჟრჟოლა და კანკალი, _ უპასუხა მოლამ
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
თემურ-ლენგმა ჰკითხა მოლას:
- მითხარი, როგორ გიყვარვარ?
- მე ერთი საწყალი მოლა ვარ, შენ კი დიდი თემურ-ლენგი. მაშასადამე მე შემიძლია მიყვარდე ისე, როგორც უნდა უყვარდეს მოლა ნასრედინს თემური.
- კარგი! ჩემი გულისთვის თუ მოკვდები?
- თუ თვითონ ვერ შევძლებ, შენი ჯალათები დამეხმარებიან.
- ახლა რომ გითხრა, ზღვაში გადავარდი-მეთქი, გადავარდები?
მოლამ ეს რომ გაიგონა, მაშინვე ფეხზე წამოდგა.
- საით? _ ჰკითხა თემურმა.
- დღეგრძელ იყავ მბრძანებელო, შენთვის ზღვაში გადავარდნა ჩემთვის დიდი პატივია, მაგრამ მანამდე ნება მომეცი, წავიდე და ცურვა ვისწავლო, _ უპასუხა მოლამ.
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
მოლას მეზობლად ერთი უჭკუო მზეთუნახავი ცხოვრობდა.
ერთხელ თურმე ამ ქალმა მოლას კაცი გაუგზავნა და შეუთვალა:
- შენ ჭკვიანი ხარ, მე კი ლამაზი, შემირთე და ჭკვიანი და ლამაზი შვილები გვეყოლება.
მოლამ უპასუხა:
- მასე რომ მოხდეს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ, ვაი თუ ჭკუით შენ დაგემსგავსონ და სილამაზით კი მე.
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
როგორც ამბობენ, მოლა საკმაოდ შეუხედავი იყო, ეს მან კარგად იცოდა და ამიტომ სარკეში არ იხედებოდა. ერთხელ, მოლას ფეხმძიმე ცოლმა დიდხანს უცქირა ქმარს და ბოლოს უთხრა:
- ძალიან მიხარია, რომ შვილი მეყოლება, მაგრამ რა მეშველება შენ რომ დაგემსგავსოს?
- მე რომ დამემსგავსოს ეგ არაფერია, მაგრამ ვაი შენი ბრალი, რომ არ დამემსგავსოს, _ უპასუხა მოლამ.
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
ქუჩაში მკვდარს მიასვენებენ და მოლას შვილი შეეკითხება:
- სად მიჰყავთ მამა ეს კაცი?
- იქ მიჰყავთ სადაც არც პურია, არც წყალი, არც შეშაა და არც ცეცხლი, _ უპასუხა მოლამ
- ჩვენთან მოჰყავთ მამა?
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
მოლა ქიშმიშს ჭამდა. მასთან მეგობარი მივიდა და ჰკითხა:
- მოლა რას ჭამ?
- იმიტომ..._ უპასუხა მოლამ
- რას ნიშნავს ”იმიტომ”, ეგ რა პასუხია?
- მოკლედ გეუბნები
- როგორ თუ მოკლედ?
- შენ მეკითხები, რასა ჭამო, მე რომ გიპასუხო: ქიშმიშსაო, მეტყვი: მეც მაჭამეო. მე გეტყვი: ვერა, ვერ გაჭმევ-მეთქი. შენ შემეკითხები: რატომაო, მე კი გიპასუხებ: იმიტომ-მეთქი, ამიტომ წინასწარ მოკლედ გეუბნები: ” იმიტომ”
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
ერთხელ თემურმა მოლა იახლა და იმ მოედანზე მიბრძანდა, სადაც მისი ჯარისკაცები მშვილდ-ისრით სროლაში ვარჯიშობდნენ.
- მოლა, _ ჰკითხა თემურმა, _ მშვილდიდან თუ გისროლია ოდესმე?
მოლას შერცხვა გამომტყდარიყო, რომ მშვილდიდან არასოდეს არ ესროლა, და მეფეს მოახსენა:
- ახალგაზრდობაში კარგი მსროლელი ვიყავი, ახლა კი დავბერდი და მშვილდს ხელს აღარ ვკიდებ.
ეს რომ გაიგონა, თემურმა ბრძანა მოლას მშვილდ-ისარი მიართვითო. მოლა უარზე დადგა, მაგრამ არაფერი გაუვიდა და ბოლოს ისროლა ისარი. ისარმა მიზანს ვერ მიაღწია და მისგან თხუთმეტი ნაბიჯის დაშორებით დაეცა.
მოლა არ დაიბნა და შესძახა:
- ასე ისვრის თქვენი მხედართმთავარი!
შემდეგ მეორე ისარი სტყორცნა და ისიც ააცილა.
- ასე ისვრის თქვენი მრჩეველი, _ თქვა მან წარბშეუხრელად.
რამდენიც არ ისროლა ყველა ააცილა და ყოველთვის სხვადასხვა ჯარისკაცს ასახელებდა.
ბოლოს როგორც იქნა, ერთი ისარი ნიშანში მოარტყა და კმაყოფილმა წამოიძახა:
- აი ასე ისვრის მოლა ნასრედინი.
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
თემურმა მოლას ვაჟი დაიბარა. ბიჭი მივიდა. მეფემ ნახა, რომ იგი ძალიან ჰგავდა მამას: სიმაღლეც, სახეც, ცხვირ-პირიც სულ მამისა ჰქონდა.
მოდი გამოვცდი მამასავით ჭკვიანი თუ არის _ გაიფიქრა თემურმა.
მან ოქროს ფული გაუწოდა ბიჭს, მაგრამ ბიჭმა არ გამოართვა.
- რატომ არ მართმევ? _ ჰკითხა მეფემ
- დედის მეშინია, ნათქვამი აქვს, რომ უცნობ კაცს ფული არ გამოართვაო
- ყოჩაღ ბიჭო! _ უთხრა თემურმა, _ მაგრამ მე ხომ ისეთი უცნობი არ ვარ, რომელზედაც დედა გეუბნებოდა. მე მეფე ვარ.
- ვხედავ, რომ მეფე ბრძანდები, _ უპასუხა ბიჭმა, _ მაგრამ დედა არ დამიჯერებს.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მეტყვის, ის კაცი რომ მეფე ყოფილიყო, ერთ ოქროს კი არა, ბევრს მოგცემდაო.
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
ამბობენ, მოლა სოფლიდან ქალაქში პირველად რომ ჩამოვიდა, უცნაური ამბები ემართებოდა. აი ერთ-ერთი მათგანი.
მოლა, რომელმაც პირველად დაინახა ქალაქის კედლები და კოშკები, დიდხანს იდგა მოჯადოებული. ეს ერთ-ერთმა მოხელემ შეამჩნია, გადაწყვიტა გახუმრებოდა და ჰკითხა:
- რა მოხდა მოლა? ამ შენობებს რატომ მიაშტერდი?
- ღმერთმანი სოფლელი ვარ და ქალაქში პირველად ჩამოვედი. ვხედავ აქ სახლებიც არის, ქუჩებიც, დუქნებიც, ბაღებიც, ერთი სიტყვით ყველაფერი და ყველაფერი მშვენიერია. მხოლოდ ერთი ვერ გამიგია: ეს რა არის, აქა-იქ რომ ცისკენ მიიწევს?
ქალაქელი კაცი მიხვდა, მოლა კოშკებზე ლაპარაკობდა და უთხრა:
- აქ გაუგებარი რა არის, ეს ჩვენი ქალაქის ყალყზე დამდგარი თმაა.
მოლა მიხვდა, ეს კაცი დამცინისო, მაგრამ არ იცოდა რა ეპასუხა. ამ დროს ერთ-ერთ კოშკზე ქალაქის მმართველი და რამდენიმე მისი მხლებელი გამოჩნდა.
- ხოო, თქვენი ქალაქი მშვენიერია, მაგრამ როგორც ვხედავ მას ცუდად უვლით, _ უთხრა მოლამ.
- რატომ? _ ჰკითხა მოხელემ.
- შეხედე ერთ ბეწვ თმაზე რამდენი მკბენარი ასულა, _ უპასუხა მოლამ.
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
მოლას ორი ხბო ჰყავდა, და რომ არ გაქცეულიყვნენ, ყოველ დილით ხეზე აბამდა ხოლმე.
ერთხელ ერთმა ხბომ თოკი გაგლიჯა და გაიქცა. მოლამ ჯოხს წამოავლო ხელი და დარჩენილ ხბოს დაუწყო ცემა.
- მოლა რას ერჩი მაგ ხბოს, რა დაგიშავა? _ ჰკითხა მეზობელმა _ გაქცეულს ვერ დაეწიე და ამასა სცემ?
- შენ არ იცი, რა გაიძვერაა, _ უპასუხა მოლამ. _ ეს გაქცეულზე უფრო ეშმაკია. დარწმუნებული იყავი, თოკი რომ გაეგლიჯა, იმაზე ნაკლებად არც ეს არ გაიქცეოდა.
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
მოლა და მისი შვილი რომელიღაც სოფელში მიდიოდნენ. მამამ შვილი სახედარზე შესვა, თვითონ კი ფეხით გაჰყვა. გზაზე მგზავრები შემოხვდნენ და თქვეს:
- ახლანდელი ახალგაზრდობა არაფრად არ ვარგა, შეხედე თვითონ სახედარზე შემჯდარა და მოხუცი მამა კი ფეხით მისდევს.
მაშინ შვილმა უთხრა მოლას:
- მამა, აკი გითხარი, ასე არ ივარგებს-მეთქი. მოდი, მე ჩამოვალ და შენ შეჯექი.
მოლა სახედარზე შეჯდა.
ცოტა რომ გაიარეს, ახლა სხვა მგზავრები შემოეყარენ და უთხრეს:
- ამოდენა კაცი რომ სახედარზე შემჯდარხარ და ეს გამხდარი ბიჭი კი ფეხით მოგსდევს საკადრისია?
მოლამ შვილი უკან შემოისვა. ცოტა რომ გაიარეს უსაქმურების მთელი გროვა შემოხვდათ. სახედარზე გადამჯდარი მოლა და მისი შვილი რომ დაინახეს, დაუძახეს:
- ეს რა უსულგულო ხალხი ყოფილხართ, განა შეიძლება ერთ სახედარზე ორი კაცი იჯდეს?
მოლა გაჯავრდა, სახედრიდან ჩამოვიდა, შვილიც ჩამოიყვანა და სახედარი წინ გაიგდო.
ბევრი იარეს თუ ცოტა, რამდენიმე კაცი შემოეყარათ. ფეხით მიმავალი მოლა და მისი შვილი რომ დაინახეს, თქვეს:
- რა სულელები არიან, სახედარი ცარიელი მირბის, ესენი კი ამ სიცხეში ფეხით მიჩანჩალებენ.
ეს რომ მოლამ გაიგონა, ხელები მაღლა აღაპრო და თქვა:
- ღმერთო, არა მგონია ქვეყანაზე იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც არ გაჭორონ.
You see, in this world there's two kinds of people, my friend: those with loaded gun and those who dig. You — dig
☩ Дорога возникает под шагами идущего ☩
Anything is possible
--------
Dallas Mavericks
FC Liverpool
--------