სიყვარულის ამაღლებული იდუმალება
ფრანჩესკო პეტრარკას პოეზიის მოყვარულები პირველ რიგში მისი უცნაური სატრფიალო ურთიერთობის
გამოისობით იცნობენ; დიახ, ეს იყო სრულიად უცნაური და არაჩვეულებრივი ტრფობა _ დიდ იტალიელ პოეტს უყვარდა მავანი ლაურა, ასე ვთქვათ, სულიერი სიყვარულით, თვლიდა
რა თავის სათაყვანებელ ქალბატონს სიწმინდის და სრულ-ყოფილების ნიმუშად და მარადიული ქალურობის განსახიე-რებად, და ხელით შეხებაზე ოცნებაც კი მკრეხელობად მიაჩნდა. ლაურას მიმართ ჩასახულმა არამიწიერმა განცდებმა პოეტს სამასზე მეტი სონეტი შეაქმნევინა, რაც კაცობრიობის სატრფიალო პოეზიის ოქროს ფონდში შევიდა
21 წლის განმავლობაში ეტრფოდა უნუგეშოდ სინიორ ფრანჩესკო შავთვალა ქერათმიან ქალბატონს, რომელიც თავის მხრივ გათხოვილიც იყო და 11 შვილიც ჰყავდა. მით უფრო ძნელი იქნება ამგვარი ტრფობის "ლოგიკური გააზრება", თუ ვიტყვით, რომ პოეტი თავის სატრფოს მხოლოდ რამდენიმეჯერ შეხვდა ცხადად და, როგორც ამბობენ, თვალებშიც კი არ ჩაუხედავს მისთვის. ისიც სავარაუდოა, რომ ეს ქალბატონი მისდამი მიძღვნილ პოეტურ ხოტბას პრაქტიკულად არ იცნობდა და, ცხადია, არც რაიმე გრძნობა უნდა ჰქონოდა მეხოტბის მიმართ... ამგვარი "უცნაურობანი" გახდა საბაბი იმისა, რომ ლიტერატურის მავან მემატიანეებს განეცხადებინათ (განსაკუთრებით კი მათ, ვინც ამა თუ იმ გენიალური შემოქმედის ცხოვრებაში მხოლოდ სკანდალურ, სენსაციურ თუ მისტიურ დეტალებს ეძებს) - ლაურა, როგორც რეალური ადამიანი, საერთოდ არ არსებობდა და ეს "პოეტური პერსონაჟი" მხოლოდ ფრანჩესკო პეტრარკას წარმოსახვის ნაყოფიაო...
ბიოგრაფიის პროლოგი
ფრანჩესკო პეტრარკა, ვისი სახელიც სამარადისოდ იქცა წმინდა, უანგარო და გაუზიარებელი სიყვარულის სიმბოლოდ, დაიბადა 1304 წლის 20 ივლისს იტალიის (ახლანდელი ტოსკანის ოლქის) პატარა ქალაქ არეცოში; მისი მამა, ფლორენციელი ნოტარიუსი, მეტსახელად პეტრარკო ან პეტრარკოლი (სრული სახელი - პიეტრო დი სერ პარენცო) მეუღლესთან, ელეტა კანიჯანისთან ერთად, გაძევებული იყო ფლორენციიდან, რადგან იგი იმ დროს არაპოპულარული გველფების1 (“თეთრების”) პარტიის წევრი იყო. იმ ეპოქაში ბევრი ღირსეული მოქალაქე _ მათ შორის დიდი დანტე ალიგიერიც კი _ პოლიტიკურ შეხედულებათა გამო იძულებით მოშორებულნი იყვნენ დიდ ქალაქებს და მიყრუებულ რეგიონებში "იხდიდნენ სასჯელს". 1307 წელს დაიბადა ფრანჩესკო ძმა, გერარდო, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე არ დაშორებია უფროს ძმას და მუდამ მხარში ედგა დალხინებასა თუ გაჭირვებაში. 1311 წელს სინიორ პეტრარკოლოს ოჯახი უკეთესი ცხოვრების საძიებლად პიზაში გადასახლდა, მაგრამ იქაც პოლიტიკურ დევნილთა დამღა მიაკერეს მათ და ერთი წლის შემდეგ ფლორენციელი ნოტარიუსი იძულებული შეიქნა საფრანგეთის ქალაქ ავინიონში გადაბარგებულყო, სადაც იმხანად კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის, პაპის, რეზიდენცია მდებარეობდა და სინიორ პეტრარკოლისაც იმედი ჰქონდა, რომ რაიმე სათავისო სამსახურს მოიძიებდა და ასეც მოხდა _ მისმა ახლობელმა, კარდინალმა ნიკოლო დე პრატომ იზრუნა იმაზე, რომ დევნილთა ოჯახს საარსებო საშუალება ჰქონოდა და არც ბავშვების სწავლა-განათლების საკითხი დავიწყებია. კერძო მასწავლებელთან ოთხწლიანი კურსის გავლის შემდეგ ფრანჩესკო მზად იყო სწავლა გაეგრძელებინა იურიდიულ სკოლაში (მამას სურდა, რომ მისი უფროსი ვაჟიც ნოტარიუსის პროფესიას დაუფლებოდა), ეს მოხდა 1316 წელს, მაგრამ მაშინვე შეიმჩნეოდა, რომ ყრმას დიდი ინტერესი არ გააჩნდა შერჩეული პროფესიისადმი და მისი სული კლასიკური ლიტერატურის შესწავლის სურვილით იყო განმსჭვალული. მამა წინააღმდეგი იყო ამისა და ხელსაც კი უშლიდა მეოცნება ყმაწვილს ლიტერატურით გატაცებაში იმდენად, რომ ერთხელ წიგნები ბუხარშიც შეუყარა, თუმცა ფრანჩესკომ ორი წიგნის გადარჩენა მაინც შეძლო, ეს იყო ციცერონის და ვერგილიუსის ტომები... ამ ორი მოაზროვნის მიერ დატოვებული კვალი მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა ფრანჩესკო პეტრარკას. 1319 წელს მას გარდაეცვალა დედა და ამ სამწუხარო ამბავს 15 წლის ჭაბუკმა ლექსი მიუძღვნა... ეს ლექსი ითვლება მის პირველ პოეტურ ნაწარმოებად და ჩვენს დრომდეც არის შემორჩენილი.
ასე იყო თუ ისე, ფრანჩესკო აიძულა მამამ, რომ იურიდიული განათლება მიეღო და ამ მიზნით მას ექვსწლიანი სწავლა-განათლების კურსის გავლა მოუხდა ჯერ მონპელიეში და შემდეგ ბოლონიის უნივერსიტეტში. სავალდებულო საგნების პარალელურად მომავალ პოეტს ჰქონდა საშუალება თავისუფლად გასცნობოდა და შეესწავლა ყველაფერი, რაც ძველ ლათინურ ლიტერატურულ ძეგლებთან თუ პოეზიასთან იყო დაკავშირებული და ამ სტუდენტურ ატმოსფეროში ჩაეყარა საფუძველი მომავალი დიდი იტალიელი ჰუმანისტის ესთეტურ-მორალურ შეხედულებებს. იქვე, ბოლონიაში, განიცადა ფრანჩესკომ პირველი სატრფიალო გრძნობაც (...გატაცება!), როცა უდიდესი სიმპათიით განეწყო ვინმე ნოველა დ’ანდრეას მიმართ... ეს ქალი იყო არ მხოლოდ მშვენიერი, არამედ საკმაოდ განათლებულიც და ბოლონიის უნივერსიტეტში სტუდენტებს უკითხავდა ლექციებს და, როგორც ამბობენ, ფარდის მიღმა იმალებოდა, რათა საკუთარი მომხიბლავი გარეგნობით მსმენელთა ყურადღება არ გაეფანტა. 1326 წელს გარდაიცვალა სინიორ პეტრარკოლი და ფრანჩესკოს მიეცა საშუალება მიეტოვებინა მისთვის საძულველი იურიდიული ფაკულტეტი და დაბრუნებულიყო ავინიონში, რომელიც, მისივე თქმით, "დასავლეთის ბაბილონი, ქალაქთა შორის უსაზიზღრესი, ჯოჯოხეთის მსგავსი" ადგილი იყო იმხანად. მერკანტილურ მოსაზრებათა გამო, აწ უკვე ფრანჩესკო პეტრარკამ (მან გვაროვნული მეტსახელი "პეტრარკოლი" ლათინურ ყაიდაზე გადაიკეთა) უარყო იურისტის კარიერა, მიიღო დაბალი საეკლესიო ჩინი, თუმცა ესეც იძულებითი ნაბიჯი იყო, რათა ეშოვა საარსებო სახსრები და სიღარიბისთვის დაეღწია თავი (....თუმცა არის სხვა ვერსიაც მისი ბიოგრაფიისა და მავანნი ამტკიცებენ, რომ მამამ საკმაოდ დიდი ქონება დაუტოვა და მე-14 საუკუნის ოციანი წლები პეტრარკამ ბოჰემური ცხოვრებით გაატარა). ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესოა არა მისი ფინანსური უზრუნველყოფილობა, არამედ ის, რომ, როგორც თავად წერდა მომავალი პოეტი, “საკუთარი თავის ბატონად” იქცა და უკვე თავისუფლად შეეძლო მთელი დრო და ენერგია მარად სანატრელი ლიტერატურისა და პოეზიის შესწავლისთვის დაეთმო და თავადაც ეცადა ძალები პოეტურ ასპარეზზე...
(ძველებს უთქვამთ)
ყველა დიდი სიყვარული ერთის ნახვით იწყება-ო
1327 წლის 6 აპრილს, ვნების კვირის პარასკევ-დღეს, ავინიონის სანტა-კიარას ეკლესიის დილის წირვაზე პოეტმა პირველად ნახა მშვენიერი ქალი და შეუყვარდა იგი სამარადისოდ და საუკუნოდ და თანაგრძნობის იმედის გარეშე. მკვლევართა აზრით, სწორედ ამ დღიდან იქცა ეს ქალბატონი პოეტის სონეტების და ლექსების მუზად... დანტე ალიგიერის უთქვამს, რომ "სწორედ სიყვარულის ძალით მოძრაობენ სამყაროში მზეც და ციური მნათობნიც"-ო, პეტრარკამ კი ეს გრძნობა ღვთიურ წყალობას შეადარა და მთელი ცხოვრების მანძილზე ლოცვებით აღავლენდა მადლიერების სიტყვებს უზენაესისადმი, რომელმაც ათასობით ქალიდან შეარჩია სწორედ ის ერთი-და-ერთადერთი _ ლაურა! _, რომლის სახეში პოეტმა თავისი მარადიული სატრფო შეიცნო და მის სიცოცხლეს უძღვნა 263 სონეტი (ღიმე ინ მორტე Lაურა), ხოლო სატრფოს გარდაცველების შემდეგ შექმნა კიდევ 103 ლექსი-დატირება (ღიმე ინ მორტე Lაურა).
პირველი ხილვით გამოწვეული აღტაცება კი პოეტმა ერთ-ერთ სონეტში ასე გამოხატა:
“კურთხეულ იყოს მარად ის დღე, ის თვე და წელი,
ის დრო და ჟამი, ის საათი და წამი ერთი,
ის კურთხეული მიწა-წყალი, ჩვენ ერთმანეთი
სადაც ვიხილეთ და შევიცან ტრფიალი მწველი”1.
ვინ იყო ეს ქალი?
"სიყვარულის მომღერლის" ცხოვრების მემატიენეებს არ აქვთ ერთი საერთო აზრი მისი სატრფოს ვინაობის შესახებ. ისინი ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს ლაურა დე ნოვესი (Lაურა დე Nოვეს), რაინდ უგო დე სადის მეუღლე და აუდიბერტ დი ნოვესის ქალიშვილი, ან ლაურა დი საბ-რანი, ან ლაურა კოლონა... თუ მართალია პირველი ვარიანტი, მაშინ ეს ქალი უნდა ყოფილიყო 11 შვილის დედა, რომელთა შთამომავალთა შორის თვით მარკიზ დე სადიც კი _ ე.წ. "შავი იუმორის მამა" _ მოიაზრება. იმასაც ვარაუდობენ, რომ მავანი ლაურა განსაკუთრებული მშვენიერებით არ გამოირჩეოდა და მის სილამაზეს მხოლოდ ფრანჩესკო პეტრარკას ტრფობით აღგზნებული თვალები ხედავდნენ... საინტერესოა კიდევ ის ფაქტიც, რომ პოეტი მას პროვანსში გავრცლებული სახელით - Lაურე (ლორ) - მოიხსენიებდა, მოგვიანებით კი ამ ქალბატონის სახელს პეტრარკას წყალობით შეცვლა ეწერა და მისი ამაღლებული პოეტური ხატი შესაბამისი ჟღერადობის "ლაურად" იქცა; არის ის ვარაუდიც, რომ ეს "ლაურა" სხვა არაფერია თუ არა ლათინური Lაურო (დაფნა) - ანუ სახელის და დიდების გამომხატველი პოეტური ატრიბუტი და შესაბამისად რეალური ქალი ასეთი სახელისა არც არსებობდა, იგი იყო მხოლოდ პოეტის ფანტაზიით დანახული არსება, მუზა... დიდებისაკენ მიმავალი გზის მანათობელი.
ჩვენ მივდიოთ პირველ ვერსიას და "დავინახოთ" მდედრი, რომლის სახელმა პეტრარკას მთელი შემოქმედება მოიცვა და ამ რეალური (ან წარმოსახვითი) ქალის წყალობით კაცობრიობამ უდიდესი ლირიკოსი შეიძინა.... ფრანჩესკო პეტრარკას წარმოუდგენელი, გამაოგნებელი გრძნობით უყვარდა ქალი, რომელთანაც ცხოვრებაში არც არასოდეს ულაპარაკია (?!). ამ ქალბატონის გარდაცვალებამდე (1348 წ), უპასუხო და გაუზიარებელი სიყვარულის ოცწლიანი დროის განმავლობაში მას პეტრარკა რეალურად სულ რამდენიმეჯერ შეხვდა და ორიოდე მზერა თუ შეავლო შორიდან მას... ეს იყო პურიტანული თავშეკავების და "შორით ტრფობის, შორით ალვის" კლასიკური მაგალითი, სადაც ტრფიალის ობიექტად ერთგვარი უსხეულო, ანგელოზისებრი არსება ისახება მკითხველის თვალწინ... ამიტომაცაა, რომ თვით პეტრარკას უახლოეს მეგობრებსაც კი არ სჯეროდათ, რომ ასეთი ქალი ნამდვილად არსებობს. ყველა დაეჭვებულს პეტრარკა უჩვენებდა თავისი სატრფოს პორტრეტს, რომელიც ქალაქ სიენის მკვიდრ სიმონე მარტინის ფუნჯს ეკუთვნოდა... ასეა თუ ისე, მშვენიერი ლაურას რეალური თუ სიმბოლური სახე გახდა მუზა პეტრარკას მთელი შემოქმედებისა, თუმცა თავად ავტორი მისდამი მიძღვნილ იტალიურ ენაზე დაწერილ ლექსებს თავისი საქმიანობის უმთავრეს მიღწევად არ მიიჩნევდა და უპირატესობას ანიჭებდა ლათინურ ენაზე შექმნილ პოემებსა და ფილოსოფიურ წერილებსა თუ ტრაქტატებს...
დიახ, უდავოდ ეს იყო დიადი, პოეტური და არაამქვეყნიური სიყვარული, რაც კაცობრიობის ისტორიაში ბრწყინვალე სატრფიალო ლირიკის სათავედ იქცა, თუმცა...
სხვა ბიოგრაფიული წიაღსვლები
და სასულიერო კარიერა
დიად სიყვარულს ხელი არ შეუშლია ფრანჩესკო პეტრარკასათვის, რომ 1337 წელს ისტორიისათვის უცნობი ქალისგან შესძენოდა უკანონო შვილი - ჯოვანი, რომლის შესახებ დიდი პოეტი წერდა: "ჭკვიანი ბიჭია, ზოგჯერ ძალიან ჭკვიანიც კი, მაგრამ თვალის დასანახად ეჯავრება წიგნები". მამის მცდელობათა მიუხედავად, ჯოვანიმ ვერაფერს მიაღწია ცხოვრებაში და 1361 წელს შავი ჭირით მილანში გარდაიცვალა. "მისი სიცოცხლე ჩემთვის იყო მუდმივი და გაუსაძლისი საზრუნავი, სიკვდილი კი - მწარე სატანჯველი" - წერდა პეტრარკა თავის დღიურებში... 1343 წელს სიყვარულის მგოსანს შეეძინა ქალიშვილი, ასევე ყველასთვის უცნობი ქალისგან... მამა აღმერთებდა პატარა ფრანჩესკას, მოგვიანებით კი თავს ევლობოდა მისგან შეძენილ შვილიშვილებს და ერთ მათგანს პაპის საპატივცემლოდ ფრანჩესკოც კი დაარქვეს... ზოგი მკვლევარი გამოთქვამს ეჭვს, რომ პოეტს ასულ სწორედ ლაურასგან შეეძინა, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს და კვლავაც სენსაციების და სკანდალების მაძიებელ "მეცნიერთა" საფიქრალ-საარსებო საშუალებად რჩება..
პეტრარკას სასულიერო კარიერა სრული კეთილდღეობითა და წარმატებით ვითარდებოდა. 1331 წელს მისმა უნივერსიტეტელმა მეგობარმა ჯაკომო კოონმა იგი წარუდგინა თავის ძმას, კარდინალ ჯოვანის, რომლის წყალობით პეტრარკა დაინიშნა ავინიონიელი პაპის მდივნად და დაევალა მნიშვნელოვან დავალებათა შესრულება და შესაბამისი მისიით მოგზაურობა იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთსა თუ ინგლისში. ამ მისიონერული ვოიაჟების დროს პოეტი სხვადასხვა ქვეყნების მონასტრებში ეცნობოდა რარიტეტულ წიგნებს და მათ შორის მისთვის სათაყვანებელი ციცერონის თხზულებებსაც. 1337 წელს პეტრარკა ავინიონის სიახლოვეს მდებარე პატარა ქალაქ ვოკლუზში დასახლდა, შეიძინა რაღაც ადგილ-მამულის მსგავსი ტერიტორია მცირე ნაგებობით, სადაც მას შეეძლო სრული შემოქმედებითი განმარტოებით ესარგებლა და მშვენიერი ბუნებით და სატრფოზე ოცნებით აღჭურვილს ნაყოფიერი სამწერლო საქმიანობა ეწარმოებინა. "მხოლოდ ახლა ვიგრძენი, თუ რა არის ნამდვილი სიცოცხლე" _ სწერდა პოეტი ერთ თავის მეგობარს... ისიც ირკვევა მისი შემოქმედებიდან, რომ "მარადიული შეყვარებული" მტანჯველი სიყვარულისგან შვებასა და ხსნას სწორედ ამ სამოთხისებრ ბუნებაში ეძიებდა.
ახლა, როდესაც ცა და მიწა გარინდებულა,
ყველა სულდგმული შეჰხიზვნია ძილის სამანებს,
ვარსკვლავიერ ეტლს ღამე აკრთობს და აქანავებს
და მის ლოგინში ზღვის სტიქიონს სძინავს მეფურად.
ვიწვი და ვტირი, ვფიქრობ, ვღელავ უწინდებურად,
ჩემში შთენილი არსებობას ბევრჯერ მანანებს,
ხოლო ცხოვრება და-ცა-ლეწავს ერთხელ ანაგებს
და გულიც მასზე ფიქრის ჟამს თუ ნათელცხებულა.1
* * *
1342 წელს, რომიდან დაბრუნების შემდეგ, პეტრარკამ დაასრულა თავისი ლექსების წიგნის (100 ერთეული) პირველი გამოცემის რედაქტირება, 1345-47 წლებში ვოკლუზში დაწერა ფილოსოფიური ტრაქტატი "განმარტოების შესახებ", გამოსცა (...ანუ გადასცა გადამწერებს... იმ ეპოქაში, ცხადია, ჯერ წიგნის ბეჭდვა გამოგონილი არ იყო) ლექსთა კრებულის მეორე რედაქტირებული ვარიანტი (130 ლექსი) და პოეტური ლათინური "ბუკოლიკები"...
1348 წელს ევროპას შავმა ჭირმა გადაუარა (ეს განსაკუთრებით იტალიას და სამხრეთ საფრანგეთს შეეხო, ამის ფაქტები ჯოვანი ბოკაჩოს "დეკამერონშიც" გვხვდება); ამ დროს გარდაიცვალა პეტრარკას მფარველი კარდინალი, ხოლო 1348 წლის 6 აპრილს, მისი გაცნობიდან (პირველი დანახვიდან) ზუსტად 21 წლის შემდეგ, გარდაიცვალა პოეტის მუზაც _ დონნა ლაურა _ რომლის ვინაობა ბურუსითაა მოცული, თუმცა მკითხველისთვის მთავარი მაინც პოეტის მიერ მისდამი მიძღვნილი ლიტერატურული საგანძურია და არა პიროვნული დეტალები... როგორც ამბობენ, პოეტმა ეს ტრაგიკული ამბავი საკმაოდ გვიან გაიგო; იგი იმხანად ვერონაში იმყოფებოდა სასულიერო მისიით... მართალია, ამ დღიდან მისი შემოქმედებითი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა (ანუ ცოცხალი ლაურასადმი ტრფობის ამსახველი ლირიკა სამგლოვიარო, დატირების შემცველმა სტრიქონებმა შეცვალეს), მაგრამ არავითარი ცნობა იმის შესახებ, რომ უნუგეშოდ შეყვარებული მგოსანი რაიმე განსაკუთრებულ გლოვას მიეცა, არ არსებობს; დარჩა მხოლოდ მისი ხელით დაწერილი ძუნწი კომენტარები იმის შესახებ, რომ სააქაოდან წავიდა უმშვენიერესი და ღვთისმოსავი ქალბატონი... ზოგი მკვლევარი ამ ფაქტიდან გამომდინარე ასკვნის, რომ, მართალია, ლაურა იყო რეალური ქალბატონი, მაგრამ მისდამი განცდილი დიდი გრძნობა პოეტისა, ამ უკანასკნელის წარმოსახვის ნაყოფია და სხვა არაფერი.... ასეა თუ ისე, კაცობრიობას შემორჩა უკიდურესი სევდითა და მწუხარებით განმსჭვალული სტრიქონები, რომელთა ადრესატის ნამდვილობა-არანამდვილობა უკანა პლანზე გადადის და რჩება უნაკლო პოეზიის საგანძური:
ათასწლეულად მეჩვენება დღე მისევდილი,
დედამიწაზე დავრჩი ოდეს უქალბატონოდ,
სხვა გზით მიმიხმობს, სურს სიცოცხლე უქმად დავტოვო
და ციერისკენ გავლივლივდე ნაცრისფერ დილით.
ვეღარ მაცდუნებს მიწა, თეთრი ქალის მკერდივით,
რომ ჩამჩურჩულებს: საკუთარ თავს ებრძვი რატომო,
ცრუა სოფელი, მოაყივნებს კაცთ საგვარისტომოს,
მე კი ნათელში მსურს ვიხილო მისი მერდინი1.
პოეტის მეგობრები როდესაც კითხულობდნენ ასეთი შინაარსის ლექსებს, ეუბნებოდნენ მას, რომ არ არის ლამაზი ასეთ ხანდაზმულ ასაკში კვლავაც ტრფობით, თუნდაც სინანულით აღსავსე, გრძნობით იწვოდეს და რომ სხვისი სიკვდილის დატირებით მგოსანი უკვდავებას ვერ მოიპოვებდა... უბრალოდ არც ღირდა გარდასული ტრფიალის ასე გაზვიადება და მისი დევნა მოგონებებით, მაგრამ პეტრარკა ამას ყურს არ უგდებდა და თითქმის 27 წლის განმავლობაში განაგრძობდა სატრფოს უნუგეშო ხსოვნით ცხოვრებას... გარდა ლირიკისა, ლაურას მიეძღვნა, აგრეთვე, ალეგორიული ხასიათის ქმნილებების სერია საერთო სათაურით - "ტრიუმფები" ("სიყვარულის ტრიუმფი", "დიდების ტრიუმფი", "სიკვდილის ტრიუმფი", "უმანკოების ტრიუმფი", "მარადიულობის ტრიუმფი").
ბიოგრაფიის ეპილოგი
1350 წლის შემდეგ პეტრარკა მოგზაურობდა ევროპაში, ცხოვრობდა ვენეციაში; მას ყველგან ისეთი პატივითა და ღირსებით ხვდებოდნენ, როგორიც სამეფო ოჯახის წევრებს ეკადრება, მაგრამ მისი დაობლებული გული უკვე უსიხარულოდ და გულგრილად აღიქვამდა ბრბოს აღტაცებულ მზერას... მან იმხანად უარყო შეთავაზება, რომ გამხდარიყო ფლორენციის ახლადდაარსებული უნივერსიტეტის რექტორი (ამას "ჩინოვნიკური სულით" განმსჭვალული სუბიექტები ვერ გაიგებენ) და დასახლდა მილანში, არქიეპისკოპოს ჯოვანი ვისკონტის სასულიერო კარზე, სადაც მდივნის, ორატორის და ემისრის მოვალეობებს ასრულებდა. მილანში დაასრულა მან "ბუკოლიკური სიმღერები" კრებული "უმისამართოდ", ასევე ფართოპლანიანი თხზულება "ყოველგვარი ფორტუნის საწინააღმდეგო საშუალებათა შესახებ", სადაც საბოლოო ჯამში 250 დიალოგი შევიდა. პოეტი კვლავაც განაგრძობდა დიპლომატიური მისიით მოგზაურობას მთელ ევროპაში და ერთხანს ელჩის მოვალეობასაც კი ასრულებდა პრაღაში.
სიცოცხლის უკანასკნელი წლები პეტრარკამ გაატარა ადგილ-მამულში, რომელიც მან სოფელ არკუაში იყიდა. აქ მან თავი მოუყარა მთელ თავის ლიტერატურულ ნაწარმოებებს, ჩაუტარა საბოლოო რედაქტირება და ისეთი სახით დაუტოვა შთამომავლობას, როგორც გვაქვს ჩვენ ახლა, და საყურადღებოა კიდევ ის ფაქტი, რომ ცხოვრების ბოლო პერიოდში მან დაიწყო ისეთი ლექსების შეთხზვა, სადაც თანამედროვე იტალიური ენის საფუძვლები ჩანდა უკვე.
* * *
ხანდაზმულ ასაკში პოეტი კიცხავდა საკუთარ თავს, მაგრამ არა მშვენიერი ქალბატონისადმი განცდილი დიდი სიყვარული გამო, არამედ იმ მიზეზით, რომ იგი გადაჭარბებული თავგამეტებით ისწრაფოდა პოეტური დიდებისკენ. პეტრარკა მიხვდა, რომ დიდება გარემომცველებში უფრო მეტად აღძრავს შურს, ვიდრე კეთილ გრძნობებს. "შთამომავლებისადმი წერილში" მარადიული სიყვარულის მეხოტბე სევდითა და სინანულით წერდა აღიარების ნიშნად რომში მიღებული დაფნის გვირგვინის შესახებ, სიკვდილის წინ კი დიდებაზე მეტად წუთისოფლის ამაოებასა და დროის ტრიუმფის გამო წუხდა.
1974 წლის 19 ივლისის განთიადზე პოეტის ქალიშვილს, ფრანჩესკას, მამა საწერ მაგიდასთან გარდაცვლილი დახვდა... საწერი კალმით ხელში... მხოლოდ ერთი დღე-ღამე დააკლდა მას სრული 70 წლის ასაკის შესრულებამდე... ჯოვანი ბოკაჩოს ცნობით, პეტრარკას ერთხელ უთქვამს მისთვის: "დაე, სიკვდილმა მე წიგნის კითხვისას ან წერისას მომაკითხოსო" და ასეც მოხდა, მისი სურვილი სინამდვილედ იქცა.
"მარადიული შეყვარებული" ქალაქ პადუაში დაკრძალეს.
გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი და დიდება ყველა სხვა მანამდე არსებული პოეტის პატივს გასცდა და უპირველესი ადგილი დაიმკვიდრა. ფლორენციელები დიდხანს ეხვეწებოდნენ პადუელებს, რომ დიდი მგოსნის ნეშტი მისი წინაპრების მშობლიურ ქალაქში გადაესვენებინათ... მეჭორეები იმასაც ყვებიან, რომ მავანმა ქურდმა ჩუმად მოჰკვეთა მიცვალებულს მარჯვენა მკლავი და წაიღო ფლორენციაში, რათა ამ ხელს მაინც, რომელმაც იტალიას და იტალიელებს გენიალური პოეზია შეუქმნა, ფლორენციის კურთეხეულ მიწაში ეპოვა საუკუნო განსასვენებელი.... თუმცა ფრანჩესკო პეტრარკას სამარე დღემდე ქალაქ პადუას სასაფლაოზე მდებარეობს, სადაც მას ბიუსტი 1667 წელს დაუდგეს.
* * *
...დაბოლოს რიტორიკული კითხვა:
განა ის არის მნიშვნელოვანი, იყო თუ არა ეს უკარება ქალბატონი _ ლაურა _ სისხლხორცეული და ნამდვილი ადამიანი, რომელიც უკვდავი პოეტური შთაგონების სიმბოლოდ იქცა, თუ იყო პეტრარკას მიერ შექმნილი წარმოსახვა, ილუზია, ფანტომი, რაც ფანტაზიით იშვა მხოლოდ იმისთვის, რომ მისდამი მგოსანს მიეძღვნა უმშვენიერესი სონეტები, რომლებიც თითქმის შვიდასი წელია აღაფრთოვანებს კაცობრიობას?!
* * *
პეტრარკას სონეტები ქართულად პირველად გასული საუკუნის 80-იან წლებში გამოჩნდა, როცა ბატონებმა ჯემალ აჯიაშვილმა და თამაზ ბაძაღუამ გამოაქვეყნეს შესანიშნავი თარგმანები (ეს თარგმანები ჩვენ ინტერნერში მოვიძიეთ და უცვლელად გადმოვიტანეთ თქვენს ხელთ არსებულ წიგნში); შესაძლოა, მანამდეც არსებოდა თითოოროლა სონეტის ქართული თარგმანი, მაგრამ ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია და თუ ვინმე მოგვაწვდის სავარაუდოდ არსებულ თარგმანებს, მომავალ გამოცემებში აუცილებლად შევიტანთ.
ყველა სხვა თარგმანი, რომელიც წიგნში არის, შესრულდა იტალიური ენის მცოდნე მეგობრების დახმარებით, აგრეთვე, ინგლისური ე.წ. “ფილოლოგიური თარგმანების” მიხედვით (Pეტრარცჰ, Fიფტყ-ტჰრეე Pოემს ფრომ “ტჰე ჩანზონიერე”, ტრანსლატედ ბყ A.შ.Kლინე, 2001), რომლებიც ზუსტად მისდევენ ორიგინალის ტექსტს, ასევე რუსული მხატვრული თარგმანების გამოყენებით, რომლებიც შევიტანეთ წიგნში და მთარგმნელის ვინაობაც მივუთითეთ.
სონეტების ნაწილი ითარგმნა ვირტუალური “მთარგმნელობითი კლუბის” წევრთა მიერ და გამოითქვა სურვილი, რომ მომავალშიც გაგრძელდეს დიდი იტალიელი პოეტის ნაწარმოებთა თარგმნა.
ალექსანდრე ელერდაშვილი
This post has been edited by ბანჯოო on 6 Oct 2018, 21:05