public_enemy
Retarded Villain

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5961
წევრი No.: 24981
რეგისტრ.: 29-October 06
|
#58842457 · 5 Feb 2022, 10:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მიუხედავად იმისა რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას სამარცხვინო და მდაბიურ თავშესაქცევად მივიჩნევ, ჩემთვის უცხო საერთოდ არაა. კოსმონავტების მოედანზე, მავთულბადით მოღობილ ნაძვნარს, ლამაზი, უცხოური მანქანა ამშვენებდა და კაზინო "იმპერია"-ში მოგების განაღდებისას მის მოსაგებ ბილეთებსაც გაძლევდნენ. მახსოვს, დილის 6 საათზე მოვარდა ბიძაჩემი სიგნალებით, მთელი უბანი შეიყარა და დიდი სიხარული იყო, იქნებოდა 98-99 წელი. მის ძმასაც, აწ განსვენებულ მეორე ბიძას, უფრო სწორად კი პირველს, რადგან ასაკით უფროსი იყო და ჩემთვისაც ნომერ პირველი ავტორიტეტი გახლდათ ბაბუას შემდეგ, ჰქონდა მოგებული მანქანა. ის მოდელი არ იყო რომელიც უნდოდა და ფული დაამატა ყველა მძღოლის საოცნებო ავტო რომ წამოეყვანა, რომელიც მერე, ერთ, არაფრით გამორჩეულ მზიან დღეს, თავისით აალდა და დაიწვა. საკუთარი გამოცდილება, პირველად თხუთმეტი წლისამ მივიღე, კლასის ბიჭობის, ციხეზე შესაგზავნი თანხა რომ წავაგე ავტომატზე, რომელიც ჩხრიალით ყრიდა მონეტებს და თაროზე გამომწვევად გამოჩროდა მწვანე ფიგურებიანი, მომაჯადოებელი ქაღალდის ნაგლეჯი. სამჯერ გამოვიტანე სახლიდან ძველი კოვზები ჩასაბარებლად და ფულის დასაბრუნებლად. ყველაფერი ფეხით მისასვლელ მანძილზე იყო, ვერცხლის ჩასაბარებელი ჯიხური, სათამაშო აპარატი და სკოლა. პირველი ჩაბარებაც ვეთამაშე და უკვე ნაპირზე მოჩოჩებული ბეჟანის ხათრით, მეორედ ჩამოვიარე. ჯიბეში ფულით, სწრაფი ნაბიჯებით ავირბინე ავტომატთან მაგრამ სანუკვარი ოცნება უკან დამხვდა გადაწეული. ფული დავაბრუნე და უკვე, სირცხვილის გასაქარწყლებელი საშუალების მოძიების მიზეზით, მესამედ შევბრუნდი სახლში. ასე გაქრა ექვსი სუფრის კოვზი და სხვა, მეხსიერებიდან ამოშლილი წვრილმანი. უმწეობის, სასოწარკვეთის და სიცარიელის შეგრძნება დიდხანს გამყვა, თამაში მეზიზღებოდა. დრო გადიოდა მაგრამ სენი ყველგან იყო, ჩემი მეგობრებით უამრავ დამოკიდებულ ადამიანთან ვიკვეთებოდი ყოველდღიურად. როცა ჩვენ მივდიოდით სათამაშოდ, რუხი ბუღალტრის როლს ვირგებდი, ყველას უკან ვიდექი, მოგებულს ვხსნიდი, წაგებულს ვუცურებდი და ნაწილიც, ანუკის სამაჯურის ლომბარდიდან გამოსატანად და ძმების ჟინის დაოკების შემდგეგ, წვეულების გასაგრძელებლად, ჯიბეში ილექებოდა. თავს ვერეოდი, ერთადერთი, ოპიოიდური ეპიზოდის გამოკლებით, როცა უბნელის, ვაზისუბანში დამტვრეული ლიმუზინის გასაკეთებელი, ძმაკაცების აგროვებული ფული გამიქრა ჯიბიდან. მარწყვუნიები და მუტრუკი დაცვა კი დამამახსოვრდა სკამიდან ჩამოღვენთილს იღლიებიდან რომ მწევდა და მკვრივ ტრაკიან, მახინჯ, შავგვრემან გოგოს სასმლის მოტანას ავალებდა. მეორედ რამდენიმე დღით დავავადდი, იოლი ფულის ჟინით აღგზნებულმა, ბევრის მიერ, ბევრჯერ ნაცადი ხერხებიდან ბანალური პირამიდა ვარჩიე და მაშინდელ, ულიმიტო ლეჩხუმიბეტის ბორბალს ვუგებდი სანამ ზედიზედ თორმეტჯერ არ დაჯდა წითელი ფერი და სულ არ წავაგე. ეს გაკვეთილიც ათიოდ წელი მახსოვდა სანამ, მორიგი გადატვირთვისას, როცა ჭირვეულ ბავშვს, ტალახში ყელამდე სურდა ჩაწოლა, თამაშის მუზა მესამედ არ მესტუმრა. მეც როგორც წუმპის ჭეშმარიტი გურმანი და შემფასებელი სიამოვნებით გადავეშვი საკუთარი სისუსტის კორიანტელში. პირველი ჩარიცხვა და წაგება, მეორე, რეზერვის ჩარიცხვა და ძალიან დიდი, დამღლელი პროცესის შემდეგ, როცა ეკრანზე გამოსახულ მაქსიმალურ თანხას ვურტყამ რომ ტანჯვა მალე დასრულდეს, საკმაოდ მსუყე მოგების კომბინაცია დაჯდა. უკვე შემეძლო ბევრი მეთამაშა, წინ ვიყავი და წაგებაზე ფიქრიც კი არ იყო, მოგებული სხვა კაზინოში გადავიტანე და თამაშიც დაიწყო. ზუსტად ერთი თვე გაგრძელდა ზაზუნას ბორბალი. ვიღვიძებდი, ვცხოვრობდი და ვარსებობდი მხოლოდ იმისთვის რომ მეთამაშა. ფხიზელსა თუ სხვადასხვა ზემოქმედების ქვეშ მყოფს სულ იმ შეგრძნებების ნაკლებობა მწვავდა რასაც კლონდაიკისკენ გაფრენილი ხალიჩა მპირდებოდა. სხვადასხვა გასართობი გვერდების გაცნობისას აღმოჩნდა რომ რაღაც თამაშებზე, ინტუიციურად, ალოგიკური სვლების წყალობით, შემეძლო ორიოდ ასეული ლარით, ოთხნიშნა თანხაზე ავსულიყავი უმეტეს შემთხვევაში. ოღონდ ეს იმხელა ნერვების ფასი ჯდებოდა რომ საკმაოდ მკაფიოდ ვიგრძენი, როგორ სწრაფად დავბერდი ამ ერთ თვეში. ოთახიდან გაქცეული მეგობარიც დამეთანხმება, ნერვებმა რომ უმტყუნა და გავარდა თითს როცა არ ვადებდი უკვე საკმაოდ გაბერილ ციფრებს. მერე უბრალოდ მომბეზრდა როგორც სხვა ყოველივე და დაღლა ვიგრძენი, გამოვფხიზლდი სიზმრიდან და უკვე სხვა გრძნობები დამეუფლა, უფრო ძლიერი ვიდრე მოგების სიხარული და წაგების სიცარიელე იყო. თავიდან მინდოდა ყველასთვის მეყვირა "ნუ შვები ბიჭოოოო!", ყველასთვის მეკითხა როგორ ცხოვრობდნენ ამ წნეხით და მდგომარეობით მაგრამ იქვე მახსენდებოდა ჩემების შეგონებები რომლებიც თავის დროზე უბრალო სიტყვების რახარუხად მეჩვენებოდა და ვხვდებოდი რომ ვიქნებოდი მხოლოდ ხმა უდაბნოში და გაჩუმება ვარჩიე. როცა ვხედავ რომ ვინმე თამაშობს უბრალოდ ვუღიმი და მოგებას ვუსურვებ. ჩემშიც, ალბათ, ოდესმე ეს ყველაფერი გარდასულ დროთა ზმანებადღა შემორჩება და ვინმე ღვთისნიერი მეც შემაწევს ბედიღბლის ბორბლის დატრიალებისას კეთილ სიტყვას. ჩემი, ნაძვის მტვერ დადებული ავტომობილიც ჯერ ისევ მარტო დგას და მელოდება.
This post has been edited by public_enemy on 5 Feb 2022, 13:58
--------------------
///Intel Pentium 166Mhz///40Mb Ram///4Mb Ati///8GbHDD/// ...
|