2012 წელია, 13 წლის ლაწირაკი ვარ. სკოლა სულ რამდენიმე დღის მორჩენილია. და აღმოვაჩინე ჰიჩკოკი. ჩავრთე "ფანჯარა ეზოს მხარეს" და ვხედავ ქალს, რომელიც მომავალში ჩემთვის სილამაზის ეტალონად იქცა - გრეის კელი. ვხედავ, რომ ეს ულამაზესი, უნატიფესი, უტურფესი და უნაზესი არსება სიგარეტს ეწევა.
აქამდე ნანახი მქონდა, მამაჩემი, ბიძაჩემი და სხვა ოღრაში კაცები როგორ აბოლებდნენ მყრალ სიგარეტს, თან ფერფლი რომ უცვივდებოდათ და ტანსაცმელზე ეყრებოდათ. მესაზიზღრებოდა.
და უცებ რას ვხედავ. უცებ ძალიან დიდი სილამაზე და ესთეტიკა დავინახე სიგარეტის მოწევაში. გავოგნდი. მოვიხიბლე. იმ კვირაში კიდევ ბევრი ფილმი ვნახე ჰიჩკოკის და ბევრი ლამაზი ქერა ქალი, რომელიც ეწეოდა. მაგრამ ყველაზე მეტად გრეის კელი ჩამრჩა გონებაში. მოვპარე მამაჩემს სიგარეტი და როგორც კი მარტო დავრჩი სახლში, სარკესთან მივედი, თავი გრეის კელი მეგონა და ვეწეოდი.
მას შემდეგ ვეწევი. 19 წლის ვარ და 6 წელია ვეწევი. სულ ვეწეოდი. სულ. და ახლაც ვეწევი. მაგრამ გაგიკვირდებათ და დამოკიდებული მაინც არ ვარ. მერვე-მეცხრე კლასში ძალიან ბევრს ვეწეოდი. სკოლაში ყოველ დასვენებაზე გავდიოდი სკოლის უკან. ძალიან ბევრ უფროსკლასელ ბიჭს მე დავაწყებინე მოწევა.
მერე ცოტა გავიზარდე და ეგეთი თემები დავიკიდე.
მაგრამ მაინც სულ ვეწეოდი და დღესაც ძაან მიყვარს.
მაგრამ დამოკიდებული მართლა არ ვარ, ეგ არის უცნაური. შემიძლია, რომ არ მოვწიო. მაგალითად, 3 წლის წინ სოფელში ვიყავი 1 თვე და იყო მომენტები, როცა ძაან მინდებოდა. მაგალითად, როცა საღამოს აივანზე ვიჯექი, ან ჰამაკში. მაგრამ არ მქონდა და რა უნდა მექნა. ცუდად არ ვიყავი.
რავი აი როგორ აგიხსნათ, იმენა არ ვარ მწეველი, მიუხედავად იმისა, რომ რაც თავი მახსოვს, ვეწევი.